სეზონის პირველი შეხვედრისთვის არც "ლოკომოტივი" იყო უპრობლემოდ. სხვა რომ არაფერი, ამ ახალგაზრდულ გუნდს მოუწევს უფრო მაღალი დონის ლიგასთან ა
ამ მიზეზთა გამო ფავორიტის სტატუსის დადგენა და შედეგის პროგნოზირება ერთობ სარისკო საქმე იყო და ამის საწინასწარმეტყველოდ არც არავინ შეწუხებულა.
გინდ ექსპერიმენტული უწოდეთ, გინდ სხვა რამ, "ჩიხურამ" განახლებული შემადგენლობით მაინც გაიმარჯვა და მიუხედავად შემთხვევითი გოლისა, სავსებით დამსახურებულადაც, რადგან მეტოქეზე გაცილებით მეტი და მწვავე მომენტები შექმნა. ამასთან, იმედისმომცემად ითამაშეს ახალწვეულებმა - მეგრელიშვილმა, ჭანკოტაძემ, გრიგალაშვილმა, ჭეჭელაშვილმა, კუსიანმა, ჯოხაძემ. აღარაფერს ვამბობთ "ძველ გვარდიაზე", რომელთა შორის განსაკუთრებულად გამორჩეული იყო ჩიკვაიძე.
გაუსაძლისი პაპანაქების მიუხედავად, საკმაოდ მაღალი ტემპით დაიწყეს გუნდებმა თამაში და ასე გააგრძელეს შეხვედრის დასასრულამდე.
პირველად მე-9 წუთზე მოსინჯა ბენაშვილმა "ჩიხურას" კიდევ ერთი ახალწვეულის - მეკარე კუპატაძის შესაძლებლობები, რომელმაც საიმედოობა ძლიერი და ზუსტი დარტყმის კუთხურზე მოგერიებით დაამტკიცა...
მე-11 წუთზე ჭეჭელაშვილმა საგოლედ უპასა კუჭუხიძეს, მაგრამ საჩხერელთა "ათიანმა" ვერ შეძლო შეცდომით წინ გამოსული მეკარისთვის ბურთის ხელებს ზემოთ გადაგდება. იქვე კუჭუხიძემ კიდევ ერთი კარგი შანსი გაატანა ქარს;
მე-15 წუთზე არავინ დაუხვდა კაშიას მწვავე "ჩახვეულს", რომ დაუცველ კარში შეეგორებინა ბურთი;
21-ე წუთზე გავაშელიშვილი გაეპარა მცველებს, დაუგორა დიასამიძეს და რომ არა დამრტყმელის ტექნიკური წუნი, კუპატაძე ვერაფერს გახდებოდა;
35-ე წუთზე ჭანკოტაძე-დეკანოიძე-ჭანკოტაძის სამსვლიანი კომბინაცია სტუმართა მეკარის თავგანწირვამ ჩაშალა;
42-ე წუთზე კი ასპროცენტიანი მომენტები გაანიავეს ჯერ მეგრელიშვილმა, მერე კუჭუხიძემ.
ანგარიში 55-ე წუთზე გაიხსნა - ჯოხაძემ საუცხოოდ ზუსტი შორეული პასი კი მისცა საჯარიმოში შეჭრილ კუჭუხიძეს, მაგრამ ამ უკანასკნელმა უღიმღამოდ ჩააწოდა. თუმცა ჩოჩიალა, თითქმის აღებული ბურთი მაინც გაუსხლტდა ხელიდან მიქავას და იქვე მდგარ ჭანკოტაძესაც ფეხის წაკვრის მეტი არაფერი დასჭირდა - 1:0.
ამის შემდგომ ორთაბრძოლა კიდევ უფრო გახურდა, უამრავი ხიფათი შეიქმნა სტუმართა, რამდენიმე კი მასპინძელთა კართან, მაგრამ გადამწყვეტ ფაზაში მოწინააღმდეგეები სცოდავდნენ და ამ მცდელობებს არაფერი აღარ მოჰყოლია, ყვითელი ბარათების გარდა.
მატჩს ესწრებოდა საპატიო სტუმარი, ქართული ფეხბურთის ერთ-ერთი კორიფე - ლევან კობიაშვილი, რომელმაც ჩვენთან საუბარში განაცხადა:
"როგორც ფეხბურთის მაყურებელი, პირველად ვარ საჩხერეში და მიხარია, რომ კარგი ფეხი მქონია.
სასტარტო შეხვედრის სპეციფიკის გათვალისწინებით, თამაში საკმაოდ საინტერესო იყო. ორივე გუნდმა შესაშური ბრძოლისუნარიანობა გამოამჟღავნა. მაინც უფრო ძლიერის გამარჯვებას გილოცავთ".
13.08.15. ივანწმინდა. 400 მაყურებელი
ჩიხურა-ლოკომოტივი 1:0 (0:0)
1:0 ჭანკოტაძე (55)
გაფრთხილება: ჭანკოტაძე (10), დიასამიძე (60), გავაშელიშვილი (65), გრიგალაშვილი (66), უბილავა (70), ღვინიაშვილი (84)
არბიტრი: დ. ხარიტონაშვილი
ჩიხურა: კუპატაძე, თორ. გრიგალაშვილი, კაშია, მეგრელიშვილი, ჭანკოტაძე (73. განუგრავა), კუჭუხიძე, დეკანოიძე (46. ჯოხაძე), ჭეჭელაშვილი (46. სარდალიშვილი), კუსიანი, ჩიკვაიძე, დობროვოლსკი.
სათადარიგოები: მწყერაშვილი, კაკაშვილი, მუმლაძე, კორიფაძე.
მწვრთნელი: სოსო ფრუიძე
ლოკომოტივი: მიქავა, ჩიტეიშვილი, ღაღანიძე, გეთიაშვილი, დიასამიძე, ქიქავა, თექთურმანიძე (65. ღვინიაშვილი), ბენაშვილი (70. არდაზიშვილი), უბილავა, სამურკასოვი (46. ქანთარია), გავაშელიშვილი.
სათადარიგოები: კუპატაძე, მაკასარაშვილი, ჩიხლაძე, გაბაძე, ქანთარია.
მწვრთნელი: ვასილ მაისურაძე
მატჩის შემდეგ
ვასილ მაისურაძე (ლოკომოტივი): "საშინელ სიცხეში თამაში იოლი არ იყო, თუმცა ჩემი გუნდის თამაშით მაინც ძალიან უკმაყოფილო ვარ. მას გაცილებით მეტი შეუძლია, რაც სანახევროდაც ვერ გამოამჟღავნა. სასტარტო წაგება ძალიან ძნელია, მაგრამ როცა გამარჯვებას არ იმსახურებ, ისღა დაგრჩენია, მოწინააღმდეგეს მიულოცო წარმატება".
სოსო ფრუიძე (ჩიხურა): "რთული თამაში იყო, მოწინააღმდეგე გააფთრებით გვებრძოდა.
მართალია, ფიზიკური კონდიციების პიკამდე ჯერ ყველა ჩემს ფეხბურთელს ბევრი რამ აკლია, მაგრამ პასუხისმგებლობის გათავისებით, ერთსულოვნებით, გუნდური თამაშის პრინციპებზე ორიენტირებით, მიცემული დავალებების შესრულებით მაინც შეძლეს გამარჯვება. უღრმესი მადლობა მათ".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"