იდეა: აღვადგინოთ მესხის ფინტი, ის ხომ ქართულმა გენმა წარმოშვა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჯერ კიდევ ცოცხლები არიან მიშას თანამედროვეები; არის კინომასალა. არის და ცნობილია საჟურნალო მასალები; არის მესხის ფინტის კინოდიაგრამა "სოვეტსკი სპორტში", სადაც თანმიმდევრულად ნაჩვენებია ფინტის ცალკეული ეპიზოდი; დღეს კომპიუტერის საშუალებით არის ამ ილეთის სქემატურად დეტალური აღწერის შესაძლებლობა...

ვეცადოთ საფეხბურთო სკოლებში ნიჭიერი ქართველი ფეხბურთელების საშუალებით შევქმნათ ეს ფინტი და დავაპატენტოთ, როგორც საქართველოს შვილის, ქართველი ფეხბურთელის ინტელექტუალური საკუთრება...

ეს ფინტი შეიქმნა თბილისის "დინამოში" XX საუკუნის 60-იან წლებში მიხეილ მესხის თანაგუნდელების დახმარებით. განსაკუთრებით უნდა აღვნიშნო ვლადიმერ ელოშვილის წვლილი. ის იყო მიშას ვიზავი ვარჯიშებზე.

ბატონ ვოვას,
რომლის თამაშითაც დაცვაში, მარჯვენა მცველის ამპლუაში, აღფრთოვანებულები ვიყავით გულშემატკივრები, ცალკე აღნიშვნის ღირსია. მისი მოულოდნელი ჩართვები თავდასხმაში და გატანილი გოლები, ხოლო კუთხურიდან გათამაშებული კომბინაცია, რომელიც პარტნიორებთან დახვეწილი ჰქონდა და როგორც წესი, ელოშვილის გოლით მთავრდებოდა მისი მაღალი სიჩქარისა და ტექნიკის წყალობით, უდავოდ ფეხბურთის ქრესტომათიაშია შესატანი.

ბატონ ვოვაზე იმიტომ ვილაპარაკე განსაკუთრებით, რომ აღვნიშნო შემდეგი: მიშას ფინტის ჩამოყალიბებას ხელს უწყობდა მრავალი ფაქტორი. მათ შორის თბილისის "დინამოს" ბრწყინვალე, ტექნიკური, ლამაზი თამაში ანდრო ჟორდანიას თავკაცობით, რაც შემდგომში, 1964 წელს, საბჭოთა კავშირის ჩემპიონობით დაგვირგვინდა.

მაგრამ ეს იყო შემდეგ, ხოლო ფეხბურთის აღზევება საქართველოში დაიწყო 1957-60 წლებში, როცა გუნდში ერთდროულად მივიდნენ ფეხბურთის მომავალი ვარსკვლავები - შოთა იამანიძე, ვლადიმერ ბარქაია, სერგო კოტრიკაძე, ზაურ კალოევი, გივი ჩოხელი, გიორგი სიჭინავა, ილია დათუნაშვილი და, რა თქმა უნდა, "მტკვრისპირა გარინჩად" წოდებული მიხეილ მესხი.

ფეხბურთის ქართველი გულშემატკივარი, რომელიც მარტო გოლებისა და თუნდაც თავისი გუნდის მოგებისთვის არ მოდიოდა სტადიონზე, ითხოვდა თავისი ფეხბურთელებისგან საფეხბურთო ტრიუკებს - იამანიძისაგან რეიდს, რომელიც მოედნის სიღრმიდან იწყებოდა და მთავრდებოდა რამდენიმე მოწინააღმდეგე ფეხბურთელის მოტყუების შემდეგ მესხზე ბრწყინვალე პასით. ამას თან სდევდა მაყურებლის ოვაცია და ყიჟინა.

როცა ბურთს მიიღებდა მესხი, სტადიონი წამით გაირინდებოდა. მისგან უკვე ელოდებოდნენ რაღაც სასწაულს - გზის გაგრძელებას მარცხნივ ან მარჯვნივ, მაგრამ ეს ხომ საყოველთაოდ ცნობილი საფეხბურთო სლალომია, რომელიც თავისთავად ლამაზია და მსოფლიოში ამის მრავალი შემსრულებელი გვეგულება სამხრეთ ამერიკასა და ევროპაში...

მიშაც ამ სლალომს ძალიან სწრაფად და მოხდენილად ასრულებდა. აქაც ჰქონდა თავისი ელემენტი - ზოგჯერ, ეგრეთ წოდებული, "კედლის" გასათამაშებლად, მოწინააღმდეგის ფეხსაც იყენებდა, მაყურებელთა ოვაციების თანხლებით გვერდს აუვლიდა გაოგნებულ მცველს და წარმატებით აგვირგვინებდა შეტევას.

მაგრამ ყველაზე მთავარი ეპიზოდი საფეხბურთო სპექტაკლისა (და ეს მართლაც იყო ნამდვილი სპექტაკლი), იწყებოდა მაშინ, თუ შედგებოდა მსოფლიოში ცნობილი "მიშას ფინტი".

რაკი მცველის მიერ გოლის გატანა ვახსენეთ, არ შეიძლება არ აღვნიშნო, რომ ეს მოვლენა, ისევე, როგორც მსოფლიო ფეხბურთში, თბილისის "დინამოშიც" ტრადიციად იყო ქცეული. ელოშვილის შემდეგ, ასეთივე რეიდებს წარმატებით ახორციელებდა სწრაფი მურთაზ ხურცილავა. ერთ-ერთ თამაშში, რომელიც თბილისის "დინამომ" მოუგო მოსკოვის "დინამოს" ანგარიშით 5:3, თავდამსხმელებზე მეტი გოლი (3) გაიტანა სწორედ ხურცილავამ.

მე ვესწრებოდი მოსკოვში, "ლუჟნიკების" სტადიონზე, სსრ კავშირი-ავსტრიის ამხანაგურ მატჩს, რომელშიც ხურცილავამ, ედუარდ სტრელცოვის პასით, ულამაზესი გოლი გაიტანა.

ხშირად ვიყავით მოწმენი თბილისის "დინამოს" სტადიონზე კარგი საჯარიმოს გათამაშებისაც. აქ პირველ ადგილზე ფეხბურთის დიდოსტატის - ავთანდილ ღოღობერიძის ჩაწოდებული პასი იყო მოწინააღმდეგის საჯარიმო მოედანზე, სადაც ამ ბურთს მაღალ ნახტომში წვდებოდა ჩვენი ცენტრალური მცველი გივი ჩოხელი და სტადიონზე შეკრებილი ათიათასობით მაყურებელი ბრწყინვალე გოლს გაუთავებელი ოვაციით ხვდებოდა.

მე ვწერ იმ გარემოზე, იმ ფეხბურთელებზე, რომლებიც ხელს უწყობდნენ მიხეილ მესხის ფინტის შექმნას და მის შესრულებას. ახლა უშუალოდ ფინტზე. ის სრულდებოდა, როგორც წესი, მოწინააღმდეგის ნახევარზე და მარცხენა ფრთაზე, როცა მესხი მცველის პირისპირ რჩებოდა თუნდაც რამდენიმე წამით.

არ შემიძლია, არ აღვნიშნო ის ფსიქოლოგიური უპირატესობა, რომელიც მესხს გააჩნდა. მცველმა იცოდა მისი დიდი სასტარტო სისწრაფისა და დრიბლინგის შესახებ. მან იცოდა, რომ მესხი ცაციაა და ბურთის გაგდებას ეცდება მარცხენა მხარეს. მცველი ცოტათი გადახრილიც კი იყო იქით მხარეს და იმგვარად მობილიზებული, რომ ჩაეჭრა ეს ბურთი...

მაგრამ ფინტის შესრულების დროს ყველაფერი პირიქით იყო: მესხი მარცხენა ფეხით აკეთებდა იმიტაციას, რომ ამ ფეხით აპირებდა ბურთის გაგდებას არა მარცხენა, არამედ მარჯვენა მხარეს, მოედნის ცენტრისკენ. ბუნებრივია, მცველიც მიჰყვებოდა ამ ფეხის მოძრაობას, რომელიც მხოლოდ გადაევლებოდა ბურთს ზემოდან და სწორედ ამ დროს, მიშა მარჯვენა ფეხის წვერით ატრიალებდა ბურთს ისეთი ტრაექტორიით, რომ ბურთი შემოხაზავდა პატარა რკალს მცველის ირგვლივ და მასთან ყველაზე ადრე ჩნდებოდა ისევ მიშა, მცველი კი მის ზურგს უკან რჩებოდა და იწყებოდა მძაფრი შეტევა.

Sportall.Ge

ამ პატარა, ელვისებურ ეპიზოდში მაყურებლის მხიარულებას იწვევდა, ერთი მხრივ, მიშას გონებამახვილური მოქმედება და, მეორე მხრივ, მცველის სასაცილო მოძრაობები. შედეგად მცველი ხან მარცხნივ წაიბორძიკებდა, ხან მარჯვნივ, ცდილობდა გამოეცნო მიშას საბოლოო მიზანი.

გვინახავს მცველი, რომელიც წაიფორხიალებდა და ეცემოდა, ზოგი, უბრალოდ, უკან მოჯდებოდა ამ დაძაბულობაში, ხოლო ერთ-ერთმა ფოტომ, სადაც მცველი ყირაზე დგას, ფეხებით მაღლა, მთელი მაშინდელი მსოფლიოს მედიასაშუალებები მოიარა.

დამთავრდებოდა თუ არა მიხეილ მესხის მიერ მცველის მოტყუება გოლით, კარგი კომბინაციით, კარში დარტყმით თუ სხვა რამით, ეს უკვე მეორე საქმე იყო. მთავარი შოუ, 5-7-წამიანი, უკვე შემდგარი იყო. მაყურებელს ეს ფინტი მუხტავდა იმხელა ემოციებით, რომ მთელი თამაშის განმავლობაში ჰყოფნიდა.

ფინტი განსაკუთრებით თვალნათლივ ჩანდა ჩრდილო-დასავლეთის ტრიბუნიდან, ვთქვათ, პირველ ტაიმში, ხოლო მეორე ტაიმში მესხის ფანატები (მეც მათ რიცხვს მივეკუთვნები) გადაინაცვლებდნენ სამხრეთ-აღმოსავლეთის ტრიბუნაზე.

მესხის ფინტი იშვიათად სრულდებოდა. არ მახსოვს, რომ ერთ თამაშში ორჯერ გამეორებულიყოს (მცველები უკვე მობილიზებული იყვნენ და მესხის მეურვეს აზღვევდნენ). ისიც კარგად მახსოვს, რომ ყოველ თამაშში ეს არ ხდებოდა.

განსაკუთრებით წარმატებით გამოსდიოდა მიშას ეს ფინტი საერთაშორისო მატჩებში, როცა მცველი არ ელოდა ამ ფინტს. ყველას კარგად ახსოვს მესხის გამოსათხოვარი მატჩი - ამხანაგური შეხვედრა ურუგვაის "ნასიონალთან", როცა ამ ფინტით აღფრთოვანებული მცველი წამოეწია მიშას, ხელში აიტაცა და აკოცა. ვის ვის და, ურუგვაელ ფეხბურთელს მართლაც ძნელად თუ გააკვირვებდა ვინმე ლამაზი, ტექნიკური ფეხბურთით.

ჩემი იდეაა, რომ ეს ფინტი აღორძინდეს. ის ხომ ქართულმა გენმა წარმოშვა. მივმართავ ჩემს და მიშა მესხის თაობას - მათ ეს ხომ კარგად ახსოვთ, მის შემდგომ თაობასაც, ფეხბურთის სპეციალისტებს, მედიისა და კინემატოგრაფიის სპეციალისტებს, ვისაც უყვარს ქართული, ლამაზი ფეხბურთი.

ქართულ ფეხბურთში დრიბლინგის ბევრი ოსტატის გახსენება შეიძლება - ბორის პაიჭაძე, გაიოზ ჯეჯელავა, მიხეილ ჯოჯუა, ავთანდილ ღოღობერიძე, შოთა იამანიძე, სლავა მეტრეველი, ვლადიმერ ბარქაია, კახი ასათიანი, მანუჩარ მაჩაიძე, ვლადიმერ გუცაევი, დავით ყიფიანი, შოთა არველაძე და სხვები - ყველას ვერ ჩამოვთვლი.

გვახსოვს ოლეგ ბლოხინის დრიბლინგი "ბაიერნთან", პელეს დრიბლინგი, დიეგო მარადონას მიერ მოედნის ცენტრიდან დაწყებული საფეხბურთო სლალომი მსოფლიოს ჩემპიონატზე, რომელიც გოლით დაგვირგვინდა. დღეს ამას შეუდარებლად აკეთებს ლიონელ მესი...

რა ჰქვია ამ ილეთს?
და მაინც, რა ჰქვია მიშა მესხის ილეთს, რომელიც ზემოთ დიდი გაჭირვებით აღვწერე. სხვა მოედნებზე ხომ მსგავსი არაფერი არ გვინახავს?

ფეხბურთში უამრავი ლამაზი ილეთი არსებობს. თუნდაც ბურთის ფეხებს შუა გატარება, მოწინააღმდეგისთვის ბურთის თავზე ოსტატურად გადავლება... რა ლამაზად აკეთებდა ამას იამანიძე, ან თუნდაც ყიფიანი, სხვები...

ყველაზე მეტად დასამახსოვრებელი იყო ამ მხრივ თბილისის "დინამოსა" და მოსკოვის "ტორპედოს" შორის თასის ფინალური მატჩი მოსკოვში, 1960 წელს. ამ დღეს ერთმანეთს ხვდებოდა ორი მაღალტექნიკური გუნდი. მოსკოველი გულშემატკივრები განსაკუთრებით სწყალობდნენ თავიანთ ტანმაღალ ნახევარმცველ ნიკოლაი მანოშინს, რომელსაც თავისი ფინტების გამო "ცირკაჩს" ეძახდნენ.

ეტყობა, ვლადიმერ ("სიომა") ბარქაიას მტკივნეულად ხვდებოდა ეს გულში. ისე მოხდა, რომ მოედნის ცენტრში მანოშინი და ბარქაია შეეყარნენ ერთმანეთს. ბურთს ფლობდა ბარქაია და მისკენ სწრაფად გამოქანებულ მანოშინს ოსტატურად გადაავლო თავზე ბურთი - მარჯვნიდან მარცხნივ. ამის შემდეგ მას შეეძლო ბურთით გასცლოდა მანოშინს, რაც ლოგიკური იქნებოდა, მაგრამ მან ეს არ გააკეთა - დაელოდა უკან თავქუდმოგლეჯით გამოქანებულ მანოშინს და ახლა საპირისპირო მიმართულებით გადაავლო ბურთი თავზე და დიდი ოვაციებიც დაიმსახურა...

მეორე მსგავსი ეპიზოდი ვიხილე საფრანგეთისა და ბრაზილიის ნაკრებთა თამაშის დროს, როცა მოედნის მცირე მონაკვეთზე ზინედინ ზიდანმა ზედიზედ ორ ფეხბურთელს გადაავლო ბურთი თავზე და მერე ვის? ბრაზილიური ფეხბურთის ორ კორიფეს - რონალდოსა და რონალდინიოს. სწორედ ეს ალამაზებს ფეხბურთს!

რადგან ტექნიკურ ილეთებზე ვმსჯელობთ, არ შეიძლება, ცალკე არ აღვნიშნო ზიდანის ეგრეთ წოდებული "კორდებალეტი". პირობითად ასე შევარქვი მის ორიგინალურ ფინტს, როცა მცველებს ატყუებს ბურთის უკან გაგორებით, ისე, რომ ფეხს არ აშორებს ამ ბურთს, აკონტროლებს და ხშირად ასრულებს ამ ფინტების კასკადს, რაც ძალიან ლამაზი საყურებელია. ნაწილობრივ ამას ახერხებდა რონალდინიოც, მაგრამ ზიდანი მაინც შეუდარებელი იყო!

ჩემ მიერ ჩამოთვლილი საფეხბურთო ილეთების ნუსხა შორს არის სისრულისგან. არსებობს ლამაზი თავური დარტყმები, განსაკუთრებით - ვარდნაში, ცნობილი "მაკრატელა", "ხმელი ფოთოლი" და ვინ იცის, კიდევ რამდენი რამ. მაგრამ, რამდენიც უნდა ვწეროთ, მიშა მესხის ფინტის ანალოგს მაინც ვერ ვიპოვით!

მარლენ მელქაძე

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 17 /
წარსულით კიარ უნდა იცხოვრო,წარსული უნდა გაითვალისწინო, მასზე უკეთესი გააკეთო, ძველ შენობაზე უკეთესი ააშენო და ა.შ. პატივისცემით.
zvigens
16:14 05-01-2015
0
გთხოვთ ნუ ცხოვრობთ წარსულით
zvigeni
03:05 04-01-2015
0

სიახლეები პოპულარული