"კოლხეთის" გენ-დირექტორი ფოთელ გულშემატკივრებს მოთმინებისკენ მოუწოდებს

AutoSharing Option
უმაღლესი ლიგის ბოლო ტურში ფოთის "კოლხეთმა" თბილისის "დინამოსთან" საშინაო შეხვედრა 1:3 წააგო. მატჩის დროს გულშემატკივრებმა არბიტრ ლევან კვარაცხელიას რამდენიმე გადაწყვეტილება გააპროტესტეს, ერთ-ერთი ასეთი ეპიზოდისას კი მოედანზე პლასტმასის ბოთლიც ისროლეს.

ამის თაობაზე, "კოლხეთის" გენერალურმა დირექტორმა თემურ ბარქაიამ "ლელოსთან" კომენტარი გააკეთა.

"ჩვენ ძალიან კარგი და ძლიერი ფანკლუბი გვყავს, რომელიც ყველას ნაღდი გულშემატკივრობის მაგალითს აძლევს.

მაგრამ მიუღებელია ზოგიერთი ქომაგის იმგვარი გამოხდომები, რომლებსაც "დინამოსთან" შეხვედრაში ჰქონდა ადგილი. მით უფრო, იმის ფონზე, რომ ფოთში ფეხბურთის
დასაბრუნებლად კლუბის ხელმძღვანელობამ, სფფ-სთან ერთად, დიდი სამუშაო გასწია.

ამიტომ მოთამაშეებსა და ფოთელ გულშემატკივარს მეტი მოთმინება მართებთ", - ამბობს ბარქაია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"