დანი ალვეში: ტელეფონით ასეთ თემებზე არ მსჯელობენ...

AutoSharing Option
"იუვენტუსიდან" წასულ დანი ალვეშს, თითქოს, "მანჩესტერ სიტიში" უნდა გაეგრძელებინა კარიერა, მაგრამ მოულოდნელად, "პარი სენ-ჟერმენში" აღმოჩნდა. უფრო სწორად, ეს მისი არჩევანი იყო, უაღრესად ამბიციური მიზნით: მოიგოს პარიზულ გრანდთან ერთად ჩემპიონთა ლიგა, და თან - უახლოეს მომავალში!

34 წლის ბრაზილიელი (101 მატჩი და 7 გოლი ეროვნულ ნაკრებში) მარჯვენა მცველი, ვისაც თავის დროზე "სევილიასა" და "ბარსელონაშიც" უთამაშია, ფრანგულ გამოცემა "ეკიპთან" საინტერესოდ საუბრობს...

- სანამ პსჟ-ში გადმოხვიდოდით, ვიცით, რომ "მანჩესტერ სიტის" მწვრთნელ პეპ გვარდიოლას ელაპარაკეთ...
- დიახ, ჩვენ ვისაუბრეთ, თუმცა ძირითადად მე ვლაპარაკობდი, ის
მისმენდა. მე ვუხსნიდი, რატომ მინდოდა პსჟ-ში თამაში და არა - "მანჩესტერ სიტიში".

- და რა გითხრათ გვარდიოლამ? რა რეაქცია ჰქონდა? ალბათ, გაბრაზდა...
- არა, არა, არანაირი გაბრაზება. ჩვენ სულ სხვა ურთიერთობები გვაქვს - თავაზიანი, ერთმანეთს პატივს ვცემთ... ძალიან ბევრი რამ გვაკავშირებს... თუმცა არ ვარ დარწმუნებული, რომ ის ჩემს არჩევანს ამართლებს, მე ხომ სხვა წინადადებებიც მქონდა, თუმცა მხოლოდ - ინგლისური კლუბებისგან.

- და მაინც, რატომ პსჟ?
- ჯერ ერთი, რომ კლუბს ძალიან საინტერესო პროექტი აქვს. ყველაფერი, რასაც პარიზელებმა მიაღწიეს, ვფიქრობ, შეუფასებელი დარჩა საფეხბურთო სამყაროში. მე კი მგონია, რომ გუნდი ძალიან ახლოს არის ჩემპიონთა ლიგის მოგებასთან.

თან, პსჟ-ში ბევრი ახლობელი მყავს, რომელთაგან მივიღე ამომწურავი ინფორმაცია, თუ როგორ მუშაობს სისტემა. შეიძლება, არ დამიჯეროთ, მაგრამ ყოველდღე მირეკავდნენ პარიზიდან, დაწვრილებით მიხსნიდნენ, რა და როგორ იყო. მეორე მიზეზზსაც არ დავმალავ - ჩემი მეუღლე. ის აღფორთოვანებულია პარიზით.

როცა "იუვენტუსთან" ვაფორმებდი კონტრაქტს, არავისთვის მიკითხავს რჩევა - არც მეუღლისთვის, არც მეგობრებისთვის... ტურინში ცხოვრების ხარისხი ისეთი ვერ არის, როგორიც ერთი გაფიქრებით შეიძლება წარმოიდგინო.

- გამოდის, რომ პსჟ-ში გადმოსვლაზე მაინცდამაინც დიდხანს არ გიფიქრიათ. ღმერთსაც ხომ არ ჰკითხეთ რჩევა?
- (იცინის) დიახ, მასაც. სწრაფად უნდა მიმეღო გადაწყვეტილება, თან, როგორია, ასეთ დროს არჩევანის გაკეთება? ეს ასეთი სერიოზული საქმეა! წარმოიდგინეთ, ორი უბრალო სიტყვაა - "ჰო" და "არა", და ეს ორი სიტყვა ადამიანის ბედს წყვეტს.

- რამდენად კარგად იცნობთ პსჟ-ის მწვრთნელ უნაი ემერის, მისი მუშაობის სტილს? ისაუბრეთ მასთან?
- ვფიქრობ, ჩვენ ფეხბურთზე ერთნაირი შეხედულებები გვაქვს. ის ინტენსიური თამაშის მომხრეა. მეც მიმაჩნია, რომ ეს მთავარია მოედანზე. მაგრამ ტელეფონით ასეთ თემებზე არ მსჯელობენ. სერიოზული ლაპარაკია საჭირო - პირისპირ! ჩემთვის აუცილებელია, თვალებში ვუყურებდე ადამიანს, ვგრძნობდე მის ენერგეტიკას. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ძალიან კარგად გავუგებთ ერთმანეთს.

- არ შეიძლება, არ გავიხსენოთ 1:6 "ბარსელონასთან", ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში. ეს უხერხულობას არ გიქმნიდათ, სანამ არჩევანს გააკეთებდით?
- ეს ცხოვრებაა, ხანდახან ასეთი ტრაგიკული მომენტებიც უნდა გადაიტანო, რათა ფეხზე წამოდგომა ისწავლო. არ უნდა ჩაიციკლო ამაზე, წინ უნდა იყურო... მეც გადავიტანე ასეთი ტრაგედია, როცა მსოფლიოს ჩემპიონატზე, ჩვენი ქომაგების თვალწინ, გერმანიასთან 1:7 შევრცხვით. მთავარია, სწორი დასკვნები გააკეთო. ცხოვრება არ არის ასმეტრიანი დისტანცია, რომელსაც უცებ დაფარავ, ეს გრძელი გზაა, გრძელი და ძალიან რთული.

- თქვენ თქვით, რომ პსჟ ახლო მომავალში ჩემპიონთა ლიგას მოიგებს. როგორ გგონიათ, რის ხარჯზე შეძლებთ ამას?
- წარმატების მთავარი წინაპირობა კარგი ორგანიზაციაა. ერთი დიდი, საერთო ძალისხმევაა საჭირო. ძალიან მიყვარს ასეთი მწვერვალების დაპყრობა. ამიტომაც წავედი თავის დროზე "ბარსელონაში", ახლა - პსჟ-ში.

- ტურინში მხოლოდ ერთი სეზონი გაატარეთ. "იუვენტუსის" მცველი ჯორჯო კიელინი ამბობს, რომ გუნდში "უცხო სხეულივით" იყავით...
- თავიდან ძალიან დიდი პრობლემები მქონდა, "იუვენტუსის" ფეხბურთელებს საერთოდ არ ესმოდათ ჩემი, მოედანზე ხომ - საერთოდ!.. როგორც კი ეს პრობლემები მოგვარდა, შედეგებიც მოვიდა. შევძელი, გავლენა მომეხდინა გუნდში არსებულ კლიმატზე, ოღონდ - პოზიტიური კუთხით.

მაგალითად, გასახდელში იკრძალებოდა მუსიკის მოსმენა. მე კი უბრალოდ არ შემიძლია ცხოვრება მუსიკისა და ცეკვის გარეშე. თუმცა არც ისეთი სულელი ვარ, სხვის მონასტერში ჩემი წესებით შევძვრე.

ჩემი აზრით, გუნდში მხიარული ატმოსფერო უნდა იყოს, არ შეიძლება, ყველა თავისთვის ცხოვრობდეს. ამიტომაც ბოლომდე არ მენდობოდნენ გუნდში, თუმცა მერე და მერე ეს გაქრა.

- "იუვენტუსამდე" იყავით "ბარსელონაში" და ბევრისთვის დღემდე გაუგებარია - როგორ შეიძლება, დატოვო გუნდი, სადაც მესი, ნეიმარი და ინიესტა თამაშობენ?
- იცით, რაღაცნაირად მოსაწყენი გახდა "ბარსელონაში" ყოფნა... მაგრამ მთავარი მიზეზი ეს არ იყო - ძალიან მინდოდა, გამეგო, რას წარმოვადგენდი მარტო, ასეთი გენიალური პარტნიორების გარეშე. "ბარსა" სუპერგუნდი იყო, მეც ვიცოდი საკუთარი თავის ფასი და სხვებისაც.

უბრალოდ, ვერ ვიტან, როცა ყველაფერი კარგად არის და პრობლემებს ვერ ხედავ, უსაზღვრო კომფორტი ხშირად დამღუპველია. ეს არის ჩემი ცხოვრებისეული კრედო.

- რატომღაც "შეშლილის" რეპუტაცია გაქვთ. რატომ?
- არ ვიცი... ისე, ცხოვრებაში ხანდახან არასტანდარტულიც უნდა იყო, გნებავთ - შეშლილიც. ოღონდ, არასოდეს უნდა წახვიდე საკუთარი პრინციპების წინააღმდეგ და არ დაურღვიო კომფორტი სხვებს.

"შეშლილის" რა მოგახსენოთ და, მე საკუთარი თავი საკმაოდ ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანი მგონია, თუმცა ადამიანი, რომელიც მზად არის მოულოდნელი, რისკიანი ნაბიჯებისთვისაც. ზოგისთვის ეს "შეშლილობაა", ჩემთვის კი - მედლის მეორე მხარე.

- თქვენ ძალიან ცნობილი, სახელგანთქმული ადამიანი ხართ, მაგრამ ერთხელ თქვით, რომ გეზიზღებათ პოპულარობა. ამით საკუთარ თავს ხომ არ ეწინააღმდეგებით?
- მეზიზღება იმიტომ, რომ ხალხი ისეთად არ გხედავს, როგორიც სინამდვილეში ხარ. პოპულარობა ძალიან დიდ ვალდებულებებს გაკისრებს, ხელს გიშლის ნორმალურ ცხოვრებაში, ცოლთან, შვილებთან, მეგობრებთან ურთიერთობაში. ამას ვგულისხმობდი.

- როგორ ახერხებთ ყოველთვის კარგ ხასიათზე ყოფნას?
- ძალიან რთული ცხოვრება მქონდა, მაგრამ საკუთარი შრომით წარმატებებს მივაღწიე. ამიტომ გავხდი ისეთი, როგორიც ვარ. მე ვარ - "ადამიანი არსაიდან", ან "თითქმის არსაიდან". ამიტომაც ყველაფერს სწორედ ასეთი ადამიანის თვალით ვუყურებ. არის ის, რითიც შემიძლია ვიამაყო.

როცა დილაობით ვიღვიძებ, საკუთარ თავს ვამხნევებ - "დილა მშვიდობისა, ყველაფერი კარგადაა". იმედი მაქვს, ჩემს ახალ თანაგუნდელებსაც ასეთ ხასიათზე დავაყენებ...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული