ჯანო ანანიძის ულტიმატუმი "როსტოვს": ხელფასი წინასწარ ან მივდივარ!

AutoSharing Option
"იზვესტიას" ექსკლუზიური ინფორმაციით, მოსკოვის "სპარტაკიდან" "როსტოვში" განათხოვრებულმა ფეხბურთელებმა: ჯანო ანანიძემ და არტიომ ძიუბამ კლუბს მთელი ხელფასი წინასწარ მოსთხოვეს.

21 წლის ქართველმა ნახევარმცველმა და 25 წლის რუსმა ფორვარდმა, რომლებიც "როსტოვის" უდავო ლიდერები არიან, ნახევარი წლის გასამრჯელო წინასწარ მოითხოვეს.

ამის მიზეზი "როსტოვში" არსებული სისტემა ყოფილა - იქ ფეხბურთელები ხელფასს ყოველ სამ თვეში ერთხელ იღებენ. ძიუბამ და ანანიძემ მოთხოვნა ხელმძღვანელობას ჯერ კიდევ დეკემბრის თვეში წარუდგინეს.

"იზვესტია" წერს, რომ მოთხოვნის ფორმა ულტიმატუმს წააგავდა, ქართველი და რუსი ან მიიღებდნენ, რასაც ითხოვდნენ, ან კლუბიდან წავიდოდნენ.

"როსტოვის"
ხელმძღვანელობას ეს ორი ფეხბურთელი ძალიან უღირს და კლუბის ისტორიაში უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო: როსტოველებმა 6 თვის ხელფასი წინასწარ გადაუხადეს ძიუბას და ანანიძეს.

ასე დარჩენილან ძიუბა და ანანიძე "როსტოვში". სამაგიეროდ, მათ უკვე აღარ აქვთ უფლება უკან დაბრუნების, "სპარტაკმა" რომც მოითხოვოს.

რუსეთის ფეხბურთელთა პროფკავშირის ხელმძღვანელმა ალექსანდრ ზოტოვმა აღნიშნა "იზვესტიასთან" საუბარში, რომ კლუბს არ უჩივლია მათთან ფეხბურთელების საქციელის გამო:

"რუსულ ფეხბურთში ასეთი რამ ძალზე იშვიათად, მაგრამ მაინც ხდება ხოლმე, როცა გუნდი ხელფასს ავანსად გასცემს. საერთო ჯამში, პროფკავშირს კლუბის მიმართ პრეტენზიები არა აქვს - ხელფასები 2-3 თვით კი იგვიანებს, მაგრამ ფეხბურთელები თავისას მაინც იღებენ, რუსული საზომით, საკმაოდ სწრაფადაც".

ჯანო ანანიძემ "როსტოვში" 15 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 7 საგოლე პასი გააკეთა. ძიუბამ 17 მატჩში 12 გოლსა და 3 საგოლე პასს მოუყარა თავი. პირველი რუსეთის ჩემპიონატის საუკეთესო მეპასეთა შორისაა, მეორე ჩემპიონატის ბომბარდირია.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ეს უფრო როსტოველთა ეშმაკობას წააგავს რომ სეზონის ბოლომდე შეენარჩუნებინათ ორივე. და არც ფეხბურთელებს უღირდათ ალბათ სკამზე ჯდომად, უკან გაბრუნება.
eshmakebi
17:38 07-02-2014
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული