მესის კონტრაქტის ამბავი - 40 მილიონი ევრო წინასწარ და 35 მილიონი სეზონში

AutoSharing Option
"ბარსელონა" ანდრეს ინიესტასთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას აპირებს. კლუბი კაპიტანთან შეთანხმებას 2020 წლამდე გაახანგრძლივებს. შეგახსენებთ, რომ 32 წლის ნახევარმცველის მოქმედ შეთანხმებას ვადა 2018 წლის ზაფხულში გასდის. გუნდი სეზონის ბოლომდე ლიონელ მესისთან და მარკ-ანდრე ტერ შტეგენთანაც აპირებს ახალი კონტრაქტების დადებას.

2018 წელს ბათილდება ლეოსა და "ბარსას" მოქმედი კონტრაქტიც და ახლისთვის ხელის მოწერა ორივე მხარეს სურს. ყოველ შემთხვევაში, პრესაში ასეთი ცნობები ვრცელდება. იმის პარალელურად, რომ 29 წლის არგენტინელს ბევრი მსურველი ჰყავს და ეს მსურველები დიდი ფულის გადახდისთვისაც არიან მზად.

"კამპ ნოუს" ბინადრები აპირებენ,
რომ მესი წინასწარი ბონუსით, 40 მილიონი ევროთი საბოლოოდ "მოთაფლონ" და ლეოს გასამრჯელოს სახით, წელიწადში 35 მილიონს სთავაზობენ.

რაც შეეხება ტერ შტეგენს - მას ხოსეპ გვარდიოლა არ ეშვება და გერმანელის "სიტიში" მიწვევა სურს. თუმცა პეპის გეგმები მისი ყოფილი კლუბის გეგმებსა და სურვილებს არ ემთხვევა. გერმანელი მეკარე ნელ-ნელა იხვეწება და კატალონიელთა უფროსობა მისი თამაშით კმაყოფილია. თანაც, იგი ჯერ მხოლოდ 24 წლისაა.

რა დაემართა ტერ შტეგენს პსჟ-სთან მატჩში
სანამ უსამართლობით აღშფოთებული ფანები, თუ გაბრაზებულნი ან გაბოროტებულნი პეტიციით ხელმოწერებს აგროვებენ (უკვე 200 ათასზე მეტი შეგროვდა) "ბარსელონასა" და "პარი სენ-ჟერმენის" მატჩის გადათამაშების მოთხოვნით - აქაოდა, მსაჯის ასეთი უხეში შეცდომების გამო არ შეილება გუნდი იჩაგრებოდესო - ხავიერ მასკერანო ამ დაუვიწყარი შეხვედრის რამდენიმე ფრაგმენტს იხსენებს.

ჯერ ერთი, "ბარსელონას" გამოცდილმა უკანახაზელმა აღიარა, რომ თანამემამულე ანხელ დი მარია ერთ ეპიზოდში თამაშის წესის დარღვევით გააჩერა და არბიტრი შეცდა. თუმცა არანაკლებ, თუ უფრო დიდ ინტერესს, იწვევს ის კომენტარი, რომლიც მასკერანომ მარკ-ანდრე ტერ შტეგენზე გააკეთა. როგორც ირკვევა, ედინსონ კავანის გოლის მერე, რომლითაც ურუგვაელმა ანგარიში 3:1 გახადა და ამის მერე, "ბარსას" კიდევ 3 გოლი სჭირდებოდა მიზნის მისაღწევად, გერმანელმა მეკარემ თანაგუნდელების შეგულიანება დაიწყო და ცოტა, არაადაკვეტურიც კი ყოფილა.

არადა, 24 წლის გოლკიპერი კატალონიელთა ძველი კადრი სულაც არ არის და ხშირად მას აკრიტიკებენ კიდეც, მაგრამ იგი ნელ-ნელა თამამდება.

მასკერანოს თქმით, კავანის გოლის მერე, ტერ შტეგენი გაუთავებლად ღრიალებდა: "ჩვენ ბრასელონა ვართ! ჩვენ არასდროს ვკვდებით, ჩვენ არასდროს ვნებდებით. აუცილებლად მოვიგებთ, ყვიროდა ის. რაღაც მომენტში სერხიო ბუსკეტსს ვუთხარი, რომ მგონი, ტერ შტეგენი თავს კარგად ვერ გრძნობს და რაღაც დაემართა", - იხსენებს მასკერანო.

ძნელი სათქმელია, ამან მოახდინა თუ არა გავლენა გუნდზე, მაგრამ, ვინ იცის, იქნებ გერმანელის ამ გამოსვლას უკვალოდ არ ჩაუვლია და თავისი წილი "სეივების" გარდა, მან ამითაც შეიტანა "კამპ ნოუს" სასწაულში.

სხვათა შორის, მსგავსი ეპიზოდი "დეპორტივოსთან" მატჩშიც იყო, როდესაც ტერ შტეგენმა მეტოქის დარტყმა მოიგერია, უღრიალა და უღრიალა თავის უკანახაზელებს - ასე თავისუფლად, როგორ დაარტყმევინეთო. თუმცა იქ ამან აღარ გაჭრა და კატალონიელები დამარცხდნენ. სხვათა შორის, "ბარსამ" პირველად წააგო მატჩი, რომელშიდაც ლუის სუარესმა გოლი გაიტანა (73 შეხვედრაში).

P. S. "დონ ბალონის" ინფორმაციით, "ტორინოს" 105 მილიონ ევროდ შეფასებული ანდრეა ბელოტი "ბარსელონაში" გადავა. კატალონიური კლუბი 23 წლის ფორვარდის აგენტთან საიდუმლო მოლაპარაკებას მართავს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული