კახა კაჭარავა: "სპარტაკში" ის მოთამაშეები შეიკრიბნენ, რომელთაც ფეხბურთი სწყურიათ!

AutoSharing Option
უმაღლესი ლიგის გუნდებიდან ერთ-ერთი პირველი, რომელიც მეორე წრისათვის მზადებას უკვე დღეიდან, 22 დეკემბრიდან იწყებს, ცხინვალის "სპარტაკია"; გუნდი, რომლის ასპარეზობაც თამამად შეიძლება მივიჩნიოთ პირველ წრეში ერთ-ერთ მთავარ და სასიამოვნო მოულოდნელობად!

ჰო, მართლაც ასეა: პირველი წრის შემდეგ "სპარტაკი" IV ადგილზეა და ზედა სამეულს მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება.

ამას გარდა, კახა კაჭარავას დამოძღვრილი გუნდი თასზეც წარმატებით აგრძელებს თამაშს და ნახევარფინალში გასვლის მშვენიერი შანსიც გააჩნია. თანაც, ნურც იმას დავივიწყებთ, რომ ლაპარაკია გუნდზე, წინა სეზონში მხოლოდ სეზონის მიწურულს რომ გაინაღდა უმაღლეს ლიგაში დარჩენა.

ეს ამოცანა
"სპარტაკმა" სეზონის განმავლობაში გუნდის მთავარ მწვრთნელად დანიშნული კახა კაჭარავას ხელმძღვანელობით გადაჭრა. ახლა კი, იმავე მწვრთნელის ხელმძღვანელობით, "სპარტაკს" ბევრად უფრო ამბიციური მიზნები გაუჩნდა.

რა ცვლილებებია მოსალოდნელი გუნდში, როგორ მოემზადება გუნდი მეორე წრისათვის - ამ და სხვა კითხვებით "სპარტაკის" მთავარ მწვრთნელ კახა კაჭარავას მივმართეთ.

- გუნდი დღეს შეიკრიბება და მზადების პირველი ეტაპი "ბენდელას თასზე" მონაწილეობა იქნება. 28 იანვრიდან ანტალიაში 12-დღიან შეკრებაზე მივემგზავრებით, იქიდან დაბრუნებულებს კი საქართველოს თასის პირველი მეოთხედფინალური მატჩი გველოდება "ვიტ ჯორჯიასთან".

- თბილისში ყოფნისას გუნდი სად ივარჯიშებს?
- ეროვნული ნაკრების ტექნიკურ ცენტრ "ბასას" ხელოვნურსაფარიან მოედანზე ვივარჯიშებთ და ამისათვის მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობის მიმართ. კარგი პრეცედენტია, რომ ფედერაცია ითვალისწინებს ჩვენი გუნდის არცთუ სოლიდურ ფინანსურ მდგომარეობას და რაც შეუძლია, შეღავათს გვიკეთებს.

- ახლა კი, "ტრადიციულ" კითხვაზეც: რა ცვლილებებია მოსალოდნელი გუნდში ამ ზამთრის მოსამზადებელ პერიოდში?
- სამწუხაროდ, ჩვენი კლუბის ბიუჯეტიდან გამომდინარე, დიდ ცვლილებებს ვერ ვგეგმავთ; ანუ ძირითადი ბირთვი შენარჩუნდება და აქვე, ისიც მინდა აღვნიშნო, რომ "სპარტაკის" ბევრი ფეხბურთელის ხილვა სურთ სხვა ქართულ გუნდებს. არც მიკვირს: ამ ბიჭებმა პირველ წრეში საკუთარი თამაშით ბევრი რამ დაამტკიცეს. ისიც კარგად მესმის, რომ, შესაძლოა, უფრო მეტ ანაზღაურებასაც იმსახურებდნენ, მაგრამ მათთვის უფრო მთავარი იყო საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენა და ასეთმა მონდომებამაც მოიტანა პირველ წრეში ჩვენი შედეგი.

- ისე, გულახდილად გვითხარით: მოვლენების ასეთ განვითარებას ელოდით? ანუ ჩემპიონატის პირველი წრის IV ადგილზე ჩამთავრებასა და თასზე მეოთხედფინალში გასვლას...
- ვიცი, რომ ბევრი არ ელოდა, მით უფრო, წინა სეზონის პერიპეტიებიდან გამომდინარე. წინა სეზონში, როცა "სპარტაკი" ჩავიბარე, გუნდს 4 ქულა ჰქონდა და პირველი წრის მერე კონკურენტები 7-8 ქულით გვისწრებდნენ. თუმცა, წინა სეზონის უმთავრესი მიზანიც შევასრულეთ და ახლა, ჩემი გუნდის ფეხბურთელთა ძალიან დიდი ძალისხმევით, უკვე აბსოლუტურად განსხვავებულ სიტუაციაში ვართ. თანაც, კიდევ ვიმეორებ, რომ სხვებთან შედარებით, დიდი ბიუჯეტით ნამდვილად არა ვართ განებივრებულნი.

- როგორც მთავარი მწვრთნელი, ასეთ "სახეცვლილებას" როგორ ახსნით?
- "სპარტაკში" ის მოთამაშეები შეიკრიბნენ, რომელთაც ფეხბურთი სწყურიათ! ამ ბიჭებს არც მოტივაცია აკლიათ, გუნდშიც მეგობრული სიტუაციაა და მერწმუნეთ, ჯანსაღი ურთიერთობაც არ თამაშობს უკანასკნელ როლს გუნდის წარმატება-წარუმატებლობაში.

საკუთარ თავზე არ ვილაპარაკებ, თუმცა, იმას კი ვიტყვი, რომ არცთუ პატარა გავლენა იქონია იმ ფაქტმაც, "სპარტაკში" მართლაც "საფეხბურთო ენაზე მოლაპარაკე" ხალხმა რომ მოიყარა თავი - კლუბის პრეზიდენტ მურთაზ შელიასა და სპორტულ დირექტორ გიორგი ქინქლაძეს ვგულისხმობ. აღარაფერს ვამბობ ჩვენი კლუბის საპატიო პრეზიდენტ დიმიტრი სანაკოევზე, რომლის უდიდესი დამსახურებაც არის, ეს გუნდი რომ არსებობს.

Sportall.Ge
ფოტოზე: მურთაზ შელია და გიორგი ქინქლაძე

- ისევ "სპარტაკის" სიახლეებს დავუბრუნდეთ...
- თითქმის გადაწყვეტილი ამბავია, რომ გუნდიდან წასვლა გადაწყვიტა ახალგაზრდა შემტევმა თამაზ მაქაცარიამ, ხოლო გამოცდილ მცველ რევაზ ქემოკლიძეს ჩვენთან კონტრაქტი დაუმთავრდა და, ისევ და ისევ ჩვენი ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, უკეთეს პირობებს ვერ ვთავაზობთ.

- მთლიანობაში, პირველ წრეში გუნდის ასპარეზობით უკმაყოფილო ვერ იქნებით და ახლა რგოლების მიხედვით გვინდა, რომ შეაფასოთ თქვენი გუნდი და მეკარით დავიწყოთ...
- გიორგი ნადირაძემ მთელი პირველი წრე შეუცვლელად ითამაშა და უკმაყოფილო ნამდვილად ვერ ვიქნები. რა თქმა უნდა, შეცდომისგან დაზღვეული არავინ არის, თუმცა მაინც მიმაჩნია, რომ კარგად ჩაატარა ეს ეტაპი.

- დაცვაში, ძირითადად, ხუთი ფეხბურთელი გამოდიოდა, თანაც, ორი მათგანი ამპლუით მცველი სულაც არ იყო...
- გეთანხმებით, გიორგი ცერცვაძესა და გივი იოსელიანს ამპლუის შეცვლაც მოუწიათ; თანაც, ჩვენი კაპიტნის, ლევან ჭაფოძის ტრავმის შემდეგ დაცვის მარჯვენა ფლანგზე გარკვეული პრობლემაც შეგვექმნა. შესაძლოა, სხვებთან შედარებით ბევრი გოლი მივიღეთ საკუთარ კარში, მაგრამ ეს უფრო დაცვის ხაზში შექმნილი ვითარების გამო იყო, ანუ შეთამაშების პრობლემას ვგულისხმობ.

- რასაც, ალბათ, ვერ იტყვით შუა ხაზზე: მთელი პირველი წრის განმავლობაში "სპარტაკის" შუა ხაზში, ფაქტობრივად, ერთი და იგივე ხუთეული (გიგაური, მახარობლიძე - საყრდენები; შინდაგორიძე, თექთურმანიძე, ივანიშვილი - შემტევები) ასპარეზობდა...
- ამ რგოლში შეთამაშების პრობლემაც ნაკლებად ჩანდა და, იმასაც ვიტყოდი, რომ ამ ხუთეულის დიდი დამსახურებაც იყო ჩვენი გუნდის წარმატებული ასპარეზობა.

- "სპარტაკი", როგორც წესი, ერთი გამოკვეთილი ცენტრფორვარდით ასპარეზობს და ნიკა კაჭარავას გამოსვლას როგორ შეაფასებდით?
- ახალი რა უნდა ვთქვა: თავდამსხმელის, მით უფრო, ცენტრფორვარდის თამაში მისი გოლების რაოდენობით ფასდება. ნიკამ ჩემპიონატში, პირველ წრეში 2 გოლი გაიტანა, თუმცა საგოლე პასებიც გააკეთა და, რაც მთავარია, გუნდურ თამაშზე იყო ორიენტირებული. ანუ, შესაძლოა, შედეგიანობა დავუწუნოთ როგორც ცენტრფორვარდს, მაგრამ "სპარტაკის" სათამაშო ფილოსოფია სწორედაც რომ გუნდურ თამაშზეა აგებული და ამ შემთხვევაში უკმაყოფილების საბაბი არ უნდა მქონდეს.

- "სპარტაკის" ერთ-ერთი მინუსი, ჩვენი აზრით, გუნდში, ფაქტობრივად, არარსებული კონკურენტუნარიანი გარემოა - ძნელი ხომ არ არის, როცა ახალგაზრდა ფეხბურთელს ძირითად შემადგენლობაში კონკურენტი არა ჰყავს?
- გეთანხმებით, არის ამ შემთხვევაში მოდუნების მომენტიც, თუმცა, სადაც კი მიმუშავია, ყველგან ვცდილობდი, რომ გუნდში ჯანსაღი კონკურენცია ყოფილიყო. თუმცა ხშირად სურვილი სურვილად რჩება, მით უფრო, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველოში ფეხბურთელები რომ ერთი-მეორეს არჩიო, ასე საქმე ჯერჯერობით არ დამდგარა...

Sportall.Ge

- პირველ წრეში თქვენს გუნდს ერთი-ორი ისეთი მატჩიც ჰქონდა, კმაყოფილი ნამდვილად ვერ დარჩებოდით...
- ამ შემთხვევაში, უპირველეს ყოვლისა, "დინამოსთან" დიდი ანგარიშით (1:6) წაგებულ მატჩს გავიხსენებ; თუ არ ჩავთვლით 24-25 წლის სამ ფეხბურთელს, იმ მატჩში "სპარტაკის" ყველა დანარჩენი მოთამაშე 19-21 წლის იყო და ბევრი მათგანი, საერთოდ, პირველად გამოდიოდა "დინამო არენაზე".

თუმცა მხოლოდ ფსიქოლოგიური მომენტი არ იყო, შესაძლოა, მეც შევცდი: უფრო "ჩაკეტილი" თამაში რომ ამერჩია, ექვს გოლს არ გავუშვებდით, მაგრამ მაინც შეტევას მივანიჭე უპირატესობა.

ამას გარდა, იყო გარკვეული ნიუანსებიც, მაგალითად, 1:4-ზე, 25 წუთი რომ რჩებოდა მატჩის დამთავრებამდე, არბიტრს "დინამოს" ფეხბურთელი უნდა გაეძევებინა და ჩვენ სასარგებლოდ პენალტიც დაენიშნა. არავინ იცის, იმ დარჩენილ დროში რა მოხდებოდა, თუმცა ეს ყველაფერი უკვე წარსულია და ახლა სჯობს, მხოლოდ და მხოლოდ მომავალზე ვიფიქროთ - იმ მომავალზე, რომელსაც მე ოპტიმისტურად ვუცქერ და იმის იმედიც მაქვს, რომ ზამთრის მოსამზადებელ ეტაპს ნაყოფიერად გავივლით.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული