გერმანიის სპორტული სასამართლო: ლევან კობიაშვილმა დანაშაული აღიარა

AutoSharing Option
გერმანიის საფეხბურთო კავშირის სპორტულმა სასამართლომ ლევან კობიაშვილს განაჩენი გამოუტანა: ბერლინის "ჰერტას" ქართველი ფეხბურთელი დისკვალიფიკაციას ვერ გადაურჩა, მაგრამ კარგი ის არის, რომ ერთწლიანის ნაცვლად (როგორც გერმანიის საფეხბურთო კავშირი ითხოვდა), კობის შვიდთვენახევრიანი დისკვალიფიკაცია აკმარეს.

ამრიგად, ლევანს ოფიციალურ და ამხანაგურ მატჩებში მონაწილეობა 31 დეკემბრამდე აეკრძალა.

საინტერესო ის არის, რომ კობიაშვილმა დანაშაული აღიარა და სასჯელის შემსუბუქება სწორედ ამის დამსახურებაა. კობის თავის ჩვენებაში უთქვამს, "ფორტუნასა" და "ჰერტას" მატჩის საფინალო სასტვენის შემდეგ მსაჯ ვოლფგანგ შტარკს მართლაც ჩავარტყიო.

"განაჩენის გამოტანისას მნიშვნელოვანი როლი ითამაშა იმ ფაქტმა, რომ ლევან
კობიაშვილმა აღიარებითი ჩვენება მოგვცა. გარდა სპორტული დანაკარგისა, ამ სასჯელით კობიაშვილს შემოსავლის უდიდესი ნაწილი დააკლდება",
- განაცხადა სპორტული სასამართლოს თავმჯდომარე ჰანს ლორენცმა.

მიუხედავად სასჯელის შემსუბუქებისა, ლევანი მაინც გახდა უსიამოვნო რეკორდის ავტორი: ბუნდესლიგის ისტორიას ასეთი ხანგრძლივი დისკვალიფიკაცია არ ახსოვს. აქამდე ეს რეკორდი ცოტა ხნის წინ გარდაცვლილ ტიმო კონიტცკას ეკუთვნოდა, რომელმაც 1966/67 წლების სეზონში 6-თვიანი დისკვალიფიკაცია მოიხადა.

კობის თანაგუნდელები გაცილებით იოლად გამოძვრნენ, თუმცა მათ ბრალდებაც მსუბუქი (მსაჯის სიტყვიერი შეურაცხყოფა) ჰქონდათ: მეკარე თომას კრაფტი ოთხ მატჩს გამოტოვებს, მცველი ანდრე მიატოვიჩი კი - სამს. კრისტიან ლელის საქმის განხილვა კი ჯერ კიდევ გრძელდება, რადგან ამ უკანასკნელს მსაჯის სიტყვიერი შეურაცხყოფის გარდა, ბრალად "ფორტუნას" ფეხბურთელი ასანი ლუკიმია-მულონგოტისთვის შეფურთხებაც ედება.

P.S. 4 ივნისს ლევან კობიაშვილს გერმანიაში ტელეკომპანია "იმედი" დაუკავშირდა, სადაც ქართველმა ფეხბურთელმა დანაშაულის აღიარების ფაქტი უარყო. ლევანმა დასძინა, რომ ამ განაჩენის გასაჩივრებას არ აპირებს, ხოლო დისკვალიფიკაციის ვადის გასვლის შემდეგ ფეხბურთის თამაშის გაგრძელებას კვლავ ბერლინის "ჰერტაში" აპირებს.

სარეკორდო სასჯელი კობიაშვილს: შვიდნახევარი თვე! (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ბერლინის "ჰერტა" ლევან კობიაშვილისთვის იბრძვის!

გერმანიის საფეხბურთო კავშირი: ლევან კობიაშვილი მოიკვეთოს ერთი წლით!
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული