სერიოზული ცვლილებები არგენტინის ნაკრებში

AutoSharing Option
სერხიო ბატისტამ ვადაზე 4 დღით ადრე დაასახელა იმ 23 მოთამაშის სია, ვინც 7 სექტემბერს, ბუენოს-აირესის "მონუმენტალზე" მსოფლიოს ჩემპიონ ესპანეთს დაუპირისპირდება. თუ 11 აგვისტოს ირლანდიაში მოგებული მატჩისთვის ფეხბურთელები კარლოს ბილარდოსა და ნაწილობრივ დიეგო მარადონას მიერ იყვნენ მიწვეულნი, ამჯერად ბატისტამ ისინი ერთპიროვნულად შეარჩია.

გუნდში სერიოზული ცვლილებებია. პირველ რიგში, აღსანიშნავია დიეგოს მიერ დაწუნებული კვარტეტის - გაბრიელ მილიტოს, ხავიერ ძანეტის, ესტებან კამბიასოსა და ანდრეს დ'ალესანდროს დაბრუნება.

ბატისტას თქმით: "მილიტოს, კამბიასოსა და ძანეტის აქვთ ასეთი რანგის მატჩების მოსაგებად აუცილებელი გამოცდილება და კლასი, დ'ალესანდრო კი უბრალოდ
კარიერის ზენიტში იმყოფება და მისი გამოუყენებლობა დანაშაულის ტოლფასია!"
ერთადერთი დებიუტანტი - მესამე მეკარე, "ლანუსისა" და ახალგაზრდული ნაკრების 22 წლის კარის დარაჯი აგუსტინ მარჩეზინია, რომელსაც ბატისტა ახალგაზრდულში ავარჯიშებდა და 2009 წლის ტულონის ტურნირიდანაც კარგად ახსოვს.
მოწვეულთა სრული სია ასე გამოიყურება:

მეკარეები - სერხიო რომერო (ალკმაარი, ჰოლანდია), მარიანო ანდუხარი (კატანია, იტალია), აგუსტინ მარჩეზინი (ლანუსი);
მცველები - მარტინ დემიკელისი (ბაიერნი, გერმანია), ვალტერ სამუელი, ხავიერ ძანეტი, ნიკოლას ბურდისო (სამივე ინტერი, იტალია), გაბრიელ ჰაინცე (მარსელი, საფრანგეთი), გაბრიელ მილიტო (ბარსელონა, ესპანეთი), პაბლო საბალეტა (მანჩესტერ სიტი, ინგლისი);
ნახევარმცველები - ხავიერ მასკერანო (ლივერპული, ინგლისი), ფერნანდო გაგო, ანხელ დი მარია (რეალი, ესპანეთი), ევერ ბანეგა (ვალენსია, ესპანეთი), ესტებან კამბიასო (ინტერი, იტალია), მარიო ბოლატი (ფიორენტინა, იტალია), ანდრეს დ'ალესანდრო (ინტერნასიონალი, ბრაზილია);
თავდამსხმელები - გონსალო იგუანი (რეალი, ესპანეთი), ლიონელ მესი (ბარსელონა, ესპანეთი), სერხიო აგუერო (ატლეტიკო, ესპანეთი), ესეკილ ლავეცი (ნაპოლი, იტალია), დიეგო მილიტო (ინტერი, იტალია), კარლოს ტევესი (მანჩესტერ სიტი, ინგლისი).

მოდით უფრო დეტალურად გავეცნოთ ახალ მთავარ მწვრთნელს, მის შეგირდებს, ვისაუბროთ მათ დღევანდელ მდგომარეობასა და სამომავლო პერსპექტივებზე. 47 წლის სერხიო დანიელ ბატისტა არგენტინულ ფეხბურთში რევოლუციას გეგმავს. ის ესპანეთის დღევანდელი ნაკრებისა და "ბარსელონას" დიდი თაყვანისმცემელია და უნდა სამშობლოში წარმატებული სისტემის დანერგვა, როცა ყველა ასაკობრივი ნაკრები ერთიან გეგმაში ჯდება და ერთ სტილში თამაშობს, რაც მნიშვნელოვნად აადვილებს ფეხბურთელთა ადაპტაციას შემდგომი ასაკის გუნდში.

მწვრთნელი ყველა ინტერვიუში იმეორებს - ნამდვილი არგენტინული სტილი უნდა დავიბრუნოთ, მოკლე პასითა და ბურთის დიდხანს ფლობითო. ანუ ისეთი, რომელსაც ახლა ესპანელები ქადაგებენ. მახსოვს, როცა მადრიდში მარადონას ფორმაციის არგენტინამ 1:2 წააგო, ერთხმად აღვნიშნეთ, რომ იმ ფეხბურთს, რისთვისაც ამდენი წელია არგენტინას ვქომაგობთ, ახლა მასპინძლები უჩვენებდნენ!
სწორედ ამ სტილის დაბრუნება აქვს განზრახული ბატისტას. ამასთან, მას ნამდვილი გამარჯვებულის მენტალიტეტი აქვს. ფეხბურთელობისას "არხენტინოსში" და "რივერში" 3-ჯერ ქვეყნის ჩემპიონიც იყო და "კოპა ლიბერტადორესის" მფლობელიც. მერე 1986 წლის მუნდიალი მოიგო და კინაღამ "ბიკამპეონიც" გახდა 1990 წელს. სხვათაშორის, ფინალში არგენტინელთა იმ წარუმატებლობის ერთერთი უმთავრესი მიზეზი სწორედ ბატისტას, კლაუდიო კანიჯას, ხორხე ოლარტიკოეჩეასა და რიკარდო ხიუსტის დისკვალიფიკაცია გახლდათ.

ნაკრებიდან მარადონას წასვლის მერე, ფედერაციამ "ჩეჩო" (ბატისტას მეტსახელი) დროებით მწვრთნელად დანიშნა და ვადა წლის ბოლომდე დაუთქვა. თუ ესპანეთთან, აშშს-თან და ბრაზილიასთან ამხანაგურების შედეგები წარმატებული იქნა, მას დატოვებენ და დეკემბერში "ლანუსის" თავკაც ლუის სუბელდიასაც წაახმარენ ასაკობრივებში ასისტენტობისთვის. ასე რომ, საფიქრალი დრო ცოტაა და ბატისტაც უკვე შეუდგა საქმეს. ირლანდიასთან გასვლაზე მოგებული მატჩის პირველ ტაიმში გუნდმა ძალიან კარგი ფეხბურთი ითამაშა. აქ მხოლოდ გამარჯვებას არ ვგულისხმობ.

ფეხბურთელები თავიანთ გემოზე თამაშობდნენ, უფრთხილდებოდნენ ბურთს, ზუსტი მოკლე პასებით ადგენდნენ მათთვის ხელსაყრელ რიტმს და ტექნიკის დემონსტრირებასაც ელეგანტურად ახდენდნენ. სხვათაშორის, ანალოგიურ სტილში მოიგო ალბისელესტემ პეკინის ოლიმპიადაც, სადაც ამ გუნდის ბევრი წევრი ასპარეზობდა. რაც მთავარია, საკუთარი "ბარსელონური" პოზიცია მიიღო ლეო მესიმ და კარგადაც გაისარჯა. იგივე ითქმის გოლის ავტორ ანხელ დი მარიაზეც, რომელმაც უკვე დაივიწყა სამუნდიალო ჩავარდნა.

ახლა კი კონკრეტულად საესპანეთო განაცხადზეც ვთქვათ. მეკარეების საკითხში ბატისტა ცვლილებებს არ გეგმავს. ჯერ ერთი, ტიტულარი სერხიო რომერო ნაკრებში მისი დაწინაურებულია და 2008 წლის ოლიმპიადაზე სწორედ "ჩეჩომ" ანდო ეროვნულის კარის დაცვა. მარიანო ანდუხარიც მისი საიმედო დუბლიორია, ახალბედა მარჩესინის კი ბატისტა იუნიორული ასაკიდან ავარჯიშებს.
დაცვაში ხავიერ ძანეტისა და გაბრიელ მილიტოს დაბრუნება უთუოდ მოხსნის უამრავ პრობლემას. სავარაუდოდ, ვალტერ სამუელიც დაიბრუნებს კუთვნილ ადგილს დაცვის ცენტრში და იქნებ მარტინ დემიკელისის კარიერასაც წაადგეს "ბაიერნიდან" მისი წასვლა. ასეთ ვითარებაში მარსელში გასნაიპერებული გაბრიელ ჰაინცეც და კლუბის ძიებაში მყოფი ნიკოლას ბურდისოც იგრძნობენ რეალური კონკურენციის სიმძაფრეს. როგორც ხედავთ, ბატისტამ პაბლო საბალეტაც გაიხსენა, რომელსაც ფლანგზე დამაჯერებელი თამაში ეხერხება.

მოედნის ცენტრში, პირველ რიგში, იცვლება განლაგება და თამაშის სქემა. თუ მარადონას დროს ხავიერ მასკერანო ერთადერთ ჩამშლელად რჩებოდა, ხოლო ფლანგებზე დი მარიას, ხონას გუტიერესს ან მაქსი როდრიგესს მთელი ფრთის გაკონტროლება ევალებოდათ, ბატისტა სულ სხვა სისტემას ემხრობა. ირლანდიაში მან ერთბაშად 3 ცენტრალური ნახევარმცველი ათამაშა, ამათგან ფერნანდო გაგო მასკერანოს აზღვევდა, ევერ ბანეგა კი შეტევაზეც ფიქრობდა. ახლახანს გაგომ ტრავმა მიიღო და ესპანეთთან ვერ ითამაშებს. სამაგიეროდ მის როლზე კიდევ უფრო უკეთესი შემსრულებელი - კამბიასო მოიძებნა ("ის მოედანზე მყოფი მწვრთნელია" - ამბობს ბატისტა), რაც შეეხება მარიო ბოლატის, იგი მასკერანოს დუბლიორია. ხოლო დ'ალესანდრო ერთნაირად კარგია ფლეიმეიკერადაც და ფლანგურ შემტევადაც. მის შესახებ "კოპა ლიბერტადორესის" წლევანდელი გამარჯვებულის, პორტუ ალეგრეს "ინტერნასიონალის" პრეზიდენტი ვიტორიო პიფერო OLE-ში დაბეჭდილ წერილში წერს:

"მთელი ცხოვრებაა არგენტინული ფეხბურთის დიდი დამფასებელი ვარ. უფრო მეტიც, მსოფლიოს ჩემპიონატებზე ბრაზილიასთან ერთად არგენტინასაც გულით ვქომაგობ. ამიტომაც, არავის უკვირს, რომ დღევანდელი გუნდის ძირითადში 3 არგენტინელი მყავს: აბონდანსიერი, გუინასუ და დ'ალესანდრო. მათ "ინტერს" საერთაშორისო კლასი, უდიდესი გამოცდილება და გამარჯვებულის მენტალიტეტი შესძინეს. არ მიკვირს ბატისტას ინტერესი დ'ალესანდროს მიმართ. თამაშის იმ ხარისხით, რომელსაც იგი ბრაზილიაში აჩვენებს, სრულიად ლოგიკურად მოხვდა ეროვნულის კანდიდატთა რიცხვში. თავს უფლებას მივცემ ბატისტას ერთი რჩევაც შევუთვალო: გუინასუსაც ნუ ჩამოწერს - იგი უმაღლესი კლასის ნახევარმცველია!"

თავდასხმა ერთადერთი ხაზია, რომელშიც ჯერჯერობით თითქმის არაა ცვლილება. მუნდიალის მონაწილე ექვცეულიდან ხუთი კაცი დარჩა, მარტინ პალერმო კი ისევ იმ ესეკილ ლავესიმ შეცვალა, რომელიც ბოლო მომენტამდე ეცილებოდა სამხრეთ ამერიკის ბილეთს. იქნებ ურიგო არც იქნებოდა მისი წაყვანა, ასეთი გამოკვეთილი ფლანგური დრიბლიორი არგენტინას კარგ სამსახურს გაუწევდა.
სხვებიც ახალ სეზონს კარგ ფორმაში ხვდებიან.

გონსალო იგუაინი ჟოზე მოურინიოს "რეალშიც" საუკეთესო სნაიპერია - ამერიკულ ტურნეში ძალიან ლამაზი გოლები გაიტანა; დიეგო მილიტომ გამარჯვებათა სერია იტალიის სუპერთასის მოპოვებით გაარძელა და იქ ეტოოს საგოლედ უპასა, ხოლო 27 აგვისტოს გასული წლის ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი მიიღო; სერხიო აგუერო "ატლეტიკოში" ასევე ბომბარდირობს; კარლოს ტევესმა კი, მართალია, რადიოინტერვიუში მარადონას მხარე დაიჭირა და ხულიო გრონდონას გაკრა კბილი, მაგრამ "სიტიში" კაპიტნის სამკლაური მოირგო და "ლივერპულის" განადგურებაში დუბლით გამოირჩა; მთავარი კი მაინც ძველი ლეო მესის დაბრუნებაა - "სევილიასთან" ესპანეთის სუპერთასის საპასუხო მატჩში ისე იფრინა, როგორც კარიერის საუკეთესო მომენტებში. აღარაფერს ვამბობ მის მორიგ ჰეთ თრიკზე, რომელმაც საბოლოოდ გადარია მის მიერ ამოჩემებული მეკარე ანდერს პალოპი, რომელსაც უკვე 11-ჯერ გაუტანა!!!

ახლა იმათ პერსპექტივებზეც ვთქვათ მოკლედ, ვინც ირლანდიასთან ითამაშა, საესპანეთოდ კი აღარ გამოიძახეს და უახლოეს რეზერვსაც შევეხოთ. დაცვაში "ლივერპულიდან" "ფიორენტინაში" გადასული ემილიანო ინსუას გამოყენება კვლავაც სავარაუდოა - იგი ახალგაზრდაა და გამოცდილებას კიდევ შეიძენს, ფაბრისიო კოლოჩინის კი სხვისი ტრავმები თუ უშველის. ბატისტა აკვირდება ოლიმპიელ ფედერიკო ფასიოს, რომელიც წელს "სევილიას" ტიტულარად ყალიბდება, "რეალის" ლაზარეთში მოხვედრილ ესეკილ გარაის და ახლახანს მოსკოვის "სპარტაკში" გადასულ ნიკოლას პარეხას.

ნახევარმცველთაგან უღრუბლო მომავალი მხოლოდ ახალგაზრდა ხავიერ პასტორეს აქვს. ბატისტა მას ძალიან მაღალ შეფასებას აძლევს, ნაკრების მომავალსა და რომან რიკელმეს შემცვლელს უწოდებს და ახლაც უბრალოდ დროებით ასვენებს. აი, მაქსისა და ხონასის დრო კი, როგორც ჩანს, ამოიწურა - მათი სტილი ვერაფრით ერგება ახალ სისტემას, მობილურობით კი ბატისტა ორივეზე წინ სევილიელ დიეგო პეროტის აყენებს, რომელიც ახლა არ გამოუძახია. აღარაფერს ვამბობ ხესუს დატოლოზე, რომელსაც ალბათ თვითონაც აღარ ჯერა სანაკრებო პერსპექტივის - ჯერ საკლუბო კარიერა აქვს ასაწყობი.

ცალკე საუბრის თემაა არგენტინის ჩემპიონატში მოასპარეზე ფეხბურთელები, რომლებზეც ნაკრების თავკაცი ჯერჯერობით არაფერს ამბობს. ამ მხრივ მხოლოდ ერთი რამაა ცნობილი - 7 სექტემბერს ნაკრებს ხუან რომან რიკელმეც უბრუნდება, ოღონდ ჯერ მხოლოდ გულშემატკივრის როლში. მარადონასთან ნაჩხუბარმა პლეიმეიკერმა, რომელიც ამჟამად ტრავმას იშუშებს, ბილეთები შეიძინა და ინტერვიუში არ გამორიცხა მომავალში ბატისტასთან სერიოზული საუბარი. მათ ხომ ჩინებულად გაუგეს ერთმანეთს ოლიმპიურ ნაკრებში და პეკინის ოქროც ერთად იზეიმეს! ამასთან, რიკელმემ აღფრთოვანებით ისაუბრა ესპანეთის ნაკრებზე და განსაკუთრებით თავისი დიდი ხნის მეგობარი ანდრეს ინიესტა აქო, რომელთანაც, თურმე, თითქმის ყოველდღიური სატელეფონო ურთიერთობა ჰქონია.

წერილის ბოლოს მინდა ორიოდე სიტყვით ბატისტასა და მარადონას ურთიერთობასაც შევეხო. თავის დროზე, ახლადდანიშნულმა დიეგომ არ მოინდომა თანაშემწეებად თავისი ყოფილი პარტნიორების - ბატისტასა და "ტატა" ბრაუნის აყვანა. თუმცა, ფედერაციის მიერ ახალგაზრდულში გადასროლილი დუეტი მაინც წავიდა სამხრეთ აფრიკაში და ბოლოს მარადონასთან ურთიერთობაც ნორმალურ კალაპოტში ჩადგა. გერმანიასთან წაგების მერე, სხვების მსგავსად, ბატისტამაც ურჩია დიეგოს დარჩენა, მაგრამ გადამდგარის ადგილი უყოყმანოდ დაიკავა და ამბიციური განცხადებაც გააკეთა - ჩემი მიზანი 2014 წლის მუნდიალზე ამ ბიჭებთან ერთად გამარჯვებააო! თუ გავითვალისწინებთ, რომ ის მსოფლიო ჩემპიონატი ბრაზილიაშია, მეზობლების დამარცხება კი არგენტინელთაგან ბოლო 6 წლის მანძილზე მხოლოდ ბატისტას ოლიმპიელებმა მოახერხეს, გრონდონას არჩევანი ეჭვს არ იწვევს!

ბიძინა ბარათაშვილი



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული