ჩეზარე პრანდელი: ნამდვილი ფეხბურთი წარსულიდან

AutoSharing Option
იტალიის ეროვნულ ნაკრებში მარჩელო ლიპის დაბრუნება წარუმატებელი გამოდგა - 2010 წლის მუნდიალზე "სკუადრა აძურამ" სრული ფიასკო განიცადა, იქამდე კი კონფედერაციათა თასზეც შეირცხვინა თავი.

მოკლედ, მაესტრომ მეორეჯერ ვერ გაამართლა, სრულიად დემორალიზებული "აძურა" კი ჩეზარე პრანდელის ჩააბარეს - იქამდე "ფიორენტინას" მთავარ მწვრთნელს, რომლის გუნდიც მართალია, თასს თასზე ვერ იგებდა, მაგრამ მაღალი მიზნებისთვის იბრძოდა და საყოველთაო სიმპათიას იმსახურებდა.

ერთი სიტყვით, იტალიის ეროვნული გუნდი სენიორ ჩეზარეს ჩააბარეს და ჯერჯერობით ეს არავის უნანია... ამბობენ, რომ იტალიის ნაკრები ასეთ სანახაობრივ ფეხბურთს ბოლოს 1978 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე
თამაშობდა - ეს ის გუნდი იყო, რომელმაც 4 წლის შემდეგ ესპანეთში მუნდიალი მოიგო.

"აძურას" თამაშების ხილვა ნეიტრალურ გულშემატკივართათვის დღეს გაცილებით უფრო საინტერესოა, ვიდრე მარჩელო ლიპის, ჯოვანი ტრაპატონის, ჩეზარე მალდინის, დინო ძოფის, რობერტო დონადონის და გნებავთ, არიკო საკის პერიოდში.

ეს პრანდელის დამსახურებაა, რომელზეც ქვემოთ გვექნება საუბარი - უფრო სწორად, თვითონ ჩეზარე იტყვის ყველაზე მთავარზე, ყველაზე უფრო მნიშვნელოვანზე...

ყველაზე მთავარი: ერთი გუნდი, ერთი ოჯახი
დავიბადე ორძინუოვიში - ეს არის პატარა დასახლება ქალაქ ბრეშასთან ახლოს, სადაც სულ რაღაც 12 000 მოსახლეა. შეიძლება არ დაიჯეროთ და დღესაც დროის დიდ ნაწილს სწორედ იქ ვატარებ.

ეს ჩემი სამყაროა, სადაც არასდროს მიგრძვნია თავი მარტოდ და სადაც სულ ყველა თითქოს ჩემი ოჯახის წევრია.

ვიზრდებოდი დიდ ოჯახში, სადაც კაპიტანი ბაბუა იყო, ძირითადი შემადგენლობის მოთამაშეები მშობლები, სათადარიგოები კი ჩვენ, ბავშვები. წარმოიდგინეთ, ნამდვილი იტალიური ოჯახი, სადაც მუდმივად ბევრი ხალხია და სადაც მუდმივად კეთდება რაღაც გემრიელი, რათა სტუმრებს გაუმასპინძლდე.

ბუნებრივია, მხოლოდ დედაჩემი ამას ვერ გაწვდებოდა, დასახმარებლად კი ყოველთვის დეიდები და მამიდები მოდიოდნენ.

ჩვენ ერთად ვიზიარებდით ჭირს და ლხინს, რამაც ყველაზე მთავარი მასწავლა: ერთსულოვნება, ერთ მუშტად შეკვრა... სწორედ აქედან მაქვს გამოყოლილი, რომ ყველაფერი ინდივიდუალური საბოლოოდ მაინც ერთი მექანიზმის ნაწილი უნდა გახდეს; ერთი ოჯახი, ერთი გუნდი - ამის გარეშე წარმატების მიღწევა უბრალოდ წარმოუდგენელია.

ყველაზე სუფთა ფეხბურთი
ოჯახს გარეთ, დროის უდიდეს ნაწილს ორ მეგობართან ერთად ვატარებდი... მე, დომენიკო და ანტონიო მუდმივად ერთად ვიყავით, ერთად დავდიოდით სკოლაში, ეკლესიაში და სხვადასხვა წრეზე.

რაც მთავარია, ერთად ვიყავით ქუჩაში, სადაც გამუდმებით ვთამაშობდით ფეხბურთს, ყველგან, სადაც კი ეს შესაძლებელი იყო. ჩვენთვის სტადიონი იყო მინდორი, მიწა, ასფალტი, ავტოფარეხებიც კი, რომლის თავზეც ბურთი ხშირად გვიგორებია.

დღემდე სწორედ ის არის ჩემთვის ნამდვილი ფეხბურთი, ყველანაირი კომერციის და ფინანსური ინტერესების გარეშე - ნამდვილი გატაცება და ვნება, რომელსაც დაუვიწყარი ემოციები მოჰქონდა.

ჩვენთვის კარები იყო ქვები, ბოთლები, სხვადასხვა საგნები, რომლებსაც ქურთუკებს ვაფარებდით, რომ ძელები უკეთ დაგვენახა.

შემდეგ, სტადიონი შევარჩიეთ და იქ დავბანაკდით, სადაც ხშირად მოდიოდნენ მშობლები და გვქომაგობდნენ. განსაკუთრებით დომენიკოს მამა, რომელიც ყველის ვაჭარი იყო, ფეხბურთი კი სიგიჟემდე უყვარდა. ყველაზე სასიამოვნო კი თამაში მაშინ იყო, როდესაც მოედნის გარშემო გოგონებს შევნიშნავდით...

ერთი კია, ასეთ დროს დომენიკოს მამა გიჟდებოდა და გვიყვიროდა: საქმეს მიხედეთ, აქეთ-იქით ნუ იყურებოდითო.

ეს იყო ყველაზე ნაღდი ფეხბურთი, ყველაზე სუფთა, რომელიც დღესაც მენატრება.

ყველაზე დასამახსოვრებელი მატჩი
ყველაზე დასამახსოვრებელი მატჩი? - "იუვენტუსის" შემადგენლობაში ასამდე მატჩი ჩავატარე, მაგრამ ყველაზე უფრო დიდი ემოციები ისევ ჩემს ბავშვობას უკავშირდება.

მახსოვს, მე და ანტონიოს ერთი გოგო მოგვწონდა და რომ ვერ გავიყავით, საფეხბურთო დუელში გამოვიწვიე. კარში დომენიკო იდგა, ჩვენ კი ერთი-ერთზე თითქმის ორი საათი ვთამაშობდით.

ასეთი დაღლილი ალბათ არც ერთი ოფიციალური მატჩის შემდეგ არ ვყოფილვარ, რადგან სახლში რომ მივედი, ფეხზე ძლივს ვიდექი.

საბოლოოდ, მე გავიმარჯვე და გოგოც ჩემი "გახდა" - ერთი ეგაა, ამ გოგომ ამის შესახებ დღესაც არაფერი იცის.

საუკეთესო მწვრთნელი
ძალიან გამიმართლა, რომ ცხოვრებამ ჯულიანოსთან გადამყარა. ჩემი მეზობელი, რომელიც ფეხბურთზე შეშლილი იყო და ერთ დღეს გამოგვიცხადა, რომ უბნის გუნდის მწვრთნელი იქნებოდა.

ამთავრებდა თუ არა სამუშაოს, სტადიონზე მოდიოდა და იწყებოდა სავარჯიშო პროცესი, რომელსაც მოსდევდა მატჩები და შემდეგ უკვე ტურნირები. შეგვიკერა ფორმები და ნამდვილ გუნდად გვაქცია - ამ ყველაფერს კი ენთუზიაზმზე აკეთებდა.

უნდა გენახათ, რა დღეში იყო ვარჯიშებზე, ბოლომდე იხარჯებოდა და ჩვენზე მეტად იღლებოდა. მწვრთნელი მუდმივად გვიმეორებდა: მიიღეთ თამაშისგან სიამოვნება, გაერთეთ და შედეგი იქნება. გამოგიტყდებით და დღემდე აქტიურად ვიყენებ ჯულიანოს ფრაზებს და მას ხშირად ვუმეორებ იტალიის ნაკრების ფეხბურთელებს.

არაერთ ლეგენდარულ მწვრთნელთან მიმუშავია, მაგრამ მჯერა, რომ მათ შორის ყველაზე საუკეთესო მაინც ჯულიანო იყო - არავის მოუცია ჩემთვის იმდენი, რამდენიც ამ შეშლილ ადამიანს, რომელსაც ცოლი ყოველდღე ეჩხუბებოდა სწორედ იმის გამო, რომ სამსახურის შემდეგ, სახლის ნაცვლად, სტადიონზე გამორბოდა.

გზა დიდი ფეხბურთისკენ
ერთხელ, მეზობელი ქალაქის გუნდს ვეთამაშებოდით - მატჩს კი თურმე "კრემონეზეს" სკაუტი ესწრებოდა. შეხვედრის შემდეგ, ჯულიანოსთან მივიდა და ჩემზე ჩამოუგდო სიტყვა...

მეორე დღეს, სკაუტი ჩემს ოჯახში იყო, სულ მალე კი ქალაქ კრემონასკენ ავიღე გეზი. მაშინ, ჯერ კიდევ ბავშვი ვიყავი და ჩემი სოფლიდან ხეირიანად ცხვირიც არ გამეყო. მახსოვს, სრულიად უცხო გარემო - "კრემონეზეს" ასაკობრივ გუნდში ასპარეზობა, ჩემი თანაგუნდელების მშობელთა გაუთავებელი ჩხუბები ტრიბუნებზე და ამით დათრგუნული ბავშვები.

ამიტომ, ყოველთვის მადლობელი ვიქნები მშობლების, რომ ჩემივე თხოვნით, ისინი არასდროს ესწრებოდნენ თამაშებს. ასე უფრო მშვიდად ვიყავი და ვიზრდებოდი როგორც ფეხბურთელი, როგორც ადამიანი.

"კრემონეზეს" მოჰყვა "ატალანტა" და შემდეგ "იუვენტუსი", სადაც კარიერის საუკეთესო წლები გავატარე.

ფეხბურთი დღეს
ფეხბურთი საოცარი თამაშია, რომელმაც უკეთესობისკენ შეცვალა სამყარო. თუმცა, ფულმა მასაც დაასვა დაღი და ეს ყველამ კარგად ვიცით.

ფეხბურთი დღეს ბიზნესია, სადაც ადამიანების კომერციული ინტერესები იკვეთება.

ხანდახან, ისეთ რამეს ვიგებ, თმები ყალყზე მიდგება, მაგრამ ვერაფერს ვცვლი. სწორედ ამიტომ, ჩემთვის ნამდვილი ფეხბურთი ბავშვობაში დარჩა.

დღეს, დროის დიდ ნაწილს თამაშებზე სიარულს და ნაკრების კანდიდატებზე დაკვირვებას ვანდომებ, მაგრამ თავისუფალ დროს, ყოველთვის ჩავდივარ ორძინუოვიში... იქ ჩემი დიდი ოჯახია და რაც მთავარია, სტადიონი, სადაც ისევ ვთამაშობ ანტონიოსთან და დომენიკოსთან ერთად.

დიახ, ჩვენ ისევ გუნდი ვართ, მაგრამ სამწუხაროდ, აღარ გვყავს ჯულიანო. ხშირად ვიხსენებთ მის დარიგებებს და ისე ვთამაშობთ, როგორც მას უყვარდა.

პარასკევს, ჩვენი ქალაქის მთავარ მოედანზე დიდი ბაზრობა იხსნება, რომელზეც მეზობელი სოფლებიდან და ქალაქებიდან ჩამოდიან.

დომენიკომ მამამისის საქმე გააგრძელა და ყველის ბიზნესშია... ბაზრობაზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი დახლი აქვს, სადაც დგომა ერთი სიამოვნებაა.

ხშირად ჩვენ ერთად ვყიდით ყველს და ვლაპარაკობთ ფეხბურთზე - უნდა ნახოთ, რა გაკვირვებული მიყურებენ ტურისტები, უცხო ქალაქებიდან ჩამოსული სტუმრები, დომენიკო კი ყველას ეუბნება: დიახ, თვალი არ გატყუებთ, ეს ჩვენი ნაკრების მთავარი მწვრთნელია...

Sportall.Ge

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ჩემი მთავარი მისია - ინტერვიუ იტალიის ნაკრების თავკაც ჩეზარე პრანდელისთან
მკითხველის კომენტარები / 7 /
ბრავო! ბრავო! ბრავო!
maqsime mesxi
15:37 25-06-2013
0
ეე რამდენჯერ სკოლის ჩანთებით კარები გაგვიკეთებია და ფეხბურთი გვითამაშია შუაღამემდე!!! კარგი კაცი ხარ ჩეზარე ბავშობა გამახსენდა!!!!!!!!!
shota
13:08 25-06-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული