ყიფიანი ფეხბურთის ფედერაციის ბავშვთა ფეხბურთის განყოფილებაში მუშაობდა, იყო თბილისის "ლოკომოტივის" გენერალური დირექტორი, მაგრამ ნოდარ ახალკაცის დროს ფედერაციას დაუპირისპირდა და მიხეილ ყაველაშვილთან და გოჩა ჯამარაულთან ერთად დააფუძნა მოძრაობა "ჩვენი ფეხბურთი", რომელიც ამ სფეროში ძირეულ რეფორმებსა და სახელმწიფოს ჩაურევლობას ემხრობა.
მერე ჰქონდა მცდელობა, რომ ფეხბურთის ფედერაციასთან ეთანამშრომლა, მაგრამ აღმასკომში არ აირჩიეს, რაც
გარდა ამისა, "ჩვენი ფეხბურთი" და ყიფიანი საქართველოში მოთამაშეთა და მწვრთნელთა საერთაშორისო პროფესიულ კავშირს, "ფიფპროს" წარმოადგენს.
- ლამის 6 წელიწადია, საფეხბურთო ოპოზიციას წარმოადგენთ. ამბობენ, ხელისუფლებაში მისული ოპოზიციონერი იმას ემსგავსება, ვისაც ებრძოდაო. ალბათ, თავადაც ფიქრობთ, რა უნდა გააკეთოთ, ასე რომ არ მოხდეს.
- უპირველესად, მადლობა ბატონ ბიძინას და კოალიციას, რომლებმაც ნდობა გამომიცხადეს და ჩემი კანდიდატურა ასეთ საპასუხისმგებლო პოსტზე წარადგინეს.
რა თქმა უნდა, ეს ჩემთვის მოულოდნელი შემოთავაზება იყო, მაგრამ ძალიან საინტერესო და საპასუხისმგებლოც. მზად ვარ, ქართული სპორტისთვის მნიშვნელოვანი პროექტები განვახორციელო იმ გუნდთან ერთად, რომელსაც საქართველოს მოსახლეობამ ქვეყნის ბედი ჩააბარა.
წინამორბედებს რომ არ დავემსგავსოთ, ამის წამალი რევანშიზმის თავიდან ამოგდება იქნება. ეს გრძნობა არც გვამოძრავებს.
- რა იქნება თქვენი პრიორიტეტი?
- სპორტის დეპოლიტიზაცია, ინფრასტრუქტურული პროექტები და სპორტის ხელმისაწვდომობა. სპორტის განვითარებისთვის სამივე უმნიშვნელოვანესი საკითხია.
დეპოლიტიზაციის გარეშე შეუძლებელია პროფესიონალების მოზიდვა. ასე კომუნისტურ ეპოქაში ჩავრჩებით, როდესაც მხოლოდ პარტიის წევრებს ენდობოდნენ. არადა, ეს საქართველოა, სადაც ყველას საკუთარი აზრი აქვს, მაგრამ ჩვენ ერთმანეთში არა განსხვავებას, არამედ საერთოს უნდა ვეძებდეთ.
ჩემი აზრით, ეს პრინციპი უნდა გახდეს ქვეყნისა და ხალხის გაერთიანების საფუძველი. ფედერაციები შიშის ქვეშ რომ არ უნდა მუშაობდნენ, ამიტომ უნდა შეიცვალოს ეს მანკიერი სისტემა.
- წლებია, საკანონმდებლო ბაზის შეცვლაზე ლაპარაკობდით.
- სხვაგვარად სპორტი და ქვეყანა ვერ განვითარდება. ამ საკანონმდებლო ინიციატივებით შესაძლებელი გახდება ინვესტიციების მოზიდვა და სასურველი გარემოს შექმნა.
კანონი სპორტის შესახებ არასაკმარისია, მას განვითარება და თანამედროვე მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა სჭირდება. ამიტომ აუცილებელია სამუშაო ჯგუფების შექმნა, რომელიც შეაფასებს, რა რესურსები არსებობს ქვეყანაში, რა მიმართულება იქნება გამართლებული და რა სახის კანონმდებლობა გვჭირდება.
სწორედ ზუსტი შეფასება განავითარებს სპორტს და საქართველო უნდა გახდეს ნამდვილი სპორტული ქვეყანა.
- განსაკუთრებული თემა არის საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია. შესაძლოა, მის მიმართ პრეტენზიები გქონდათ, მაგრამ გულშემატკივრებს აინტერესებთ, იქნება თუ არა საკადრო ცვლილებები..
- ფედერაციის საქმიანობაში ჩარევა გამორიცხულია! "ჩვენი ფეხბურთი" სწორედ ხელისუფლების ჩარევის წინააღმდეგ იყო და ახლა იგივე თავად რომ დავიწყოთ, გულშემატკივარი ამას არ გვაპატიებს. მეტიც, არც უნდა გვაპატიოს!
ეს არის მომავალში განსახილველი თემა, რაც საფეხბურთო სამყარომ ზეწოლის გარეშე უნდა გადაწყვიტოს. დრო ყველაფერს გამოაჩენს, მაგრამ ფედერაციის საკითხი კანონის ფარგლებში უნდა მოგვარდეს და პროფესიონალებმა გადაწყვიტონ.
თუ ჩემი კანდიდატურა დამტკიცდება, გვსურს საქმიანი, კარგი ურთიერთობა დავამყაროთ, რომ არ იყოს დაძაბულობა და რევანშისტული განწყობები - ასე საქმე გაფუჭდება და საერთოდ, რევანშიზმის მოწინააღმდეგეები ვართ. მაგრამ ორი აზრი არ არის, რომ ფედერაციის მუშაობა, მისი წესდება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისობაში უნდა მოვიდეს. მაგრამ ვიმეორებ, ეს პრობლემები სამუშაო პროცესში უნდა მოგვარდეს და არა დაპირისპირების ფონზე.
ნაკრებებს თამაშები აქვთ, მიმდინარეობს ეროვნული ჩემპიონატი და უპირველესად, მათ შეუფერხებლად ჩატარებაზე უნდა ვიფიქროთ და არა სკამების განაწილებაზე. პირიქით, ჩვენი მხრიდან რა დახმარებაც გახდება საჭირო, გვერდში დავუდგებით, რადგან საქმე ეხება ქართულ ფეხბურთს. ჩვენი პიროვნული დამოკიდებულებები კი ჩვენთვის უნდა დავიტოვოთ.
- პირადად ზვიად სიჭინავას მიმართ როგორია თქვენი დამოკიდებულება?
- საქმიანი და კანონიერი.
- ალბათ, მიხეილ ყაველაშვილიც დაბრუნდება...
- აუცილებლად დაბრუნდება!
- მართალია, თითქოს საქართველოში ვერ ჩამოდიოდა და ხელისუფლებასთან პრობლემები ჰქონდა?
- პრობლემები მართლაც ჰქონდა, მაგრამ ეს პრობლემები მოიხსნა და უახლოეს მომავალში აუცილებლად ჩამოვა საქართველოში.
- შესაძლოა, რომ ყაველაშვილი სპორტის სამინისტროში თქვენს გვერდით ვიხილოთ?
- ყაველაშვილი არის არა მხოლოდ ჩემი მეგობარი, არამედ გონიერი და მოაზროვნე კაცი და მისი გადასაწყვეტია, სად და როგორ გააგრძელებს საქმიანობას. მე კი ვისურვებდი, რომ ჩემს გვერდით იყოს.
- სამინისტროს დაკომპლექტება უკვე იწყება და თქვენს გუნდში კიდევ ვის ისურვებდით?
- მიახლოებითი ვარიანტი წარმოდგენილი მაქვს, მაგრამ ჯერ სამინისტრო არ დაკომპლექტებულა.
- აპირებთ ითანამშრომლოთ "ჩვენი ფეხბურთის" კიდევ ერთ დამფუძნებელთან, გოჩა ჯამარაულთან?
- მომეცით რამდენიმე დღე და ყველაფერს შეიტყობთ.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრად ლევან ყიფიანი წარადგინეს
კახა კალაძე: გპირდებით, საქართველოში "მილანიც" ჩამოვა და სხვა ვარსკვლავებიც