უმაღლესი ლიგის XV ტურის წინ: ვიდრე წელიწადს და ჩისკოს გავაცილებდეთ

AutoSharing Option
6 და 7 დეკემბერს გასამართი მატჩებით პირველი წრე დამთავრდება და გარკვეული დასკვნის გაკეთებაც შესაძლებელი იქნება.

თუმცა, რაღა თქმა უნდა, ბევრისგან მოვისმენთ, რომ სეზონის დაწყებამდე მიღებული "ისტორიული მნიშვნელობის გადაწყვეტილება" (უმაღლეს ლიგაში გუნდების რაოდენობის გაზრდასთან დაკავშირებით) გამართლებული ყოფილა და ამის დასტურად XXVI ჩემპიონატის "არნახულ ინტრიგას" მოიყვანენ.

ალბათ, იმასაც "შეგვახსენებენ", რომ უმაღლეს ლიგაში გუნდების საერთო დონე გათანაბრდა და ყოველი ტურის თითქმის ყოველი მეორე-მესამე მატჩი არაპროგნოზირებადი შედეგით მთავრდებაო; კი, ბატონო, შესაძლოა, მართლაც ასე იყოს, მაგრამ ისიც ნუ დაგვავიწყდება, რომ ჩემპიონატის დონეც წლიდან-წლამდე
ქვემოთ და ქვემოთ მიდის და გუნდების თითქმის აბსოლუტური უმრავლესობის ინფრასტრუქტურაც ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს.

აღარაფერს ვამბობთ ფინანსებზე: რომ არა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის "საახალწლო საჩუქარი", ვეჭვობთ, პირველი წრის ბოლომდე ყველა გუნდს რომ მიეღწია.

ასეა თუ ისე, პირველი წრე მთავრდება და კვირას "ზამთრის ჩემპიონიც" გამოვლენილი იქნება; ამ არაოფიციალური "ტიტულის" მოპოვების ყველაზე კარგი შანსი კი "დინამო თბილისს" აქვს, - საჩხერეში გამარჯვების შემთხვევაში ზამთრის პაუზას პირველ ადგილზე რომ შეხვდება.

არ არის გამორიცხული, რომ "ზამთრის ჩემპიონობისათვის" დინამოელებს ერთი ქულაც ეყოთ: თუ უშუალო კონკურენტმაც ("დილა") მოიგო და "დინამომ" კი ფრედ ითამაშა, მაშინ ორივე გუნდს ქულათა ერთნაირი რაოდენობა (30) დაუგროვდებათ.

XXVI ჩემპიონატის რეგლამენტის თანახმად, თანაბარი ქულების შემთხვევაში უმთავრესი პრიორიტეტი ურთიერთშეხვედრებია, მერე კი - მოგებათა მეტი რაოდენობა. "დინამოსა" და "დილას" შორის ჩატარებული მატჩი ფრედ დამთავრდა, მოგებებიც ერთნაირი (9) ექნებათ კონკურენტებს და, ამ შემთხვევაში, მომდევნო პუნქტი "ამოქმედდება", ანუ ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების სხვაობას ვგულისხმობთ.

აი, აქ კი "დინამოს" უპირატესობა აქვს და თანაბარი ქულების შემთხვევაში "დილა" მხოლოდ იმ შემთხვევაში გახდება პირველი წრის გამარჯვებული, თუ "ვიტ ჯორჯიასთან" გასვლით მატჩს... 6-ბურთიანი სხვაობით მოიგებს!

თუმცა, ეს მხოლოდ ვარაუდებია და სჯობს, პირველი წრის ბოლო ტურს დაველოდოთ, რის შემდეგაც ჩემპიონატში ორთვიანი პაუზა იქნება.

ოღონდ, შაბათ-კვირის მატჩებით საფეხბურთო წელიწადი არ მთავრდება: 11 დეკემბერს სფფ-ში საქართველოს თასის მეოთხედფინალების წილისყრა გაიმართება, იმავე დღეს, 17 საათზე კი "დინამო არენაზე" საქართველოს სუპერთასი გათამაშდება!

06.12. თბილისი. მ. მესხი (სათად). 14:00
სპარტაკი-კოლხეთი
ურთიერთშეხვედრები
6: +1 =3 -2 5-3
დისკვალიფიკაცია: ომარ გოგონაია, ლუკა გუგუჩია (ორივე კოლხეთი)

როგორი შედეგებითაც უნდა დასრულდეს პირველი წრის ბოლო ტური, ზამთრის პაუზას "სპარტაკი" ყველა შემთხვევაში ზედა ხუთეულში მყოფი შეხვდება! ეგ კი არა, იმის ალბათობაც არსებობს, რომ კახა კაჭარავას გუნდმა პირველი წრე სულაც პირველ სამეულში დაასრულოს და, როგორც ადრეც არაერთხელ აღვნიშნეთ, ეს იქნება XXVI ჩემპიონატის ერთ-ერთი მთავარი სენსაცია.

ჰო, "სპარტაკი" არ მიეკუთვნება განსაკუთრებული თუ გამორჩეული პირობების მქონე გუნდების კატეგორიას, მთელი პირველი წრის განმავლობაში, ფაქტობრივად, 12-13 ფეხბურთელი "ტრიალებდა" ძირითად შემადგენლობაში და ასეთი მცირე რესურსის მიუხედავად, "სპარტაკი" ძალიან ახლოს არის, კლუბის ხანმოკლე ისტორიაში საუკეთესო შედეგი უჩვენოს.

"კოლხეთის" წინაშე კი ბევრად უფრო მოკრძალებული მიზანი დგას - უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნება!

მართალია, დღესდღეობით "კოლხეთის" სატურნირო მდგომარეობას კრიტიკული არ ეთქმის, მაგრამ ცხრილის ქვედა ნაწილში საკმაოდ დიდი კონკურენციაა და ასეც რომ არ იყოს, არავინ იცის, ზამთრის პაუზის დროს ფოთელთა გუნდის კონკურენტები როგორ გაძლიერდებიან.

ისე, მომავალ შეხვედრას სტუმრები სოლიდური დანაკლისით ხვდებიან: ძირითადის წამყვანი ფეხბურთელები, გუნდის კაპიტანი ომარ გოგონაია და შემტევი ნახევარმცველი ლუკა გუგუჩია დისკვალიფიცირებულნი არიან.

06.12. ქობულეთი. ჩელე არენა. 14:00
დინამო (ბთ)-შუქურა
ურთიერთშეხვედრები
2: +1 =0 -1 4-2

21-წლიანი პაუზის მერე უმაღლეს ლიგაში "აჭარული დერბი" უნდა შედგეს! რა თქმა უნდა, ამ ხვალინდელ შეხვედრაში ფავორიტის სტატუსი მასპინძლებს უნდა მივანიჭოთ, მით უფრო, რომ ბათუმის "დინამო" ამ ბოლო დროს ჩინებულად ათამაშდა და ზედა სამეულში მოხვედრაზე სავსებით სამართლიანი პრეტენზიაც გაუჩნდა.

თუმცა, ვეჭვობთ, რომ "შუქურას" ქომაგებიც უკმაყოფილონი იყვნენ გუნდის ამჟამინდელი სატურნირო მდგომარეობით: როგორც უნდა დასრულდეს დასკვნითი ტური, ქობულეთელები პირველ წრეს მეტ-ნაკლებად უხიფათო ზონაში მყოფნი დაამთავრებენ. ეს კი, უმაღლეს ლიგაში ხანგრძლივზე-ხანგრძლივი პაუზის მერე დაბრუნებული გუნდისათვის ურიგო შედეგი არ უნდა იყოს.

1993-94 წლების სეზონში, როცა "შუქურამ" პირველად და უკანასკნელად იასპარეზა უძლიერესთა შორის, უმაღლეს ლიგაში პირველი გამარჯვება (მეოთხე ტურში) სწორედ... ბათუმის "დინამოსთან" საშინაო მატჩში მოიპოვა (2:1)! აღსანიშნავია, რომ იმ მატჩში ქობულეთელებს აწ გარდაცვლილი ვალერიან ჩხარტიშვილი მოძღვრავდა, სტუმრებს კი - შოთა ჭეიშვილი, დღესაც რომ ბათუმის "დინამოს" თავკაცი გახლავთ.

ბათუმელებმა იმ სეზონში სრული რევანში აიღეს მეზობლებთან დაპირისპირებაში - ლევან ხომერიკის ჰეთ-თრიქით 3:0 მოუგეს. ისიც უნდა ვახსენოთ, რომ 21 წლის წინანდელი "აჭარული დერბ(ებ)ის" მონაწილე ერთი ფეხბურთელი დღესაც აგრძელებს თავის ხანგრძლივ კარიერას - მართლაც უბერებელ, 40 წლის ამირან მუჯირზე ("დინამო", ბათუმი) მოგახსენებთ...

07.12. ზესტაფონი. დ. აბაშიძე. 14:00
მერანი-სამტრედია
ურთიერთშეხვედრები
უმაღლეს ლიგაში არ შეხვედრიან
დისკვალიფიკაცია: ვაჟა ლომაშვილი (მერანი) - გიორგი დათუნაიშვილი (სამტრედია)

ჩვენი ჩემპიონატის "ხიბლი" მის უცნაურობაშია: ბათუმის "დინამომ" "შუქურას"... ქობულეთში უნდა უმასპინძლოს, "მერანი" კი, მოგეხსენებათ, საშინაო შეხვედრებს აქამდე სამტრედიაში ატარებდა!

ჰოდა, საკითხავია: "მერანი"-სამტრედიას" ზეგინდელი მატჩი სწორედაც რომ სამტრედიაში ჩატარებულიყო, ვინ იქნებოდა "მასპინძლის" როლში და ვინ კიდევ - სტუმრის!?. თუმცა, ისიც უნდა ვთქვათ, რომ "მერანს" მშობლიურ მარტვილში რომ გაემართა საშინაო შეხვედრები, შესაძლოა, ბევრად უკეთესი შედეგებიც ჰქონოდა.

თუმცა, ვეჭვობთ, რომ მარტვილელი ქომაგები უკმაყოფილონი იყვნენ პირველ წრეში "მერანის" ასპარეზობით: უკრაინელი სპეციალისტის, ვლადიმირ ლობასის გუნდმა უკვე არაერთი სიურპრიზი შემოგვთავაზა და ის ფაქტიც გამოსარჩევია, რომ ეს გუნდი ფავორიტებს არ "ცნობს"!

ახლაც, ნეიტრალურ მოედანზე (ზესტაფონში) თამაშის წინ, ცოტა არ იყოს, ძნელიც არის რომელიმე გუნდს უპირატესობა მივანიჭოთ.

თუმცა, ზაზა ზამთარაძის დამოძღვრილმა "სამტრედიამ" ბოლო ორ მატჩში (ჯერ, თასზე - ბათუმის "დინამოსთან", მერე, ჩემპიონატში - "ჩიხურასთან") შესაშური შედეგიანობაც უჩვენა და, რაც მთავარია, წარმატებულადაც იასპარეზა.

ამას გარდა, "სამტრედია" ყველანაირად ეცდება, პირველი წრის დამთავრებას ზედა სამეულში მყოფი შეხვდეს, - სეზონის დაწყების წინ ხომ სწორედ ამ გუნდს განვიხილავდით საჩემპიონო დავაში "დინამო თბილისის" ერთ-ერთ უპირველეს კონკურენტად.

07.12. ლანჩხუთი. ევგრ. შევარდნაძე. 14:00
გურია-სიონი
ურთიერთშეხვედრები
17: +3 =4 -10 13-28
დისკვალიფიკაცია: ირაკლი სამხარაძე, დავით სვანიძე (ორივე სიონი)

...თითქმის სამი თვის წინათ იყო, "სიონმა" სტუმრად ფრედ რომ ითამაშა ("შუქურასთან") და ეს იყო ბოლნისელთა გუნდის პირველი და უკანასკნელი ქულა გასვლით შეხვედრაში!

ალბათ, ეს ფაქტიც არის ამ სეზონში "სიონის" წარუმატებელი ასპარეზობის ერთ-ერთი მიზეზი - შვიდ საგარეო მატჩში გუნდი რომ ერთადერთ ქულას მოიპოვებს, მაშინ არც უნდა გვიკვირდეს მისი ამჟამინდელი სატურნირო მდგომარეობა.

ეს მდგომარეობა კი, რბილად რომ ვთქვათ, არასახარბიელოა: წინა სეზონის ერთ-ერთი გამორჩეული გუნდი დღესდღეობით უმაღლესი ლიგიდან დაქვეითების ერთ-ერთი კანდიდატია! თუმცა, როგორც "სიონის" ახალგაზრდა თავკაცმა ლადო ბურდულმა განაცხადა "ლელოსთან" ინტერვიუში, ამ ზამთრის პაუზის დროს ბოლნისელთა გუნდში სერიოზული კი არა, რადიკალური საკადრო ცვლილებები იგეგმება და იმედი დავიტოვოთ, რომ ქვემოქართლელები მეორე წრეში ბევრად უფრო წარმატებით იასპარეზებენ.

აი, "გურია" კი, ისე როგორც წინა სეზონში, დროდადრო გვაოცებს ხოლმე სასიამოვნო სიურპრიზებით და ამის დასტურად წინა ტურიც გამოდგება, როცა თეიმურაზ ლორიას გუნდმა სტუმრად "დინამო თბილისს" მოუგო. თანაც, ამ წარმატებით "გურიამ" პირველ წრეში "მშვიდი ფინიშიც" გაინაღდა და ზამთრის პაუზამდე დარჩენილ ბოლო საშინაო მატჩსაც მშვენიერი განწყობით ხვდება.

07.12. მცხეთა. მცხეთა პარკი. 14:00
ვიტ ჯორჯია-დილა
ურთიერთშეხვედრები
32: +24 =3 -5 67-25
დისკვალიფიკაცია: ლუკა რაზმაძე, დავით ხურცილავა (ორივე დილა)

საწყისი 6 ტურის მერე ახალგაზრდულ "ვიტ ჯორჯიას" თავის აქტივში 3 მოგება ჰქონდა და ცოტა არ იყოს, ძნელი წარმოსადგენიც იყო ამ გუნდის შემდგომი წარუმატებლობათა სერია; თუმცა, მერე მოვლენები საპირისპიროდ განვითარდა და პირველი წრის ბოლო ტურს "ვეტერინარები" ერთობ არასახარბიელო სტატისტიკით ხვდებიან: ზედიზედ რვა მოუგებელი მატჩი და ზედიზედ ოთხი წაგება!

თუმცა, მხოლოდ სტატისტიკაში როდია საქმე: ზურაბ ბერიძის ახალგაზრდული გუნდი ტურიდან-ტურამდე სატურნირო ცხრილში ქვემოთ და ქვემოთ ეშვებოდა და პირველი წრის ბოლო ტურს... ბოლოსწინა ადგილზე ხვდება. თანაც, კვირის მატჩში "ვეტერინარებს" ერთობ სერიოზული მეტოქე ჰყავს: ძალიან ბევრისთვის მოულოდნელად, "დილა" ერთობ "აქტიურად" არის ჩართული "საჩემპიონო რბოლაში" და დღესდღეობით მხოლოდ და მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩება თბილისის "დინამოს".

ეგ კი არა, უმაღლესი ლიგის მწვრთნელებიდან ყველაზე ახალგაზრდა სპეციალისტის, 25 წლის უჩა სოსიაშვილის დამოძღვრილ გუნდს იმის შანსიც აქვს, რომ... "ზამთრის ჩემპიონი" გახდეს! ოღონდ, ამისათვის ორი აუცილებელი პირობაა საჭირო: "დილამ" თავისი მატჩი უნდა მოიგოს (ზედიზედ მეხუთე რომ იქნება!), ხოლო თბილისის "დინამო" საჩხერიდან უქულოდ წამოვიდეს...

07.12. ზუგდიდი. ბაიას ბაზა. 14:00
ზუგდიდი-ზესტაფონი
ურთიერთშეხვედრები
23: +1 =3 -19 9-48
დისკვალიფიკაცია: ლაშა ღონღაძე (ზუგდიდი) - ლევან შარიქაძე (ზესტაფონი)

ამ გუნდების ურთიერთშეხვედრებში სტუმრებს აშკარა უპირატესობა აქვთ: "ზესტაფონი" მხოლოდ ერთხელ დამარცხდა ზუგდიდის გუნდთან (იმდროინდელ "ბაიასთან"); ისე, ოთხი წლისწინანდელი ის მატჩი იმითაც დაგვამახსოვრდა, რომ ზუგდიდელთა გუნდის იმდროინდელმა ცენტრფორვარდმა გიორგი მეგრელაძემ ერთიმეორეზე ეფექტური გოლები გაიტანა "ზესტაფონის" კარში...

ეს ყველაფერი ისტორიაა, დღესდღეობით კი, ორივე გუნდს არცთუ სახარბიელო პერიოდი უდგას: "ზუგდიდი" ბოლო ადგილზეა, ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტი "ზესტაფონი" კი პირველი ეტაპის ბოლო ტურს IX ადგილზე ხვდება;

არადა, სეზონის მსვლელობაში "ზუგდიდში" მომხდარი საკადრო ცვლილება გუნდს კარგად წაადგა: რამდენიმეწლიანი პაუზის მერე მთავარ მწვრთნელად დაბრუნებული ბესიკ შეროზიას ხელმძღვანელობით "ზუგდიდმა" ზედიზედ 2 მატჩი მოიგო, მაგრამ მომდევნო სამ შეხვედრაში მხოლოდ 1 ქულა აიღო.

არანაკლებ არასტაბილურად ასპარეზობს "ზესტაფონიც" - პირველი წრის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ რომ შეძლო ზედიზედ ორი მატჩის მოგება. ადრეც აღვნიშნეთ, რომ "ზესტაფონი" უმაღლესი ლიგის ყველაზე შედეგიანი გუნდია (თითო მატჩში, საშუალოდ, ორ ბურთზე მეტი გააქვს), თუმცა, გია გეგუჩაძის დამოძღვრილი გუნდებისათვის უჩვეულოდაც ბევრს უშვებს (22 გოლი მართლაც არასახარბიელო შედეგია).

აი, რაც შეეხება "ზუგდიდს", ამ გუნდს შედეგიანობის მხრივ ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს: თოთხმეტ მატჩში - 8 გოლი!

07.12. ქუთაისი. ტორპედო. 14:00 (LIVE I არხზე)
ტორპედო-მეტალურგი
ურთიერთშეხვედრები
14: +4 =5 -5 17-15
დისკვალიფიკაცია: შოთა ბაბუნაშვილი (ტორპედო)

ეს მატჩი საქართველოს ტელევიზის პირველი არხის პირდაპირი ეთერით გადაიცემა და ტელემაყურებელსაც ექნება საშუალება თვალი მიადევნოს "ოსტატისა და შეგირდის დუელს": მასპინძელთა გამოცდილი თავკაცი რევაზ ძოძუაშვილი ხომ თავის დროზე რუსთავის "მეტალურგში" ვარლამ კილასონიას წვრთნიდა!

თუმცა, კვირის მატჩში "სენტიმენტებისათვის" არავის "ეცლება: ორივე გუნდი შეეცდება, რომ პირველი წრე, რაც შეიძლება, ქულათა მაღალი მაჩვენებლით დაასრულოს. თანაც, მასპინძლებს ხომ მართლაც დანავსული სერია აქვთ: "ტორპედოს" უკვე 8 მატჩია, არ მოუგია და ფრეებისაკენ "მიდრეკილების" გამოც, გუნდი ნელ-ნელა დაეშვა სატურნირო ცხრილის ქვედა ნაწილისკენ.

ეგ კი არა, ქუთაისელებს საკუთარ მოედანზე თითქმის სამი თვეა არ გაუმარჯვიათ, არადა, "ტორპედოს" შემადგენლობაში არაერთი გამოცდილი და ასევე ბევრი ახალგაზრდა ისეთი ფეხბურთელი თამაშობს, რომელთაგანაც უფრო წარმატებულ ასპარეზობას ველოდით.

"მეტალურგი" კი ყველა შემთხვევაში ქებას იმსახურებს: "სპარტაკის" და "მერანის" მსგავსად, სწორედ რუსთაველთა გუნდის ასპარეზობა უნდა შეფასდეს პირველი წრის სასიამოვნო მოულოდნელობად.

თანაც, ნუ დაგვავიწყდება, რომ თითქმის მთელი პირველი წრე "მეტალურგი", ფაქტობრივად, ენთუზიაზმზე თამაშობდა, მაგრამ ესოდენ მძიმე ფინანსური მდგომარეობის მიუხედავად, რუსთაველთა გუნდი ყველა სიძნელეებს (მათ შორის - არაობიექტურ მსაჯობასაც) ღირსეულად უმკლავდებოდა.

07.12. ივანწმინდა. 14:00
ჩიხურა-დინამო (თბ)
ურთიერთშეხვედრები
10: +0 =3 -7 8-32
დისკვალიფიკაცია: ბესიკ დეკანოიძე (ჩიხურა) - გიორგი პაპუნაშვილი (დინამო)

თავის ისტორიაში "ჩიხურა" მესამე სეზონს ატარებს უმაღლეს ლიგაში და თბილისის "დინამოზე" უხერხული მეტოქე არც ჰყავს და ვფიქრობთ, არც არასდროს ეყოლება! თავად განსაჯეთ: ჩემპიონატში აქამდე ჩატარებული ათი შეხვედრიდან საჩხერელებს ხომ ჯერ არც ერთხელ მოუგიათ, ამას გარდა, საკუთარ კარში, საშუალოდ სამ ბურთზე მეტს უშვებენ...

უმაღლესი ლიგის გუნდებიდან საშინაო მატჩებში ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებელი "ჩიხურას" აქვს: სოსო ფრუიძის გუნდმა 5 შეხვედრა მოიგო და ერთი ფრედ დაამთავრა, "დინამოს" კი სტუმრად გამართულ შეხვედრებში აქვს საუკეთესო მაჩვენებელი.

მოკლედ, საინტერესო მატჩის მოლოდინში უნდა ვიყოთ. თანაც, ნუ დაგვავიწყდება, რომ სტუმრებს დამატებითი მოტივაცია ექნებათ: გამარჯვების (ანდა, სულაც - ფრეს) შემთხვევაში "ზამთრის ჩემპიონის" არაოფიციალურ ტიტულს მოიპოვებენ.

ამას გარდა, "დინამოს" მწვრთნელ-ფეხბურთელებს წინა ტურში განცდილი საშინაო მარცხისათვის საკუთარი ქომაგების თვალწინ რეაბილიტაციაც ესაჭიროებათ. არანაკლები ინტრიგაა ის ფაქტიც, რომ უმაღლესი ლიგის დანარჩენი 14 გუნდისგან განსხვავებით, "ჩიხურასთვის" და "დინამოსთვის" ეს საფეხბურთო წელიწადი გრძელდება - 11 დეკემბერს საქართველოს სუპერთასზე სწორედ ეს ორი გუნდი დაუპირისპირდება ერთმანეთს.

დაბოლოს, კიდევ ერთ ფაქტზე, რომელიც არამხოლოდ ამ მატჩის და ამ ტურის, არამედ, საერთოდ, პირველი წრის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ამბად მიგვაჩნია: თითქმის 100-პროცენტით გადაწყვეტილია, რომ "ჩიხურას" წინააღმდეგ ჩისკო საქართველოს ჩემპიონატში თავის უკანასკნელ მატჩს ჩაატარებს!

ხოლო იმ ფაქტზე, თუ რა "ურთიერთობა" ჩამოუყალიბდა "დინამოს" ესპანელ ლეგიონერს "ჩიხურასთან" და, საერთოდ, ჩისკოს ქართულ კარიერაზე, ვფიქრობთ, ეს ყველაფერი ცალკე წერილის თემაა!..

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
გია ტუხაშვილი
მაინც გადმოანთხიე შხამი და ღვარძლი?ვერა და ვერ მოითმინე?
ეს ჩემპიონატი როგორც მინიმუმ ფეხბურთის დონის დაცემას შეაჩერებს და ახალ სტარტს მისცემს,ზრდის ტრენდი წავა.შენ კი ისევ და ისევ იღვარძლები.
არ გინდა, ნუ გვწამლავ პირველი წრის დამთავრების წინ.
ყველამ ვიცით ვის რა უჭრს და ულხინს,სტადიონზეც დავდივართ,შენსავით კაბინეტიდან არ ვმოძღვრავთ.
იყავ წყნარად, მაგაში უკევ მეტ ფულს არ გადაგიხდიან.
ჯორდანო უბრუნებელი
22:11 06-12-2014
0
გია ტუხაშვილი
მაინც გადმოანთხიე შხამი და ღვარძლი?ვერა და ვერ მოითმინე?
ეს ჩემპიონატი როგორც მინიმუმ ფეხბურთის დონის დაცემას შეაჩერებს და ახალ სტარტს მისცემს,ზრდის ტრენდი წავა.შენ კი ისევ და ისევ იღვარძლები.
არ გინდა, ნუ გვწამლავ პირველი წრის დამთავრების წინ.
ყველამ ვიცით ვის რა უჭრს და ულხინს,სტადიონზეც დავდივართ,შენსავით კაბინეტიდან არ ვმოძღვრავთ.
იყავ წყნარად, მაგაში უკევ მეტ ფულს არ გადაგიხდიან.
ჯორდანო უბრუნებელი
19:48 06-12-2014
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული