საქართველო VS ლატვია - ბრძოლა ღირსებისთვის!

AutoSharing Option
დღეს, 28 მარტს, საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები ლატვიის ნაკრებთან ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს. მატჩი "დინამო არენაზე" 18:00 სთ-ზე დაიწყება და მის პირდაპირ ტელეტრანსლაციას "პირველი არხი" წარმოადგენს.

თამაშის წინა დღეს ვლადიმირ ვაისმა 20-კაციანი გუნდი თბილისის ზღვაზე მდებარე "ზესტაფონის" ბაზაზე ავარჯიშა და ნიკა კვეკვესკირთან ერთად ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

- ვლადიმირ ვაისი: მწვრთნელი ყოველთვის ჩემოდნით ხელში დგას... ვნახოთ, რა იქნება ხვალ!
- ნიკა კვეკვესკირი: ეს ეროვნული ნაკრებია და აქ შედეგი აუცილებელია!

წვრთნაში მონაწილეობა ტრავმის გამო არ მიუღია ბუბა დაუშვილს. ითამაშებს თუ არა ის ლატვიასთან,
დღეს გაირკვევა.

მატჩის მნიშვნელობა
სერბეთთან განცდილი მარცხის შემდეგ გულშემატკივარი გულგატეხილია, მაგრამ უნდა გვახსოვდეს ერთი: საქართველოს ნაკრები, რაც უნდა ცუდ მდგომარეობაში იყოს, ჩვენი გუნდია და გაჭირვების ჟამს მისი მიტოვება არაფრით ეგების. ამიტომ ნუ დავიზარებთ მისვლას ქვეყნის მთავარ სპორტულ არენაზე და ჩვენი ნაკრების გამხნევებას. ფეხბურთელები კი, იმედია, გაიმარჯვებენ. ბოლოს და ბოლოს, ეს ღირსების ამბავია...

მარტის მთავარი სანაკრებო ომი სერბეთთან წაგებულია და თუნდაც ლატვიასთან გამარჯვება ვერ გადაწონის იმ მარცხის სიმწარეს ვერც პრაქტიკული და ვერც - მორალური კუთხით. ამის მიუხედავად, სასიამოვნო იქნება გამარჯვება თუნდაც ამხანაგურ მატჩში ჩვენს კბილა მეტოქესთან, რომლის დამარცხებაც ყოველთვის გვიჭირდა; ეს კი არა, სხვა წერილში წაიკითხავთ ისტორიას და ნახავთ, რომ ლატვიელებთან ბოლო ორი თბილისური მატჩი (ერთი - ამხანაგური, ერთიც - შესარჩევი) წაგებული გვაქვს...

მატჩი განსაკუთრებული მნიშვნელობისაა ვლადიმირ ვაისისთვის. საიდუმლო არავისთვისაა, რომ სერბეთთან თბილისური მარცხის შემდეგ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა უკვე ღიად დაიწყო ლაპარაკი ეროვნული გუნდიდან შესაძლო წასვლის თაობაზე. ლატვიასთან გამარჯვება 52 წლის სლოვაკი სპეციალისტის მორყეულ სავარძელს ოდნავ, მაგრამ მაინც გაამყარებს.

სათვალავში ჩასაგდებია ისიც, რომ ეს სპარინგი იქნება შანსი მთელი რიგი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის, რომლებიც უკვე თამამად აკაკუნებენ ეროვნული ნაკრების კარზე. სერბეთთან მატჩის შემდეგ საქმე ისე წავიდა, რომ ამ მოთამაშეების რაოდენობა აუცილებლად გაიზრდება.

დანაკლისი და შანსი
თავიდანვე ცნობილი იყო, რომ საქართველოს ნაკრებს ლატვიასთან მატჩში ვერ დაეხმარებოდნენ ტრავმირებულები, ლევან მჭედლიძე და თორნიკე ოქრიაშვილი. სერბეთთან თამაშის შემდეგ კი შევიტყვეთ, რომ ლატვიასთან შეხვედრაში არ ითამაშებენ გიორგი ლორია, საბა კვირკველია და ჯაბა კანკავა.

ამ შემთხვევაში ვერც მთავარ მწვრთნელს დავძრახავთ და ვერც ამ ფეხბურთელებს. სამეულს ნაკრებში გამოსაცდელი არაფერი სჭირს. ამხანაგური შეხვედრა კი იმისაა, რომ შანსი ახალგაზრდებს მიეცეთ. აქვე მადლობა უნდა ვუთხრათ იმ გამოცდილ მენაკრებეებს, სერბეთთან მატჩის შემდეგ ლატვიასთანაც რომ ითამაშებენ. ბალტიისპირელებთან მხოლოდ ახალგაზრდული, გამოუცდელი გუნდით დაპირისპირება ძალიან სარისკო იქნებოდა.

გადაწყვეტილი ამბავია, რომ ლატვიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების არაერთ ისეთ ფეხბურთელს მიეცემა თავის გამოჩენის შანსი, მოუთმენლად რომ ელიან - გიორგი მაკარიძე, დავით ხოჭოლავა, ჯემალ ტაბიძე, გიორგი რეხვიაშვილი, ოთარ კიტეიშვილი, ჯაბა ჯიღაური, სანდრო კობახიძე, გიორგი არაბიძე, გიორგი ქვილითაია...

ამათგან რამდენიმეს მეტად დატვირთვას სერბეთთან მატჩშიც ველოდით, მაგრამ ასე არ მოხდა. ახლა ამ ფეხბურთელებმა უნდა დაამტკიცონ, რომ ეროვნულ გუნდში მათი ადგილი არის.

მოგვენატრა!
მართალია, ეს არ არის ოფიციალური მატჩი, რომელიც საქართველოს ნაკრებს ვაისის ხელმძღვანელობით ჯერაც არ მოუგია, მაგრამ გამარჯვება ნებისმიერ შემთხვევაში სასიამოვნო იქნება. მით უმეტეს, დღეს ჩვენში, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, საფეხბურთო ნიჰილიზმი მეფობს. ამიტომაც ჰაერივით გვჭირდება თუნდაც პატარა წარმატება.

უნდა მოვიგოთ მარტო იმიტომ, რომ საფეხბურთო ნიჰილიზმი კიდევ არ გაძლიერდეს; უნდა მოვიგოთ იმიტომ, რომ ყველაფერს აქვს ზღვარი და მათ შორის, იმ "თავისუფალ ვარდნასაც", რომელსაც დღეს ქართული ფეხბურთი განიცდის...

როცა მთავარი ვარსკვლავი მთავარი მწვრთნელია...
ჩვენგან განსხვავებით, ბალტიისპირელებმა უკვე გაუსინჯეს გემო დიდ ტურნირს - ითამაშეს ევრო 2004-ის ჯგუფურ ეტაპზე და თუ იმ წარმატების მთავარი შემოქმედი ცნობილი მწვრთნელი ალეკსანდრ სტარკოვსი გახლდათ, უმნიშვნელო არც ჩვენებური რევაზ ძოძუაშვილის წვლილი იყო...

მიმდინარე ციკლში ლატვიელები ვერ ყოჩაღობენ. გუნდს ბოლოსწინა ადგილი უჭირავს - უსწრებს მხოლოდ ანდორას და ჩამორჩება... ფარერებს. ბოლო შეხვედრაში ლატვიელებმა შვეიცარიაში გვარიანად იბრძოლეს, თუმცა მაინც დამარცხდნენ მინიმალური ანგარიშით - 0:1.

ლატვიელთა მთავარი ვარსკვლავი... მთავარი მწვრთნელია. მართლაც, ამ ქვეყნის ისტორიაში ბევრი არ ყოფილა ისეთი ფეხბურთელი, როგორიც იყო მარიანს პაჰარსი. 1996-2007 წლებში მან ლატვიის ნაკრებში 75 მატჩი ჩაატარა და 15 გოლი გაიტანა.

არანაკლებ კარგი იყო მისი საკლუბო კარიერა. სახელი ჯერ კიდევ რიგის "სკონტოში" თამაშის დროს გაითქვა. ამის შემდეგ ძალები მოსინჯა "საუთჰემპტონსა" და "ანორთოსისში". მერე ისევ "სკონტოს" დაუბრუნდა. აქტიური საფეხბურთო კარიერა კი "იურმალაში", 2010 წელს დაასრულა.

40 წლის პაჰარსი სწორედ ამ დროიდან გამოჩნდა სამწვრთნელო ასპარეზზე. ჯერ "სკონტოს" მეორე მწვრთნელი გახლდათ, მერე ამ კლუბს ხელმძღვანელობდა, რასაც მოჰყვა ლატვიის ახალგაზრდული ნაკრების დამრიგებლის როლი, 2013 წლიდან კი ეროვნული გუნდის სათავეშია.

ლიდერები
როგორც ყველა გუნდსა თუ ნაკრებს, ლატვიასაც ჰყავს ლიდერები. კარს ყველაზე ხშირად 36 წლის ანდრის ვანინსი იცავს. მან ეროვნული გუნდის შემადგენლობაში 80 მატჩი ჩაატარა. ამ დროისთვის შვეიცარიული "ციურიხის" მეკარეა.

დაცვაში მთავარი კაცი კაპიტანი კასპარ გორკსია. ის ამჟამად "რიგაში" თამაშობს, თუმცა აქვს ინგლისის პირველ და მეორე დივიზიონებში, ასევე, საბერძნეთსა და ჩეხეთში ასპარეზობის დიდი გამოცდილება.

დაცვის ხაზში ასევე გამოირჩევიან ვლადისლავს გაბოვსი (29 წლის, "კორონა", პოლონეთი), ვიტალის მაკსიმენკო (26 წლის, "მატერსბურგი", ავსტრია) და იგორს ტარასოვსი (28 წლის, "გირესუნი", თურქეთი).

ნახევარდაცვის ლიდერია ეროვნულ გუნდში 74 მატჩის (9 გოლი) ჩამტარებელი, 33 წლის ვეტერანი - ალექსის ვიშნიაკოვსი. მან სხვადასხვა ქვეყანაში ითამაშა, მათ შორის - პოლონეთსა და რუსეთში. დღეს კი რიგის საფეხბურთო სკოლის კლუბის ღირსებას იცავს.

კარგი ფეხბურთელია 22 წლის იანის იკანუნიეკსი. ის ფრანგულ "მეცში" თამაშობდა. ამჟამად კი ბერძნული აელ-ის ფეხბურთელია.

თავდასხმაში ლატვია ძირითადად ახალგაზრდების იმედადაა. 35 წლის გირტს კარლსონსი გამონაკლისია. მას არაერთ რუსულ და აზერბაიჯანულ კლუბში უთამაშია. 22 წლის ვალერის შაბალამ უკვე 10 გოლის გატანა მოასწრო ლატვიის ნაკრებში. ახლა ის "რიგაშია". უთამაშია არაერთ უცხოურ კლუბში, მათ შორის - ბელგიურ "ბრიუგეში".

სახიფათო ფორვარდია 24 წლის დენის რაკელსი. პოლონეთში წარმატებული თამაშის შემდეგ რაკელსი ინგლისში გადაბარგდა და ახლა "რედინგის" ღირსებას იცავს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 22 /
0-2 დამთავრდება დადეთ ფული მოიგეთ 4.2 კუშია
totalizatori
17:08 28-03-2017
0
ამ სტატისტიკებს ყიდულობთ ხოლმე სადმე თუ საიდან იგონებთ ასეთ რაღაცებს :)))
givi-s
16:34 28-03-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული