გულშემატკივარს აქვს ეჭვი, რომ ავსტრიულ შეკრებაზე ვაისს კანკავასთან კონფლიქტი მოუვიდა და ამიტომაც არ გამოიძახა. ამას კი შემდეგნაირად ასაბუთებენ: სლოვაკმა სპეციალისტმა საავსტრიო შეკრებაზე ნაკრების კიდევ ერთი ლიდერი, ფაქტობრივად, უგუნდოდ მყოფი თორნიკე ოქრიაშვილი მიიწვია. კიდევ რამდენიმე მოთამაშეს აკლია პრაქტიკა - ნუკრი რევიშვილს, ოთარ კაკაბაძეს, ჯანო ანანიძეს, საბა კვირკველიას, ზურაბ ცისკარიძეს,
აქედან გამომდინარეა, ყველას რომ უკვირს, ნაკრებში მოწვეულთა ლამის ნახევარი თუ უთამაშებელია, კანკავამ რაღა დააშავაო?!
თავად ჯაბასთან დაკავშირებას ვერ ვახერხებთ, მაგრამ ახლა დაზუსტებით შეიძლება ითქვას, რომ იაშვილი და ვაისი არ ცრუობდნენ. კაპიტნის ოჯახი აგორებულ ჭორებს განიცდის. "ლელომ" ჯაბას მამის, გია კანკავას კომენტარი ჩაიწერა:
"დიდი სისულელეა, რომ ჯაბას ვაისთან კონფლიქტი აქვს. არანაირი დაპირისპირება ავსტრიაში არ მომხდარა. პირიქით, ერთმანეთის მიმართ ორივე დიდი პატივისცემითაა გამსჭვალული.
რომელ კონფლიქტზეა ლაპარაკი, როცა ვაისი ამბობს, რომ კანკავა მისთვის პროფესიონალიზმის მაგალითია და თავად ჯაბაც კმაყოფილია - სლოვაკი მწვრთნელი კარგი სპეციალისტი და პიროვნებააო.
ეს ტყუილები არ დაიჯეროთ, ეს მოგონილი თემაა. ჯაბა მართლა გამოფიტულია და შეკრებაზე ამიტომ არ ჩამოვიდა. ახლა არც ვარჯიშობს, ანალიზის პასუხს ელოდება და გაიგებს, რა სჭირს".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"