საქართველო-მოლდოვა 1:1 - ფეხბურთი მხოლოდ ნახევარი საათით [VIDEO+PHOTO]

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებმა შინ ვერ მოუგო მოლდოვას. მათემატიკა მათემატიკოსებს მივანდოთ, ბევრი ქართველისთვის კი "დინამო არენაზე" ერთხელაც მოეწყო "ოცნებათა სასაფლაო" - ნაკრებს, რომელიც საკუთარ მოედანზე ვერ უგებს მოლდოვას, დიდ მიზნებს ვერ დაუსახავ...
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge

მატჩის წინ
საქართველოს ნაკრებს დააკლდნენ ტრავმირებული ჯანო ანანიძე და ლევან მჭედლიძე. ამის გამო ვლადიმირ ვაისს ტაქტიკური განლაგება არ შეუცვლია.

ვისთვის როგორ, ჩემთვის კი დიდი მოულოდნელობა იყო ჯაბა კანკავას სათადარიგოთა სკამზე დატოვება. ნაკრების კაპიტანი თანდათან შედის ფორმაში, "რეიმსში" უკვე სისტემატურად თამაშობს, მაგრამ... მწვრთნელმა ასე გადაწყვიტა...

ძირითადში ვიხილეთ გიორგი ჭანტურია. გიორგი
ქვილითაიამ
კი ბოლო ვარჯიშზე დაშავებული ლევან მჭედლიძე შეცვალა ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე. ვენის "რაპიდის" შემტევმა ნდობის მნიშვნელოვანი ვოტუმი მიიღო...

თავის მხრივ, წამყვან მოთამაშეთა არყოფნის გამო რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა მოლდოვაც - არტურ იონიცა, იგორ არმაში, იგორ ჩებოტარი და ანდრეი კოჟოკარი მეტოქისთვის სერიოზულ ძალას წარმოადგენენ.

და კიდევ: მატჩის წინ გულშემატკივარმა ქვეყნის პირველი გუნდიდან გააცილა 34 წლის ალეკო ამისულაშვილი...

გამოუყენებელი მომენტების ტაიმი
პირველ ტაიმში საქართველოს ნაკრებმა მეტოქის კართან არაერთი საგოლე მომენტი შექმნა, მაგრამ გავიტანეთ მხოლოდ ერთი ბურთი და ერთხელაც დამტკიცდა, რომ ჩვენი ქვეყნის პირველი გუნდის ერთ-ერთი მთავარი ნაკლი საგოლე მომენტების გამოუყენებლობაა.

მართლაც, თუ გაქვს საშუალო კლასი მაინც, ამდენი შანსი ქარს არ უნდა გაატანო. პირველ ტაიმში საქართველოს ნაკრებს შეეძლო, თამაშის ბედი გადაეწყვიტა, მაგრამ ვერ შეძლო. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ქართველმა ფეხბურთელებმა ითამაშეს მხოლოდ ნახევარი საათი.

თანამედროვე ფეხბურთში ვერაფერს გამორჩები, როცა მხოლოდ ნახევარ საათს თამაშობ. დანარჩენი 60 წუთის განმავლობაში ჩვენს გუნდს ფეხბურთი არ უთამაშია. პირველ ტაიმშიც კი, რომელიც თითქოს მთლიანობაში ჩვენი იყო, მეტოქემ გვარიანად გვანერვიულა...

პირველი 15 წუთი მოლდოველების იყო და მაგრად გაგვიმართლა, გოლი რომ არ გავუშვით. ვაკო ყაზაიშვილის მიერ გატანილ გოლს ჩვენი მომენტების წყება მოჰყვა და შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ დიდი ანგარიშით მოვიგებდით, თუმცა...

დამთავრდა პირველი ტაიმი და ჩვენი თამაშიც დამთავრდა. ამას ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდით. მეორე ტაიმი იყო უსუსტესი 45 წუთი საქართველოს ნაკრების ისტორიაში და არც ის გვგონია, ვაისის მიერ გაწვრთნილ რომელიმე გუნდს თუ ნაკრებს ოდესმე ასეთი სუსტი ტაიმი ჩაეტარებინოს...

ვინ აგებს მეორე ტაიმს?
ნათქვამია, რომ მეორე ტაიმს მწვრთნელი იგებს. თუ ამ ოდინდელ დაუწერელ კანონს სიმართლედ მივიჩნევთ, მაშინ პირდაპირ უნდა დავწეროთ - იგორ დობროვოლსკიმ მეორე ტაიმი აშკარად მოუგო ჩვენი ნაკრების თავკაცს. მოლდოვა მეორე ტაიმში ჩვენზე უკეთესი იყო. რაღა შორს წავიდეთ - დროის ამ მონაკვეთში საქართველოს ნაკრებს საგოლე მომენტი საერთოდ არ ჰქონია.

მატჩის დასრულებამდე 25 წუთით ადრე ვაისმა მინდორზე ჯაბა კანკავა შეუშვა. ამას ნამდვილად ველოდით, მაგრამ არა - ეული ფორვარდის (ქვილითაია) ნაცვლად. სავარაუდო იყო, რომ კაპიტანი რომელიმე შუახაზელს შეცვლიდა...

თამაში გადაეწყო. ვაკო ყაზაიშვილმა თავდამსხმელის პოზიცია დაიკავა, მისი ადგილი კი ვაკო გვილიამ შეავსო, კანკავა კი ცენტრში ბუბა დაუშვილს შეუწყვილდა.

ამ ცვლილებამ საქართველოს ნაკრების თამაში კიდევ უფრო არია. ვაისი მალევე მიხვდა, რომ მოლდოვის ნაკრებთან უთავდამსხმელოდ თამაში არ ივარგებდა და მოედანზე ლადო დვალიშვილი (გვილიას ნაცვლად) შეუშვა.

არ ვიცი, სხვამ როგორ დაინახა, მაგრამ ჩემი აზრია - გვილია გავიდა თუ არა, საქართველოს ნაკრების თამაშში კონსტრუქციული გარჯის მცირე ელემენტებიც კი დაიკარგა.

გვილია რამდენჯერმე შეცდა, თუმცა ის მაინც გამორჩეული იყო საქართველოს ნაკრებში, გიორგი ჭანტურიასთან ერთად. ვფიქრობ, შეცდომა იყო მისი გაყვანა. ფაქტია, როცა გოლი გავუშვით და მოგებისთვის დრო გვქონდა, მეტოქის კარზე იერიშები ვერ მივიტანეთ, "დაარტყი და გაიქეცის" მივეძალეთ, ნაკრების თამაშს აზრის ნიშან-წყალიც არ ეტყობოდა.

მე მაინც მგონია, რომ იმ გადამწყვეტ მომენტში გვილიას პასის კულტურით შეეძლო, სარგებლობა მოეტანა ჩვენი გუნდისთვის...

მეათასედ, მაგრამ მაინც...
ჩვენც დავიღალეთ და მკითხველიც დავღალეთ, ალბათ, იმ ქრონიკულ პრობლემაზე წერით, რასაც უთავდამსხმელობა ჰქვია. შაბათს ეს პრობლემა კიდევ ერთხელ გამოჩნდა. ძალიან, ძალიან ნათლად გამოჩნდა.

ლევან მჭედლიძეს საქართველოს ნაკრების თამაშში დიდი როლი აქვს. ის რომ მინდორზე ყოფილიყო, ვთქვათ, თორნიკე ოქრიაშვილს მეტი სივრცე ექნებოდა - მჭედლიძე მცველებს "დააბამდა", მოლდოველებს გაუჭირდებოდათ ასე მჭიდროდ ჩვენი ლიდერების აყვანა მეორე ტაიმში.

მეათასედ, მაგრამ მაინც უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენ არ გვყავს გამტანი ფორვარდი. ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ, როცა საქართველოს ჩემპიონატში ბევრი ვერაფრით გამოირჩევი, სანაკრებო ასპარეზზე ძალიან გაგიჭირდება...

ნახევარი საათის ფეხბურთელები?!
ბარე ორჯერ ვუყურე ამ თამაშს და ვერ ვიტყვი, რომ შედეგი უსამართლოა. 60 წუთის განმავლობაში მოლდოვა ჩვენზე უკეთესი იყო. იგორ დობროვოლსკის გუნდმა თავს მოგვახვია საკუთარი თამაში და ამასაც თავისი მიზეზი ჰქონდა - საქართველოს ნაკრები აშკარად დააღალატა ფიზიკურმა მომზადებამ.

აქ ფეხბურთელების პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დავაყენოთ. სასაცილოც კია იმაზე წერა, რომ თანამედროვე ფეხბურთელს, თუ ის საკუთარ თავს სანაკრებოდ ვარგისად მიიჩნევს, 90 წუთის თანაბრად ჩატარების პრობლემა არ უნდა ჰქონდეს.

მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრები აშკარად დაიღალა, მოლდოვა კი ყოჩაღად იყო. არ გვინდა ბოლომდე დავიჯეროთ, მაგრამ "დინამო არენაზე" ასე გამოჩნდა - ჩვენს ნაკრებში ბევრია ისეთი ფეხბურთელი, რომელსაც მხოლოდ ნახევარი საათის განმავლობაში შეუძლია ასე თუ ისე მისაღებ დონეზე ფეხბურთის თამაში.

არა მსაჯითა ხოლო...
ძალიან ცუდად განსაჯა მატჩი ბულგარელმა არბიტრმა გეორგი კაბაკოვმა. ჭანტურიას მომენტზე თავს ვერ დავდებ და როცა ოქრიაშვილი წააქციეს, აშკარა პენალტი იყო.

საქმე მხოლოდ ეს არ არის. ბულგარელი მსაჯი თითქმის ყველა საკამათო ეპიზოდში მოწინააღმდეგის სასარგებლოდ იღებდა გადაწყვეტილებებს. ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ მოლდოვის დონის გუნდს საშინაო შეხვედრა ნებისმიერი მსაჯობის ფონზე უნდა მოუგო!

მატჩის შემდეგ
ვლადიმირ ვაისი: შეგვიძლია ამ საღამოს კოშმარი ვუწოდოთ
იგორ დობროვოლსკი: ვფიქრობ, დღევანდელი შედეგი სამართლიანია
გიორგი ჭანტურია: ფაქტია, ვპროგრესირებთ და ასე უნდა გავაგრძელოთ
თორნიკე ოქრიაშვილი: ვულოცავ გაცკანს - მან კარიერაში პირველად გაიტანა ასეთი გოლი
ჯაბა კანკავა: მოლდოვამ ბრძოლისუნარიანობით გვაჯობა
გურამ კაშია: გაცკანს მაინცდამაინც ჩვენთან გამოუვიდა
ლადო დვალიშვილი: ვაისს ჩვენთვის შესვენებაზე ეს დავალება ნამდვილად არ მოუცია

მუნდიალი 2018. საკვალიფიკაციო მატჩი. ევროპა. D ჯგუფი. IV ტური
12.11. თბილისი. "დინამო არენა". 40 000 მაყურებელი
საქართველო-მოლდოვა 1:1
გოლები: 1:0 ყაზაიშვილი (16), 1:1 გაცკანი (78)
საქართველო (4-2-3-1): ლორია - კაკაბაძე, კვირკველია, კაშია, ნავალოვსკი - გვილია (71. დვალიშვილი), დაუშვილი - ჭანტურია, ყაზაიშვილი (80. სხირტლაძე), ოქრიაშვილი - ქვილითაია (64. კანკავა).
სათადარიგოები: კვასხვაძე, რევიშვილი, ჯიღაური, ხოჭოლავა, კიტეიშვილი, კობახიძე, ლიპარტია, უ. ლობჟანიძე, არაბიძე.
მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი
მოლდოვა (4-2-3-1): ჩებანუ - რაკუ (41. გოლოვატენკო), პოსმაკი, ეპურეანუ, ბოლოჰანი - ბორდიანი, გაცკანი - იადრანი, მიჰალიოვი (77. ანდრონიკი), სიდორენკო (70. ანტონიუკი) - ბუგაიოვი.
სათადარიგოები: ნამაშკო, კარპი, კასკავალი, გინსარი, ივანოვი, ზასავიჩი.
მწვრთნელი: იგორ დობროვოლსკი
გაფრთხილება: დაუშვილი (24), მიჰალიოვი (26), ბორდიანი (56), ოქრიაშვილი (84), სხირტლაძე (88)
არბიტრი: გ. კაბაკოვი (ბულგარეთი)

სტატისტიკა
6 კარში დარტყმა 8
2 მიზანში დარტყმა 3
3 კუთხური 5
1 თამაშგარე 8
24 ჯარიმა 20
423 პასი 234
360 ზუსტი პასი 170
58% ბურთის ფლობა 42%

სტენოგრამა
2' - მოლდოველთა კონტრშეტევა. კვირკველია ბუგაიოვის დარტყმულს აფარებს.
5' - კუთხურიდან ჩაწოდებულ და მცველთაგან ამოტანილ ბურთს გაცკანი ურტყამს. ბურთი მცირე მანძილით სცდება მიზანს. აშკარად გადავრჩით.
16' - 1:0. ნავალოვსკის ჩაწოდება. ქვილითაია ყაზაიშვილს უგდებს ბურთი. ყაზაიშვილი წამით თავისუფლდება მეურვისგან და შორეულ, დაბალ კუთხეში ლამაზი გოლი გააქვს.
17' - კიდევ ერთხელ გადავრჩით, ამჯერად, სიდორენკოს დარტყმის შემდეგ.
28' - ჭანტურია-ყაზაიშვილი-ოქრიაშვილის სამსვლიანი კომბინაცია. ოქრიაშვილის დარტყმის შემდეგ ბურთი ოდნავ სცდება მოლდოველთა კარს.
31' - ერთიმეორის მიყოლებით ვერ გააქვთ ქვილითაიასა (მეკარემ იყოჩაღა) და ყაზაიშვილს (დაუფარეს).
60' - ჭანტურია შედის საჯარიმოში და ეცემა. კონტაქტი არის, მაგრამ მოლდოველ მცველს ქართველი შემტევიც იჭერს.
61' - ბუგაიოვს წამით ასწრებს ლორია.
63' - ოქრიაშვილი შედის საჯარიმოში და მის წინააღმდეგ აშკარად ირღვევა თამაშის წესი. მსაჯი არ ნიშნავს 11-მეტრიანს.
68' - იადრანის მიერ ახლოდან დარტყმულს დაუშვილი ეღობება.
77' - ანტონიუკის დარტყმა და ლორია ადგილზეა.
78' - გაცკანი საჯარიმოს კუთხიდან შემოტრიალებით უტყამს. ლორიას კარი "დაკარგული" აქვს. მოლდოველთა ლიდერს ულამაზესი გოლი გააქვს.
90' - გოლოვატენკოს თავური და ფორტუნამ გაგვიღიმა.

მომდევნო ტური
24 მარტი, 2017
საქართველო-სერბეთი
ავსტრია-მოლდოვა
ირლანდია-უელსი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 49 /
და საერთოდ რატომ უყურებთ ნაკრების ანდაც ქართულ ფეხბურთს ცარიელი ნერვების შლაა
ლაშა
14 ნოემბერი 2016 11:26
0
აბსოლუტურად ვეთანხმები სტატიას. აშკარაა, რომ ვაისი ძიებაშია და ეს 100 პროცენტიან მოსაგებ და მოგებულ მატჩში არ უნდა ქნას. მან ტამაში არია.მაგრამ შეცდომა თავშივე იყო დაშვებული, როცა მას მესამე ადგილზე გასვლა დაუსახეს მიზნად და ამით პასუხისმგებლობაც მოუხსნეს. მეორე, კი მაგრამ ლორიასა და დვალიშვილს ნაყიდიაქვთ ნაკრებსჰი თამაში? რეწვიშვილიც სჯობს მაგას და მაკარიძეც, კაცი პორტუგალიაში ასნავნოია, რისთვის გჭირდებათ ლორია? ეს ფრე ვაისის და მეტად ლორიას კისერზეა. ეჭვებს აჩენს ლორიას ტამაში და ეს პირველი შემთხვევა არ არის. მან ნაკრები დაასამარა
ლევანი
14 ნოემბერი 2016 11:25
0
ფაქტია ბატონო! ვაისმა წააგო ტაქტიკურად,აქეთ ლორიამ ჭამა. მაგარი არა საიმდო მეკარეა,აქეთ დვალიშვილი რომ საიმედოდ გეყოლება ნაკრებში,იქ რომელ წარმატებაზეა საუბარი.ჩემი აზრით შეცვლები საერთოდ არ უნდა გაეკეთებინა ვისს.და თუ გააკეთებდა არც დვალიშვილი და არც კანკავა არ უნდა გამოეყვანა,რადგან კანკავა ეხლაც იძახის ნაკრების დონეზე სათამაშოდ არავარო მზათ,და დვალიშვილი საერთოდ რა სჭიროა ნაკრებში არ ვიცი.შემოეყვანა ლიპარტია,კობახიძე,თუნდაც არაბიძე რომელიც არცერთის უარესად არ გამოიჩენდა თავს.
თენგო
14 ნოემბერი 2016 11:19
0
დაანებეთ ამ მჭედლიძეზე წერას თავი. ცხოვრებაში რამდენი თამაში აქვს ნათამაშები. ჩამოდის და აქ იღებს ტრავმებს. არანაირი სარფებლობის მომტანი იგი არ არის. უნდა ვეძიოთ თავდამსხმელი. ამ თამაშისთვის ვაისმა ვერ მოამზადა გუნდი. ექსპერიმენტების დრო იყო ეხლა. გასვლის შანსები მაგრად იკლებს.
დემე
14 ნოემბერი 2016 11:12
0
ფაქტია ბატონო! ვაისმა წააგო ტაქტიკურად,აქეთ ლორიამ ჭამა. მაგარი არა საიმდო მეკარეა,აქეთ დვალიშვილი რომ საიმედოდ გეყოლება ნაკრებში,იქ რომელ წარმატებაზეა საუბარი.ჩემი აზრით შეცვლები საერთოდ არ უნდა გაეკეთებინა ვისს.და თუ გააკეთებდა არც დვალიშვილი და არც კანკავა არ უნდა გამოეყვანა,რადგან კანკავა ეხლაც იძახის ნაკრების დონეზე სათამაშოდ არავარო მზათ,და დვალიშვილი საერთოდ რა სჭიროა ნაკრებში არ ვიცი.შემოეყვანა ლიპარტია,კობახიძე,თუნდაც არაბიძე რომელიც არცერთის უარესად არ გამოიჩენდა თავს.
თენგო
14 ნოემბერი 2016 11:11
0
მომავალ თამაშზე სტადიონზე არავინ უნდა მივიდეს.
ილია
14 ნოემბერი 2016 11:04
0
ეს რა უიგბლო გუნდი გვყავს ქვაქვს მომენტი და ბურტი არ სედის კარებსი გმერტო დაგვეხმარე ბიწებს უნდატ მოგება მაგრამ არ გამოდის მწვრტვნელიც ნამდვილად კარგია მაგრამ რა ხდება ერტ დასკვნამდე მივედი როცა ნაკრებს ტამასი ექნება ვინც პეხბურტს ქომაგობს ერტი სანტელი დვანტოტ და ვსტხოვოტ უპალს დაეხმაროს ბიწებს გან ხვტის გარესე რაიმე ხდება წარმატებებს ვუსურვებ ცვენს პეხბურტელებს იბრზოლეტ ბოლომდე მოვა წარმატება მე მაინც ასე მწამს
ledi
14 ნოემბერი 2016 10:55
0
კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ თანხებს ტყუილად ვყრით გადასახადების გადამხდელები ამ ბედოვლათებისთვის. პლუს ამას, შემდეგი თამაშისას არავინ იყოდოს ბილეთები და ცარიელი ტრიბუნების წინ ჩაატარონ საშინაო თამაშები, ეს იქნება ყველაზე კარგი და სამართლიანი განაჩენი ფეხბურთის ნაკრებისთვის.
qar
14 ნოემბერი 2016 10:50
0
ბევრჯერ მითქვია და ეხლაც ვიტყვი, ამ ჩვენს მეკარეს საკმაოდ ხშირად თავში მოკლე ჩართვა ემართება, ნამდვილად მისახედია!
777
14 ნოემბერი 2016 10:47
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული