ალბანეთი-საქართველო 2:2 - ბოლო წუთების სინდრომი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ნაკრებმა 2015 წელი ტირანული მატჩით დახურა. ესტონური კოშმარის შემდეგ ჩვენი გუნდი გაცილებით მობილიზებული იყო და 87 წუთის განმავლობაში ევროპის ჩემპიონატზე გასულ ალბანეთს დამაჯერებლადაც უგებდა, მაგრამ... მერე კვლავ დაგვრია ხელი "ბოლო წუთების სინდრომმა" და მოგება ხელიდან გავუშვით...

ჯანო ანანიძე, ლევან მჭედლიძე, ნიკა კვეკვესკირი, ლევან ყენია, საბა კვირკველია და თორნიკე ოქრიაშვილი - ეს ის ფეხბურთელები არიან, რომლებიც სხვადასხვა მიზეზით დააკლდნენ საქართველოს ნაკრებს ამ ორ ამხანაგურ მატჩში.

ესეც არ იყოს, ესტონეთთან წაგებული (0:3) შეხვედრის შემდეგ ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ დააანონსა, რომ
ალბანეთთან მატჩისთვის ძირითად შემადგენლობაში ცვლილებები იქნებოდა...

თავის მხრივ, ალბანელებმა ჰიუსაი და მემუშაი მოისაკლისეს - ისინი თავიანთ კლუბებს დაუბრუნდნენ, კოსოვოსთან ფრედ (2:2) დასრულებული ამხანაგური მატჩის შემდეგ.

თამაში წუთიერი დუმილით დაიწყო საფრანგეთში მომხდარი ტერაქტისას დაღუპულთა პატივსაცემად. მანამდე კი შესრულდა ორივე ქვეყნის ჰიმნი და ასევე, ფრანგის ხალხისადმი სოლიდარობის ნიშნად - "მარსელიეზა"...

დაიწყო თამაში და... მე-2 წუთზე გავიტანეთ. გიორგი ჭანტურიამ დიდებულად შეასრულა ჯარიმა და შეტევაში ჩართულმა ალეკო ამისულაშვილმა ახლო მანძილიდან რბილად გადაგზავნა ბურთი მეკარე ბერიშასგან შორეულ კუთხეში.

მე-5 წუთზე ალბანელმა ქომაგებმა მინდორზე პეტარდები გადმოყარეს, მერე აფეთქების ხმაც გაისმა... ცოტა კი შევშფოთდით, მაგრამ კვამლი გაიფანტა და მატჩი მალევე განახლდა. იქვე, ქართველთა მორიგი კარგი შანსი - ჭანტურიას მიერ ეშმაკურად დარტყმულს ბერიშა გაუმკლავდა.

ეს იყო და, ბურთი თითქმის მთლიანად ალბანელებმა მოიგდეს. თუმცა ისიც ვთქვათ, რომ ნუკრი რევიშვილის კართან საგოლე მომენტი არ შექმნილა. ცხადი გახდა - საქართველოს ნაკრების თავკაცი აქცენტს გუნდურ ფეხბურთსა და სათამაშო დისციპლინაზე აკეთებდა, რაშიც ესტონეთში ძალიან მოვიკოჭლეთ.

26-ე წუთზე ჩვენებმა სახიფათო კონტრშეტევა წამოიწყეს. ჭანტურიამ ბურთი ვაკო ყაზაიშვილს გადააწოდა და უკანვე მიიღო პასი, თუმცა კარში ვეღარ დაარტყა. აქვე დავამატებთ, რომ საწყის წუთებშიც და მერეც ჭანტურია ქართველთაგან ყველაზე აქტიური იყო.

ალბანელთა პოზიციურმა შეტევებმა ჩვენს კართან სიტუაცია 37-ე წუთზე დაძაბა, როცა ლენიანის ჩაწოდების შემდეგ ბურთს ორი ალბანელი ჩაუწვა, თუმცა დაუცველ კუთხეში ვერცერთმა გადაგზავნა.

ცოტა ხანში, იტალიელმა არბიტრმა დავიდე მასამ ალბანელთა ფორვარდ გაშის გოლი გაუუქმა - თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა. ბოლომდე სამართლიანები რომ ვიყოთ, ესეც უნდა ვთქვათ - რეფერიმ საეჭვო გადაწყვეტილება მიიღო.

ტაიმის ბოლოს თამაში გავათანაბრეთ. პოზიტიური შედეგი, თავდადება და ორგანიზაცია - ეს გვიჩვენა საქართველომ პირველ ტაიმში.

მეორე ნახევარი ალბანელებმა გახსნეს. ჩვენს საჯარიმოში შექმნილი არეულობით გაშიმ სცადა სარგებლობა, მაგრამ მისი თავურის შემდეგ რევიშვილმა ბურთი ხელებში დააფიქსირა.

51-ე წუთზე მეორე გოლიც გავიტანეთ. ჯაბა კანკავამ კარგად იარა და ჭანტურიას მიაწოდა უპასა, დუისბურგელმა კი დაახლოებით საჯარიმოს ხაზიდან ბურთი შორეულ დაბალ კუთხეში გაახვია - 2:0!

არავითარი ალბანური შტურმი - მეორე ნახევრის დიდ ნაწილში საქართველო მეტოქეზე უკეთესი იყო. მწყობრად ვიგერიებდით შეტევებს და მინდვრის ყოველი გოჯისთვის ვიბრძოდით, ოღონდ, ეგ იყო, რომ კონტრშეტევის ორგანიზებისთვის ბურთი არ გვიჩერდებოდა, ხშირად ვკარგავდით.

მე-80 წუთზე ალბანელთა კაპიტანმა აგოლიმ ძალზე სახიფათო საჯარიმო შეასრულა და გადავრჩით, მაგრამ ვერ გადავრჩით 87-ე წუთზე - პარტნიორისგან თავით მიღებულ პასს ბაშამ ეგრევე დაჰკრა და დაახლოებით 12 მეტრიდან ბურთი რევიშვილისგან ახლო, დაბალ კუთხეში შევარდა.

ალბანელებს თამაშის გადარჩენის შანსი გაუჩნდათ და შეტევაზე გადმოვიდნენ. სამწუხაროდ, ვერ გავძელით - ციკალეშიმ დაახლოებით ისეთივე დარტყმა შეასრულა, როგორც ბაშამ, ოღონდ უფრო ეფექტურად - საჯარიმოს ხაზთან მკერდით ჩამოიღო ბურთი და ჰაერშივე ამოსცხო. ისევ დაბალი კუთხე და 2:2.

რას უნდა დავაბრალოთ ის, რომ თითქმის მოგებული მატჩი ფრედ გვექცა? ალბათ, იმას, რომ ჯერაც ვერ მოგვიშორებია პატარა გუნდის სინდრომი და გამარჯვებას ვერ ვიჯერებთ. ესტონური კოშმარის შემდეგ ევროპის ჩემპიონატის მონაწილე გუნდთან ფრე, თანაც გასვლაზე, არ არის ურიგო შედეგი, მაგრამ გამარჯვება ხომ, ფაქტობრივად, ჯიბეში გვედო...

აშკარაა - ცხადაძის გუნდს მატჩის ბოლო წუთებზე ზნედ კონცენტრაციის დაკარგვა დასჩემდა. მწვრთნელმა და ფეხბურთელებმა, სხვა პრობლემებთან ერთად, ამაზეც უნდა იმუშაონ. საჯარიმოსთან დღეს აღარავინ ერთობა ინდივიდუალიზმით და არც ორჯერ ტოვებს ვინმე მარტოს მეტოქის შემტევს.

მატჩის შემდეგ:
კახა ცხადაძე: ჩვენი ჩემპიონატის სტანდარტი არ აკმაყოფილებს ნაკრების დონეს
გიორგი ჭანტურია: ფრეს ნამდვილად არ ვიმსახურებდით

საერთაშორისო ამხანაგური მატჩი
16.11.15. ტირანა. "ქემალ სტაფა". 8 000 მაყურებელი
ალბანეთი-საქართველო 2:2
გოლები: 0:1 ამისულაშვილი (2), 0:2 ჭანტურია (51), 2:1 ბაშა (87), 2:2 ციკალეში (90+3)
ალბანეთი: ბერიშა (74. ჰოჯა), ლილა (29. ჯიმშიტი), ლენიანი (57. ბაშა), აგოლი, სადიკუ, გაში (65. ციკალეში), ლილაი, ჯაკა (57. შალა), აიეტი, ვესელი, როში (64. მანაი).
სათადარიგოები: შეჰი, რაჰმანი.
მწვრთნელი: ჯანი დე ბიაზი
საქართველო: რევიშვილი, ლობჟანიძე, გრიგალავა, კაშია, ამისულაშვილი, ნავალოვსკი, კანკავა, დაუშვილი, ჭანტურია (90. კაკაბაძე), ყაზაიშვილი (81. კობახიძე), გელაშვილი (75. ცხადაძე).
სათადარიგოები: ლორია, მაკარიძე, გველესიანი, ცინცაძე, ფოფხაძე, ბეგლარიშვილი, ფალავანდიშვილი, ჰუფნაგელი, ვაწაძე.
მწვრთნელი: კახა ცხადაძე
გაფრთხილება: აიეტი (22), ლობჟანიძე (45), ჭანტურია (75), ნავალოვსკი (81)
არბიტრი: დავიდე მასა (იტალია)

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 20 /
ვივა კახა ცხადაძეს, ვავა ბაჩანა ცხადაძეს! ვაი და ვუი ,,ჟურნალისტებს"!
pizunda
18 ნოემბერი 2015 14:18
0
ალბანეთის ჩემპიონატის დონე აკმაყოფილებს? ფლამურტარს ვგულისხმობ. ესტონეთის ჩემპიონატი უეფას რეიტინგში უფრო ქვემოთაა ვიდრე საქართველოს, ესტონელების უმეტესობა კი ფლორადან იყო გამოძახებული. იმათმა როგორ დააკმაყოფილეს.
lasha
18 ნოემბერი 2015 09:15
0
ოფიციალური თამაში არ მოგვიგია სტუმრად სლოვენიასთან ვინც არ იცის იმის გასაგონად.
dato
17 ნოემბერი 2015 16:56
0
unichot dagmuli speqtakli iyo. Tamashis chawyobac ar icit. Yvela mixvda eg tamashi chawyobili ro iyo da wina tamashic. Jurnalistebi dganan da tamashs archeven. Vai ....
vika
17 ნოემბერი 2015 15:04
0
Kai speqtakli dadga chvenma nakrebma. Rad unda laparaki ro gaketebuli iyo es tamashi. Es ... jurnalistebi xmas ar igebs
givi
17 ნოემბერი 2015 15:01
0
კიდე კაი ჩვენი ნაკრები მუნდიალებზე არ მონაწილეობს რეგულარულად თორე ნახევარი საქართველო ინფერქტით იქნება მკვდარი. ასეთი თამაში, რომ ბოლო 5 წუთში ხელიდან გაგვექცეს ევროპა-მსოფლიოზე მე პირადად არ ვიცი რა დამემართება...
irakli apkhaidze
17 ნოემბერი 2015 14:24
0
მათხვრები
ჩიკო
17 ნოემბერი 2015 13:54
0
კაი ჩაწყობილი თამაში იყო ყოჩაღ რაღაც მაინც შეგძლებიათ, ჯერ იმით დავკმაყოფილდეთ რომ ალბანეთის დარ ნაკრებებთან თამაშების ჩაწყობა მოვახერხოთ გამუდმებით რომარ ვაგებდეთ და მერე იმედია უფრო დახვეწენ ცოდნას ამ მიმართულებით და შორს არაა ის დრო გრანდებთანაც რომ სენსაციურ შედეგებს გავაგორებთ DDDDDD
megre
17 ნოემბერი 2015 13:19
0
ორივე ბურთი საჯარიმოს გარედან დარტყმული გავუშვით.მეკარეს "ეძინა".ასე ვაგებთ ყველა თამაშს ბოლო წუთებზე.იქნებ ამხანაგური კი არა,ზუსტადაც გამსვლელი და გადამყვეტი თამაში იყო,ასე როგორ შეიძლება დააღალატო ნაკრები და ვერ გადაარჩინო?მაგ ბურთებს ნებისმიერი საშუალო დონის მეკარეები აიღებდნენ საქართველოს ჩემპიონატიდან.
Zaza
17 ნოემბერი 2015 12:46
0
ვისაც არ ახსოვს შევახსენებ, სლოვენიას მოვუგეთ 2-1 გასვლაზე
ააა
17 ნოემბერი 2015 12:36
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული