რატომ დაიბარა ირაკლი ღარიბაშვილმა ლევან ყიფიანი და ზვიად სიჭინავა?

AutoSharing Option
როგორც ჩანს, სპორტის სამინისტროსა და ფეხბურთის ფედერაციას შორის მომრიგებელი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გახდა.

ორი უწყების ურთიერთობას "ტკბილი" რომ არ ეთქმის, ეს რამდენიმე დღის წინათაც გამოჩნდა, როცა სამინისტრომ თემურ ქეცბაიასთვის ხელფასის გადახდაზე უარი თქვა. ზვიად სიჭინავამ კი სამინისტროს რეკომენდაცია არ გაითვალისწინა და სახელმწიფო დახმარების დიდი წილი, ასაკობრივი ნაკრებების ნაცვლად, უმაღლესი ლიგის კლუბებისთვის გადადო.

იხილეთ:
ქეცბაიას ხელფასის მოსალოდნელი სეკვესტრი ახალ სკანდალს ამწიფებს

სწორედ ამ "საქმის გასარჩევად" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ვიცე-პრემიერ კახა კალაძესთან ერთად, სპორტის მინისტრი ლევან ყიფიანი, ფედერაციის პრეზიდენტი სიჭინავა და ვიცე-პრეზიდენტი რევაზ
არველაძე
თავისთან დაიბარა.

თავის მხრივ, ფედერაციის ჩინოსნებმა პრემიერთან შეხვედრაზე ქართული ფეხბურთის ავტორიტეტები - ალექსანდრე ჩივაძე და მურთაზ ხურცილავა იახლეს.

შეხვედრისას კონკრეტული არაფერი თქმულა, თუმცა პრემიერ-მინისტრს მხარეთა მისამართით რამდენიმე ტაქტიანი შენიშვნა გამოუთქვამს და ეს საქმე ინფრასტრუქტურის მინისტრ დავით ნარმანიასთვის გადაუბარებია.

ფედერაციის ხელმძღვანელები ნარმანიას 10 თებერვალს შეხვდებიან, დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გაესაუბრებიან და, სავარაუდოდ, საღამოსთვის პრესკონფერენციასაც გამართავენ. იქ, ალბათ, უფრო წვრილად იტყვიან სამინისტროსთან ჯერაც დაულაგებელ ურთიერთობასა და პრემიერ-მინისტრთან ვიზიტზე, რის თაობაზეც შეხვედრის ვერც ერთ მონაწილეს სიტყვაც ვერ დავაცდენინეთ.

შეხვედრის ერთმა პატივცემულმა მონაწილემ ისიც კი თქვა - სერიოზული არაფერი ყოფილაო (გამოდის, პრემიერ-მინისტრთან არასერიოზულ თემებზე ილაპარაკეს?).

ისე, პრემიერს რომელიმე მხარისთვის რაიმე საქებარი რომ ეთქვა, უმალ მთელი ქვეყანა გაიგებდა, ასე კი...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე დაგაინტერესებთ