ოთარ მარცვალაძე: ჩვენ არ ვითხოვთ მილიონებს!..

AutoSharing Option
დღეს საქართველოს ჩემპიონატში ძალიან ცოტანი არიან გამოკვეთილი ინდივიდუალისტები. ამ მხრივ, ერთ-ერთი მათგანია გორის "დილას" 31 წლის ფორვარდი ოთარ მარცვალაძე.

მარცვალაძეს არაერთ ქართულ თუ უცხოურ გუნდში უთამაშია. მიმდინარე სეზონში ის "დილას" ნამდვილი ლიდერია. "დილამ" ბოლო დროს მნიშვნელოვნად გაძლიერებულ ბათუმის "დინამოსთან" ფრედ (2:2) ითამაშა ქობულეთში და რომ არა მარცვალაძის დუბლი, უჩა სოსიაშვილის გუნდს აჭარიდან ქულის წაღება ძალიან გაუჭირდებოდა.

სხვა თემაა ესთეტიკა - მარცვალაძემ ისეთი გოლები შეაგდო, ავ თვალს არ დაენახვებოდა...

იყო დრო, ის
საქართველოს ნაკრებშიც ჩაუქობდა. ჩემი პირადი აზრია - კარგ ფორმაში მყოფი მარცვალაძე აუცილებლად გამოადგება ეროვნულ გუნდს. "ლელომ" მასთან ინტერვიუ ჩაწერა...

- რა ხდება "დილაში"? როგორ მოემზადეთ მეორე წრისთვის?
- ვფიქრობ, კარგად მოვემზადეთ. ეგაა, ცოტა რთული იყო ფინანსური მდგომარეობა და ასეა დღესაც, მაგრამ კლუბის ხელმძღვანელობისა და სამწვრთნელო შტაბის ერთად დგომით, ყველაფერს გავუძელით და ვუძლებთ. ჩვენ ცდას არ დავაკლებთ, რომ სეზონი ღირსეულად ჩავამთავროთ.

- როგორ შეაფასებთ თურქეთში გავლილ შეკრებას?
- დადებითად. მოგეხსენებათ, ზაფხულის შეკრებაზე ვერ ჩავატარეთ საკონტროლო მატჩები. ახლა ეს პრობლემა აღარ იყო. ვითამაშეთ არაერთი შეხვედრა, გუნდი შეიკრა, შეთამაშდა...

- "დილა" ორმა ლიდერმა, გიორგი ნავალოვსკიმ და გოგიტა გოგუამ, დატოვა. მოვიდნენ ახალგაზრდა ფეხბურთელები. როგორ ფიქრობთ, გუნდი უფრო გაძლიერდა თუ დასუსტდა?
- რომ გითხრათ, გავძლიერდით-მეთქი, ალბათ, თქვენც არ დამიჯერებთ. აქვე ვთქვათ, რომ ძალიან საინტერესო, ახალგაზრდა და ამბიციური ფეხბურთელები მოვიდნენ "დილაში", თუნდაც - გიორგი ჩელებაძე და ლევან საბაძე.

- გუნდის ლიდერად ჩამოყალიბდით. ეს გვიჩვენა როგორც თურქულ შეკრებაზე გამართულმა შეხვედრებმა, ისე ეროვნული ჩემპიონატის მეორე წრის პირველმა ორმა მატჩმა. ლიდერობა მძიმე ტვირთია...
- მადლობა ასეთი შეფასებისთვის! ალბათ, ეს ყველაფერი იმიტომ მოხდა, რომ შეკრებაზე ბევრი შეხვედრა ჩავატარეთ. შევთამაშდით და უკეთ გვესმის ერთმანეთის. გადაჭარბების გარეშე შემიძლია ვთქვა, რომ ადაპტაციის პროცესი დასრულებულია. "დილაში" ისე ვგრძნობ თავს, როგორც საკუთარ სახლში.

- მინდა, ბათუმის "დინამოსთან" მატჩი გაიხსენოთ. ორი ულამაზესი გოლი გაიტანეთ...
- რთული თამაში გვქონდა ბათუმში. პირველი შეხვედრა ფოთში ჩავატარეთ, მერე შინ დავბრუნდით და ისევ ქობულეთში წავედით. დაძაბული, საინტერესო თამაში გამოვიდა. ჩემი გოლები კი მთლიანად გუნდის დამსახურებაა. დამეთანხმებით, დღეს თამაშს ერთი კაცი ვერც იგებს და ვერც აგებს.

- სიტყვამ მოიტანა და, ცოტა არ იყოს, გაგვიჭირდა იმის დაჯერება, ოთარ მარცვალაძე "დილაში" რომ დარჩა. არ გქონდათ სხვა შეთავაზება?
- არ იყო ისეთი რეალური არაფერი, "დილადან" რომ წავსულიყავი. გადავწყვიტე, აქ ჩავამთავრო სეზონი.

- საქმე თუ კარგად წავიდა და ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამამ იმუშავა, არ არის გამორიცხული, ქართველმა ფეხბურთელებმა საქართველოდან წასვლაზე აღარც იფიქრონ...
- პირდაპირ უნდა გითხრათ, რომ ეს ჩემი ოცნებაა. ნეტავ, ისეთი პირობები იყოს, რომ საერთოდ არავინ ფიქრობდეს წასვლაზე. ჩემი აზრით, ჩვენი ყველა პრობლემის წამალი ფინანსებშია. თუ ფული იქნება და ის სწორად დაიხარჯება, კარგი გუნდებიც გვეყოლება, სტადიონებიც გვექნება და კარგ თამაშებსაც ვნახავთ.

- როგორ ფიქრობთ, საქართველოს შეუძლია საშუალო ევროპული დონის ჩემპიონატის ორგანიზება? ვთქვათ, ისეთი პირველობის ჩატარება, როგორსაც ჩეხეთი და რუმინეთი ატარებენ?
- შეუძლია და, ჩემი აზრით, კარგადაც შეუძლია. მთავარია, ელემენტარული პირობები იყოს. რა თქმა უნდა, ჩვენ სხვა სამყაროში არ ვცხოვრობთ, ჩვენ არ გვაქვს არანაირი უფლება და არც მილიონებს ვითხოვთ... მეორე საკითხია, რომ თუ ფეხბურთელს ელემენტარული პირობები არ შეუქმენი, ისე ფეხბურთი ვერ განვითარდება და მასაც ვერ მოსთხოვ ვერაფერს. ოთხი თვე ხელფასს რომ ვერ აიღებ და ვარჯიშზე წასასვლელად საჭირო ბენზინის ფული საძებარი გაქვს, ასეთ სიტუაციაში პროგრესზე ვერ ილაპარაკებ.

კიდევ ერთხელ ვამბობ - არ მინდა ისე გაიგოს ვინმემ, თითქოს ჩვენ მილიონებს ვითხოვთ. უბრალოდ, თვე რომ დასრულდება, ხელფასი უნდა აიღო. მგონი, ეს ნორმალურია. ეს ის ფულია, რომელიც შენი გარჯით, შრომით, წვალებითაა მოპოვებული. როცა ფიქრობ, ბანკის კრედიტი რით გადაიხადო, ოჯახში რა მიიტანო, რთულია მხოლოდ ფეხბურთზე კონცენტრირება.

დიდი იმედი მაქვს, რომ სიტუაცია გამოსწორდება და ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამა ამას ხელს შეუწყობს.

- ალბათ, მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამ პროგრამის მიხედვით ყველა ჩვენმა კლუბმა მაღალი ხარისხის მინდორზე უნდა ითამაშოს...
- ეს უმთავრესი საკითხია. საერთოდ, ფეხბურთი დღეს ბევრი ნიუანსისგან შედგება. რომ შეხედავ, სტადიონი მოწესრიგებულია, კარგი მინდორია... ელემენტარულად, შუქი და ცხელი წყალი არის, ტუალეტი მოწესრიგებულია, სხვანაირი განწყობით გადიხარ სათამაშოდ. ხელოვნურ მინდვრებზე თამაშს ბევრი ერიდება. ნახეთ, რამდენ ფეხბურთელს აქვს გაკეთებული ოპერაცია კოჭზე. ერიდება, მაგრამ ხშირად არ არის სხვა გზა და ეს ფეხბურთელი ტრავმას იღიზიანებს, ისევ სამკურნალო ხდება. თან საქართველოში ისეთი კლიმატი გვაქვს, რომ არანაირი აუცილებლობა არ არის ხელოვნურ მოედანზე თამაშის.

- რა აზრის ხართ გაზაფხული-შემოდგომის მოდელზე?
- დადებითი აზრის ვარ, თუნდაც იმიტომ, რომ ჩვენი გუნდები ევროთასებს უფრო კარგად მომზადებულები შეხვდებიან. საერთოდ, ფეხბურთის ფედერაციის ახალი ხელმძღვანელობა ძალიან ბევრი რამის შეცვლას ცდილობს და ეს კარგია, რადგან ძველებურად ვეღარ გაგრძელდებოდა. მთავარია, ერთხელ დავძრათ საქმე, თორემ მერე ყველაფერი კარგად წავა. ქართულ ფეხბურთში არასოდეს იქნება ნიჭის პრობლემა. მთავარია, სწორი მიმართულება მიეცეს ამ ნიჭს, სწორად გამოვიყენოთ ის.

- ალბათ, ამ პროგრამის ერთ-ერთი მთავარი მიზანიც ისაა, რომ "ექვსთვიანი გუნდების" სენი საბოლოოდ დავამარცხოთ...
- ეს პრობლემაც მძაფრად დგას. ექვსი თვე ძალიან ცოტაა. როგორ გინდა, ამ დროის განმავლობაში ბოლომდე შეეგუო სხვა ქალაქს, სხვა სტადიონს, სხვა გულშემატკივარს?.. ყველამ იცის, რომ დღევანდელ ფეხბურთში წარმატება სტაბილურობას მოაქვს. როგორ უნდა გაიხსნას ფეხბურთელი, რომელიც ექვს თვეში ერთხელ იცვლის ადგილს? დიდი იმედი მაქვს, მდგომარეობა ამ მხრივაც შეიცვლება.

- როცა თამაშს იწყებდით, მაშინ უფრო მაღალი დონის იყო საქართველოს ჩემპიონატი?
- ჩემი აზრით, შედარებაც კი უხერხულია. რა თქმა უნდა, მაშინ უფრო ძლიერი ჩემპიონატი გვქონდა.

- საჩემპიონო დუელზეც უნდა გკითხოთ. ბევრი მიიჩნევს, რომ თბილისის "დინამო" უკვე ჩემპიონია. შეძლებს "დილა", ბრძოლა გაუმართოს ფავორიტს?
- კი, მე მჯერა, რომ ბრძოლა იქნება. რა თქმა უნდა, პირობებით "დინამო" ჩვენზე წინ არის - დიდებული სტადიონი, შესანიშნავი ბაზა... ასეთ ბაზას უკრაინისა და რუსეთის ბევრი გუნდი ინატრებს... ფაქტია, საქართველოში "დინამო" ყველაზე მაღლა დგას. მაგრამ ჩვენ ყველა შეხვედრაში გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ტიტული შევინარჩუნოთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ოთარ მამასახლისის ლექსია ეგ ხო ? სტილი მაგრად გავს მის შემოქმედებას :)))
diego-s
11:28 28-02-2016
0
მარცვალა ძალიან მაგარი მოთამაშე და ადამიანია საერთოდ, კლასი ბიძია კლასი და პიროვნება. ამაზე მაგარი ჩამოყალიბებული თავდამსხმელი და ფეხბურთელი არა გვყავს, ნაკრები მის გარეშე ვერასოდეს წარმომედგინა და ტრაგედიაა რომ მხოლოდ 3-ჯერ თუ ითამაშა, მაგრამ ხორვატიასთან რაც ქნა ეგ მთელ შესარჩევ ციკლში თამაშის ტოლფასი ითამაშა იმ 2-3 მოძრაობაში.. მაშინ მარცვალაზე ლექსი დავწერე, აი -

ჩამოვიდა, დაგვიმტკიცა -
რომ არ არის "გამყიდველი",
მოატყუა, პასი მისცა -
ერი დარჩა მადლიერი ))

მაგარი ხარ მარცვალ!

Diego
21:15 27-02-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული