ეს საკითხი ჯერ საბოლოოდ დახურული არ არის. როგორც კლუბის პრეზიდენტმა გურამ რუხაძემ გვითხრა, დღეს გასამართ ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის სხდომაზე, სხვა საკითხებთან ერთად, "ვიტ ჯორჯიის" საკითხიც დადგება დღის წესრიგში...
ახლა კი მცირე ინტერვიუ კლუბის პრეზიდენტ გურამ რუხაძესთან...
- მოგეხსენებათ, ცოტა ხნის წინ "ვიტ ჯორჯიამ" გამოაქვეყნა მიმართვა, სადაც მკვეთრად არის ჩამოყალიბებული ჩვენი კლუბის პოზიცია.
ვიტ ჯორჯიას მიმართვა საქართველოს საფეხბურთო
მიმაჩნია, რომ აბსოლუტურად უსამართლოდ გვითხრეს უარი ლიცენზირებაზე. მიმართვაში ჩვენ დავსვით კითხვები და ამ კითხვებზე პასუხი არ მიგვიღია. პასუხად ვერ ჩავთვლით მხოლოდ იმის გამოცხადებას, რომ "ვიტ ჯორჯიამ" ვერ მიიღო ლიცენზია და მორჩა.
- როგორც ვიცით, ამ გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება აღარ გაქვთ...
- დიახ, აღარ გვაქვს ამის უფლება. ჩაკეტილ წრეში ვართ და ეს არ გვაძლევს საშუალებას, ვიპოვოთ სამართალი. და მაინც, არსებობს გამოსავალი. მჯერა, ყველაფერი კარგად დასრულდება და სამართლიანობა იზეიმებს. ლიცენზირების კომიტეტში პროფესიონალები მუშაობენ. კი, ჩვენ მიმართ გაიპარა რაღაც პატარა უზუსტობა, მაგრამ დღესაც ასე ვფიქრობ, რომ ისინი პროფესიონალები არიან...
რაც შეეხება არბიტრაჟსა და სააპელაციო კომიტეტს, ჩემი აზრით, ეს არის ფიქცია. 20 წელია, კლუბის პრეზიდენტი ვარ და, ალბათ, ჩემი სიტყვა დაიჯერება.
- გამოსავალს რაში ხედავთ?
- საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წესდების 71-ე მუხლის მესამე პუნქტის თანახმად, აღმასკომს აქვს იმის საშუალება, რომ განიხილოს ჩვენი საკითხი. როგორც ჩემთვის ცნობილია, 10 ივნისის აღმასკომზე "ვიტ ჯორჯიის" საკითხი აუცილებლად დადგება დღის წესრიგში და იქნება მსჯელობა ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში ჩვენი გუნდის დაშვების თაობაზე.
ჩვენ მივმართეთ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილს, რადგან სხვა გზა აღარ დაგვრჩა. ჩვენი მიმართვა ეფუძნება ფეხბურთის განვითარებისა და სამართლიანობის პრინციპს.
- ალბათ, გუნდს ჯერ არ დაუწყია სამზადისი ახალი სეზონისთვის. რთულია, როცა არ იცი, რომელ ლიგაში ითამაშებ...
- არა, "ვიტ ჯორჯია" ჩვეულებრივად ცხოვრობს. წლების განმავლობაში კლუბი აწყობილი მექანიზმია და დღესაც ასევე აგრძელებს მუშაობას. სამედიცინო შემოწმებაც დავგეგმეთ, მოსამზადებელი პერიოდიც, სპარინგებიც...
- "ვიტ ჯორჯიას" კვლავ თენგიზ კობიაშვილი უთავკაცებს?
- დიახ, თენგიზ კობიაშვილი იქნება გუნდის მთავარი მწვრთნელი. შემადგენლობა მთლიანად შევინარჩუნეთ და მეტიც - გავძლიერდებით კიდეც...
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"