ახლახან ფრანგულმა ყოველდღიურმა სარაგბო გაზეთმა "მიდი ოლიმპიკმა" საქართველოს ნაკრების შერკინების ბურჯს, ლევან ჩილაჩავას სტატია მიუძღვნა. გთავაზობთ ამონარიდს ამ პუბლიკაციიდან.
* * *
ქართველი შერკინების ბურჯი, ლევან ჩილაჩავა, რომელიც ახლა 24 წლისაა და ტულონში 2009 წელს ჩამოვიდა. მან ამ დროის განმავლობაში უდიდესი პროგრესი განიცადა და თამამად საფრანგეთში ჩამოსვლიდან ერთ თვეში ლევანი 18 წლის გახდა:
"პირველ წელიწადს ძალიან გამიჭირდა. ყველაფერი ძალიან რთული იყო. როგორია, ჩადიხარ უცხო ქვეყანაში, გხვდება განსხვავებული ცხოვრების წესი, მარტო, მეგობრების გარეშე. როცა ჩამოვედი, თითქმის ყველა დროებით, გასასინჯად ვიყავით გუნდში. მერე კეკეს (შიოსი) და ივალდის დავუმეგობრდი.
ახლა ნოსტალგია აღარ მაწუხებს, მაგრამ, როცა კი თავისუფალი დღეები გვაქვს, მუდმივად ჩემს ოჯახთან მინდა ყოფნა. ძალიან მომწონს ტულონში ცხოვრება".
ლევანის "ტულონში" ჩარიცხვა მის ორ თანამემამულესთანაა კავშირში. მას რამდენიმე ფრანგული კლუბი ეპატიჟებოდა. მათთან ერთად მან "ტულონის" სკაუტების ინტერესიც გამოიწვია.
"ერთ დღეს დავით ქუბრიაშვილმა და გია ლაბაძემ დამირეკეს და მითხრეს, რომ "ტულონი" ჩემით დაინტერესდა. ასე დაიწყო ჩემი ტულონური თავგადასავალი. მართალია, ქუბრიაშვილი და ლაბაძე ახლა გუნდში აღარ არიან, მაგრამ ქართველების ბალანსი არ დარღვეულა.
კარგია, როცა თანამემამულეები გვერდით გყავს. საშუალება გეძლევა მშობლიურ ენაზე ილაპარაკო. ხშირად ვარ მამუკა გორგოძესთან, მას კარგი სახლი და ლამაზი საცურაო აუზი აქვს".
კარლ ჰეიმანი
24 წლის ქართველი შერკინების ბურჯი "ტულონში" თავის პოზიციაზე (#3) პირველი ნომერია. "წლეულს, უწინდელთან შედარებით, ხშირად მიწევს თამაში ძირითად შემადგენლობაში. ეს ძალიან კარგია შემდგომი პროგრესისთვის".
მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს თასის გათამაშებიდან ტრავმირებული დაბრუნდა, მაინც უმალ შეძლო გუნდში ინტეგრირება და ძირითად გუნდში კარლ ჰეიმანის ადგილის დაკავება, რომელიც მისი კერპი და დამრიგებელი იყო.
"კარლი არის ეტალონი. 35 წლისაა და, მიუხედავად ამისა, გიჟივით ვარჯიშობს. რვა მატჩში ვითამაშე გადაბმულად. არ დავიღალე, მაგრამ ძალიან ძნელია. ის თამაშობდა ყველა მატჩში უცვლელად, 80 წუთს. ვერ ვხვდები, ამას როგორ ახერხებდა. სინამდვილეში, ის ყველა შერკინების ბურჯისთვის სამაგალითოა. კარლმა ძალიან ბევრი რჩევა მომცა. მე მასთან გავიზარდე".
მსოფლიოს თასი
ლევან ჩილაჩავას მეხსიერებაში არასდროს წაიშლება მსოფლიოს თასის გათამაშება, რომელშიც მან გასულ შემოდგომაზე იასპარეზა."ეს მართლაც განსაკუთრებული მოვლენა იყო. ასეთი მაღალი დონის ტურნირზე, კარდიფის "მილენიუმზე" "ოლ ბელექსის" წინააღმდეგ მატჩი ცხოვრებაში არ დამავიწყდება.
ამ თამაშებმა, ისევე, როგორც არგენტინასთან და ტონგასთან შეხვედრებმა, ჩვენს გუნდს დიდი გამოცდილება შესძინა. საქართველოს ნაკრები გაიზარდა, განვითარდა, მისი პოპულარობა ქვეყანაში იზრდება. 2011 წლის მსოფლიოს თასის შემდეგ რაგბის გარშემო დიდი აჟიოტაჟი იყო ატეხილი. 2015 წლის გათამაშების შემდეგ კი, სადაც მომდევნო მსოფლიოს თასის საგზური მოვიპოვეთ, ის კიდევ უფრო მეტად პოპულარული გახდა საქართველოში.
თუმცა, ფეხბურთი ჯერ მაინც ნომერ პირველ სპორტად რჩება".
2012 წლის ფინალი
2012 წლის საფრანგეთის ჩემპიონატის ფინალი მისთვის ცუდ მოგონებად იქცა. მან პირველი ნაბიჯები სწორედ მაშინ გადადგა ელიტურ რაგბიში. "ტულონმა" ფინალში "ტულუზთან" 12:18 წააგო. ცუდი მოგონებაა, თუმცა მის კარიერაში გარდამტეხი აღმოჩნდა.
"ფინალის შემდეგ ძალიან ცუდ განწყობაზე ვიყავი. მაშინ 20 წლის გახლდით და ის მარცხი ძნელად გადავიტანე. თითქოს საკუთარი თავის რწმენა დავკარგე.
დახმარების ხელი ჟაკ დელმამ გამომიწოდა, რომელმაც ბევრი რამ მასწავლა ახლო ბრძოლის კომპონენტში. ის მე ძალიან დამეხმარა".
ჟაკი ახლაც განაგრძობს თვალყურის დევნებას, ეხმარება მას. დიდი კონკურენციის მიუხედავად, ჩილაჩავა წინსვლას განაგრძობს. მას "ტულონთან" კონტრაქტი 2019 წლამდე აკავშირებს და არ ეშინია მის პოზიციაზე გუნდში ახალი მოთამაშეების გამოჩენის. პირიქით:
"ყველაფერი წინაა, განვაგრძობ შრომას, მე ყოველივე ეს მომწონს და მინდა მხოლოდ წინ ვიარო".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"