არიგო საკი პოლ პოგბას: თავი არ დაიღუპო, პოლ!

AutoSharing Option
"პარი სენ-ჟერმენი" კიდევ უფრო მოძლიერებას აპირებს და რამდენიმე გამორჩეულ ფეხბურთელს თავისკენ ექაჩება. ალბათ უკვე იცით, რომ დედაქალაქელები არაერთ ნახევარმცველს უტრიალებენ.

მათ შორის არიან ჩაბი ალონსო და პოლ პოგბაც. პარალელურად, გრძელდება ხუან მატას ხელში ჩაგდების მცდელობები.

ბოლო ინფორმაციით, პარიზელებმა პოგბას შეძენა შესაძლოა, გადადონ და ახალგაზრდა ტალანტს ზაფხულში მიუბრუნდნენ. ამბობენ, პსჟ დაახლოებით 60 მილიონი ევროს გადახდასაც არ მოერიდება და ბუნებრივია, თავად ნახევარმცველსაც სარფიან კონტრაქტს შესთავაზებსო.

ასეთი წინადადებისთვის წინ დადგომა "იუვენტუსს" გაუჭირდება და ალბათ თავად პოგბაც მოიხიბლება შემოთავაზებით. თუმცა, მაგალითად, არიგო საკის მიაჩნია,
რომ ფეხბურთელი პსჟ-ში არ უნდა გადავიდეს, თორემ კარიერას დაიღუპავს:

"პოგბას დარი ფეხბურთელები იმ სისტემის შედეგია, რომელსაც 1970-იან წლებში იყენებდნენ საფრანგეთსა და ბრაზილიაში. მაშინ სასწავლო ცენტრებში დიდი ფული ჩაიდო და სპეციალური სამწვრთნელო კურსები ეწყობოდა. ჩვენთან, იტალიაში, სამწუხაროდ, იგივე არ ხდებოდა.

ახლა საფრანგეთში ბევრი ასეთი მაღალი კლასის მოთამაშეა.

პოლს უამრავი პლუსი აქვს. გარდა ამისა, მას გაუმართლა, რადგან მწვრთნელად ანტონიო კონტე ჰყავს. ახლა "იუვენტუსი" სამაგალითო გუნდია ფეხბურთელების გახსნისა და მათი საუკეთესო თვისებების გამოვლენის და განვითარების კუთხით.

პსჟ-ში შესაძლო ტრანსფერი? ეს არც ყველაზე მდიდარ ადამიანად აქცევს პოგბას და ახლა ის არც ყველაზე ღარიბია. ამიტომ, პირველ რიგში, საკუთარ კარიერასა და მომავალზე უნდა იფიქროს. თუ კლუბს კარგად მოერგე, ზრდა უნდა გააგრძელო და არ უნდა გაჩერდე.

ძალიან ბევრი მაგალითია იმისა, თუ როგორ დაიღუპეს თავი ფეხბურთელებმა უკეთესი ხელფასის გამო. პირველ რიგში, ანდრეი შევჩენკოს გავიხსენებდი, ასევე - კაკას. ისინი მოგვიანებით ისევ "მილანს" დაუბრუნდნენ. ასევე შეგვიძლია ზლატან იბრაჰიმოვიჩი ვახსენოთ, რომელიც "ბარსელონაში" თავს კარგად ვერ გრძნობდა", - განაცხადა საკიმ.

რაც შეეხებათ ალონსოსა და მატას: პირველში პსჟ თურმე 40 მილიონს იხდის და მზადაა მას 3-წლიანი კონტრაქტი გაუფორმოს, ხოლო მეორესთან მიმართებაში საქმე ცოტა რთულადაა - მისი მამა და, ამავდროულად, აგენტი ხუან მატა-უფროსი მოლაპარაკებებს ერთდროულად რამდენიმე გუნდთან მართავს და საუკეთესო ვარიანტს ეძებს. საუბარი, "პარი სენ-ჟერმენის" გარდა, "რეალზე", "ბარსელონაზე", "ინტერსა" და "ნაპოლიზეა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული