მემფის დეპაი შეიძლება "ევერტონში" ვიხილოთ

AutoSharing Option
"ევერტონის" მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა დაადასტურა, რომ მემფის დეპაის დამატება სურს. ჰოლანდიელი სპეციალისტი მისი 22 წლის თანამემამულის "გუდისონ პარკზე" მიყვანას იანვარშივე შეეცდება.

დასაწყისისთვის საუბარი იჯარაზეა. დეპაი 2015 წლის მაისში "მანჩესტერ იუნაიტედმა" 25 მილიონი გირვანქის სანაცვლოდ შეიძინა პსვ-სგან, მაგრამ ეინდჰოვენელთა ყოფილი მოთამაშის კარიერა "ოლდ ტრაფორდზე" ვერ აეწყო და ჟოზე მოურინიო მას კარგი თვალით არ უყურებს.

კუმანი, ალბათ, იმაშიც დარწმუნებულია, რომ ცოტა რთული ხასიათის მქონე მოთამაშეს მოთოკავს. მემფისმა რამდენიმე დღის წინათ სანაკრებო შეხვედრაში გაიბრწყინა, როდესაც შეცვლაზე შესულმა ორი მშვენიერი გოლი შეაგდო და
"ნარინჯისფერებს" ლუქსემბურგთან მოაგებინა.

"ვფიქრობ, ის საინტერესო ფეხბურთელია. დეპაი ძალიან ნიჭიერია, შესანიშნავი მონაცემები აქვს და უბრალოდ, მინდორზე ყოფნა და თამაში სჭირდება. მას გუნდში სიამოვნებით ვიყოლიებდი" - აღნიშნა კუმანმა.

კიდევ ერთი ჰოლანდიელი მწვრთნელი დიკ ადვოკაატი მემფისს ასევე გუნდის გამოცვლას ურჩევს: "მან სხვა გამოსავალი უნდა იპოვოს. დეპაი ზედმეტად კარგია იმისთვის, რომ სათადარიგოთა სკამზე იჯდეს. თუმცა იმისიც მჯერა, რომ როგორც პოტენციალით, ასევე ფსიქოლოგიურად იგი იმისთვის მზადაა, რომ "მანჩესტერშიც" გაიბრწყინოს".

"ევერტონს" კონკურენტიც ჰყავს - ტურინის "იუვენტუსი". თუ "ბებერ ქალბატონს" მადრიდის "რეალიდან" ხამეს როდრიგესის ანდაც "ვოლფსბურგიდან" იულიან დრაქსლერის მიყვანა არ გამოუვა, დეპაიზე გადაერთვება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული