პიერ-ემერიკ ობამეიანგი (დორტმუნდი)
32 მატჩი, 31 გოლი, 2 საგოლე გადაცემა
სეზონის წინ პიერ-ემერიკ ობამეიანგმა ბუნდესლიგის საუკეთესო ბომბარდირის წოდება რობერტ ლევანდოვსკის დაუთმო, ახლა კი პირველობა თავად დაიტოვა. "დორტმუნდს" ჩემპიონატი რომ მოეგო, გაბონელის ბედნიერება განუზომელი იქნებოდა, მაგრამ ამის შანსი ძალიან მცირე იყო, რადგან თამაშის ხარისხში ამ ორ გუნდს შორის ძალიან დიდი სხვაობაა. სწორედ "ობას" ერთადერთმა გოლმა მოუტანა გამარჯვება "ბორუსიას" "ბაიერნთან"
ტიაგო ალკანტარა (ბაიერნი)
27 მატჩი, 6 გოლი, 5 საგოლე გადაცემა
"ბაიერნის" ესპანელი ნახევარმცველი ერთბაშად რამდენიმე კომპონენტში იყო საუკეთესო გასულ სეზონში. თუნდაც, პასების რაოდენობიით. შეხვედრაში საშუალოდ ტიაგო ალკანტარა 100 პასს აკეთებდა. ის ლიდერია ართმევებსა და ჩაჭრებში. "ის საუკეთესო ფეხბურთს აჩვენებდა და გადამწყვეტ როლს ასრულებდა გუნდის წარმატებაში", - ასე შეაფასა რაულმა ტიაგოს თამაში.
რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი)
33 მატჩი, 30 გოლი, 5 საგოლე გადაცემა
მასზე ხშირად ბუნდესლიგაში მეტოქის კარში არავინ ურტყამს. პოლონელ სუპერფორვარდს მხოლოდ ერთი დარტყმა არ ეყო, რათა ბუნდესლიგის საუკეთესო ბომბარდირის წოდება გაეყო პიერ-ემერიკ ობამეიანგთან. ლევანდოვსკისათვის ერთადერთი იმედგაცრუება ამ სეზონში ის იყო, რომ ჩემპიონთა ლიგიდან "ბაიერნი" "რეალმა" დაითხოვა. ამბობენ, რომ კრიშტიანო რონალდო და სერხიო რამოსი მას "რეალში" ეძახიან.
ემილ ფორსბერგი (ლაიპციგი)
30 მატჩი, 8 გოლი, 19 საგოლე გადაცემა
"ლაიპციგში" ტალანტები საძებარნი ნამდვილად არ არიან. გუნდმა სრულიად დამსახურებულად მოიგო ჩემპიონთა ლიგის საგზური. 19 საგოლე გადაცემა ძალიან ბევრ რამეზე მეტყველებს. გერმანულმა კლუბმა შვედთან უკვე გააგრძელა კონტრაქტი და ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
ნაბი კეიტა (ლაიპციგი)
31 მატჩი, 8 გოლი, 7 საგოლე გადაცემა
რომ არა 22 წლის გვინეელის შესანიშნავი გარჯა, "ლაიპციგისათვის" ზღაპრული მეორე ადგილი ბუნდესლიგაში, ალბათ, არ იქნებოდა. ის კარგად ატყუებდა და ართმევდა. ამასთან ერთად, კეიტას, რომელიც ბუნდესლიგაში ძირითადად ფლანგზე თამაშობდა, გოლებისა და პასების ჯამით მეთოთხმეტე ადგილი უჭირავს. შემთხვევითი არაა, რომ აფრიკელის გადაბირება "ლივერპულს" სურს.
ანტონი მოდესტე (კიოლნი)
34 მატჩი, 25 გოლი, 2 საგოლე გადაცემა
ფრანგ ფეხბურთელს დიდებული სეზონი ჰქონდა. ვინ წარმოიდგენდა, რომ ის ბუნდესლიგის საუკეთესო ბომბარდირების სამეულში მოხვდებოდა, "კიოლნი" კი ევროთასების საგზურს მოიპოვებდა. "მე ვთვლი, რომ მოდესტეს სტატისტიკა უნდა შევაფასოთ უფრო მეტად, ვიდრე მისი კონკურენტების. მიზეზი მარტივია: ისინი გრანდებში თამაშობენ და მათ ბევრი მომენტი ექმნებათ, ხოლო მოდესტემ მათგან მაქსიმუმი გამოწურა", - ამბობს "კიოლნის" მეკარე ტიმო ჰორნი.
უსმან დემბელე (დორტმუნდი)
32 მატჩი, 6 გოლი, 13 საგოლე გადაცემა
ბევრი მიიჩნევს, რომ თომას ტუხელს არაერთი სამწვრთნელო იდეა აქვს, მაგრამ ძალიან ხშირად, ობამეიანგს თუ არ ჩავთვლით, "დორტმუნდის" თამაში შეტევაში მხოლოდ ახალგაზრდა ფლანგელზე იყო დამოკიდებული. დემბელეს შეძენა კვლავ უნდა "ბარსელონას". თავის დროზე უსმანმა "დორტმუნდში" წასვლა არჩია. ვნახოთ, რა იქნება ახლა.
ქერემ დემირბაი (ჰოფენჰაიმი)
28 მატჩი, 6 გოლი, 8 საგოლე გადაცემა
ბუნდესლიგის ერთ-ერთი საუკეთესო მეპასე. "ჰოფენჰაიმის" წარმოდგენა მის გარეშე შეუძლებელი იყო გასულ სეზონში. კონფედერაციათა თასზე გერმანიის ნაკრებში ითამაშებს. თავის დროზე თურქეთის ახალგაზრდული ნაკრების წევრი იყო.
არიენ რობენი (ბაიერნი)
26 მატჩი, 13 გოლი, 9 საგოლე გადაცემა
33 წლის ჰოლანდიელი ბავშვი აღარ არის, მაგრამ მან მაინც კარგი სეზონი ჩაატარა. ტრავმების გამო ის "ბაიერნის" ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ 21-ჯერ გამოვიდა. და მაინც, გოლს პლუს პასის სისტემით მან ბუნდესლიგაში მეშვიდე ადგილი დაიკავა. თანაც, მოპოვებული ტიტულების მიხედვით იოჰან კრუიფს გაუთანაბრდა. "ეს სხვადასხვა ლიგაში ჩემ მიერ მოპოვებული მეათე ტიტული იყო. ამ მაჩვენებლით ლეგენდარულ იოჰან კრუიფს გავუთანაბრდი. ეს ჩემთვის უდიდესი პატივია. ამასთან ერთად, თუ კიდევ ერთ ტიტულს მოვიგებ, ლეგენდას გადავუსწრებ", - ამბობს რობენი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"