ტურნირის ორგანიზება თავიდან ბოლომდე ითავა "ზესტაფონის" ფანკლუბმა. ფინალური შეხვედრა "დავით აბაშიძეზე" ჩატარდა. მატჩს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი დავით მუჯირი და "ზესტაფონის" მფლობელი ილია კოკაიაც დაესწრნენ.
ფინალს, რომელშიც ერთმანეთს სოფელ კლდეეთისა და "ფეროს" გუნდები დაუპირისპირდნენ, ათასამდე გულშემატკივარმა ადევნა თვალი. "ფერომ" 6:2 მოიგო. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ "ზესტაფონის" ნორჩ ფეხბურთელებს 100 ბურთი აჩუქა.
ტურნირის დასრულების შემდეგ დაჯილდოების ცერემონიალი
დავით მუჯირი: "საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მიესალმება ასეთ პროექტებს. გვიგულეთ თქვენ გვერდით ასეთ საშურ და მნიშვნელოვან საქმეში.
ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ მასობრივი ფეხბურთის განვითარებისთვის. 25 ახალი გუნდი გამოჩნდა საქართველოს ჩემპიონატის მეორე ლიგაში. მოგეხსენებათ, დავიწყეთ მოყვარულთა ჩემპიონატი, რომელშიც 252 გუნდი მონაწილეობს. ეს წამოწყება ფეხბურთს ჩვენში კიდევ უფრო მასობრივს გახდის.
მინდა, "ზესტაფანებს" მადლობა გადავუხადო ასეთი კარგი ტურნირის ორგანიზებისთვის. მოგეხსენებათ, აქ დავასრულე საფეხბურთო კარიერა და მერე მწვრთნელად ვიმუშავე. მე ამ ქალაქს ვერასოდეს დავივიწყებ".
ილია კოკაია: "მინდა დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას, მის პრეზიდენტს, ლევან კობიაშვილს და გენერალურ მდივანს, დავით მუჯირს, რომელიც დღეს ჩვენთან ერთად არის.
ასევე, მინდა მადლობა გადავუხადო საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" გულშემატკივრებს ასეთი ტურნირის ორგანიზებისთვის. მათ ძალიან დიდი სამუშაო გასწიეს და დღეს შედეგს ყველა ერთად ვხედავთ. მჯერა, რომ "ზესტაფონი" მალე დაბრუნდება ქართულ ფეხბურთში".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"