ფრაგმენტები შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნიდან "გუშინ"

AutoSharing Option
შოთა არველაძე პირველი ქართველი ფეხბურთელია, ავტობიოგრაფიული წიგნი რომ დაწერა.

"გუშინ" ჯერაც დახლზე დევს, თუმცა მის შესაძენად ყველას არ მიუწვდება ხელი და გადავწყვიტეთ, ამ წიგნის რამდენიმე ფრაგმენტი "ლელოში" დაგვებეჭდა.

რა თქმა უნდა, ამის ნებართვა თვითონ შოთა არველაძემ მოგვცა. ფრაგმენტები ამ წიგნიდან "ლელოს" სამშაბათის და პარასკევის ნომრებში გამოქვეყნდება.


(იხილეთ დასაწყისი: ტრაბზონი - ალთინ იკიზლარ - ოქროს ტყუპები)


ნაწილი II: ტრაბზონი 1995-1996 - გოლის მეფე
გუნდი უკვე კარგად იყო შეთამაშებული. ჩვენც ჩინებულად შევეწყვეთ "ტრაბზონს". დადგა დრო, სერიოზულ წარმატებაზე, ანუ თურქეთის ჩემპიონატზე გვეფიქრა.

კარგ
ფორმაში ვიყავით, ხალხს უკვე ძალიან ვუყვარდით და ყველა იმას მეკითხებოდა, თურქეთის ჩემპიონატის ბომბარდირი გავხდებოდი თუ არა. ეს საკითხი ძალიან აქტუალური გახდა. თუ შოთას ბომბარდირობა სურს, "ტრაბზონის" პენალტისტიც ის უნდა იყოსო, მაგრამ ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში პირდაპირ განვაცხადე, - ბომბარდირი ისე გავხდები, ერთ პენალტსაც არ დავარტყამ-მეთქი.

ბომბარდირობა უპენალტოდ?! - ასეთი რამ თურქეთის ჩემპიონატზე მანამდე არ მომხდარა და ძალიან მინდოდა, რომ პირველად მე გამეკეთებინა. ბევრი კონკურენტი მყავდა: ნიგერიელი ამოკაჩი და ერთოღლუ - "ბეშიქთაშიდან", ჰაკან შუქური და გეორგე ჰაჯი - "გალათასარაიდან", ბალიჩი, აიკუტი და კოსტანდინოვი - "ფენერბაჰჩედან", ჰამი - "ტრაბზონიდან".

..."კარადენის ფრტნასი"! - ქართულად ეს შავი ზღვის ქარიშხალს ნიშნავს და "ტრაბზონსპორის" მეორე სახელია. 1994-95 წლების სეზონში გუნდი ამ სახელს აშკარად ამართლებდა. შეტევაზე ქარიშხალივით მივქროდით - 4:0, 5:0, - ჩვეულებრივი ანგარიში გახდა ჩვენთვის. არც სახელიან გუნდებს ედგათ კარგი დღე - "ბეშიქთაშთან" 4:1-ით მოვიგეთ, ერთი გოლი მე გავიტანე, ორი - აჩიმ. "გალათასარაიც" ამავე ანგარიშით დავამარცხეთ. ორი ბურთი შევაგდე და ორი საგოლე გადაცემაც შევასრულე.

"ტრაბზონმა" იმ ჩემპიონატში 112 გოლი გაიტანა და ზედიზედ 14 მატჩი მოიგო, რაც იმ დროისთვის თურქეთის რეკორდი იყო. თითქმის მთელი სეზონი პირველ ადგილზე ვიყავით, მაგრამ ბოლოში, ალბათ, ღმერთი გაგვიწყრა, როცა ღმერთს რამე არ სურს, არასოდეს მოხდება!..

იმ სეზონში ულამაზესი გოლები გავიტანე. თითქოს ყველაფერი თავისით მიდიოდა, თამაშებს ადვილად ვიგებდით, ჩემპიონატის არცერთი მატჩი არ გამომიტოვებია და ოცდათოთხმეტივე მაღალ დონეზე ჩავატარე. თურქეთში გატარებული წლები ერთ-ერთი საუკეთესოა ჩემთვის, როგორც ფეხბურთელისთვის და როგორც პიროვნებისთვის. ბევრი რამ ვისწავლე და ბევრი კარგი მოგონება დამრჩა.

ჩემპიონატის მეორე ეტაპი იყო. ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ რაღაცნაირად ვგრძნობდი, რომ სულ ასე არ იქნებოდა, რაღაც ცუდი მოხდებოდა, რაღაც ჩაგვიმწარებდა ამ ბედნიერებას. ერთ-ერთი გასვლითი მატჩის წინ - "ბურსასთან", კისერი გამიშეშდა და თამაშის წინა დღეს შენოლ გიუნეშმა დამასვენა - არ ივარჯიშო და მატჩის დღეს იქნებ უკეთესად იყოო. ბაზაზე ვარ, მასაჟს ვიკეთებ და რას ვხედავ, - მეორე მასაჟისტს აჩი ხელში აყვანილი მოჰყავს!.. მაშინვე ცუდი მიგრძნო გულმა, აჩი გაფითრებული იყო.

- თოლუნაიმ "პადკატი" გამიკეთა, მუხლი ძალიან ცუდად ჩამეკეცა... მგონი, ჯვარედინა იოგი კიდევ გავიწყვიტე და თავსაც მოვიკლავო!..

აჩის ეს სიტყვები არასდროს დამავიწყდება, გული დამეთუთქა. ისიც კი არ შემეძლო, მასთან დავრჩენილიყავი... 2-3 საათში ბურსაში მივფრინავდით.

თუ ნამდვილი პროფესიონალი ხარ, ყველანაირ სენტიმენტებს უნდა მოერიო, მაშინაც კი, როცა საქმე აჩის ეხება. გზაში, თუ ვინმე ვიცოდი, ვისაც ჯვარედინა იოგზე ოპერაცია ჰქონდა გაკეთებული, ყველას დავურეკე. ყველაფერს დაწვრილებით ვეკითხებოდი და აჩის მონაყოლს ვადარებდი.

მოკლედ, ფსიქოლოგიურად განადგურებული ვიყავი. აჩიმ ჯვარედინა იოგი მეორედ გაიწყვიტა!.. მისი კარიერა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა! იმ დროისთვის ჩემპიონატში 16 გოლი მქონდა გატანილი, აჩის - 12...

ჯემალმა ულვაში მოუშვა, სანამ შენ და აჩი ერთად არ ითამაშებთ, მანამდე არ გავიპარსავო.

ბურსაში ჰამის გოლით გავიმარჯვეთ და მეორე წრეში საჩემპიონო რბოლას ჩვენ და "ფენერი" შემოვრჩით. "ფენერს" ბრაზილიელი პერეირა წვრთნიდა, ვისი ხელმძღვანელობითაც ბრაზილია 1994 წელს მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. პერეირა "ფენერს" სამი მცველით ათამაშებდა, წინ ამოწეული ლიბეროთი, რაც თურქულ ფეხბურთში სიახლე იყო. ასეთი ტაქტიკა მათთვის ეფექტური გამოდგა. პირველ წრეში მის გუნდთან სტამბულში - 1:3 წავაგეთ.

ჩემპიონატის დასრულებას ხუთი ტური აკლდა, "ფენერს" ოთხი ქულით ვუსწრებდით. აჩი გერმანიაში იყო, სარეაბილიტაციო კურსს გადიოდა და იქიდან მამხნევებდა.

ჩემპიონატის ცხრილის ბოლოში მოყურყუტე "ვანსპორს" ვმასპინძლობდით და ჩვენგან ყველა დიდი ანგარიშით გამარჯვებას ელოდა. ბურთი 13-ჯერ (!) გავარტყით "ვანსპორის" კარის ძელს. მეტოქემ კი კონტრშეტევაზე გამოგვიჭირა და 0:1 წავაგეთ. "ფენერთან" სხვაობა ერთ ქულამდე შემცირდა.

მომდევნო ტურში ლეო ბენჰაკერის გაწვრთნილ "ისტამბულსფორს" 4:1 მოვუგეთ! მე ჰეთ-თრიკი შევასრულე. ამის შემდეგ კი იყო თამაში, რომელსაც მთელი თურქეთი დიდი ხანი ელოდა.
Sportall.Geთამაშამდე ერთი კვირით ადრე უკვე საგიჟეთი იყო ტრაბზონში. "ფენერს" ერთი ქულით ვუსწრებდით და ფრეც კი ნორმალური შედეგი იქნებოდა ჩვენთვის, მაგრამ ფრეზე არავინ ფიქრობდა, მხოლოდ და მხოლოდ მოგება!

19 წლის შემდეგ "ტრაბზონს" პირველად ჰქონდა ჩემპიონობის დიდი შანსი.

ტრაბზონში, მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე, უკვე ლურჯ-ყვითლად გაწყობილ კუბოს მაკეტებს დააქროლებდნენ... ლურჯი და ყვითელი ხომ "ფენერის" ფერებია.

გამოფინეს კლუბის პრეზიდენტ ალი შენის საშინელი კარიკატურებიც. ტრაბზონელები იქადნებოდნენ, "ფენერს" ჯოჯოხეთს მოვუწყობთო.

ეს ყველაფერი ჩვენზე - "ტრაბზონის" ფეხბურთელებზეც მოქმედებდა. ზედმეტ დაძაბულობას ვგრძნობდით, ფსიქოლოგიურად ვიფიტებოდით, მაგრამ რაღაცნაირი გრძნობა თუ ინტუიცია გამიჩნდა - თუ წავაგებდით, ჯოჯოხეთი უკვე ჩვენ გველოდა.

საღამოს რვა საათი, გადაჭედილი სტადიონი, მხოლოდ ჩვენი ფანების ხმა ისმის...

- "სიქერის ფენერბაჰჩე"! - (ჩვენ გავჟიმავთ "ფენერს"!) - ამას ყვიროდა ოცდარვაათასი კაცი სტადიონზე და დანარჩენი 200 ათასი კი ტელევიზორთან.

27-ე წუთი. ბურთი საჯარიმოში მივიღე. ერთი შეხებით შემოვტრიალდი და ბურთი აბდულას დავუგორე. აპომ (როგორც მას თანაგუნდელები ვეძახდით) ჩინებულად დაარტყა და 1:0!..

აბდულას გოლს ისეთი გრუხუნი მოჰყვა, მეგონა, სტადიონი ტომისა და ჯერის სახლივით დაიკეცებოდა ან ტრიბუნები ჩამოინგრეოდა.

ასე დასრულდა პირველი ტაიმი... აღარ მახსოვს, რა გვითხრა გიუნეშმა შესვენებაზე. ყველანი კმაყოფილები ვიყავით. მეორე ტაიმის 75-ე წუთამდე განსაკუთრებული არაფერი მომხდარა. "ფენერს" შეტევების ძალა არ ჰქონდა და ჩვენ კართან საგოლე მომენტები არ იქმნებოდა. 75-ე წუთზე კი "ტრაბზონის" საჯარიმოს მისადგომებთან ჯარიმა დაინიშნა... კარამდე ოციოდე მეტრი იქნებოდა. ცოცხალ კედელში ჩავდექი და როცა "ფენერის" კაპიტანმა ოუზმა ჯარიმა დაარტყა, უკან მოხედვა არ მინდოდა. რაღაცნაირად ვიგრძენი, რომ ბურთი კარში აღმოჩნდებოდა და ასეც მოხდა - 1:1!

დავიბენით, თუმცა ორ წუთში შოკმა გადაიარა და ისევ შეტევაზე გადავედით. თამაში კვლავ ჩვენი კონტროლით მიდიოდა. გოლის გატანა გვინდოდა, მაგრამ 84-ე წუთზე კონტრშეტევა გაგვეპარა და "ფენერის" თავდამსხმელმა - აიკუტ ქოჯამანმა საქმე მოგვითავა - 1:2!

ქოჯამანი თურქულ ენაზე ძალიან დიდს ნიშნავს - "ნასილ კოიდუ აკუტ ქოჯამან" (როგორ შეუდო ძალიან დიდიო...) - თარგმანი საკმაოდ არაკორექტულად ჟღერს, - ასე შეგვამკო "ფენერის" მცირერიცხოვანმა გულშემატკივარმა. ამ სიტყვებისთვის რაც დაემართებოდათ, ალბათ, ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს...

მატჩი მალევე დამთავრდა... ჩვენი გულშემატკივრები გაოგნებულნი იყვნენ. ზოგს გულმა უმტყუნა და საავადმყოფოში გააქანეს, ზოგიც ცაში იყურებოდა და პასუხს ღმერთისგან ელოდა, რატომ მოხდა ასეო... მე კი "ფენერის" კარის ძელთან ჩავჯექი და დაახლოებით ოცი წუთი ასე ვიყავი. მერე თანაგუნდელები მოვიდნენ და გასახდელში შემიყვანეს.

ჩემპიონატის დამთავრებამდე ორი ტური იყო დარჩენილი. "ფენერმა" მთელი ჩემპიონატის განმავლობაში პირველად გადაგვისწრო და მას ვეღარ დავეწეოდით. დარჩენილ თამაშებს "ფენერიც" მოიგებდა და ჩვენც.

(გაგრძელება იქნება)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული