საქართველო-ყაზახეთი 1:1 - ბევრი კითხვა ვლადიმირ ვაისთან [VIDEO+PHOTO]

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე სლოვაკი ვლადიმირ ვაისის დებიუტი ისეთი ვერ გამოდგა, როგორსაც ვისურვებდით.

მართალია, ქართულ ფეხბურთს საუკეთესო წლები არ უდგას, მაგრამ იმის პოტენციალი და ამბიცია ნამდვილად გვაქვს, შინ ყაზახეთს რომ ვუგებდეთ...
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

იხილეთ ფოტოგალერეა
თამუნა ყულუმბეგაშვილის ფოტოები
Sportall.Ge

ახალი ტაქტიკა
საქართველოს ნაკრებმა მატჩი გამოკვეთილი ფორვარდის გარეშე დაიწყო. ჩვენ წარსულში მრავლად გვქონია ასეთი მაგალითი და ნაკრების მაშინდელ მწვრთნელსაც არ დაჰკლებია კრიტიკა ამის გამო, თუმცა ამჯერად მინდორზე შემტევთა რაოდენობა მცირე არ იყო. ეგაა, ცენტრფორვარდი მაინც აუცილებელი გვგონია და ამაში ვლადიმირ ვაისიც "დაგვეთანხმა"
მეორე ტაიმის დასაწყისში.

მწვრთნელის ნოვაციამ პირველ ტაიმში მხოლოდ ერთხელ გაამართლა. არადა, მრავლად იყო მომენტი, გამოკვეთილი ფორვარდი განსაკუთრებულ ხიფათს რომ შექმნიდა მოწინააღმდეგის კართან და იქნებ გოლიც ერთზე მეტი გვეხილა...

მოკლედ, საქართველოს ნაკრებმა ახალი ტაქტიკით ითამაშა. კახა ცხადაძე რა სქემითაც ათამაშებდა გუნდს, ყველას კარგად გვახსოვს. ვაისმა 4-2-3-1 სათამაშო სქემა აირჩია. გამოკვეთილი ცენტრფორვარდის პოზიციაზე "ვიტესის" შემტევი ნახევარმცველი ვაკო ყაზაიშვილი გახლდათ გამწესებული.

ჩემი აზრით, ყაზაიშვილისთვის ეს არ არის ოპტიმალური პოზიცია. ის უფრო მინდვრის სიღრმიდანაა სახიფათო, როცა სივრცეს ითავისუფლებს და ან თავად ემუქრება მოწინააღმდეგის კარს, ან პარტნიორს უკეთებს სახიფათო გადაცემას...

სად დავკარგეთ კომპაქტურობა?
კახა ცხადაძეს (დღეს შედარებებს ვერ ავცდებით) ბევრი მაქებარიც ჰყავს და კრიტიკოსიც - საკმაოდ, მაგრამ ერთს ვერ დამალავ - ცხადაძის მიერ ჩატარებულ ძალიან ბევრ შეხვედრაში საქართველოს ნაკრები ძალიან კომპაქტურად თამაშობდა.

ამჯერად, ასე არ ყოფილა. არაერთხელ მოგვეშალა გუნდური მექანიზმი, თუნდაც - დაცვაში. სწორედ ამის გამო მივიღეთ პირველი გოლი და კიდევ არაერთხელ გადავრჩით უსიამოვნებას. ამდენ გუნდურ ჩავარდნას უკეთესი მეტოქე ნაღდად არ გვაპატიებდა.

თუ ვაისს უნდა, რომ დიდხანს დარჩეს საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე, ასეთი გუნდური ჩავარდნები აღარ უნდა განმეორდეს...

რით იცნობა მწვრთნელი?
ამბობენ, კარგი მწვრთნელი მეორე ტაიმს იგებსო. ვაისის შემთხვევაში ეს ასე არ ყოფილა, თუმცა ვერც იმას ვიტყვით, რომ ეს გამონათქვამი უკანასკნელი ჭეშმარიტებაა და სლოვაკი ცუდი მწვრთნელია.

ეგ არის, მეორე ტაიმში ყაზახეთის ნაკრების ოთხკაციანმა სამწვრთნელო შტაბმა აშკარად დაგვიჯაბნა ქართველთა ახალი თავკაცი. მართალია, გვქონდა ორი აშკარა საგოლე მომენტი, მაგრამ არც ერთი მათგანი არ ყოფილა გუნდური მოქმედების შედეგი.

ჩანს, ჩვენი ნაკრები ჯერაც ეჩვევა ახალ ტაქტიკურ სქემას და მეორე ტაიმიც, ალბათ, ამის გამო ჩაგვივარდა. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ცუდი ტაიმი საქართველოს ეროვნული გუნდის ბოლოდროინდელ ისტორიაში.

მჭედლიძის ფასი
ვეჭვობ, სულ სხვანაირი იქნებოდა მატჩის სცენარი, ლევან მჭედლიძეს რომ ეთამაშა. საქართველოს ნაკრების თავდასხმაში "ემპოლის" ფორვარდი, უბრალოდ, პრიმა მგონია. გავარკვიეთ, რომ მას თამაში არ შეეძლო ოდნავ გაუარესებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო...

გავრისკავთ და ვიტყვით, რომ საქართველოს ნაკრები უფრო შინაარსიანად ითამაშებდა და, ალბათ, მეტსაც გაიტანდა, მინდორზე მჭედლიძე რომ ყოფილიყო.

ორი დებიუტანტი
საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ორმა დებიუტანტმა ითამაშა. გიორგი აბურჯანიამ ძირითადში დაიწყო, ნიკა კაჭარავა კი შეცვლაზე შევიდა. აბურჯანიას ჰქონდა შეცდომებიც და კარგი მომენტებიც. კაჭარავამ კი ორი მომენტი ვერ გამოიყენა და ორივე - თითქმის ასპროცენტიანი.

დებიუტანტს ეს ეპატიება. დღევანდელი დებიუტანტი ხვალ გამოიცდება და შესაგდებს აუცილებლად შეაგდებს. კაჭარავას აქვს ყველა ის თვისება, რომ ითამაშოს მაღალი დონის ფეხბურთი.

სად არის ჯანოს ადგილი?
ყველას გვახსოვს საქართველოსა და შოტლანდიის ნაკრებთა თბილისური ევროშესარჩევი მატჩი. მაშინ ჯანო ანანიძემ საყრდენის პოზიციაზე ითამაშა. მაშინ ჯანომ მოგვაგონა "რეალის" ხორვატი საყრდენი ლუკა მოდრიჩი...

გუშინ მე ვერ ვნახე მინდორზე ისეთი ანანიძე, როგორიც მინდოდა (უფრო სწორად - გვინდოდა), რომ მენახა. ის მთელი თამაშის განმავლობაში ეძებდა თავის ადგილს მინდორზე და ლამის ყველა პოზიციაზე ითამაშა, გარდა - შემქმნელი საყრდენისა. არადა, საუკეთესო თამაში ნაკრებში მას სწორედ ამ პოზიციაზე ჰქონდა.

რატომ შეიცვალა ჭანტურია?
რა თქმა უნდა, ამხანაგურ მატჩებში მწვრთნელს ექსპერიმენტების ყველანაირი უფლება აქვს.

და მაინც, ვაისს ძალიან უნდოდა სადებიუტო თამაშის მოგება. მეჩვენება, რომ სლოვაკი მოგვიანებით დაფიქრდა შედეგზე. აბა, რით უნდა ავხსნათ გიორგი ჭანტურიას გაყვანა პირველი ტაიმის შემდეგ? თორნიკე ოქრიაშვილთან ერთად ის ყველაზე აქტიური და მწვავე იყო ეროვნული გუნდის შემადგენლობაში.

მეტი გუნდურობა!
ვაისის გაწვრთნილი გუნდები ყოველთვის გუნდურ ფეხბურთს თამაშობდნენ. სწორედ ამით "გაიტანა ლელო" თავის დროზე სლოვაკეთის ნაკრებმა. გუშინდელი მატჩის მეტ ნაწილში საქართველოს ნაკრებს გუნდური ფეხბურთი არ უთამაშია.

ეს პრობლემა ახალ მწვრთნელს აუცილებლად მოსაგვარებელი აქვს. ჩვენს ბიჭებს ძალიან უყვართ ინდივიდუალიზმი და ისინი გარკვეულ ჩარჩოებში უნდა მოექცნენ.

ამას ცხადაძე ძალიან კარგად ახერხებდა. იმედია, ვაისიც მოახერხებს...

მატჩის სტენოგრამა
3' - პირველი მწვავე შეტევა ყაზახებისაა. შომკო ბურთს ქართველთა საჯარიმოში აწვდის. რევიშვილი პირველ ცდაზე ვერ არის დამაჯერებელი, მეორე ცდაზე კი ბურთს ხელებში აფიქსირებს.

4' - ქართველთა მრავალსვლიანი კომბინაცია. ანანიძე შედის საჯარიმოში, აწვდის ოქრიაშვილს, რომელიც ჭანტურიას პოულობს. ბურთი ყაზახთა მეკარის ნადავლი ხდება.

14' - ანანიძის პასით ნავალოვსკი შედის საჯარიმოში და მეკარის მოედნის კუთხესთან გამჭოლ გადაცემას უკეთებს ყაზაიშვილს. დავით ლორიას რეაქცია არ უგვიანდება. კუთხური.

33' - ყაზაიშვილი-ჭანტურია-ოქრიაშვილის მიერ გათამაშებული კომბინაცია ზუსტი დარტყმით დაასრულა ყაზაიშვილმა. ლორიამ ამჯერადაც კარგად ითამაშა.

36' - 0:1. ჩავარდა ქართველთა დაცვის მარცხენა ფლანგი. მუჟიკოვმა ჩვენს საჯარიმოში უმეთვალყურეოდ დარჩენილი ნურგალიევი მონახა, ვინც აუღელვებლად გაიტანა.

38' - 1:1. კანკავამ ლობჟანიძეს გადააწოდა, ამან ოქრიაშვილისკენ გააკეთა გადაცემა, ჭანტურიამ მახვილგონივრულად გაატარა ბურთი და ოქრიაშვილმა საჯარიმოს ხაზიდან ერთი შეხებით ტექნიკურად გაიტანა.

68' - ანანიძის კუთხურის შემდეგ კვირკველიას თავური ოდნავ სცდება მიზანს.

72' - კაჭარავა ბურთს იგებს, ატყუებს სამ ყაზახს და მცველებთან ორთაბრძოლაში ეცემა. მსაჯი ყაზახთა სასარგებლოდ ჯარიმას ნიშნავს.

79' - ყენიას კარგი პასის შემდეგ კაჭარავა პირისპირ გადის მეკარესთან, თუმცა კარგად ვერ ურტყამს, მეკარე ფეხით იგერიებს ბურთს და თავისიანებს გადარჩენის შანსს აძლევს.

საერთაშორისო ამხანაგური მატჩი
29.03. თბილისი. "დინამო არენა". 10 000 მაყურებელი
საქართველო-ყაზახეთი 1:1
გოლები: 0:1 ნურგალიევი (36), 1:1 ოქრიაშვილი (38)
საქართველო: რევიშვილი, ლობჟანიძე (90. ვაწაძე), კაშია, ამისულაშვილი (46. კვირკველია), ნავალოვსკი, კანკავა, აბურჯანია (77. კვეკვესკირი), ყაზაიშვილი, ოქრიაშვილი, ანანიძე (77. ყენია), ჭანტურია (46. კაჭარავა).
სათადარიგოები: კვასხვაძე, გ. ლორია, ქვილითაია, დვალი, კობახიძე, ძალამიძე.
მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი
ყაზახეთი: დ. ლორია (46. პლოტნიკოვი), ბეისბეკოვი, ლოგვინენკო, შჩოტკინი (46. ხიჟნიჩენკო), ნურგალიევი (80. ისლამხანი), მალიი, შომკო, კუატი (82. ტაგიბერგენი), მუჟიკოვი (64. კონისბაევი), სმაკოვი (74. ბაიჟანოვი), სუთუმბაევი.
სათადარიგოები: პოკატილოვი, კოჟამბერდი, კუანტაევი, ახმეტოვი, მუხტაროვი, დოსმაგამბეტოვი.
მწვრთნელი: ტალგატ ბაისუფინოვი
არბიტრი: კ. პიზანი (მალტა).

მატჩის შემდგომი კომენტარები:
ვლადიმირ ვაისი: ახლა უფრო ნათლად დავინახე, რა აკლია ნაკრებს
გურამ კაშია: წლის მანძილზე ორი მწვრთნელის შეცვლა რთული გადასატანია
ნიკა კაჭარავა: პენალტი იყო, მაგრამ ახლა რაღას ვიზამთ...
გიორგი აბურჯანია: ახალ მოთხოვნებსა და ტაქტიკას დრო სჭირდება

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 73 /
ავტორს ცოდნია ფეხბურთი და დადგეს მწვრთნელად!
zaza
30 მარტი 2016 15:17
0
გამაგიჟებთ ეს ჟურნალისტები რა! კაცი ერთი კვირაა რაც აქ ჩამოვიდა, ჯერ ფეხბურთელები წესიერად არც გაუცვნია, ორიოდე ვარჯიშია ჩატარება თუ მოასწრო, პირველად ათამაშა გუნდი და უკვე კრიტიკა დაიწყო და მისთვის ჭკუის სწავლება (!!??) რა უბედურება გვჭირს, რას ჰგავს ახლა ეს "გარჩევა" და ე.წ. "ანალიზი"?
sandro
30 მარტი 2016 15:05
0
ამასწინად ევროპის ჩემოიონატში გასული გუნდების მთავარი მწვრთნელების ხელფასები გამოქვეყნდა პრესაში, მათ აბსოლუტურ უმრავლესობა იმის ნახევარიც არ ქონდა რაც ვაისს დაუნიშნეს, ბოლო 10-12 წლის განმავლობაში, რაც ჟირეს-ტოპმიოლერ- კუპერ-ქეცბაია-ცხადაძე და ეხლა ვაისთვის მილიონები (ალბათ 10 მილიონამდე) წყალში გადაყარეს (ნულოვანი შედეგით), სჯობდა ბავშვთა ფეხბურთს და ეროვნულ ჩემპიონატს მოხმარებოდა. ამ ხნის განმავლობაში ყოფილიყო ქართველი ახალგაზრდა, პერსპექტიული, გულანთებული მწვრთვნელი, რომელიც აქამდე თვითონაც გაიზრდებოოდა და გუნდიც შეთამაშებული ეყოლებოდა.მწვრთნელთა კორპუსის ხელფასიც დაჯდებოდა წელიწადში მქასიმუმ 100 000 ლარი. დღევანდელი კონტიგენტით უფრო მეტს მაინც ვერ მივაღწევთ, არ აქვს მნიშვნელობა ელენიო ერერა იქნება მწვრთნელი თუ მე. უნდა დაველდოთ ახალ თაობას (არველაძე-ქინქლაძის დროს რომ იყო ისეთს მაინც) მანამდე ვიზრუნოთ ბავშვთა ფეხბურთზე, ეროვნული ჩემპიონატის დონეზე, ფეხბურთელის და გულშემატკივრის მენტალიტეტზე და იმაზე, რომ ცელოფნის პარკის გუნდები არ დაფრინავდნენ მოედანზე...
დათი
30 მარტი 2016 15:02
0
გიგა... მე სადმე დავწერე რო რაგბისტები უგულოდ თამაშობენ თქო?? ფეხბურთელებზეა მაგის დაბრალება უაზრობა და ეგ ვთქვი მარტო... უბრალოდ უნდა შევეგუოთ იმ აზრს რო არ გვაქ მაღალი დონე ფეხბურთში და არ უნდა ვითხოვდეთ (როგორც ეხლა ვითხოვ) უელსის ავსტრიის სერბეთის და ირლანდიის დამარცხებას...
effe
30 მარტი 2016 14:44
0
,,მართალია, ქართულ ფეხბურთს საუკეთესო წლები არ უდგას, მაგრამ იმის პოტენციალი და ამბიცია ნამდვილად გვაქვს, შინ ყაზახეთს რომ ვუგებდეთ"...
აი რატო უნდა გქონდეს პრეტენზია ყაზახეთის ნაკრების დამარცხების პრეტენზია?? საკლუბო ფეხბურთით ჯობიხარ, კლუბების ინფრასტრუქტურით, ბავშვთა ფეხბურთით თუ რით?? აი რა გაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ზემოდან უყურო ყაზახურ ფეხბურთს და უეჭველი მოგება დაგეგმო?? ააა გამახსენდა ალბათ ,,ჟურნალისტი" იმას გულისხმობდა, რომ 81 ში ტასების მფლობელთა თასის მფლობელი გავხდით. დდდ
.........
30 მარტი 2016 14:35
0
არ არის ეს ფეხბურთი ქართველების სპორტი და ურტყათ ახლა "ტაბურეტკები" ერთმანეთს. არ შეგვიძლია, არ გამოგვდის და არც გვინდა. ამიტომ მივაწვეთ იმ სპორტს სადაც ჯიგარი დევს. ფიზიკა - 0 , ტაქტიკა - 0 , ტექნიკა - 0 , ჯიგარი და ქართული სული - 0. ვცვალოთ მწვრთნელები ვყაროთ მილიონები და საბოლოო ჯამში ისევ ისეთ გუნდად დავრჩებით როგორებიც ანდორაა, ლუქსემბურგი, გიბრალტარი (მეტი ჩვენზე სუსტი ევროპული ნაკრები აღარ მეგულება).
dadu
30 მარტი 2016 14:26
0
ფეხბურთი გახდა ყველაზე კორუმპირებული და ჩამყაყებული სპორტის სახეობა სადაც ყველაფერი მოსულა თამაშების ჩაწყობაც და ლიგის თასის ყიდვაც პოპულარული ერთიადა ყიდვა გაყიდვა მეორე და მთავარი ფული გაქ მაშვინ მოდი ჩვენიანი ხარ არადა კარგად იყავი ვიღაცამ დაწერა აქ ფრე გააგორესო ეს თამაშიო მერე რა გამორიცხული არც არაფელია ან რატო არ გააგორებდენ ესენი როცა დიდი გუნდები ყიდიან თამაშებს ერთი ეს ვერ გავიგე ისე ტოტალიზატორში რამდენი ქონდათ ჩვენებს კუში ეს მაინტერესებს.სამწუხაროდ ფეხბურთში სპორტული მხარე სულ უფრო ნაკლები რჩება და ის უბრალოდ მაქინაციების შავი ფულის გათეთრების და ყიდვა გაყიდვის ობიექტად იქცა.
qutaiseli
30 მარტი 2016 14:23
0
ბატონებო!!! დაანებეთ თავი რაგბის და ფეხბურთის შედარებას. ორივეს სჭირდება ქომაგი, და უმჯობესია ორივეს ვუქომაგოთ.
tngh
30 მარტი 2016 14:16
0
უცნობო მეგობარო!!! ზუსტად იმაშია საქმე, რომ ჩვენ "ბარსელონას" დონეზე მომზადებული გარე მცველები არ გვყვავს. მათ ჩამოსვლა კი არ "აგვიანდებათ ან ეზარებათ", არამედ ვერ ასწრებენ საკუთარი ფიზ-მომზადების გამო. არც დამზღვევებით შეგვიძლია ვიამაყოთ. ამიტომ ჯობია ნაკლებ რისკზე წავიდნენ. თუ წარმოგიდგენიათ გერმანიის და მისი დარი გუნდები, როგორ დაგვჯიან თითოეულ შეცდომაზე???
tngh
30 მარტი 2016 14:13
0
თითონ სტატია და კომენტარების უმეტესობა ისეა წარმოდგენილი თითქოს საქართველოს გარდა ყაზახი ფეხბურთელები არ უნდა ყოფილიყვნენ მოედანზე!! ყაზახეთი ის ყაზახეთი არაა 50 წლის წინად რომ იყო! ვითარდება იქაც ფეხბურთი. რადგანაც ფეხბურთში ფინანსების მნიშვნელობა გადამწყვეტი შეიქნა არ უნდა გაგვიკვირდეს ყაზახური ფეხბურთის აღმავლობა. ბევრი კარგი ფეხბურთელი ჰყავთ. პირადად მე ძალიან მომეწონა 11 ნომერი, მგონი მუჟიკოვია, სწრაფია და მოედანს კარგად ხედავს, დრიბლინგი და ფინტიც საუცხოო აქვს. რაღაცით ჩვენ სლავა მეტრეველს მაგონებს!
არჩილ ხოფერია
30 მარტი 2016 14:11
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული