საერთაშორისო ჩემპიონთა თასი: "ბარსა" თბილისამდე კოჭლობით მოდის

AutoSharing Option
"ბარსელონამ" ძალიან ცუდად იასპარეზა საერთაშორისო ჩემპიონთა თასზე - ლუის ენრიკეს გუნდმა 4-დან მხოლოდ 1 შეხვედრა მოიგო და 3 დათმო (ერთი პენალტების სერიაში). კატალონიელებმა ბოლოს ტოსკანელებთან წააგეს - 1:2.

ლუის ენრიკეს გუნდმა ამ ნახევრად ამხანაგურ საერთაშორისო ტურნირში "კოპა ამერიკაზე" მოასპარეზე ფეხბურთელების გარეშე ითამაშა (ბრავო, მესი, მასკერანო, ალვეში, ნეიმარი), რამაც დაღი დაასვა მის თამაშს.

უშუალოდ თამაშს რაც შეეხება - ის "იების" 21 წლის ფორვარდის, ფედერიკო ბერნარდესკის ტრიუმფად იქცა. მე-4 წუთზე მან ბორხა ვალეროს ჩაწოდების მერე თავურით გახსნა ანგარიში, ხოლო მე-12 წუთზე ბერნარდესკის
საგოლე პასი კიდევ ერთმა ესპანელმა, ხოაკინ სანჩესმა გაუკეთა. "ბარსელონამ" უმალ გაქვითა ერთი, ივან რაკიტიჩის დიდებული პასი ლუის სუარესმა გამოიყენა და ტურნირზე მე-3 გოლი გაიტანა ("ბარსას" გოლების ნახევარი).

ამის შემდეგ სულ "ბარსა" უტევდა, მაგრამ ტაიმის მიწურულს ბერნარდესკიმ 100%-იანი მომენტი გაუშვა ხელიდან, როცა ტერ შტეგენისგან მიტოვებულ ცარიელ კარს ააცილა ბურთი. მეორე ტაიმში "ბარსელონას" უპირატესობა პედროსა და სუარესის სახიფათო მომენტებში აისახა, მაგრამ "ფიორენტინამ" შეინარჩუნა უპირატესობა.

საერთაშორისო ჩემპიონთა თასზე მხოლოდ ერთი მატჩი დარჩა გასამართი - "ჩელსი" "ფიორენტინას" წინააღმდეგ, რომელიც 5 აგვისტოს ჩატარდება.

რაც შეეხება "ბარსას", მას ერთი ამხანაგური მატჩი (ჟოან გამპერის ტროფეი) ელის 5 აგვისტოს, შინ "რომას" წინააღმდეგ. ამ შეხვედრაში პირველად ელიან "კოპა ამერიკაზე" ნათამაშებ ვარსკვლავებს და მათ შორის ლეო მესის. სხვათა შორის, "რომასთან" მატჩი თბილისამდე "ბარსას" ბოლო რეპეტიციაა, 11-ში უკვე ევროპის სუპერთასის შეხვედრაა დიდუბეში, "სევილიას" წინააღმდეგ.

"ფიორენტინასთან" მატჩში დაშავდა ანდრეს ინიესტა და ის შესაცვლელი გახდა, თუმცა ლუის ენრიკე იმედოვნებს, რომ სერიოზული არაფერია და ინიესტა "რომასთან" თამაშს შეძლებს. თუმცა არის ერთი ვარიანტიც - მას სპეციალურად გამოატოვებინებენ ჟოან გამპერის ტროფეის შეხვედრას, რათა თბილისური დაპირისპირებისთვის იყოს მზად.

ლუის ენრიკე: "ბევრი რამ მომეწონა ამ თამაშში, მაგრამ ზოგიერთმა დეტალმა დამამწუხრა. აუცილებლად უნდა მოვუმატოთ დაცვაში. ჩვენ ამის შესახებ უკვე ვილაპარაკეთ, მაგრამ, როგორც ჩანს, პრობლემები რჩება. ამიტომ ისევ უნდა მივუბრუნდეთ ამ საკითხს, განვიხილოთ და გეგმები დავსახოთ. დღეს "ბარსას" მეტოქე ძლიერი გუნდი იყო, რომელიც ბურთთან ურთიერთობაში ძალიან კარგია. არ შეიძლება ასეთ გუნდებს პირველი ორი შეტევის შემდეგ "მოვაკვლევინოთ" თამაში.

უნდა განვიხილოთ ეს თამაში, რა არ წავიდა ისე, როგორც გვინდოდა, დასკვნები უნდა გამოვიტანოთ. მომენტები გვქონდა, მაგრამ გამოყენება ვერ შევძელით. საერთო ჯამში კი, გუნდის თამაშით კმაყოფილი ვარ".

ივან რაკიტიჩი: "4-5 გოლის გატანა შეგვეძლო, მაგრამ მირჩევნია ახლა ვერ გავიტანოთ, ახლა წავაგოთ, მაგრამ, როგორც კი ოფიციალური მატჩები დაიწყება, ჩვენც მოგებები დავიწყოთ".

ფედერიკო ბერნარდესკი: "გუნდი და ფანები გახარებულნი ვართ. დღეს ძალიან გამიმართლა. ჩვენ ბევრს ვმუშაობთ და მინდა ვუთხრა ფანებს, "ფიორენტინა" კიდევ უფრო ძლიერი შეხვდება ახალ სეზონს".

ფიორენტინა-ბარსელონა 2:1
გოლები: 1:0 ბერნარდესკი (4), 2:0 ბერნარდესკი (12), 2:1 ლ. სუარესი (17)
ფიორენტინა (3-5-2): ტატარუშანუ - ტომოვიჩი, როდრიგესი, რონკალია (75. რებიჩი) - პასკუალი (75. ბაგადური), ბ. ვალერო, ბადელი (46. ჯ. როსი), ხოაკინი (64. მ. ალონსო), ბერნარდესკი - ილიჩიჩი (65. ვესინო), ბაბაკარი (46. მ. სუარესი)
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი (78. მასიპი) - ს. რობერტო, პიკე, ვერმალენი, ალბა - რაკიტიჩი (64. ბარტრა), ბუსკეტსი, ინიესტა (46. მუნირი) - პედრო, ლ. სუარესი (64. რამირესი), რაფინია (78. გუმბაუ)

თ მ მ/ო ფ წ/ო წ ბ ქ
1. პსჟ 4 3 0 0 1 0 10-5 10
2. რედ ბულსი 4 3 0 1 0 0 9-4 10
3. მანჩესტერი 4 3 0 0 0 1 7-4 9
4. გელექსი 4 2 0 1 0 1 9-6 7
5. ფიორენტინა 3 1 1 0 0 1 4-5 5
6. ჩელსი 3 0 2 0 0 1 5-7 4
7. ამერიკა 4 1 0 0 1 2 3-4 4
8. ბარსელონა 4 1 0 0 1 2 6-8 4
9. ბენფიკა 4 0 1 0 1 2 3-5 3
10. სან ხოსე 4 0 0 0 0 4 4-12 0

ბომბარდირები: 4 - რობი კინი; 3 - ჟან-კევინ აგუსტენი (პსჟ), ზლატან იბრაჰიმოვიჩი (პსჟ), ლუის სუარესი (ბარსელონა).

5 აგვისტო
ჩელსი-ფიორენტინა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული