ექსპერტები "არსენალზე": მან ისიც კი ვერ გაიაზრა, რამდენით ჩამორჩა...

AutoSharing Option
ლონდონის "არსენალის" ლეგენდა მარტინ კიოუნი ამბობს, რომ თუ გუნდი დარწმუნებული არ არის, რომ ალექსის სანჩესი და მესუთ იოზილი დარჩენას აპირებენ, ისინი ახლავე უნდა გაყიდოს.

ამ ფეხბურთელების სასწრაფოდ გაყიდვა იმისთვისაა საჭირო, რომ შემდეგ ზაფხულს "მეთოფეებმა" ისინი სულ უფასოდ არ დაკარგონ. თანაც, კიოუნს იოზილისა და სანჩესის განწყობა და დამოკიდებულება არ მოსწონს, თავში აქვთ ავარდნილიო…. არც კლუბს უნდა სჭირდებოდეს მოთამაშეები, რომლებსაც წასვლაზე ეფიქრებათო.

"თუ გუნდი ამ ფეხბურთელებს უნდა გამოემშვიდობოს, ზუსტად ახლაა შესაბამისი დრო. ზოგჯერ მოთამაშეებს გადააფასებენ ხოლმე. მათ "არსენალი" მნიშვნელოვან მომენტებში დააღალატეს.

მაგალითად,
მიუნხენის "ბაიერნთან" დუელში, როდესაც "მეთოფეებმა" ორი მატჩის ჯამში 2:10 წააგეს. სად იყვნენ მაშინ ისინი? თუ ფეხბურთელებს წასვლა უნდათ, ეს მათი ნებაა. მწვრთნელმა რთული და პრინციპული გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს.

წავა იოზილი? წავა სანჩესი? გაუთავებლად ამაზე ფიქრი და ლაპარაკი გუნდზე ცუდად მოქმედებს. დარწმუნებული ვარ, ორივე ფეხბურთელი სერიოზულად ფიქრობს წასვლაზე. მათ პრემიერლიგის მოგება უნდათ, მეტიც, ჩემპიონთა ლიგის მოგება უნდათ და შესაძლოა, ვერ გრძნობენ იმას, რომ ეს "არსენალთან" ერთად შესაძლებელია. ამიტომაც კლუბისთვისაც ვერ იხარჯებიან ისე, როგორც საჭიროა. გუნდი უფრო დიდია, ვიდრე ორი ვარსკვლავი", - განაცხადა კიოუნმა.

თავად ვენგერმა ახალი კონტრაქტის გაფორმების შემდეგ განაცხადა - ტიტულის მოგებას ვგეგმავთო. მან ისიც დაამატა, ჩემპიონობისთვის სერიოზულად მებრძოლი გუნდი რომ გავხდეთ, ამისთვის ორი მოთამაშე გვაკლიაო. ინგლისური ფეხბურთის ლეგენდასა და ექსპერტს, გარი ლინეკერს ფრანგის ეს სიტყვები სასაცილოდ არ ეყო - ვენგერი ვერც კი იაზრებს, რამდენით და რამდენად ჩამორჩება დანარჩენებსო. სხვათა შორის, ლინეკერის მოსაზრებას გარკვეულწილად, "მეთოფეთა" ექსკაპიტანი ტონი ადამსიც იზიარებს, ვისაც ამ გუნდის რიგებში 500-ზე მეტი მატჩი აქვს ჩატარებული და მუსიე არსენსაც ძალიან კარგად იცნობს.

"შესაძლოა, ის ფიქრობს, რომ ჩემპიონატის მოგებას მომავალ ორ წელიწადში მოახერხებს და ჩემპიონთა ლიგასაც დაუბრუნდება. თუმცა გადახედეთ შემადგენლობას, არ მგონია, ასე იყოს. "არსენალს" უახლოეს სეზონებში ძალიან გაუჭირდება და არ მინდა, არსენის ეპოქა ცრემლებითა და უკმაყოფილებით დასრულდეს, არ მინდა, ვენგერი გუნდის მტრად გამოიყვანონ, ეს მაშინ, როდესაც მან ბრწყინვალედ იმუშავა და კლუბისთვის ძალიან ბევრი კარგი გააკეთა. არ მსურს ეს ყველაფერი გადაიხაზოს ბოლო რამდენიმე სეზონის გამო. ფანების მესმის, მათ ტიტულების მოგება სურთ. ამისათვის პირველი კალათის ფეხბურთელები უნდა დავიმატოთ და არა მესამე-მეოთხე კალათის. ყველა პოზიციაზე უმაღლესი კლასის მოთამაშეა საჭირო" - აღნიშნა ადამსმა.

"არსენალის" აქციონერებს შორის ვენგერის ლობისტი რუსი მილიარდერი ალიშერ უსმანოვია. იგი აქციების 30%-ს ფლობს და ახლახან საკონტროლო პაკეტის მფლობელისგან, სტენ კროენკესგან აქციათა გამოსყიდვა სცადა, მაგრამ უარი მიიღო. თუ უსმანოვი თავისას მიაღწევს, ვენგერის პოზიციები კლუბში კიდევ უფრო გამყარდება.

მილიარდერმა უკვე ისაუბრა იმაზე, რომ ვენგერზე უკეთესი კანდიდატურა "მეთოფეებისთვის" არ არსებობს და მან აუცილებლად უნდა გააგრძელოს გუნდში მუშაობა. ფაქტია, მან დირექტორები დაარწმუნა და სჯერა, რომ ფრანგი წარმატებებს მიაღწევს. უსმანოვს კიოუნი იმაში შეუამხანაგდა, რომ ახლა ფანებმა მხარი მუსიე არსენს უნდა დაუჭირონ.

"ვის მოსწონს და ვის არა ეს გადაწყვეტილება, ამის მიუხედავად, გულშემატკივრებმა ვენგერს მხარი უნდა დაუჭირონ. ახლა ერთად დგომაა საჭირო. ერთი, რომ ვენგერი მხარდაჭერას იმსახურებს და მერე მეორე, ეს გუნდისთვისაა აუცილებელი".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული