კვირის 1000 წვრილმანი: ქუთაისში ფეხბურთი სულ უნდათ

AutoSharing Option
ფოტოზე:

ლიბერტარიანულ პრესაში ამოვიკითხე, რომ სექსი სიამოვნებაა და უფასო არაფერი ვარგა.

იქვე აღარ ეწერა ის, უფასო სექსი ვარგა თუ არა.

ლიბერტარიანულ პოსტულატებში სიმართლე გითხრათ, კარგად ვერ ვერკვევი, თუმცა მანდაური ტენდენციები ასე თუ ისე ცნობილია ქართველი ბიურგერებისთვის.

ლიბერტარიანელები ჩამონაკვთულად აწვდიან თავიან მოსაზრებებს საზოგადოებას და ჩამონაკვთული სტილიც თავისი ხიბლითა და აგრესიული პიარით აღწევს ნაცრისფერ ნივთიერებამდე.

უფასო კი ფეხბურთიც არ ვარგა და ფეხბურთიც სიამოვნებაა.

ქუთაისის "ტორპედოს" აღორძინება "ვისოლის" ხვედრი შეიქნა. ამ კომპანიამ მართლაც ბევრი გააკეთა "ტორპედოსთვის" და ამის არდანახვა შეუძლებელია. ოღონდაც ეს "ტორპედო"
მე მაინც ლიბერტარიანული პროექტი მგონია, უფრო სწორად ქართველურ-ლიბერტარიანული.
უფასო არაფერი ვარგაო და ლიბერტარიანული გაგებით, ალბათ არც სიყვარული ვარგა უფასო.

ფეხბურთი ჩვენთან ბიზნესი არ არის, მაგრამ ფეხბურთის სიყვარულის გამო ამ საქმეში მილიონებს ხარჯავდა ზურაბ ფოცხვერიას "ამერი", ილია კოკაიას "ზესტაფონი", გურამ რუხაძის "ვიტ ჯორჯია"... ცხადია, ისინი ლიბერტარიანელები არ არიან.

და "ვისოლის" და "ტორპედოს" შემთხვევაში როგორ არის?

აღორძინებული "ტორპედო", რომელიც მხოლოდ მაღალი მიზნებისთვის იბრძოლებს - ანუ ესეც ის შემთხვევა, როცა უფასო არაფერი ვარგა.
გაქვს საათივით აწყობილი ბიზნესი? ჰოდა, ფული ფეხბურთშიც უნდა გამოუშვა, ფეხბურთი ხალხს სჭირდება, ფეხბურთი ბანგია ღარიბი და გაჭირვებული ხალხისთვის, უფასო არაფერი ვარგა და კარგი ბიზნესი რომ გაქვს, ამაშიც ფული უნდა გადაიხადო.

ჰოდა გადაიხადეს. მერე ქვეყანაში ცვლილებები მოხდა, გადამხდელმაც დაინახა, რომ აღარ ავალებენ ფეხბურთში ფულის ხარჯვას და რომ ბიზნესი ფეხბურთის გარეშეც შეუძლია აკეთოს.

კარგი მწვრთნელიც არ ვარგა უფასოდ. "ტორპედოს" არ ჰქონია "დინამო თბილისის" თუ გორის "დილას" დარი მსუყე ბიუჯეტი, თუმცა არც ხურდაში ჰყოლია კარგი მწვრთნელი და ფეხბურთელები.

მოკლედ, გაჩნდა რა ფულის დაზოგვის საშუალება იმ საქმეში, რომელიც დიდად არადროს არ გყვარებია, ჯიქურ მოხდა ხარჯების შემცირება.

ევროსარბიელი კი პრიმასტერების ტურნირი არ გახლავთ და 0:3 "ჟილინასგან" სავსებით ლოგიკურია. პრიმასტერებს აწი საქართველოს ჩემპიონატშიც მოუწევთ თამაში და ვნახოთ, იქ ალბათ კიდევ იქნება პრიმასტერული გუნდები და 0:3 ხშირი ანგარიში აღარ უნდა იყოს.

ქუთაისი კი სპეციფიკური ქალაქია, იქაურებს განსაკუთრებული თავმოყვარეობა აქვთ, ფეხბურთში მათ ბევრი უნახავთ და ქუთაისელებს იოლად ვერავინ ვერ მოატყუებს, მათ შორის ვერც ჩამონაკვთული ლიბერტარიანელი.

ქუთაისში ფეხბურთი სულ უნდათ.

* * *
ზესტაფონში ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობაც ჩავიდა. კლუბის პრეზიდენტი, ქალაქის ხელმძღვანელობა, ზესტაფონის მაჟორიტარიო დეპუტატი - "ზესტაფონის" საკითხი წყდებოდა და საქმეს კარგი პირი უჩანს.

კოკაია თმობს მისივე გაკეთებულ ინფრასტრუქტურას და პირობას დებს, რომ "ზესტაფონი" ისევ მოწინავე გუნდი იქნება.

"ზესტაფონმა" გია გეგუჩაძეს გუნდში დაბრუნება შესთავაზა, თუმცა ამ ამბავს გაგრძელება ჯერ არ მოჰყოლია.

მწვრთნელი კლუბის ხერხემალია - კოკაიას ეს კარგად ესმის და ამიტომაც დაფიქრდა გეგუჩაძეზე.

დრო გადის, "ზესტაფონი" კი ჯერაც უმწვრთნელოდაა. გეგუჩაძე პრინციპული მწვრთნელია, ოღონდ სამუშაო შესთავაზო და ყველანაირ პირობას დათანხმდება - გეგუჩაძე ამაზე არ წავა.

კარგი მწვრთნელის გარეშე კი კლუბის პრეზიდენტის მიერ დახარჯული მილიონები წყალში იყრება.

ღონიერი "ზესტაფონი" ძალიან სჭირდება საქართველოს ჩემპიონატს. ლიხს იქითაც თუ არ გაჩნდა ისეთი გუნდი, ჩემპიონობისთვის რომ იბრძოლებს, ქართულ სტადიონებზე ფეხბურთის ხმები მოგუდული იქნება. ამიტომაც "ზესტაფონს" სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს.
კოკაიას კი ისღა დარჩენია, მიზანი კარგად გაისწოროს და ათიანში მოარტყას - მწვრთნელის შერჩევაში თუ არ დაუშვებს შეცდომას, "ზესტაფონის" ხელახლა მომძალვრებას წინ არაფერი დაუდგება.

* * *
ჯანო ანანიძე მოსკოვის "სპარტაკიდან" "როსტოვში" გადავიდა. ერთი შეხედვით, ეს წინგადადგმული ნაბიჯი არ არის, მაგრამ თუ ანანიძე "როსტოვში" ათამაშდება და გუნდის საკვანძო ფეხბურთელი გახდება, ეს საქართველოს ნაკრებსაც წაადგება.

ანანიძეზე რას აღარ ამბობდნენ, ზოგი მას ლონდონის "არსენალში" უშვებდა, ზოგიც "ჩელსიში", იყო სხვა ვარიანტებიც, მერე გაჩნდა "ურალი", საბოლოდ კი "როსტოვი".

ჯანოს კარგი მონაცემები ჯერ საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში ვნახეთ, უპირველეს გუნდში კი მისი გაბრწყინების მოლოდინში ვართ. ეროვნული ნაკრები სულ სხვა დონეა და ვნახოთ, იქნებ "როსტოვმა" გამოაწრთოს საამისოდ ჩვენებური.

ანანიძე ძალიან საინტერესო ფეხბურთელია და თუ ამის იქითაც გაიჭრება, "როსტოვში" უნდა გამოჩნდეს.

* * *
არჩილ არველაძე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სპორტულ დირექტორად დაინიშნა. ეს მისი ოფიციალური თანამდებობაა, რეალურად კი მას ალბათ სხვა რამეც დაეკისრება.

ფედერაცია ძალიან უხერხულ მდგომარეობაშია ჩავარდნილი ეროვნულ ნაკრებში და მის გარშემო შექმნილი სიტუაციის გამო. მწვრთნელსა და ფეხბურთელებს შორის ისეთი ურთიერთობაა, აფეთქებას ნებისმიერ დროს უნდა ველოდოთ. აჩი არველაძე კი ის კაცია, ვისაც ნაკრების ფეხბურთელებთან ურთიერთობა არ გაუჭირდება და მწვრთნელთანაც გამონახავს ურთიერთობის დალაგების საშუალებებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ყველა მიხვდა რა ხვიტოც არის კოკაია და მასთან არცერთ მწვრთნელს არ უნდა საქმის დაჭერა. ახლა თავი სულ რომ არ მოეჭრას სერბეთიდან მოყავს მწვრთნელი და 10 ჯერ ძვირი უჯდება!!! გეგუჩა მოსული იყო და მარა კოკაია რასაც შეპირდა მერე უარი უთხრა, როგორც იცის ხოლმე...
dato
12:23 08-07-2013
0
საქმეც მაგაშია ფეხბურთი ბიზნესი რომ არ არის და მარტო სიყვარულით პროფესიონალურ კლუბს გამართულ ინფრასტუქტურას ვერ შექმნი.
Gogita
13:39 07-07-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული