გურია-ლოკომოტივი 0:0 - ქულა სტუმრად 9-კაციანი გუნდით

AutoSharing Option
ვერ შეცვალა "გურიამ" უსიამოვნო ტრადიცია - უმაღლეს ლიგაში "ლოკომოტივისთვის" ერთხელაც რომ ვერ მოუგია. ეს კი არა, ქულაც პირველად აართვა. არადა, შანსი ჩინებული მიეცათ გურულებს, როცა ბოლო 25 წუთი მეტოქე 9 კაცით იყო დარჩენილი...

ეს კი მას შემდეგ მოხდა, რაც კარისკენ დარტყმულზე საჯარიმოს ხაზთან ხელით გიორგი ფოფხაძემ ითამაშა, რის გამოც მანამდე მიღებული ყვითელი ბარათი უმალ წითლად ექცა.

მატჩის არბიტრმა პირველი ტაიმის ბოლოს სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის მოედნიდან გააძევა ვაჟა ქიქავა, რასაც სტუმართა მწვავე პროტესტი მოჰყვა, თუმც გოგა კიკაჩეიშვილის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ თამაშის
სადავეები ხელიდან არ გაქცევია, როგორც იტყვიან ხოლმე მსაჯზე - თამაში არ გააფუჭა. ოდენ ჟერარდ სარაგოსა მულეტის შენიშვნითა და ბაჩანა ცხადაძის გაფრთხილებით განმუხტა ვითარება.

რაოდენ პარადოქსულიც უნდა იყოს, "გურია" თითქოს უკეთ თამაშობდა მანამ, ვიდრე მეტოქე კაცნაკლული დარჩებოდა. მართალია, მასპინძლებმა რიცხობრივთან ერთად ტერიტორიული უპირატესობაც მიიღეს, მაგრამ ამით ხეირი ვერ ნახეს, თუ არ ჩავთვლით ორ-სამ ლამაზ კომბინაციურ შეტევას, ასევე, რევაზ თევდორაძის საიმედო თამაშს რამდენიმე თავური დარტყმის შემდეგ და მაღალ ბურთზე დამაჯერებელ გამოსვლებს, "ლოკომოტივის" კართან განსაკუთრებული არაფერი ხდებოდა.

განსაკუთრებით მეორე გაძევებამ "ლოკომოტივი" უფრო შეკრა. სტუმრების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ერთხელაც არ გატყდნენ. ლანჩხუთელებს თამაშში გიორგი კახელიშვილის (მისი დებიუტი იყო) ჩართვამაც ვერ უშველა, სერბი მეკარე ალექსანდარ იოვანოვიჩი კი გურულებმა განაცხადში პირველად შეიყვანეს.

სტუმართა სასახელოდ მეტყველებს ისიც, რომ 9 კაცით დარჩენილებიც კი "ყრუ" დაცვაში არ ჩამჯდარან და მეტი იღბალი რომ ჰქონოდათ, პატარა სასწაულსაც მოახდენდნენ: ერთხელ ალვინ ბენეტიმ წინ გამოსულ მეკარეს ისეთი დაუბრუნა, ბურთმა ძელს სანტიმეტრებით ჩაუარა.

მერე მამია გავაშელიშვილი თავისიანებმა ორჯერ ვერ გაიყვანეს დასარტყმელ პოზიციაზე, მესამედ კი შემტევს საჯარიმოდან წინ გამოსულმა "გურიის" მეკარემ ააცალა ბურთი...

ეს კონტრშეტევები კი "გურიის" იმ მასირებულ იერიშებს მოჰყვა, რომელიც სიჩქარეში და თან სველ მინდორზე, რაც დრო გადიოდა, მასპინძელს ფსიქოლოგიურ ტვირთად რომ აწვებოდა, იმ ტვირთად, რომელიც ვიქტორ დემიდოვის გუნდმა ზიდა.

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XIX ტური
06.03. ლანჩხუთი. "ევგრაფი შევარდნაძე"
გურია-ლოკომოტივი 0:0
გურია: იმერლიშვილი, ნოზაძე, ჩადუნელი (64. კილაძე), ბენეტი, ი. კვეკვესკირი, ნუნიეზი, ზოზულია, ალავერდაშვილი, გამყრელიძე (88. შტანდერი), მოროზენკო, ჟუნიორი (73. კახელიშვილი).
სათადარიგოები: იოვანოვიჩი, როდრიგესი, გელაშვილი
მწვრთნელი: ვიქტორ დემიდოვი
ლოკომოტივი: თევდორაძე, გ. ფოფხაძე, ცხადაძე (72. გავაშელიშვილი), გ. დიასამიძე, ხიდეშელი, ქიქავა, გაბაძე, მზევაშვილი, ჩაგელიშვილი (64. პატარკაციშვილი), ბ. მახარაძე, უბილავა (46. სულთანიშვილი).
სათადარიგოები: კუპატაძე, პატარკაციშვილი, ჩიხლაძე, გავაშელიშვილი, ქანთარია, არდაზიშვილი
მწვრთნელი: ჟერარდ სარაგოსა მულეტი
გაფრთხილება: ნოზაძე (24), ფოფხაძე (31), ცხადაძე (39), ფოფხაძე (64), მზევაშვილი (67), კვეკვესკირი (88)
გაძევება: ქიქავა (39), ფოფხაძე (64)
არბიტრი: გ. კიკაჩეიშვილი

XIX ტური
07.03. სამტრედია.
სამტრედია-საბურთალო
"ეროსი მანჯგალაძე". 15:00
ურთიერთშეხვედრები
1: +0 =0 -1, 2:3
პირველი წრე 2:3

XX ტური
11 მარტი, პარასკევი
ლოკომოტივი-სიონი

12 მარტი, შაბათი
დილა-ჩიხურა
ზუგდიდი-დინამო (თბ)

13 მარტი, კვირა
მერანი-სამტრედია
დინამო (ბთ)-ცხინვალი
საბურთალო-გურია
საპოვნელა-შუქურა
კოლხეთი -ტორპედო.

ბომბარდირები:
გ. ქვილითაია (დინამო თბ) 16
ნ. კაჭარავა (ცხინვალი) 13
ო. მარცვალაძე (დილა) 13
დ. ტატანაშვილი (სიონი) 12
ბ. ზივზივაძე (სამტრედია) 10
ი. სიხარულიძე (სამტრედია) 10
გ. ბერიაშვილი (დინამო ბთ) 10
ჯ. ჯიღაური (დინამო (თბ) 10.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
ავთო ხო ჭ კლასია!!!! ლოკომოტივი მგონი 1 ქულიტ ჩამორჩება ლიდერს
ივა
09:21 08-03-2016
0
პირველ ტაიმში გურიამ ლამის გადაუარა ამაზე რატომ არ წერთ ტყუილად კი არავინ გაუგდიაათ
ივა
09:17 08-03-2016
0

სიახლეები პოპულარული