1-ელ სექტემბერს მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის სამხრეთამერიკულ შესარჩევ ჯგუფში მე-7 ტურის შეხვედრები გაიმართა. არგენტინის ნაკრებმა მინიმალური ანგარიშით შინ ურუგვაის მოუგო, პარაგვაიმ კი საკუთარ მოედანზე ჩილეს აჯობა - 2:1. ბრაზილიის ნაკრებმა ეკვადორს სტუმრად 3:0 სძლია. ორ-ორი უპასუხო გოლი გაუტანეს კოლუმბიამ და ბოლივიამ საშინაო მატჩებში ვენესუელასა და პერუს.
ქალაქ მენდოსაში, "მალვინას არტენტინასზე" გამართულ შეხვედრაში ერთადერთი გოლი 43-ე წუთზე არგენტინელთა თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ მიითვალა. სულ მალე კი, პირველი ტაიმის კომპენსირებულ დროში მასპინძლები კაცნაკლულნი დარჩნენ - პაულო დიბალამ მეორე გაფრთხილება მიიღო და მოედანი დატოვა.
ეკვადორში, "ოლიმპიკო ატაულპაზე", ბრაზილიელებმა მასპინძლები მატჩის ბოლო 18 წუთში გატეხეს. ანგარიში 11-მეტრიანით ნეიმარმა გახსნა (72), ამის შემდეგ კი დუბლი გაბრიელ შეზუსმა (87, 90+2) გაიფორმა. სხვათა შორის, 76-ე წუთზე მეორე გაფრთხილების გამო ეკვადორს ხუან კარლოს პერედესი გაუძევეს.
ასუნსიონში ჩატარებულ პარაგვაისა და ჩილეს შეხვედრაში მასპინძლებს ორბურთიანი უპირატესობა უკვე მე-9 წუთისთვის ჰქონდათ. გოლები ოსკარ რომერომ (მე-6 წუთი) და პაულო და სილვამ (9) გაიტანეს. ჩილემ პირველსავე ტაიმში, არტურო ვიდალის გოლით (36) კი მოახერხა სხვაობის შემცირება, მაგრამ მეტი ვეღარ შეძლო. თანაც, თამაშის მიწურულს სტუმრებს გარი მედელი გაუძევეს.
კოლუმბიის ნაკრებმა საკუთარ მოედანზე ხამეს როდრიგესისა (45+2) და მაკნელი ტორესის (81) გოლებით ვენესუელას 2:0 მოუგო. აღსანიშნავია, რომ სტუმრებმა მატჩი 9 კაცით ჩაამთავრეს, მასპინძლებმა კი 11-მეტრიანი ვერ გამოიყენეს.
ასეთივე ანგარიშით ბოლივიამ შინ პერუს სძლია. 38-ე წუთზე პაბლო ესკობარმა გაიტანა, 88-ეზე კი - რონალდ რალდესმა.
7 ტურის შემდეგ ჯგუფს 14 ქულით არგენტინა ლიდერობს, 13-13 ქულა აქვთ ურუგვაის, კოლუმბიასა და ეკვადორს. 12-12 ქულით მე-5-მე-6 ადგილებს კი ბრაზილია და პარაგვაი იკავებენ.
11:55 02-09-2016
მუნდიალი 2018. სამხ ამერიკა. VII ტური: არგენტინა და ბრაზილია იგებენ [VIDEO]
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული