ნიკა საბანაძე: აუცილებლად მოვუმატებთ!

AutoSharing Option
მესამე თვეა, კვიპროსიდან საქართველოში მოულოდნელად დაბრუნებული ნიკა საბანაძე "საბურთალოში" თამაშობს.

თავიდან, "ის" საბანაძე არ იყო, რომლისაც საქართველოს ჩემპიონატში ნებისმიერი მცველი ერიდებოდა, მაგრამ პირველი წრე მთავრდება და გამოცდილი თავდამსხმელი ნელ-ნელა უბრუნდება იმ მდგომარეობას, რითიც თავის დროზე ეროვნული ნაკრების მწვრთნელები დააინტერესა.

ახლა ის გამოუცდელი ბიჭებით დაკომპლექტებულ "საბურთალოში" საკვანძო როლს ასრულებს.

"მცირე ტრავმები მაწუხებდა, მაგრამ მოვირჩინე და ნელ-ნელა ფორმაში შევდივარ. რაც მთავარია, საკუთარ თავზე ვმუშაობ, ემოციები ჩარჩოში რომ მოვაქციო და თამაშზე დავხარჯო. "საბურთალოში" თავის გამოჩენის შანსი მომეცა. დანარჩენი ჩემზეა დამოკიდებული", - ამბობს საბანაძე.

24 წლის თავდამსხმელი უშუალოდ გუნდზეც გველაპარაკა:

"ჩვენ ახალგაზრდული გუნდი გვყავს, უმაღლეს ლიგაში ბევრი პირველად თამაშობს და არასტაბილურობა სწორედ ამის შედეგია. მაგრამ ბევრი ფეხბურთელია 19-წლამდელთა და ახალგაზრდულ ნაკრებებში. მათი უმრავლესობა ძალიან ნიჭიერია და უმაღლესი ლიგის მოთხოვნებს საკმაოდ სწრაფად ეგუებიან.

დარწმუნებული ვარ, გამოცდილებას რომ შეიძენენ, აუცილებლად მოუმატებენ და მომდევნო სეზონში სამეულისთვის მაინც ვიბრძოლებთ. ყოველ შემთხვევაში, მჯერა, წლევანდელზე უკეთესად ვითამაშებთ".

საბანაძე "საბურთალოში" გადასვლას არ ნანობს:

"საქართველოში დაბრუნებულს ფოთის "კოლხეთში" გადასვლა შემომთავაზეს. მაგრამ უარი ვთქვი და მიმაჩნია, რომ "საბურთალოში" თამაში ნამდვილად მიჯობდა - თავადაც იცით, ფოთში რაც ხდება.

მაგრამ მარტო ეს არ არის მიზეზი, არჩევანს რომ არ ვნანობ. მართალია, უეფას საგზურებისთვის არ ვიბრძვით, მაგრამ "საბურთალო" ამბიციური და მზარდი გუნდია, თან აქ საკმაოდ დიდი მოთხოვნებია. მეც მუდამ მობილიზებული ვარ, ფორმაში რომ ვიყო და გუნდს დავეხმარო".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე დაგაინტერესებთ