ესტონეთი-საქართველო 3:0 - ოცნებების სასაფლაო ტალინში [VIDEO+PHOTO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა დიდი ანგარიშით წააგო ესტონეთში და მნიშვნელოვნად გააუფერულა ის შთაბეჭდილება, ბოლო შეხვედრებში კარგი თამაშით რომ დაგვიტოვა.

ფაქტია - ოცნება იმის თაობაზე, რომ ესტონეთის დონის გუნდებს უნდა ვუგებდეთ, ტალინში დაიმსხვრა...

სასიამოვნო 10 წუთი
მეტოქემ თავიდანვე ის სათამაშო გზა აირჩია, რომელსაც ველოდით. ბალტიისპირულმა ნაკრებმა პრესინგი შემოგვთავაზა როგორც საკუთარ, ისე ჩვენს მოედანზე. პირველ ტაიმში გამოჩნდა, რომ საქართველოს ნაკრები პირველ ნომრად თამაშს ცდილობს, მაგრამ მაინც ეხამუშება, რადგან წლებმა დაცვაში ჩამჯდარი გუნდის დამღა დაგვასვა და ამის შეცვლას დრო სჭირდება.

არადა, რა სასიამოვნოდ ჩანდა ის
10 წუთი, როცა საქართველოს ნაკრები პირველი ნომერი იყო მინდორზე, როცა ესტონეთი მისსავე ნახევარზე გამოვკეტეთ... მაშინ საქართველოს ნაკრები იყო ის გუნდი, რომელიც მომავალში უნდა იყოს.

თუმცა, საბოლოო ჯამში, საქართველოს პირველ ნახევარში თამაში არ გამოუვიდა. ეს, გარკვეულწილად, მოსალოდნელიც იყო. განსაკუთრებით, მინდვრის ცენტრში - იქ ხომ რამდენიმე ფეხბურთელი გვაკლდა. ჯანო ანანიძე და თორნიკე ოქრიაშვილი რომ ყოფილიყვნენ, სულ სხვა თამაში იქნებოდა...

ახლა კი საქართველოს ნაკრებში დადგა გამოუცდელობისა და შეუთამაშებლობის პრობლემა. რიგი ფეხბურთელები ჯერ არ არიან მზად იმ დიდი დატვირთვებისა და პასუხისმგებლობისთვის, რასაც ნებისმიერი საერთაშორისო მატჩი გულისხმობს.

რასაც ჰქვია ნაღდი საგოლე მომენტი, მხოლოდ ერთი გვქონდა. ესტონეთი შეტევაში უფრო მწვავე იყო. მათგან, განსაკუთრებით, კონსტანტინ ვასილიევი გამოირჩეოდა. პოლონური "იაგელონიას" ცენტრალური ნახევარმცველი მართლაც შესანიშნავი ფეხბურთელია.

რომ არა გიორგი ლორიასა და ჩვენი მცველების კარგი თამაში, ამავე დროს, ესტონელთა უზუსტობა, პირველ ტაიმში ბალტიისპირელები ანგარიშს აუცილებლად გახსნიდნენ. განსაკუთრებით კარგი შანსი ჰქონდა კამსს, ვინც რაღაც სასწაულით გადააცილა ბურთი ჩვენს კარს.

კოშმარი
კოშმარი! - დიახ, ასე შეგვიძლია ვუწოდოთ იმას, რაც მეორე ტაიმში ვიხილეთ. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო კახა ცხადაძის გაწვრთნილი საქართველოს ნაკრების ყველაზე ცუდი მატჩი და ძალიან კარგი იქნება, თუ ასეთი რამ აღარ განმეორდება.

რაც ყველაზე მეტადაა გასაკვირი, ესტონეთის ნაკრებმა სათამაშო კლასით დაგვჯაბნა. ამის დასტურად ბალტიისპირელთა მიერ ჩვენს კარში გატანილი გოლები გამოდგება. ტაიმის დასაწყისში შექმნილი ერთადერთი საგოლე მომენტი კი თავის დასამშვიდებლად ვერაფრით გამოდგება.

საქართველოს ნაკრების თითქმის ყველა ფეხბურთელს თითქოს სიმძიმეები ეკიდა ფეხზე. ეს მაშინ, როცა ესტონელები "დაფრინავდნენ". თვალსაჩინო იყო მათი უპირატესობა ფიზიკურ მომზადებაში. მეტოქე თამაშის სურვილით იწვოდა, მაშინ, როცა ჩვენებს თამაშის სურვილი არ ეტყობოდათ.

ჩვენი დაცვა კი, ჩვენთვის უცნობი მიზეზების გამო "მარტივ მამრავლებად" დაიშალა.

საბოლოოდ ისე მოხდა, რომ მხოლოდ დებიუტებითღა გავიხარეთ. საქართველოს ნაკრების მაისურა პირველად მოირგეს ნახევარმცველებმა - ლუკა ჰუფნაგელმა და ზაქარია ბეგლარიშვილმა.

მთავარი პრობლემა
შედეგი, თავისთავად, ძალიან ცუდია. ვერაფრით დაარქმევ რიგით მარცხს იმ წაგებას, როცა ესტონეთის დონის გუნდთან ნადგურდები. ამაზე მნიშვნელოვანი და საჭირბოროტო ის არის, რომ საქართველოს ნაკრებს არ აქვს შემადგენლობის სიღრმე.

გუშინ, არაერთი წამყვანი ფეხბურთელის არყოფნაში, ჩვენ ვნახეთ ის მოთამაშეები, რომელთაც ეროვნულ გუნდში თამაშის ამბიცია აქვთ. ვნახეთ და პირდაპირ უნდა დავწეროთ - მათი უმრავლესობა ამ დროისთვის არ არის მზად ქვეყნის მთავარ კრებულში სათამაშოდ.

არადა, მუნდიალის შესარჩევ ციკლში ცხადაძის გუნდს შემადგენლობის სიღრმე ძალიან სჭირდება. სხვანაირად ჩვენ ძალიან გაგვიჭირდება უელსთან, ავსტრიასთან, ირლანდიასა და სერბეთთან ბრძოლა. და ნურც მოლდოვას ამოვაგდებთ სათვალავიდან.

საკამათო არავისთვისაა - ჩვენი მომავალი მეტოქეები კადრების სიმცირეს ნამდვილად არ უჩივიან და მათ თითო პოზიციაზე ორი სრულფასოვანი მოთამაშე ჰყავთ. ჩვენთან ასე არ არის.

ჩვენ ვაკრიტიკებთ მარჯვენა მცველს, უჩა ლობჟანიძეს, რეალურად კი მისი დონის მარჯვენა მცველი არ გვყავს. ვაკრიტიკებთ ჯანოს და ოქრიაშვილს მაშინ, როცა არ გვყავს მათი შემცვლელები. ვაკრიტიკებთ ლევან მჭედლიძეს და თავდასხმაში მისი უღლის გამწევი არ ჩანს.

გნებავთ, კენჭი დაარქვით და გნებავთ, ლოდი - პირველ რიგში, ჩემს ბოსტანში ვისვრი და მერე ზოგადად - ქართული მედიის. ნაწილობრივ ჩვენი შექმნილიცაა ის მოლოდინი, რომ ამა თუ იმ ფეხბურთელს სანაკრებო შანსები სჭირდება და მერე ის "გაფრინდება".

არა, ბატონებო - გნებავთ, საქართველოს ჩემპიონატში და გნებავთ, უცხოურ კლუბში ერთი-ორი კარგი მატჩი არ არის საკმარისი, რომ სანაკრებო დონე დააკმაყოფილო.
იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge

პრესტიჟის მატჩი
ახლა საქართველოს ნაკრებისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ტირანაში, 16 ნოემბერს გასამართავ ამხანაგურ შეხვედრას ევროპის ჩემპიონატის მონაწილე ალბანეთთან.

ჩვენ უნდა დავამტკიცოთ ბევრი რამ. მათ შორის ის, რომ ესტონური ფიასკო ერთი, გამონაკლისი შემთხვევა იყო; რომ ბოლო დროის მონაპოვარი წყალში არ ჩაყრილა; რომ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს ფეხბურთის თამაში შეუძლიათ!

ესტონეთის ნაკრებიდან ერთი გოლი პიკმა გაგვიტანა. ახლა საქართველოს ნაკრებში პიკის საათის დრო არაა! არადა, ტალინში ასე იყო...

საერთაშორისო ამხანაგური მატჩი
11.11.15. ტალინი. "ლე კოკ არენა". 2 000 მაყურებელი
ესტონეთი-საქართველო 3:0
გოლები: 1:0 პურიე (60), 2:0 პიკი (65), 3:0 გუსევი (88)
საქართველო (5-2-2-1): ლორია - კაკაბაძე, გრიგალავა (68. ჰუფნაგელი), კაშია, ამისულაშვილი, ნავალოვსკი (68. ფოფხაძე) - კანკავა, ცინცაძე (72. დაუშვილი) - კობახიძე (46. ჭანტურია), ყაზაიშვილი (78. ბეგლარიშვილი) - ვაწაძე (46. ცხადაძე).
სათადარიგოები: რევიშვილი, მაკარიძე, გველესიანი, გელაშვილი, ფალავანდიშვილი.
მწვრთნელი: კახა ცხადაძე
ესტონეთი (4-5-1): აკსალუ - იაგერი, ბარანოვი, კალვანი, პიკი (66. გუსევი) - კამსი (54. პური), დმიტრიევი (81. ლინდპერე), ვასილიევი (90. ფროლოვი), მეტსი, კალასტე - პურიე (73. საპინენი).
სათადარიგოები: ლონდაკი, ბარენგრუბი, იურგენსონი, ალიკუ, ლუტსი, ზენიოვი.
მწვრთნელი: მაგნუს პერსონი
არბიტრი: რაიმონდ კრანგლი (ჩრ. ირლანდია).

მატჩის სტენოგრამა
5' - ყაზაიშვილი კარგ პასს უკეთებს ვაწაძეს, ვისაც ესტონელთა კარში დარტყმა აგვიანდება.
7' - ვასილიევი შორიდან თავზე უგდებს ბურთს კარიდან წინ გამოსულ ლორიას. უშედეგოდ.
11' - კობახიძე სახიფათოდ აწვდის საჯარიმოში. ბურთს ესტონელთა მეკარე აკსალუ ეუფლება.
15' - კობახიძე შორიდან ურტყამს. ბურთს აკსალუ იგერიებს.
16' - გურამ კაშიას თავური და აკსალუ "ცხრიანიდან" ხსნის ბურთს.
18' - გრიგალავა სახიფათოდ აწვდის ესტონელთა საჯარიმოში. კალასტე ბურთს კუთხურზე იგერიებს.
18' - ესტონელთა კონტრშეტევა. კამსს ვერ გააქვს. გადაგვარჩინეს ჯერ ლორიამ და მერე ნავალოვსკიმ.
20' - ყაზაიშვილის დარტყმულს მეკარე ეუფლება.
28' - ვასილიევის შორეული ჯარიმა. ლორია ბურთს ხელებში აფიქსირებს.
37' - ვასილიევის პასის შემდეგ კამსს და პურიეს ვერ გააქვთ. ორჯერვე სასწაულით გადავრჩით.
41' - ვასილიევის ჯარიმა. ლორიამ თითქოს კარი "დაკარგა", მაგრამ ბოლოს მაინც მოიგერია ბურთი.
45' - საქართველოს ნაკრების მრავალსვლიანი კომბინაცია. ნავალოვსკის აკსალუმ აჯობა.
47' - ჭანტურიას დიდებული პასი და ცხადაძის თავური. ესტონეთის ნაკრები აკსალუმ გადაარჩინა.
60' - ვასილიევი ქართველთა საჯარიმოში აწვდის. კაშია ცდება. ბურთი პურიეს მისდის, ერთი მოძრაობით ატყუებს კანკავასა და ამისულაშვილს - 1:0.
65' - კალასტეს დაბალი, გასწვრივი პასი პიკს, რომელიც ერთი შეხებით ურტყამს ახლო კუთხეში - 2:0.
72' - ყაზაიშვილის დარტყმა ესტონელთა კარს სცდება.
88' - ვასილიევის პასის შემდეგ შეცვლაზე შესული გუსევი მცველების უყურადღებობით სარგებლობს და საბოლოო ანგარიშს აფიქსირებს - 3:0.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 45 /

ეს შ ი შ ე ბ ი რა აქვთ ამ ფეხბურთელებს ასეთი...რისი გ ე შ ი ნ ი ა თ?!
ქართველს ო მ შ ი წასვლა არ ეშინია,და ფეხბურთის მოედანზე გასვლის...

მეტოქის დანახვისთანავე შ ე შ დ ე ბ ი ა ნ,მერე შემობრუნდებიან და ან უკან გააკეთებენ პასს,ან ბურთს მოიშორებენ აქეთ-იქეთ,
ან თავისი ბურთიანად უკან წამოვლენ...
ბურთიან
მეტოქეს მინიმუმ 3 მეტრიან სივრცეს აძლევენ მოედნის ნებისმიერ მონაკვეთში,

ა რ გინდათ ბურთის დანახვაც კი,არათუ მიღებაც და საერთოდ თ ა მ ა შ ი?!
მაშინ რ ი ს თ ვ ი ს გადიხართ მოედანზე?!

ვ ე ფ ხ ვ ე ბ ი ვ ი თ უნდა დაფრინავდნენ აღტაცებით და მუდამ ბურთის დაუფლებისათვის შეუპოვარი ბრძოლით,აგრესია და ნებისმიერი მეტოქე არა მარტო ფიზიკური წნეხის,ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ უნდა მოაქციო თუ სტრატეგიაში,ტექნიკაში,ორგანიზებულობაში,თვით ფიზიკაშიც გჯობნიან..

ესენი ი თ ი შ ე ბ ი ა ნ პატარა ბავშვებივით...
და გ ვ ა რ ც ხ ვ ე ნ თ თქვენი მუდამ მ შ ი შ ა რ ა თამაშით,რა არ გ ე ს მ ი თ?!

კაცობა და ჟ ი რ კ ა საერთოდ აღარა გაქვთ?!

თუ ბოლო-ბოლო რ ა შ ი ა საქმე,ვერასოდეს ვერ უნდა ამოიხსნას ?!

მ ო ა შ ო რ ე თ მშიშარა ადამიანები სპორტის სამყაროს და ფეხბურთს...
მწვრთნელებიან -სპორტსმენებიანად!

მოკლედ რ ი ს თ ვ ი ს იყვნენ მოედანზე,ე ს ე ც აღარც იცოდნენ,ისე

დაიბნენ შ ი შ ი ს ა გ ა ნ...
glaxuna
12 ნოემბერი 2015 13:40
0
ამხანაგურ მატჩს, თუნდაც წაგებულს, ამხელა აჟიოტაჟი არ უნდა მოჰყვეს.
amxanaguri iyo
12 ნოემბერი 2015 13:28
0
"ჩვენი მცველების კარგი თამაში"
დიდი ბოდიში მაგრამ უყურეთ თამაშს?
ეს იყო კარგი თამაში?
სირცხვილია!!! ცენტრალური მცველები უნდა გადახალისდეს!!!
madredista
12 ნოემბერი 2015 13:27
0
იმაზე რატომ არ წერთ არაფერს რომ მწვრთნელი თავის შვილს ტენის ნაკრებში? ნომრალურია ეს? თამაშI რომ იცოდე კიდევ ხო მარა აშკარად არ არის სანაკრებო დონის
koachich
12 ნოემბერი 2015 13:25
0
ამ თამაშმა ძალიან ცუდ ხასიათზე დამაყენა და რა იმედიც მქონდა ეგეც საბოლოოდ მომიკლა, თითქოს სათქმელიც არაფერი დარჩა და გამოჩნდა ყველაფერი! ერთი კი არის მწვრთნელს აღარ აქვს უკვე მნიშვნელობა, ძალიან მარტივი რამეცაა თუ ფიზიკაში უჭირს ფეხბურთელს რაც არ უნდა ძლიერი იყოს მაინც შეცდომებს დაუშვებს, დაიგვიანებს, სისწრაფე არ ეყოფა, ზუსტ პასს ვერ გააკეთებს და ა.შ. თუ კარგად დავაკვირდებით ფიზიკაში ყველა სპორტის სახეობაში გვიჭირს, წარმატებულებშიც კი (მაგ. ძიუდო, რაგბი, კალათბურთი) ბევრად ადვილად შესამჩნევია ჩვენების დაღლა. საქართველოში არ არის კვალიფიციური ფიზიკური მომზადების მწვრთნელები, მეორეც სავარაუდოდ აქ საქმე არის გენეტიკაშიც , ალბათ აღარ არის ამ რეგიონში დაბადებული ადამიანი ამ კომპონენტში ძლიერი. ამ საკითხებზე უნდა მოხდეს დაფიქრება, საჭიროა სკოლაში პირველი კლასიდანვე დაიწყოს ამ მხრივ მუშაობა და თუ სპორტში არ წავა სამომავლოდ ბავშვი ჯანმრთელობას მაინც გაიკაჟებს, საჭიროა ფიზიკური მომზადების მწვრთნელების გაშვება ტრენინგ–სწავლებაზე საზღვარგარეთ თან დიდი რაოდენობით და შემდეგ ამ ხალხის დასაქმება ჩვეულებრივ საჯარო სკოლებში და სპორტულ გუნდებში, რეგიონებში ამ მხრივ ზალიან ცუდი სიტუაციაა და არც თბილისშია სახარბიელო (ბავშვთა საფეხბურტო გუნდებს საერთოდ არ ყავთ ფიზიკური მომზადების სპეციალისტები). კარგი მაგალიათია აშშ საკალათბურთო სკოლები, სადაც NBA_ზე სახელოვანი მწვრთნელები სკოლებში არიან თავმოყრილნი და მომავალზე უფრო მეტი დრო და ენერგია იხარჯება. ასევე აუცილებლად საჭიროა შესაბამისი სამედიცინო სპეციალისტები, სპორტული შეჯიბრებისას უკვე ნათლად ჩანს (გამონაკლისებიც არსებობს) რომ ქართველები ძალიან ჩამორჩებიან ფიზიკურ მონაცემებში (სიმაღლე, კუნთოვანი მასა, აგებულება) უცხოეთში ამ საკითხზეც საკმაოდ მუშაობენ და ხდება ბავშვის სწორად ზრდა–განვითარება. კიდევ უფრო საყოველთაო უნდა გახდეს სპორტის ყველა სახეობა, სავალდებულოც უნდა იყოს ყველა ბავშვმა იაროს რომელიმე სპორტულ წრეზე, ფსიქოლოგიაც სწორად განუვითარდებაც ბავშვებს, უფრო ჯანმრთელებიც გაიზრდებიან და სპორტშიც მეტი სასელექციო არეალი იქნება. საბოლოოდ შევაჯამებ: საჭიროა დავისახოთ მინიმუმ 10-15 წლიანი სპორტული განვითაერების პროგრამა ქვეყანაში, ამისათვის უნდა გადავამზადოთ არსებული მწვრთნელები და მსურველები, მოვიწვიოთ სერიოზული სპეციალისტები, ყველა ქალაქში იყოს შესაძლებლობა ბავშვმა იაროს სპორტზე, ყველა სკოლაში გაიზარდოს სპორტისა და ფიზიკური აღზრდის საათების რაოდენობა (როგორც თეორიული სწავლება ასევე ფიზიკური დატვირთვაც და ფსიქოლოგიური მუშაობაც) ეს აუცილებლად მოიტანს შედეგს. საუკეთესო მაგალიათია რაგბის წარმატება, ამ სპორტში რამდენიმე წლის წინ შეიქმნა განვითარების პროგრამა, ჩაიდო შესაბამისი თანხა, იყო მონდომება და შედეგიც სახეზეა.
ქომაგი
12 ნოემბერი 2015 12:30
0
ჩემი აზრით საერთოდ არ არის საგანგაშო ამ ეტაპზე თუნდაც ესტონეთთან 3-0 წაგება. ჩემი აზრით ცხადაძემ ეს თამაში ფეხბურთელების გამოსაცდელად გამოიყენა და შედეგზე დიდად არ უფიქრია (ცემი აზრით სწორედაც ქნა) ჩვენ გყვავს 8-10 საშუალო დონის მოთამაშე რომელსაც მთელი შესარჩევი ვერ დაეყრდნობი. აუცილებელია სხვებიც გამოჩნდნენ და შეთამაშდნენ ნაკრებთან. გარდა ამისა ამ თამაშმა ბევრი საკმაოდ ბევრი პრობლემა თვალწინ დაგვიდო და იმედია დავინახავთ და გამოვასწორებთ. (ფიზიკა, ტაქტიკა, ნაწილობრივ ტექნიკა, და ფსიქოლოგია) მოკლედ საკმაოდ ბევრია იმისთვის სამუშაო რომ თუნდაც ესტონეთის დონემდე ავიდეთ (მრცხვენია ამას რომ ვამბობ მაგრამ ასეა) მათ უკვე დაამტკიცეს საქმით თავიანთი დონე.
dadu
12 ნოემბერი 2015 12:18
0
მე ორჯელ მაქვს ნაყურებელი ესტნეტისა და საქარტველოს სეჰვედრა და ესტონეტმა ორჯელვე მოუგო.მე მგონია საქარტველოსი დგემდე ცმაკაცობისა და ნაცნობობის პოლიტიკაა,ტორემ ქარტველებსი ტერტმეტი კაცი ვერ მოიცებნა?და ყველაზე მტავარი ტრენერიდან უნდა დაიწყონ!!!!
karthveli
12 ნოემბერი 2015 11:55
0
"ჩვენ უნდა დავამტკიცოთ ბევრი რამ. მათ შორის ის, რომ ესტონური ფიასკო ერთი, გამონაკლისი შემთხვევა იყო; რომ ბოლო დროის მონაპოვარი წყალში არ ჩაყრილა; რომ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს ფეხბურთის თამაში შეუძლიათ!" - ამის მართლა გჯერავთ რაც დაწერეთ? :D
nodari
12 ნოემბერი 2015 11:55
0
..... ვეთანხმები ქეცბას ნაკრებმა დაცვიტთ უნდა ითამაშოს ნიჩიებზე მოგება ადრეა ჩვენთვის ჯერ.
toka77
12 ნოემბერი 2015 11:51
0
პირადად მე ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ჩვენების უმეტესობა, 100% თუ არა, მხოლოდ გრანდებთან იხარჯება ბოლომდე! ეგეც იმიტომ, რომ ვიღაც-ვიღაცეებმა შეამჩნიონ და წაიყვანონ კარგ კლუბებში სათამაშოდ... გულ დასაწყვეტია... :X
Nick
12 ნოემბერი 2015 11:42
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული