10:12 22-10-2015
საბურთალო-მიდტიულანდი 1:2 - რატომ ვერ ვიყენებთ კოზირებს? [VIDEO+PHOTO]
AutoSharing Option
თამაშის მომენტების განხილვაზე მეტად საინტერესოა, რატომ ვერ იყენებენ ჩვენი ბიჭები საგოლე შანსებს? თბილისელებს ორბურთიანი სხვაობის გაბათილება სჭირდებოდათ. მათ თავიდანვე აქტიურად დაიწყეს და პირველ ტაიმში სოლიდურ უპირატესობასაც ფლობდნენ, არაერთი სახიფათო მომენტიც შექმნეს, მაგრამ...
მაგალითად, მე-11 წუთზე გურამ გოშთელიანმა მშვენივრად ითამაშა და ანგარიშის გახსნაც შეეძლო. შემდეგ დანიელთა კარს ორჯერ დაემუქრა ირაკლი ბიძინაშვილი. მიზანთან ახლოს იყო ბექა გვარაძეც, მაგრამ ყველა ამ ეპიზოდში იგრძნობოდა, რომ საბურთალოელებს საკუთარი თავის რწმენა აკლდათ. მეორე მხრივ, დანიელი მეკარე ოლივერ ოტესენი მშვენივრად თამაშობდა.
გამოუყენებელი მომენტების შემდეგ მკაცრი საფეხბურთო კანონი ამოქმედდა: მადს ტიჩოსენის საჯარიმოს შემდეგ რასმუს ნისენი კარგად ახტა და თავური დარტყმით ანგარიში გახსნა - 0:1.
მეორე ნახევარიც მეტოქის გოლით დაიწყო - ნიკოლას კირკმა მასპინძლებს საკუთარ საჯარიმოსთან აართვა ბურთი, 60 მეტრი დაუბრკოლებლად გაირბინა და უკვე ჩვენი გუნდის საჯარიმოში მარჯვენა ფლანგიდან გახსნილი მიკაელ ანდერსონი შენიშნა, რომელმაც შორეულ კუთხეში ზუსტად დაარტყა - 0:2.
"საბურთალო" მდგომარეობის გამოსწორებასა და სხვაობის შემცირებას ცდილობდა, მაგრამ მომენტებს კვლავ ვერ იყენებდა. 58-ე წუთზე გაგი მარგველაშვილი კარის წინ სულ მარტო დარჩა, თუმცა... ბურთი მიზანს გვარიანად ააცილა.
მერე ისევ გიორგი ხარაიშვილმა ივარგა - კომბინაცია ბიძინაშვილმა წამოიწყო, ხარაიშვილმა ბურთი ფლანგზე თემურ ჭოღაძეს გაატანა, რომელმაც მას პენალტის ნიშნულთან დაუბრუნა და "საბურთალოს" კაპიტანმა დანიელთა კარი აიღო - 1:2.
თბილისელები მთელი გუნდით გადავიდნენ შეტევაზე, დაცვა მოაშიშვლეს და რამდენჯერმე აშკარა გოლს გადაურჩნენ. თავად კი ბოლო წუთზე გათანაბრება მაინც შეეძლოთ, მაგრამ ხარაიშვილმა ბურთი ხარიხას მოარტყა...
ამრიგად, "მიდტიულანდი" შემდეგ წრეში გავიდა. "საბურთალოს" პოტენციალიც ეტყობოდა და გამოუცდელობაც. ფაქტია - ჩვენს ბიჭებს უცხოელებთან თამაშები ძალიან აკლიათ. მეორეცაა - ფეხბურთი მარტივი თამაშია. "მიიღე და გაეცი" - ეს არის მთელი ფილოსოფია. ქართველი ფეხბურთელები კი ამ ჭეშმარიტებას ივიწყებენ, ბურთის ზედმეტი თრევით იღლებიან და შეტევებს სიმწვავესა და სისწრაფეს აკლებენ.
მეტოქემ კი გამოიყენა თავისი კოზირები, რაც არც ისე ბევრი ჰქონდა. საფიქრალად კი ისევ ეს დაგვრჩა - ჩვენ რატომ ვერ ვიყენებთ ჩვენს კოზირებს?
21.10.15. თბილისი. "მიხეილ მესხი"
საბურთალო-მიდტიულანდი 1:2 (1:3)
0:1 ნისენი (39. ტიჩოსენის პასით), 0:2 ანდერსონი (53. კირკის პასით), 1:2 ხარაიშვილი (62. ჭოღაძის პასით)
საბურთალო: ქურდაძე, ჩაბრაძე, მამუჩაშვილი, მარგველაშვილი, ნადარაია (73. ლაკვეხელიანი), ალთუნაშვილი, ბიძინაშვილი (81. კოხრეიძე), გვარაძე, ხარაიშვილი, ნიკოლაშვილი (60. ჩოღაძე), გოშთელიანი.
სათადარიგოები: სანიკიძე, შიხაშვილი, ვაჭარაძე, კოჩორაშვილი
მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი
მიდტიულანდი: ოტესენი, მანკსგაარდი, ნიკოლაისენი, ლაურიტსენი, ნისენი, გემერი, ანდერსონი (60. პოულსენი), რუტიკანგა, ტიჩოსენი, კირკი (83. ოლსენი), ტომსენი (68. სტერინგი).
სათადარიგოები: პეტერსენი, მურბეკი, იორგენსენი, ბრაუნი
მწვრთნელი: კენეტ ანდერსენი
გაფრთხილებები: გოშთელიანი (52), ნისსენი (57), ალთუნაშვილი (77)
გაძევება: ნისენი (88)
არბიტრი: რაჰიმ ჰასანოვი (აზერბაიჯანი)
თამუნა ყულუმბეგაშვილის ფოტო (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული
კარგი გუნდია ვფიქრობ მომავალში არ დაიჩაგრებიან ადვილად!