რევაზ ძოძუაშვილი: იმდენი პრობლემაა, არც კი ვიცი, საიდან დავიწყო

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედოდან" კომპანია "ვისოლის" წასვლის შემდეგ ვითარება მკვეთრად შეიცვალა. გუნდის მთავარ მწვრთნელად გამოცდილი რევაზ ძოძუაშვილი დაინიშნა, პრეზიდენტობა კი გიორგი დემეტრაძეს შესთავაზეს.

ამან ქუთათურ გულშემატკივრებში იმის იმედი გააჩინა, რომ გუნდი უპატრონოდ არ დარჩებოდა და საარსებო სახსარიც გამოინახებოდა.

მაგრამ იანვარი იწურება და "ტორპედოს" თავზე შავი ღრუბლები ჯერაც ვერ გაიფანტა, ახალ დამფინანსებელზე ოცნებაც ჯერჯერობით ოცნებად რჩება.

სიტუაციაში გასარკვევად რევაზ ძოძუაშვილს დავუკავშირდით...

- რა ვითარებაა ამჟამად გუნდში?
- მე ხომ სულ მეხანძრის როლში უნდა ვიყო და ახლაც ასეა. ჯერ არაფერი გადაწყვეტილა. როგორც იცით, "ვისოლი"
წავიდა, მაგრამ კლუბის გადაბარების ფორმალური მხარე ჯერაც მოსაგვარებელია. ეკონომიკის სამინისტრომ ჯერ უნდა გადაიბაროს "ტორპედო", ხოლო შემდეგ ახალ მეპატრონეს მიჰყიდოს. თუ ასე არ მოხდა, მაშინ კლუბი ქუთაისის მერიას უნდა გადასცეს.

10 დღეში ყველაფერი გაირკვევა და "ტორპედოსაც" მოევლება. თუმცა ახლა ყველაფერი სუფთა ფურცლიდან უნდა დავიწყოთ და არ გამოვრიცხავ, ამ ეტაპზე გუნდში მხოლოდ ქუთაისელებმა ითამაშონ.

იმდენი პრობლემაა მოსაგვარებელი, არც ვიცი, საიდან დავიწყო - სტადიონიც პრობლემაა, სავარჯიშო მოედანიც.

- მართალია, თითქოს "ტორპედოს" ბაზაზე არ გიშვებდნენ?
- დიახ, ასე იყო. ბოლოს გულშემატკივრებმა იყოჩაღეს და ბაზაზე ამის შემდეგ შეგვიშვეს. კლუბის გადაბარებამდე, სტადიონიც და ბაზაც კვლავ "ვისოლის" საკუთრებაა და მათიც კარგად მესმის. სანამ ეს პროცესი მიმდინარეობს, თავიანთ საკუთრებას უფრთხილდებიან. ამიტომ ჯერ მხოლოდ მოედნით ვსარგებლობთ, სასადილო კი დაკეტილია.

- როგორც ვიცით, კლუბს ფინანსები არ გააჩნია...
- ახლა ჩვენს ანგარიშზე მხოლოდ 250 ათასი ლარია. როცა "ვისოლმა" "ტორპედო" შეისყიდა, კონტრაქტში ჩაწერეს, რომ კლუბიდან წასვლის შემთხვევაში, სწორედ ამ თანხას გადაიხდიდა. ასე რომ, ჯერ ეს უნდა ვიმყოფინოთ. პლუს, ფეხბურთის ფედერაცია აპირებს, რომ გუნდებს 200-200 ათასი ლარი ჩაურიცხოს.

- ქუთაისის მერია და საკრებულო არ გეხმარებათ?
- "ტორპედოსთან" დაკავშირებულ მოლაპარაკებებში ქუთაისის მერიცაა ჩართული და იმერეთის გუბერნატორიც, მაგრამ "ვისოლის" წასვლა იმ დროს დაემთხვა, როცა ქალაქის ბიუჯეტი უკვე დამტკიცებული იყო. ცხადია, დამტკიცებულ თანხებს სხვა სფეროებს ვერ მოაკლებდნენ და არც ვიცით, რა იქნება. მაგრამ მერი და გუბერნატორი მაინც ეძებენ გზებს, რომ კლუბი როგორმე დააფინანსონ.

- ასეთ ვითარებაში "ტორპედოში" სასურველ მოთამაშეებს ვეღარ მიიწვევთ...
- რა თქმა უნდა, ეს ხელს გვიშლის. ჯერ მხოლოდ მამუკა ღონღაძე დაგვემატა და შესაძლოა, როინ კვასხვაძემაც ჩვენთან ითამაშოს. ეს სერიოზული ძალაა. დანარჩენებზე კი ვერაფერს გეტყვით.

- არადა, ვიცოდით, რომ "ტორპედოში" მოდიოდნენ ვალერი აბრამიძე, ზურაბ მენთეშაშვილი, ზაალ ელიავა...
- მოლაპარაკება კი გვქონდა, მაგრამ ფული თუ არ გადაუხადე, ვინ ჩამოვა? ისეც არ გაიგოთ, თითქოს არავინ გვეყოლება. ბევრია 23-24 წლის მოთამაშე, მაგრამ უფრო ძლიერი ფეხბურთელების შეკრება მსურდა.

- ძველი შემადგენლობიდან არავინ დარჩა?
- არავინ. ერთი ნაწილი "ზესტაფონმა" წაიყვანა, მეორე - "ლოკომოტივში" დაბრუნდა, ცინცაძე კი "დინამომ" მიიწვია. ასე რომ, ყველაფერს ნულიდან ვიწყებთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
დაირაზმნენ ბიჭები 250000 შესაჭმელად. მანათა , მიხიჩა , დემე.. კრიმინალი-მორფინისტი-ყომარბაზები.. დახარჯავენ 50000 და 20000 წავიდა ობშიაკში. ჯერ სად ხართ
vaja
06:58 23-01-2014
0
თქვე უპატრონებო მართლა რა ამას ქვია გადავარჩინებთ ქართულ ფეხბურთს??????ვისოლს რატომ წაართვეთ გუნდი????ბაი თქვენ პატრონს!!!!!!
mamuka
18:02 22-01-2014
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული