გიორგი დევდარიანი: ვერ შევეგუებოდი, ფული ამეღო და გუნდი უმაღლესში ვერ გადასულიყო

AutoSharing Option
გიორგი დევდარიანი პირველი ლიგის B ჯგუფში მეორე ადგილზე მყოფ "სამტრედიის" მთავარი მწვრთნელი უნდა გამხდარიყო, თუმცა ასე არ მოხდა და "დილას" ყოფილი თავკაცი თბილისის "ლოკომოტივში" იმუშავებს - ეს გუნდიც პირველლიგელია.

"დინამოს", "თბილისისა" და საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრების ექსდამრიგებელი შემტევი სტილის მიმდევარია, საინტერესო მწვრთნელად ითვლება და ეს "დილაში" მუშაობითაც დაამტკიცა.

გარდა ამისა, ამ სპეციალისტს მკვეთრად ჩამოყალიბებული პრინციპებიც აქვს და ამითიც არის გამორჩეული. დევდარიანს რამდენიმე კითხვა დავუსვით.

- თითქოს ყველაფერი იქითკენ მიდიოდა, რომ "სამტრედიაში" უნდა დაგეწყოთ მუშაობა. რატომ არ გამოვიდა ეს საქმე?

-
ჩავედი კიდეც სამტრედიაში და მქონდა მოლაპარაკება კლუბის მესვეურებთან, მაგრამ ბოლო მომენტში საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა ვერ ავიღე.

- რას გულისხმობთ?
- კლუბის ხელმძღვანელობისა და გულშემატკივრების მოლოდინი ასეთია - "სამტრედია" უმაღლეს ლიგაში უნდა გადავიდეს. თუმცა საქმე ისაა, რომ კლუბის ბიუჯეტი 145 ათასი ლარია.

შედარებისთვის - პირველ ადგილზე მყოფი ბათუმის "დინამოს" ბიუჯეტი 1 300 000 ლარია და, შესაბამისად, უფრო ძლიერი ფეხბურთელებიც ჰყავს.

მიკვირს და ვაფასებ "სამტრედიის" მწვრთნელის, უჩა სოსიაშვილის მიერ გაწეულ სამუშაოს - მისი გაწვრთნილი გუნდი ხომ ახლა მეორე ადგილზეა...

"სამტრედიამ" ჩემთვის სასარგებლო წინადადებით მომმართა; იმხელა ხელფასი შემომთავაზა, უმაღლესი ლიგის ბევრ მწვრთნელს რომ არ აქვს, მაგრამ ჩემთვის ფული არ არის ყველაფერი.

ბათუმის "დინამოს" მწვრთნელი კობა ჟორჟიკაშვილი მართლაც კარგი სპეციალისტია, "სამტრედიაზე" თითქმის ათჯერ მეტი ბიუჯეტი აქვს და როგორ მეჯობნა მისთვის?! მე არ ვიცი, ამ ბიუჯეტით როგორ უნდა გადავიყვანო გუნდი უმაღლეს ლიგაში.

იყო მეორე თემაც - აქცენტის გაკეთება ახალგაზრდა ფეხბურთელებზე, მაგრამ "სამტრედიას" ამ ეტაპზე ყველაზე უფრო უმაღლესში გადასვლა აინტერესებს.

უჩა სოსიაშვილი დამწყები მწვრთნელია და დასაკარგი არაფერი აქვს, მე კი უფრო გამოცდილ და რეკლამირებულ სპეციალისტად ვითვლები და "სამტრედიაში" რომ მივსულიყავი, რა თქმა უნდა, უკეთესი შედეგის მოთხოვნაც იქნებოდა.

კატეგორიულად არ უთქვამთ, გინდა თუ არა გუნდი ახლავე უმაღლეს ლიგაში უნდა გადაიყვანოო, მაგრამ შევატყვე, რომ ყველას საამისო მოლოდინი და განწყობა ჰქონდა.

მადლობას ვუხდი "სამტრედიას" და მის გულშემატკივარს ყველაფრისთვის, მაგრამ ფული ამეღო და მერე გუნდი ვერ გადასულიყო უმაღლეს ლიგაში - ამას ვერ შევეგუებოდი.

ფული მჭირდება, ოღონდაც არა - ვინმეს მოტყუების ხარჯზე. ისიც ფაქტია, რომ სეზონის მეორე ეტაპისთვის მომძლავრდნენ თბილისის "ლოკომოტივი", "მაჭახელა" და სასკო, რითიც უმაღლესი ლიგის საგზურის მოპოვება უფრო გართულდება.

- გადაწყვეტილია, რომ თბილისის "ლოკომოტივში" იმუშავებთ?
- ლექსო თოფურიამ და ვასილ მაისურაძემ მთხოვეს, დავხმარებოდი. "ლოკომოტივს" მაისურაძე წვრთნის და პირდაპირი გაგებით, ჩემი დასახმარებელი არაფერი სჭირს, თუმცა მოგეხსენებათ, მაისურაძე საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელიცაა და სანაკრებო პერიპეტიების დროს მთლიანად ნაკრებზე გადართვა მოუწევს.

ისიცაა, რომ "ლოკომოტივში" საქართველოს იმ 19-წლამდელთა ნაკრების რამდენიმე წევრი და კანდიდატია თავმოყრილი, რომელიც მე უნდა გავწვრთნა ამ ნაკრებში მაისურაძის მერე და შემოდგომაზე ევროშესარჩევში ვითამაშოთ.

ვფიქრობ, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, "ლოკომოტივში" ჩემი მისვლა კარგი გადაწყვეტილება იქნება. მოკლედ, "ლოკომოტივში" დამხმარე მწვრთნელად ვიმუშავებ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
აბა ჩვენ გამოჩენილ კახის ხო ვხედავთ რა ყოფასა და ბიუჯეტში ყოლია მისი მშობლიური ქალაქ სამტრეიდიის გუნდი.ღმერთმა უმრავლოს ეგეთი პატრიოტი და ჩემპიონთა ლიგის მფლობელები საქართველოს.
fani
11:07 21-01-2014
0
დევდარიანის და მაისურაძის იმედზე ვართ ქართული ფეხბურთის გულშემატკივრები!იმედი გვაქვს,რომ მომავალში საქართველოს ნაკრებს პრობლემა არ ექნება შესარჩევებში!
akhali
19:10 20-01-2014
0

სიახლეები პოპულარული