21:55 05-02-2015
დორტმუნდის "ბორუსია": შიში ოხერია
AutoSharing Option
"აუგსბურგთან" 0:1-ის შემდეგ "დორტმუნდი" შოკშია, ყველაზე ცუდი კი მაინც ის არის, რომ გვირაბის ბოლოს სინათლე ჯერ კიდევ არ ჩანს. მაგრამ, მიუხედავად ამისა, "ბორუსიაში" იურგენ კლოპის გათავისუფლების ალბათობაზე არათუ არავინ საუბრობს, არც არავინ ფიქრობს. კლოპი ჯერ კიდევ ხელშეუხებელია.
ჩვენი გერმანელი კოლეგები მიიჩნევენ, რომ დორტმუნდელთა უმთავრესი პრობლემა შიშია - ვერმოგების, იმედგაცრუების შიში, რაც კომპლექსს ბადებს და ეს კომპლექსი კლოპის გუნდს თავისუფლად თამაშსა და წარმატების მიღწევაში უშლის ხელს. თითოეულ მიღებულ გოლს "ბორუსიაში" პანიკა მოსდევს, რაც მაშინვე მთელ გუნდზე აისახება ხოლმე და თუ კლოპის გუნდის ბოლო თამაშებს გადახედავთ და კარგად დააკვირდებით, მიხვდებით, რომელ შიშზეა საუბარი. სწორედ ასე წააგო "ბორუსიამ" "აუგსბურგთანაც".
ნახევარმცველი ნური შაჰინი ამბობს, ყველაზე დიდი საშინელება ის არის, რომ გაშვებული ბურთის შემდეგ ისევ დავკარგეთ წესრიგი და თავდაჯერებაო. ნურის აზრით, ფრაიბურგთან მომავალი მატჩი ძალიან საშიშია - ასეა, დორტმუნდელებს უკვე "ფრაიბურგისაც" ეშინიათ. მატს ჰუმელსი არ მალავს, რომ "ფრაიბურგთან" ურთულეს შეხვედრას ელის.
"მიუხედავად იმისა, რომ "ლევერკუზენთან" 0:0 პატარა, მაგრამ მაინც წინ გადადგმულ ნაბიჯად ჩაითვალა და "აუგსბურგთან" პირველ ტაიმში ჩვენი გუნდის თამაშში ნამდვილად იყო მოსაწონი ასპექტები, რაც მეორე ტაიმში მოხდა, კატასტროფის ტოლფასია. თითქოს, ყველა ჩვენი გადაწყვეტილება არასწორი იყო, თითქოს, კედლის თავით განგრევა გვინდოდა," - წუხს ჰუმელსი.
კლოპი შეგირდებისგან რეაგირებას ითხოვს (უკვე მერამდენედ) და არ უჭირს იმის აღიარება, რომ მისი გუნდის თამაში და შედეგები უკვე არც ერთ ლოგიკაში აღარ ჯდება. ყველა ხვდება, რომ კლოპს იდეები გამოელია, მაგრამ მის გაშვებაზე არავინ ფიქრობს.
"ექვსწელიწადნახევარია, რაც იურგენი დორტმუნდში მუშაობს და სწორედ მის ხელში დაბრუნდა "ბორუსია" მოწოდების სიმაღლეზე, მის ხელში გახდა გუნდი ზედიზედ ორჯერ გერმანიის ჩემპიონი, მან გაგვიყვანა ჩემპიონთა ლიგის ფინალში და ამ ყველაფრის შემდეგ კლოპის გათავისუფლებაზე ფიქრი არა მგონია, სწორი იყოს. ყოველ შემთხვევაში, ჩვენთან, გუნდში ეს თემა დახურულია," - ამბობს ჰუმელსი.
მას კლუბის ხელმძღვანელებიც ეთანხმებიან: "დორტმუნდის" გენერალურმა მენეჯერმა ჰანს-იოახიმ ვატცკემ კიდევ ერთხელ გაიმეორა, კლოპს არასდროს გავაგდებო...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული