უკრაინულ კლუბებში ხელმძღვანელ პოსტებზე რამდენიმე ქართველს უმუშავია: 90-იან წლებში, უმაღლესი ლიგის შეპეტოვკის "ტემპის" პრეზიდენტი ჯუმბერ ნიშნიანიძე გახლდათ. 2007 წლიდან, რევაზ ჭოხონელიძე კიევის "დინამოს" გენერალური დირექტორია. 2013 წელს კი ლვოვის "კარპატის" სპორტული დირექტორი მიხეილ გულორდავა იყო... მაგრამ გულორდავას უფრო მენეჯერად იცნობენ.
უკრაინაში მომუშავე ქართველი საინტერესო თემებსა თუ მოვლენებზე გველაპარაკა. ის ევროპული ფეხბურთის მნიშვნელოვან ტრანსფერებში მონაწილეობს და ჭკუასაც ეკითხებიან.
ვფიქრობთ, "ლელოს" მკითხველსაც დააინტერესებს, რა აკავშირებს მიხეილ
მოკლედ, დავიწყეთ...
აფხაზეთში დაბადებულის უარი რუსებს
- უკრაინაში თქვენზე ხშირად წერენ. მაგრამ საქართველოში კარგად არ გიცნობენ... - აფხაზეთში, სოხუმში დაბადებულ-გაზრდილი ვარ. მერე უკრაინაში გადავედი და მას შემდეგ აქ ვცხოვრობ. ეს ჩვენთვის მეგობარი ქვეყანაა და გული მიკვდება, რა უბედურებაც ტრიალებს. შესაძლოა, მომავალი წლიდან პრემიერლიგაში 10 გუნდი დარჩეს.
- თავიდანვე საფეხბურთო ბიზნესში იყავით ჩართული თუ მანამდე სხვა ბიზნესი გქონდათ?
- ბიზნესი მქონდა, მაგრამ ფეხბურთი უფრო მეტად მიყვარს და მას ბიზნესად ვერც განვიხილავ. ეს გაცილებით მეტია - სიყვარულიც, გატაცებაც, სიამოვნებაც.
- უკრაინულ ფეხბურთში როდიდან საქმიანობთ?
- ხარკოვში აფხაზეთის ომის შემდეგ დავსახლდი. მერე რესტორანი "ალიონი" გავხსენი, მაგრამ ორ წელიწადში დავკეტე. პარალელურად, საფეხბურთო მენეჯერი გახლდით. მერე ლვოვში გადავედი და "კარპატის" სპორტულ დირექტორად დამნიშნეს...
სხვათა შორის, დასავლეთ უკრაინაში, ძირითადად, სულ ადგილობრივი კადრები ჰყავთ. ამ დროს, კლუბში ქართველის დანიშვნა დიდი მოულოდნელობა იყო. მაგრამ ერთი წლის წინ კლუბი დავტოვე - თუ რა მიზეზით, ამაზე ლაპარაკს მოვერიდები.
- "კარპატის" შემდეგ რომელიმე კლუბში არ მიუწვევიხართ?
- შარშან სპორტული დირექტორის პოსტზე რუსული პრემიერლიგის კლუბშიც მიმიწვიეს. არ დავმალავ, ლვოველებზე 20-ჯერ უკეთეს პირობებს მთავაზობდნენ, მაგრამ მადლობა ვუთხარი და არ წავედი.
- რატომ?
- რუსეთში ვერ ვიმუშავებდი. უბრალო ხალხის დონეზე პრობლემა არასოდეს მქონია, მათ შორის, არაერთ კარგ ადამიანს ვიცნობ. მაგრამ რუსეთმა მე და ჩემს ქვეყანას აფხაზეთი და სამაჩაბლო წაგვართვა - ეს არის მიზეზი. დაინტერესებული კლუბის ხელმძღვანელს ეს ავუხსენი, უკრაინასა და საქართველოში დატრიალებული ამბების შემდეგ, ჩემს იქ წასვლას გამართლება არ ექნებოდა.
ღმერთმა ერთხელ გაგვაჩინა, ღირსებით უნდა ვიცხოვროთ და საკუთარ სულში რომ ჩავიხედავთ, არ უნდა შეგვრცხვეს.
ჩვენების კლასი აშკარად დაეცა
- თქვენს გვარს ცნობილი მოთამაშეების ტრანსფერებში ხშირად ახსენებენ...- ჩვენი საქმე სწორედ ესაა. კიევის "დინამოდან" ბერტოლიოს "გრემიოში" გადასვლაში ვმონაწილეობდი, "ბლექბერნიდან" "კარპატში" სიმონ ვუკჩევიჩი ჩავიყვანე... უკრაინის წამყვან კლუბებთან კარგი კავშირები მაქვს. კიევის "დინამოს" პრეზიდენტი იგორ სურკისი სიტყვას თუ იტყვის, აუცილებლად შეასრულებს. პარტნიორობა მაკავშირებს "შახტართან" და "დნიპროსთან".
ევროპაში კი ცნობილ კომპანია Gestifute-სთან ვთანამშრომლობ და კვირაში ერთხელ მაინც ვეკონტაქტები. მას ცნობილი პორტუგალიელი აგენტი ჟორჟ მენდეში ხელმძღვანელობს, რომელსაც მსოფლიო ფეხბურთში ყველაზე გავლენიან აგენტად მიიჩნევენ. სხვადასხვა დროს ის მონაწილეობდა რონალდოს, აგუეროს, მანგალას, კარვალიოს, მანიშეს, დანის, კვარეჟმას, სეიტარიდისის, ხამეს როდრიგესის, დი მარიას, დიეგო კოშტას, ფალკაოსა და სხვა ცნობილი მოთამაშეების ტრანსფერებში. ურთიერთობები აქვს "პორტუსთან", "ბენფიკასთან", "მანჩესტერთან", "სიტისთან", "ჩელსისთან"...
სხვათა შორის, მონაწილეობდა მოურინიოს "ჩელსისა" და "ინტერში" გადასვლაში, 2005 წელს კი პორტუგალიელთა მოსკოვის "დინამოში" მისვლაში.
მენდეშთან მისმა თანაშემწე ნატალია კუროედოვამ დამაკავშირა. შეიძლება, არ დაიჯეროთ - ეს ქალბატონი ფეხბურთის სერიოზული სპეციალისტია. მასთან ვმეგობრობ.
- მენდეში ცნობილ კლუბებთან ურთიერთობს და ოდესმე ჩვენებურით თუ დაინტერესებულა?
- ქართველებისა და ჩვენი ფეხბურთის დახმარების სურვილი ყოველთვის მქონდა. როცა შანსი მეძლეოდა, უკრაინულ კლუბებს საინტერესო მოთამაშით ვაინტერესებდი. მაგალითად, ლევან ყენია "კარპატიში" ჩემს დროს ჩაირიცხა. თავის დროზე, ლვოვში გიორგი მერებაშვილის წაყვანაც მინდოდა, მაგრამ ფასზე ვერ შევთანხმდით.
გული დამწყდა, ლუკა კიკაბიძე რომ ვერ წამოვიყვანე. ჩვენი ასაკობრივი ნაკრების თამაშზე დონეცკის "შახტარის" სელექციონერი ჩამოვიდა, რადგან ერთი მოთამაშით დააინტერესეს. მას კი კიკაბიძე მოეწონა, მაგრამ საბოლოოდ, ის საფრანგეთში წავიდა...
ფოტოზე: კრიშტიანო რონალდო, ჟორჟე მენდეში, ჟოზე მოურინიო
...უკრაინა ჩვენდამი მეგობრულად განწყობილი ქვეყანაა და უხარიათ, ნიჭიერი ქართველი რომ ჩამოდის. საქართველოში კიევის "დინამოს", "შახტარისა" და "დნიპროს" სელექციონერები ხშირად დადიან და მეკითხებიან, ყიფიანის დონის ვინმე თუ არისო?
იყო დრო, ჩვენების აყვანა ყველა რუსული და უკრაინული კლუბის ოცნება იყო და ეს ინერცია ჯერ კიდევ მოქმედებს. მეამაყებოდა, რომ ვუგებდით "ბაიერნს", "ლივერპულს", "ფეიენოორდს", "ბენფიკას"... მაშინ ნამდვილი ვარსკვლავებიც გვყავდა. მაგრამ ახლა ვისით ვიამაყო? კი მინდა დავეხმარო, მაგრამ შანსს არ მაძლევენ, რადგან ჩვენს მოთამაშეებს ყველაფერი აქვთ, თავის და ხასიათის გარდა და ევროპელებს ბევრს ვერც ვთავაზობ.
სამწუხაროდ, მათი მოწყობა არათუ ევროპაში, უკრაინაშიც გაჭირდა. მიზეზი ისაა, რომ უკრაინის პრემიერლიგის დონე საგრძნობლად გაიზარდა, ქართველი ფეხბურთელებისა კი - დაეცა.
დიდი და აუხსნელი მადა
- თქვენი აზრით, რა არის ჩვენი ჩამორჩენის მიზეზი?- ის, რომ წინ არ არის მოძრაობა. უკრაინაში ერთმა ტოპ-მწვრთნელმა მითხრა - მირჩევნია, ფეხბურთელმა სადად, გუნდურად ითამაშოს და შეტევას ტემპი შეუნარჩუნოს, ვიდრე ქართველმა ლამაზად 5 კაცი მოატყუოს, მერე კი ბურთი დაკარგოს და მეტოქემ კონტრშეტევაზე დაგვიჭიროსო.
მწვრთნელი ამას რომ გეტყვის, გული არ გაგისკდება? ეს ბევრ ჩვენს მოთამაშეს არ ესმის და ამიტომ ურჩევნიათ, ქართველზე ნაკლებად ნიჭიერი ევროპელი ან აფრიკელი აიყვანონ, რომელიც სწორად თამაშობს.
"შახტარში" სერიოზული სელექციონერია, რომელიც გაოცებული ამბობდა - ცხრამეტწლამდე თქვენების ყურება სიამოვნებაა, მერე რა ემართებათო? ვერაფერი ვუთხარი, არ ვიცი-მეთქი. იმიტომ, რომ ორ კარგ თამაშს ჩაატარებენ და თავი მესი ჰგონიათ.
- მართალია, რომ უკრაინაში ქართველი ფეხბურთელების ნაკადის შემცირების მიზეზი ზოგიერთის ცუდი ქცევაც გახდა?
- სამწუხაროდ, ასეა. უკრაინაში ამბობენ, ერთი ქართველი კარგია, ორი დასაშვებია, მაგრამ სამი კატეგორიულად მიუღებელიაო. იმიტომ, რომ მერე ერთად ფეხბურთს ივიწყებენ და სულ სხვა საფიქრალი უჩნდებათ.
მარტო ცუდ საქციელშიც არ არის პრობლემა. ფეხბურთელებს, მათ მენეჯერებსა და კლუბებს გადამეტებული მადა აქვთ. ყველამ იცის, რომ საქართველოში ძალიან დაბალი ხელფასებია. ბევრი 500 დოლარს თუ იღებს. მაგრამ ჩამოდიან უკრაინაში და ეგრევე 50 ათასს ითხოვენ. რაში, შვილო?! რა გაგიკეთებია, ვინმე გიცნობს?!
ცოტა ხნის წინათ, ერთ-ერთ ტოპ-კლუბში ქართველი ბიჭი მიიწვიეს, სადაც მას 12 კაცი ახლდა - მენეჯერი, გამზრდელი, ახლობელი, ნათესავი!.. დონეცკელებს გაუკვირდათ და მკითხეს, ვინ არისო და შემრცხვა. მერე გასინჯეს და თავად აღიარა, რომ ამ დონისთვის მოუმზადებელი იყო. ასეთი გაუაზრებელი მადის გამო ბევრი საქართველოში ბრუნდება და მათი დიდი ნაწილი იკარგება.
უკრაინაში ერთი ნიგერიელი ფეხბურთელი იყო, რომელიც ხელფასის 50 პროცენტს სახლში გზავნიდა, ბავშვებს უფასოდ რომ ევარჯიშათ, ეკიპირებასა და ბურთებში ფული რომ არ ეხადათ. ბევრი გინახავთ ასეთი ქართველი? ჩვენების ნაწილი კონტრაქტს აფორმებს და სარდაფში მცხოვრები მშობლებისთვის სახლს კი არა, მაშინვე თავისთვის X5-ს ყიდულობს, ფულს ქალებსა და დროს ტარებაში ხარჯავს.
ტროიანოვსკის, რომელიც დონეცკის "მეტალურგის" ძირითად შემადგენლობაში ვერ ხვდებოდა, ორი არჩევანი ჰქონდა - ეთამაშა სომხეთში ან საქართველოში. მან საჩხერის "ჩიხურაში" გადასვლა ამჯობინა და ეს მიუხედავად იმისა, რომ იქ ნაკლებ ხელფასს მიიღებდა. ჯერ მაინც, ჩვენთან უფრო მაღალი დონის ჩემპიონატია.
- ნუთუ, საამაყო ქართველი არ გინახავთ?
- როგორ არ მინახავს?! ჯაბა კანკავა კარგად გაზრდილი, თავმდაბალი და გულიანი ადამიანია. რაც მთავარია, ის ძალიან კარგი მოთამაშეა. მას უკრაინაში უდიდეს პატივს სცემენ.
ხომ იცით, ფეხბურთის სამყაროში არაფერი იმალება. ჯაბა იმიტომაც უყვართ, რომ არც ერთხელ ხელფასის მომატება არ მოუთხოვია. მაგრამ მისი შრომისმოყვარეობა "დნიპროში" დააფასეს და თავად მოუმატეს.
იმავეს ვიტყვი სანდრო კობახიძეზეც. მას ადამიანური ურთიერთობები და უმცროს უფროსობა არ ეშლება.
საამაყო კაცია ბესო ჩიხრაძე, რომელიც ქართული ფეხბურთისთვის ბევრს აკეთებს. კაცი ფულს უკრაინაში შოულობს და "გაგრას" ინახავს. ის ქართველი ფეხბურთელების, გუნდის და სამშობლოს ამბავს გულით განიცდის. მაგრამ საქართველოში ვინმემ მადლობა უთხრა?
ახლა უკრაინაში ბიზნესს უზომოდ გაუჭირდა. ცხადია, ეს ბესოსაც დაეტყო, მაგრამ იცით, რა მითხრა? გუნდს მაინც ვერ მივატოვებო. აი, ამ ხალხით ნამდვილად ვამაყობ.
ქართველი მოურინიოები
- საქართველოში თქვენთან თანამშრომლობის სურვილი არავის გამოუხატავს?- აბსოლუტურად არავის! ეტყობა, ჩემი გამოცდილებისა და კავშირების გაზიარება არ აინტერესებთ. საერთოდ, ჩვენს აზროვნებაში სერიოზული პრობლემებია. ევროპაში ბევრ კლუბს მუნიციპალიტეტი აფინანსებს. მაგრამ მათ ერთპიროვნული მმართველები არ ჰყავთ. საქართველოში კი კლუბებს მხოლოდ ერთი მეპატრონე ჰყავთ - კერძო ან სახელმწიფო სტრუქტურა.
რომ დაფიქრდეთ, ესეც ჩვენი პრობლემაა. კლუბს მარტო ევროპაში თუ ვერ ერევიან, საქართველოში ისე გვილხინს, რომ მეწილე არ არის საჭირო?
მეორეცაა - არ დაინტერესდით, ზამთარში თითქმის ყველა კლუბმა შეკრება თურქეთში რატომ გაიარა?
- ამაში ცუდი რა არის?
- იძახიან, ფული არ გვაქვსო და ასეთ ძვირად ღირებულ სიამოვნებას არ იკლებენ. კრიზისის გამო, უკრაინაში ბევრად მდიდარმა კლუბებმა უცხოეთში წასვლაზე უარი თქვეს და ეკონომია გააკეთეს. შენ ფული არ გაქვს, მილიონლარიანი ბიუჯეტით წლის ბოლომდე თავი სიმწრით უნდა გაიტანო და 100 ათასს შეკრებაში ხარჯავ?!
საქართველოში ფეხბურთელის გაზრდა და მისი წარმოჩენა არ იციან. ევროპაში პირიქითაა, იმიტომ, რომ იქ გუნდი ერთი ოჯახია და ფეხბურთელის გამოსაჩენად ყველაფერს აკეთებენ. ჩვენთან კი, სამწუხაროდ, მოთამაშეს ექცევიან, როგორც არარაობას.
სხვა მიზეზიცაა - ქართული ფეხბურთში უცნაური თამაშის წესებია დამკვიდრებული.
- მაინც?
- დავით კოხია საქართველოს უმაღლეს ლიგაზე ბევრად მაღალი დონის სერბეთის ჩემპიონატის ერთ-ერთ ლიდერში ჩაირიცხა, ხოლო საქართველოში, პირველი ლიგაშიც კი ახლოს არ გაიკარეს! გასინჯვა ითხოვა და მწვრთნელმა უთხრა, ამისთვის სად მცალიაო. სირცხვილია! მადლობა სერგო ქუთათელაძეს, ბევრი იწვალა და ეს ბიჭი ქართულ ფეხბურთს მაინც შეუნარჩუნა.
ქართველ მწვრთნელს რომ ელაპარაკები, გგონია, შენ წინაშე მოურინიოა. არადა, შედეგი არაა და საიდან ასეთი თავდაჯერებულობა?! ლობანოვსკის სამჯერ შევხვდი და მას არ ჰქონია ასეთი ტონი.
საქართველოში უამრავი ტალანტი იბადება, მაგრამ ასეთი დამოკიდებულების გამო ვერ იზრდებიან და სერიოზული ჩავარდნაც ამიტომ გვაქვს. ფეხბურთში დამალული არაფერია და ბევრი რამ ვიცი. საქართველოში ჯერ კიდევ შემორჩენილია საკითხების ახლობლობა-მეგობრობით გადაწყვეტა. ეს მერე შედეგზეც აისახება.
იმედია, ქართულ ფეხბურთში მენტალიტეტი და დამოკიდებულება შეიცვლება. ყველამ გაგვასწრო - უზბეკეთმაც კი! ყაზახეთზე აღარც ვლაპარაკობ - იქ უკვე ტოპფეხბურთელებიც მიდიან. იგივე აზერბაიჯანშიც - სწორად იმუშავეს და შედეგებიც მიიღეს.
ამ დროს, საქართველოში რა უბედურება ხდება?! ყოველ წელს უკან-უკან მივდივართ - ნაკრებიც, კლუბებიც და რაღაც თუ არ შევცვალეთ, სომხეთიც გაგვასწრებს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"