მარტის ბოლოს თითქმის გადაწყვეტილი იყო, რომ წლევანდელი თასის ფინალი ქუთაისში გაიმართებოდა და საქართველოს პარლამენტის გადატანას მიეძღვნებოდა. საქართველოს მეორე დედაქალაქში სამხედრო აღლუმის ჩატარებაც იგეგმებოდა და გათვალეს, რომ სტადიონზე მეტი ხალხი და მეტი საპატიო სტუმარი მივიდოდა.
კიდევ ერთხელ დავინტერესდით და შევიტყვეთ, რომ ფეხბურთის ფედერაციის თავკაცებს ფინალის მასპინძელი არენა ჯერ არ დაუდასტურებიათ. მხოლოდ ეს გვითხრეს, რომ ზუსტი პასუხი ფინალამდე 11 დღით ადრე, 15 მაისს გაცხადდება.
თუმცა ყველაზე
უფრო გაურკვეველია პასუხი კითხვაზე - როდის გაიმართება 2010-11 წლების სეზონის სუპერთასის შეხვედრა საქართველოს ჩემპიონ "ზესტაფონსა" და თასის მფლობელ "გაგრას" შორის, ან გაიმართება კი?
თავდაპირველად მატჩი 2011 წლის დეკემბერში ფოთის სტადიონზე იგეგმებოდა. მაშინ ფედერაციამ მთავრობის მიერ გამოყოფილი თანხებით ფოთის სტადიონზე ახალი საფარი დააგო და "ფაზისის" საზეიმო გახსნა სუპერთასის გათამაშებით სურდა.
მაგრამ "ფაზისზე" ასეთი რანგის შეხვედრის ჩატარება გაუმართლებელი იყო. დეკემბერში ფოთის არენაზე მშვენიერი საფარი კი დააგეს, მაგრამ მინიმალურ მოთხოვნებს მაინც ვერ აკმაყოფილებდა - დანგრეული ტრიბუნები, მოუწესრიგებელი გასახდელები, საშხაპეები, მსაჯთა და დელეგატთა ოთახები მატჩის სრულ დისკომფორტში ჩატარების გარანტიას თუ იძლეოდა და ამ უცნაურ ჩანაფიქრზე ხელი აიღეს.
25 დეკემბრის შემდეგ ოთხი თვე გავიდა, სუპერთასის გათამაშების საბოლოო თარიღი და ადგილი კი უცნობია. ფედერაციაში ამ საკითხზეც არ აქვთ პასუხი, პრობლემა კალენდარში თავისუფალი თარიღის მოძებნა არისო.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"