მზადების პროგრამით, ზუგდიდელები ამ დღეებში ანტალიას მიაშურებენ, სადაც ოთხ საკონტროლო შეხვედრას გამართავენ.
იმათგან, რომლებმაც სეზონის პირველ ეტაპზე ითამაშეს, 14 ფეხბურთელია დარჩენილი: მეკარე რომან ტურავა, ბაქარ მირცხულავა, ნიკა აფაქიძე, რომეო კანკია, გიორგი ქვარცხავა, საბა ადამაშვილი, ზვიად სიხარულია, ლუკა გუგუჩია, შოთა ლომია, აკაკი ფარჯიკია, ირაკლი შალიკაშვილი, დათა ქირია, გიორგი პაჭკორია, გიორგი ბულია და კობა წიტაიშვილი, რომელიც პირველ ეტაპზე გუნდში მთავარ მწვრთნელად მუშაობდა, ახლა კი მოთამაშედ
დანარჩენებმა "ზუგდიდი" დატოვეს. მათ შორის არიან მეკარე ზურაბ მამალაძე, მცველები - როინ ონიანი და დათა რიგვავა.
ზუგდიდურ სიახლეებზე გუნდის მთავარი მწვრთნელი გიორგი დარასელია გვესაუბრება:
- უმაღლესი ლიგის გუნდებიდან მზადება ყველაზე ადრე თქვენ დაიწყეთ. რა არის ასეთი ხანმოკლე არდადეგების მიზეზი?
- მიზეზი ის არის, რომ გუნდში ბევრი ცვლილებაა, უამრავი ახალწვეული გვყავს და ადრეული შეკრება ფორმაში დროულად შესასვლელად და შესათამაშებლად გვჭირდება.
- იქნებ, უფრო კონკრეტულად გვითხრათ საკადრო ცვლილებებზე...
- ბევრს კონტრაქტი დაუმთავრდა და ამათგან ყველას არ შევთავაზეთ თანამშრომლობის გაგრძელება. მაგალითად, დაგვტოვეს მეკარეებმა - მამალაძემ და კეკელიძემ, აგრეთვე, ონიანმა, რიგვავამ, წურწუმიამ, ტყემალაძემ, ხუბუამ, ეხვაიამ... სულ ასეთი 11 მოთამაშეა. აქუბარდია კი სეზონის მსვლელობისას წავიდა. პირველ დღეს ძველი შემადგენლობიდან მხოლოდ თორმეტმა ფეხბურთელმა ივარჯიშა.
გვინდა ისეთი ახალგაზრდების მოწვევა, რომლებიც გუნდს მინიმუმ 2-3 წლის განმავლობაში გამოადგებიან.
- უმაღლეს ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვით და ასეთ დროს გაახალგაზრდავებას რა გამართლება აქვს?
- გუნდის გაახალგაზრდავებას არც ვაპირებთ, "ზუგდიდში" გამოცდილი ფეხბურთელებიც იქნებიან.
- თავდაპირველად, დარჩენილთა სიაში არ იყო თქვენი თანაშემწე კობა წიტაიშვილი. მოედანზე დაბრუნება ხომ არ გადაიფიქრა?
- კობა ახლა ინდივიდუალურად ვარჯიშობს. ახალგაზრდა კაცია, გული ისევ მოედნისკენ მიუწევს, ჩვენ კი დასაკარგი ფეხბურთელი არ გვყავს.
- ამტკიცებენ, რომ "ზუგდიდში" რამდენიმე ცნობილ ფეხბურთელს იმატებთ - თბილისის "დინამოდან" გივი კვარაცხელიას, აგრეთვე, ზაალ ელიავასა და ნიკა კვეკვესკირს...
- მოხარული ვიქნები, თუ ამ სამეულს ხვალვე მომიყვანენ, მაგრამ ჯერ ვერაფერს გეტყვით.
- სოციალურ ქსელებში ვრცელდება დაუჯერებელი ინფორმაცია, თითქოს, თქვენს სიაშია რუმინული "რაპიდის" ყოფილი კაპიტანი და ფორვარდი დანიელ პანკუ.
- ვინ? რუმინელ ლეგიონერზე ლაპარაკი მართლაც იყო, მაგრამ არა - პანკუზე. მის სახელსა და გვარს კი ჯერ ვერ გეტყვით, რადგან 100 პროცენტით დარწმუნებული არ ვარ, რომ "ზუგდიდში" ითამაშებს. ის ახალგაზრდა ნახევარმცველია.
ამას გარდა, განელი და კოლუმბიელი თავდამსხმელების დამატებაც გვსურს და ვნახოთ, რა გამოვა.
- ბოლო ინფორმაციით, გუნდში ისინჯებიან ნახევარმცველი ვალერი ბოლქვაძე, მეკარე გიორგი ძაძამია და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრობის კანდიდატი, მარტვილის "მერანში" მოთამაშე აკაკი შულაია. ამაზე რას იტყვით?
- ტყუილია. ისიც თქვეს, თითქოს ორი ბრაზილიელი ლეგიონერის საკითხიც განიხილება, რომელთაც აქამდე რუსეთის მეორე ლიგის კლუბებში უთამაშიათ, მაგრამ ესეც არასწორია.
- შეკრებაზეც გვითხარით...
- 8 ან 9 იანვარს თურქეთში გავემგზავრებით და ჩემპიონატის განახლებამდე ერთი კვირით ადრე, ანუ 19 იანვარს ჩამოვალთ. იქ ოთხი საკონტროლო შეხვედრაც დავგეგმეთ.
- მეტოქეთა ვინაობა ცნობილია?
- ამას მალე დავაზუსტებთ. მანამდე კი სასტუმროსა და სავარჯიშო მოედნის საკითხის მოგვარებაზე ვმუშაობთ.
დამთავრდა ის დრო, როცა შეკრებაზე სუსტ გუნდებთან მატჩებითა და მათთან მოგებული 10:0-ებით ვიმშვიდებდით თავს. მირჩევნია, ძლიერ გუნდებს შევხვდეთ და თუნდაც წავაგოთ. ასეთ შემთხვევაში, სეზონის განახლებამდე უკეთ გვეცოდინება ჩვენი პლუს-მინუსები და საქართველოში დაბრუნების შემდეგ მის დროულად გამოსწორებას შევეცდებით.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"