კახა ცხადაძე ბაქოს "ინტერიდან" ქართველებს უშვებს

AutoSharing Option
დასრულდა აზერბაიჯანის ჩემპიონატი, სადაც მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა კახა ცხადაძის მიერ გაწვრთნილმა "ინტერმა". ბაქოური კლუბი მეორეადგილოსან "ყარაბახს" ორი ქულით ჩამორჩა, ხოლო ჩემპიონ "ნეფთჩის" - ხუთით.

ბოლო ტურში "ინტერმა" "გაბალას" უმასპინძლა და მოწინააღმდეგე 1:0 დაამარცხა. ბაქოელთა შემადგენლობაში მხოლოდ სამმა ქართველმა ითამაშა - გიორგი ლომაიამ და ილია კანდელაკმა მატჩი შეუცვლელად ჩაატარეს, სასტარტო შემადგენლობაში გამწესებული ბაჩანა ცხადაძე კი 77-ე წუთზე შეცვალეს.

"აზერისპორტის" ცნობით, ცხადაძე გუნდიდან ოთხ თანამემამულეს უშვებს - "ინტერს" დატოვებენ: ილია კანდელაკი, ვალერი აბრამიძე, გიორგი ადამია და მეკარე რევაზ თევდორაძე. შესაბამისად, ქართველთაგან
ბაქოურ კლუბში რჩებიან მხოლოდ გიორგი ლომაია და ბაჩანა ცხადაძე.

"შემცირებაში" მხოლოდ ქართველები არ მოყვნენ - ცხადაძემ კიდევ რამდენიმე ლეგიონერზე თქვა უარი.

გიორგი ფოფხაძის "ბაქი" მეხუთე ადგილზე გავიდა და ევროტურნირებს მიღმა დარჩა. პრემიერლიგის ბოლო ტურში "ბაქი" დედაქალაქურ დერბიში "ნეფთჩის" ეწვია და ჩემპიონს 1:0 სძლია. ქართველმა მცველმა სრულად ითამაშა.

აზერბაიჯანის ჩემპიონატი მეოთხე საფეხურზე დაასრულა ზაქათალის "სიმურგმა", რომელსაც სათავეში გიორგი ჩიხრაძე უდგას. ეს ამ კლუბის ბიუჯეტიდან გამომდინარე, სერიოზული წარმატებაა და სწორედ ამიტომ "სიმურგის" ხელმძღვანელობა ქართველ სპეციალისტს კიდევ ერთი წლით დარჩენას სთხოვს.

* * *
რუსეთის პირველ დივიზიონში ხაბაროვსკის "სკა-ენერგია", რომელსაც გიორგი დარასელია წვრთნის, საკუთარ მოედანზე "უფას" დაუზავდა - 0:0.

"სკა-ენერგიას" ძირითად შემადგენლობაში ოთხი ქართველი იყო - ლაშა სალუქვაძე, გიორგი ნავალოვსკი, შოთა გრიგალაშვილი და გოჩა ხოჯავა. ამათგან პირველი ორი მეორე ტაიმის მსვლელობისას შეცვალეს, ხოლო გრიგალაშვილმა და ხოჯავამ შეხვედრა სრულად ჩაატარეს.

"სკა-ენერგია" პრემიერლიგაში გადასასვლელ პლეი ოფში ითამაშებს, სადაც მისი მეტოქე "კრილია სოვეტოვი" ან "როსტოვი" იქნება.

პლეი ოფში ამ ორიდან ერთ-ერთს შეხვდება ნალჩიკის "სპარტაკიც", რომლის ღირსებასაც დავით სირაძე იცავს.

"სპარტაკმა" პირველი დივიზიონის ბოლოსწინა ტურში "ბალტიკას" უმასპინძლა და მეტოქეს 2:0 აჯობა. ნალჩიკელთა ქართველმა თავდამსხმელმა მოედანზე 90 წუთი გაატარა.

* * *
უნგრეთის ჩემპიონატში "დიორ ეტო" "ჰონვედს" ესტუმრა და 0:2 დამარცხდა. "დიორის" შემადგენლობაში გიორგი ქვილითაია 50-ე წუთზე გამოჩნდა, თუმცა 20 წუთში მოედნიდან გააძევეს.

ქვილითაია უკვე უნგრეთის ჩემპიონია - "დიორიმ" ეს ტიტული წინა ტურებში გაინაღდა.

"კეჩკემეტიმ", რომლის შემადგენლობაშიც გივი იოსელიანი ასპარეზობს, სტუმრად "დიოშდიორთან" 0:2 წააგო. ქართველმა ნახევარმცველმა შეხვედრას თვალი სათადარიგოთა სკამიდან ადევნა.

* * *
ლიტვის თასის მოპოვება შეეძლო "შიაულაის" ქართველ თავდამსხმელ გიორგი ალავერდაშვილს, თუმცა ფინალში მისი გუნდი პენალტების სერიით 7:8 დამარცხდა "ჟალგირისთან".

მატჩის ძირითადი დრო 3:3 დასრულდა, ალავერდაშვილი კი პირველ დამატებით ტაიმში, 101-ე წუთზე შეცვალეს.

* * *
შვეიცარიის ჩელენჯლიგაში "ბელინცონამ" სტუმრად 1:0 დაამარცხა "ბილ-ბინი". გამარჯვებულთა შემადგენლობაში მე-80 წუთიდან ითამაშა გიორგი ივანიშვილმა.

* * *
სამხრეთ აფრიკის ჩემპიონატში "მოროკა სვოლოვსმა" "ბლუმფონტეინი" მიიღო და ფრედ, 1:1 ეთამაშა. მასპინძელთა შემადგენლობაში სრული მატჩი ჩაატარა გიორგი ნერგაძემ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ლაშა სალუქვაძემ ტრავმა მიიღო და მინიმუმ სამი კვირა ვერ ითAმაშEბს.მარცვალაძე გუნდს უკვე შეუერთDა
Qartveli 28
09:59 23-05-2013
0

სიახლეები პოპულარული