ინგლისი. პრემიერლიგა. IV ტურის შეჯამება და სიმბოლური: შეცდომათა კასკადი "გუდისონზე"

AutoSharing Option
IV ტურის უმთავრესი მოვლენა პრემიერლიგაში "ჩელსის" პირველი მარცხი იყო. ეს დაპირისპირება ჯერ კიდევ ტურის წინა მიმოხილვაში გამოვყავით, როგორც უქმეების ცენტრალური თამაში და ახლა უკვე ტურის შეჯამებაში გვინდა მასზე ვრცლად მოგითხროთ.

ჟოზემ ვერაფრი გამოიცნო
საინტერესოა, თუ რას მიიჩნევენ სპეციალისტები ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტის მარცხის მიზეზად. უპირველესად იმას, რომ დედაქალაქელებს, მიუხედავად ძირითადში სამი შემტევი ნახევარმცველის (აზარი-მატა-შიურლე) ყოლისა, გამამწვავებელი პასის კეთება უჭირდათ;

უცნაური იყო, რომ შეტევების ორგანიზება ახლად ტრავმამოშუშებულ ორ ფეხბურთელს, ედენ აზარსა და ხუან მატას დაევალა. თუკი ბელგიელის პაუზა ხანგრძლივი არ ყოფილა, მატამ
წინა ორი შეხვედრა სწორედ ამ მიზეზით გაატარა სათადარიგოთა სკამზე;

ძირითადში ვერ მოხვდა სანაკრებო თამაშებში დაღლილი ფრენკ ლემპარდი. არადა, 35 წლის ვეტერანს "გუდისონ პარკზე" გოლების გატანა არ უჭირს. კარიერის განმავლობაში მას ეს ბედნიერება 4-ჯერ ჰქონდა, მათ შორის 2-ჯერ შარშანდელ სეზონში;

ჟოზე მოურინიომ ვერც შეცვლები გამოიცნო. ოსკარმა და ლემპარდმა თამაშში ჩართვის შემდეგ თავი ვერაფრით გამოიჩინეს, თუ არ ჩავთვლით ბრაზილიელის სიმულაციას, როდესაც ის პენალტს ითხოვდა. ვერაფერი გააწყო ფერნანდო ტორესმაც; არ გაამართლა სასტარტოში სამუელ ეტო'ოს დაყენებამ. 32 წლის კამერუნელის მისამართით ძალიან ბევრი გრძელი გადაცემა გაკეთდა, რომელთა დიდი ნაწილი მასპინძელი მცველებისა და საყრდენი ნახევარმცველების იოლი ლუკმა აღმოჩნდა.

ჟოზე მოურინიო ("ჩელსის" მწვრთნელი): "მომენტები გვქონდა, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ. გულშემატკივარს ესმის, რომ მსგავსი რამ ნებისმიერ სტადიონზე შეიძლება დაემართოს ნებისმიერ გუნდს. საბოლოო შედეგის გარეშე მარტო მომენტების შექმნას აზრი არ აქვს, ისევე, როგორც უშედეგოდ ნათამაშებ ლამაზ ფეხბურთს.

დღეს მკვლელის ინსტინქტი არ გვქონდა. თუნდაც რამირესისა და ეტო'ოს მომენტი გაიხსენეთ. თავდამსხმელს მხოლოდ კარის ჩარჩოში უნდა მოეხვედრებინა და ვერ მოახერხა. მერე შიურლემ გააკეთა მეტისმეტად ნელი პასი ეტო'ოზე და ბერიმ დარტყმა დაბლოკა. მსგავს ეპიზოდებს ვარჯიშებზე გამუდმებით ვხვეწთ. ფეხბურთელების პოტენციალიდან გამომდინარე, ის შედეგს აუცილებლად მოიტანს".


რობერტო მარტინესი ("ევერტონის" მწვრთნელი): "დღეს გამორჩეულ მეტოქესთან გამორჩეული თამაში ჩავატარეთ. ჩემმა ფეხბურთელებმა დაცვაში დიდებულად ითამაშეს, თუმცა ყურადღება არც შეტევებისთვის მოუკლიათ. ვამაყობ მათით.

იმედია, გულშემატკივარს ესმის, რომ "ევერტონისთვის" ეს ერთგვარად გარდამტეხი ეტაპია. განსაკუთრებულად უნდა გამოვყო გარეთ ბერი, ვისაც დიდი ხანია, არ ღირსებია რეგულარული სათამაშო პრაქტიკა, თუმცა, ამის მიუხედავად, მან დაამტკიცა, რომ ნაღდი პროფესიონალია. ის, რაც მან დღეს მოედანზე უჩვენა, ნამდვილი მასტერ-კლასი იყო. ბედნიერი ვარ, რომ ის ჩვენს რიგებში თამაშობს".


ტურის ფაქტები
იუნაიტედი-კრისტალ პალასი 2:0
"კრისტალ პალასმა" "მანჩესტერ იუნაიტედთან" პრემიერლიგაში მე-9 თამაში ჩაატარა და ჯერ ერთიც არ მოუგია - ორჯერ ფრედ ითამაშა და შვიდჯერ დამარცხდა.
ლონდონელებმა უკანასკნელად "ოლდ ტრეფორდზე" "ეშმაკების" დამარცხება 1989 წელს შეძლეს (2:1).
"იუნაიტედმა" "პალასთან" 3 ქულის აღებით 530 მოგება იზეიმა პრემიერლიგაში, მაშინ, როცა უკანასკნელს ისტორიაში სულ 38 მოგება აქვს.

ასტონ ვილა-ნიუკასლი 1:2
"ასტონ ვილამ" ზედიზედ მეორე სეზონში ვერ მოახერხა "ნიუკასლის" დამარცხება. იქამდე კი ტაინსაიდელებს "ვილა პარკზე" მიჯრით ოთხი მარცხი ჰქონდათ.
2012/13 წლების სეზონის მსგავსად, "ნიუკასლმა" ამჯერადაც 2:1 იმარჯვა.

ფულჰემი-ვესტ ბრომვიჩი 1:1
"ფულჰემმა" "ვესტ ბრომვიჩთან" ზედიზედ მე-6 საპრემიერლიგო შეხვედრა ჩაატარა წაუგებლად - 3 მოგება, 3 ფრე.
პრემიერლიგის ეგიდით გამართულ შეხვედრებში "ვესტ ბრომვიჩს" ჯერ ერთხელაც არ მოუგია ლონდონელებთან.
ჩემპიონატში უკანასკნელად "ვესტ ბრომვიჩმა" მეტოქეს 1967 წელს სძლია, თუმცა ერთხელ მაინც მოახერხა ლიგის თასიდან მისი გამოგდება (3:2). ეს 2005 წელს მოხდა და მაშინ ამისთვის დამატებითი დრო გახდა საჭირო.

ჰალ სიტი-კარდიფი 1:1
"კარდიფმა" "ვეფხვებთან" უკანასკნელი 8-დან 4 თამაში მოიგო, თუმცა კი მასთან გასვლაზე დაპირისპირება, ტრადიციულად, უჭირს - 8 გასვლითი მატჩიდან მხოლოდ ერთხელ მოიგო. ეს 2011 წლის თებერვალში მოხდა.

სტოკ სიტი-სიტი 0:0
პრემიერლიგაში "სტოკს" "მანჩესტერ სიტისთან" 6 საშინაო შეხვედრაში 1 მოგება და 5 ფრე აქვს და თანაც, ხუთივე ფრე ზედიზედ ითამაშა. "ქალაქელებმა" "ბრიტანიაზე" წინა სეზონში კი იმარჯვეს, თუმცა ეს ასოციაციის თასის მეოთხე ეტაპზე მოხდა.
აქამდე მეტოქეთა შორის "ტრადიციული ანგარიში" 1:1 იყო. ასე დასრულდა ზედიზედ 4 შეხვედრა ამ არენაზე.
მანკუნიანელებმა გასვლაზე ბოლოს "სტოკს" 1999 წელს 1:0 მოუგეს.

სანდერლენდი-არსენალი 1:3
"არსენალი" "სანდერლენდთან" უკანასკნელი 20 შეხვედრიდან მხოლოდ ერთხელ დამარცხდა. ეს 2009 წლის ნოემბერში მოხდა.
"შავი კატები" "მეთოფეებთან" განსაკუთრებულად სუსტად ატარებენ პირველ ტაიმებს. 25 შემთხვევიდან მხოლოდ ორჯერ მოახერხეს გოლის გატანა პირველ 45 წუთში.
უკანასკნელად "სტედიუმ ოფ ლაითსზე" მასპინძლებმა 2012 წლის თებერვალში იმარჯვეს 2:0, თუმცა ეს თამაში ასოციაციის თასის V ეტაპზე გაიმართა.

ტოტენჰემი-ნორვიჩი 2:0
"ტოტენჰემმა" შარშანდელის გამო შური იძია. 2012/13 წლების სეზონში მან "ნორვიჩთან" სამჯერ ითამაშა და ერთხელაც ვერ მოიგო. პრემიერლიგაში მეტოქეებმა ორჯერვე 1:1 ითამაშეს, ლიგის თასის IV რაუნდში კი "იადონებმა" 2:1 იმძლავრეს.
"ნორვიჩისთვის" "უაით ჰართ ლეინი" აქამდე კომფორტულ სტადიონად მიიჩნეოდა. უკანასკნელი 7 სტუმრობიდან "დეზებმა" მხოლოდ სამჯერ მოახერხეს მოგება.
შაბათის მარცხი მეშვიდე აღმოჩნდა მეტოქეთა დაპირისპირების ისტორიაში. ამაზე მეტჯერ "ნორვიჩი" პრემიერლიგაში მხოლოდ "ლივერპულთან" (8) და "მანჩესტერ იუნაიტედთან" (9) დამარცხებულა.

ევერტონი-ჩელსი 1:0
"ჩელსი" ერთადერთი გუნდი იყო 2012/13 წლების სეზონში, რომელმაც "გუდისონ პარკიდან" 3 ქულა წაიღო (2:1), თუმცა ბოლო წლებში მერსისაიდელები ლონდონელებთან შინ შედეგიანად თამაშობენ. 6 თამაშში - 4 მოგება, 1 ფრე, 1 წაგება.
"ევერტონი" ერთადერთი გუნდია, რომელსაც ფერნანდო ტორესმა 2013 წელს გაუტანა. ამის შანსი ესპანელს ახლაც ჰქონდა, თუმცა ვერ გამოიყენა.

საუთჰემპტონი-ვესტ ჰემი 0:0
"საუთჰემპტონისა" და "ვესტ ჰემის" ბოლო 4 დაპირისპირებიდან 3-ჯერ ფრე დაფიქსირდა.
შაბათს ეს გუნდები ერთმანეთს 99-ედ შეხვდნენ. სტატისტიკა "ჩაქუჩების" მცირე უპირატესობაზე მეტყველებს: 37 მოგება, 29 ფრე, 32 მარცხი.
ლონდონელთა მთავარმა მწვრთნელმა სემ ელერდაისმა მიჯრით მე-10 შეხვედრა არ წააგო "საუთჰემპტონთან".

სუონსი-ლივერპული 2:2
გოლები: 1:0 შელვი (2), 1:1 სტარიჯი (4), 1:2 მოზესი (36), 2:2 მიჩუ (64)
სუონსი (4-2-3-1): ვორმი - რანხელი, ჩიკო, უილიამსი, ბ. დევისი - შელვი, ბრიტონი - რუტლეჯი, მიჩუ, დაიერი (46. დე გუზმანი) - ბონი (66. პოსუელო)
ლივერპული (4-2-3-1): მინიოლე - ენრიკე, სახო, შკრტელი, უისდომი (69. კ. ტურე) - ჯერარდი, ლეივა - ჰენდერსონი, კოუტინიო (54. ასპასი), მოზესი (80. სტერლინგი) - სტარიჯი
გაფრთხილება: უილიამსი, შელვი - ლეივა, ჰენდერსონი, უისდომი
კარში დარტყმა: 28-17 (10-5) კუთხური: 3-7 თამაშგარე: 1-2 ჯარიმა: 8-10 ბურთის ფლობა: 59%-41%
მაყურებელი: 20 000

პრემიერლიგაში ეს გუნდები მეოთხედ შეხვდნენ ერთმანეთს და პირველად მოხდა, რომ ორივე გუნდმა გაიტანა. ორჯერ თამაში 0:0 დასრულდა, ერთხელ კი "ენფილდზე" მასპინძელმა იძალა 5:0 (შარშანდელ სეზონში) და მეორედ კი "გედებმა" მშრალად 1:0 მოიგეს.
დენიელ სტარიჯმა ზედიზედ მეოთხე შეხვედრაში მოახერხა გატანა.

სატურნირო მდგომარეობა
Sportall.Ge

ბომბარდირები: 4 - კრისტიან ბენტეკე (ასტონ ვილა), ოლივიე ჟირუ (არსენალი) დენიელ სტარიჯი (ლივერპული); 3 - რობინ ვან პერსი (მანჩესტერ იუნაიტედი).

ასისტენტები: 2 - დინ კოუი (კარდიფი), პაბლო ერნანდესი (სუონსი), უეინ რუნი (მანჩესტერ იუნაიტედი), პაბლო საბალეტა (მანჩესტერ სიტი).

მომდევნო ტური
21 სექტემბერი:
ნორვიჩი-ასტონ ვილა, ვესტ ჰემი-ევერტონი, ნიუკასლი-ჰალ სიტი, ლივერპული-საუთჰემპტონი, ვესტ ბრომვიჩი-სანდერლენდი, ჩელსი-ფულჰემი

22 სექტემბერი:
არსენალი-სტოკი, კრისტალ პალასი-სუონსი, მანჩესტერ სიტი-მანჩესტერ იუნაიტედი, კარდიფი-ტოტენჰემი

Sportall.Ge
იუსი იასკელაინენი (ვესტ ჰემი) - ჟოზე ფონტე (საუთჰემპტონი), რიო ფერდინანდი (მანჩესტერ იუნაიტედი), გარეთ მაკაული (ვესტ ბრომვიჩი) - სტივ სიდუელი (ფულჰემი), ჯონჯო შელვი (სუონსი), აარონ რემსი (არსენალი), გილფი სიგურდსონი (ტოტენჰემი), ჰატემ ბენ არფა (ნიუკასლი) - სტივენ ნეისმიტი (ევერტონი), ოლივიე ჟირუ (არსენალი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ინგლისი. პრემიერლიგა. IV ტური: ჟოზე მოურინიოს პირველი მარცხი [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული