ბილეთები სულ გაიყიდა, ექიმებმა ორი მამაკაცი კლინიკაში გადაიყვანეს

AutoSharing Option
"მიხეილ მესხის" სალაროებში უეფას სუპერთასის ბილეთების გაყიდვა დასრულდა. ბილეთების გაყიდვა 12 ივლისს, 09.00 საათიდან დაიწყო. უეფას სუპერთასის მატჩი "ბარსელონასა" და "სევილიას" შორის 11 აგვისტოს, "დინამო არენაზე" გაიმართება.

ამჟამად ვაკის პარკში, იმ ადგილზე, სადაც გუშინ უეფას სუპერთასის ბილეთების შეძენის მსურველთა რიგი იდგა, დასუფთავების სამსახური მუშაობს.

როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, იქიდან გამომდინარე, რომ ბილეთების გაყიდვა 06:00 საათისთვის დასრულდა, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სალაროებთან ბილეთების მყიდველთა რიგი აღარ დგას. დაკეტილია ყველა სალარო.

ასევე, სიწყნარეა ფეხბურთის ფედერაციასთან. ადგილზე მხოლოდ გუშინდელი დღის შემდეგ დარჩენილი
უსაფრთხოების ჯებირებია.

ტერიტორიაზე აღარ იმყოფებიან სამართალდამცველები.

მანამდე ვაკის პარკში, უეფას სუპერთასის ბილეთების რიგში მყოფი ორი მამაკაცის ჰოსპიტალიზება გახდა საჭირო.

როგორც "ინტერპრესნიუსს" სასწრაფო დახმარების სამსახურში განუცხადეს, ორი მამაკაცი ექიმებმა გუშინ ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს. მანამდე, კრუნჩხვის დიაგნოზით, კიდევ ერთი ერთი მამაკაცის საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო.

ვაკის პარკთან გუშინ მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების 5 ბრიგადა.

სასწრაფოს ექიმებს მოუწიათ რამდენიმე მოქალაქისთვის ადგილზე დახმარების გაწევა.

- ყველა ინფორმაცია უეფას სუპერთასთან დაკავშირებით