პრინცის გზა - ანტუან გრიზმანი ერიკ კანტონას ნაკვალევზე

AutoSharing Option
* ანტუან გრიზმანმა "ვალენსიასთან" მატჩში დუბლი შეასრულა და სეზონში (ყველა შეჯიბრებაში) 20 გოლი მიითვალა (12 ლა ლიგაში).
* დიდი ალბათობით, გრიზმანი ახალი სეზონიდან "მანჩესტერ იუნაიტედის" მაისურას მოირგებს.
* გრიზმანმა წლეულს ლა ლიგაში 10 გოლი გაიტანა.
* "ვალენსიასთან" მატჩი ფრანგი ფორვარდისთვის მე-100 იყო ლა ლიგაში.

ანტუან გრიზმანი დგას კარიერის გზაგასაყარზე და ეს სულერთი ვერაფრით იქნება მსოფლიო ფეხბურთისათვის, რადგან ფრანგი მისი ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელია.

ის იმ ფეხბურთელთა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელსაც ინდივიდუალურად შეუძლია, ნებისმიერი შეხვედრის ბედი მარტომ გადაწყვიტოს.

მიმდინარე სეზონში "ატლეტიკო" და გრიზმანი
ერთმანეთს ჰგვანან: ხან თამაშობენ და ხან ვერა. ისე ჩანს, რომ ფეხბურთელსაც და გუნდსაც საზრუნავად მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის მოგება აქვთ. ეს დიდი მიზანი ორჯერ იყო ახლოს და მადრიდული კლუბი დიდების ოლიმპოზე ერთხელაც ვერ ავიდა. აქედან გამომდინარე, მოტივაცია დიდზე დიდია.

ალბათ, მთავარი ოცნებაც სწორედ ესაა როგორც გუნდისთვის, ისე ფეხბურთელისათვის. "ატლეტიკომ" ყველაფერი მოიგო ჩემპიონთა ლიგის გარდა და თუ ევროპის უმთავრეს საკლუბო ტურნირზეც იმარჯვა, ეს იქნება დიეგო სიმეონეს მადრიდული კარიერის დიდებული დასასრული. უნდა ვიფიქროთ, რომ "პრინცისაც".

"პრინცი" კარგზე კარგი იყო "რეალ სოსიედადში", სადაც გაიცნო კიდეც მსოფლიო საფეხბურთო თემმა, მაგრამ ნამდვილ ვარსკვლავად ის "ატლეტიკოში" იქცა. ეს ანტუანმა კარგად იცის და ისიც იცის, რომ მეგავარსკვლავი შეიძლება სულაც ვერ გამხდარიყო, რომ არა სიმეონე.

ალბათ, ამადაც იყო და არის, რომ გრიზმანი ჯერაც არ აცხადებს საჯარო სურვილს "ატლეტიკოს" დატოვების თაობაზე. ის ამბობს, რომ მზადაა, მანამდე გაჩერდეს გუნდში, სანამ მას სიმეონე არ დატოვებს. ეს სულ სხვა წერილის თემაა, მაგრამ სიმეონეს მადრიდულ გუნდში დიდხანს დარჩენა არ უწერია. შესაბამისად, გრიზმანის წასვლაც დიდად სავარაუდოა.

რა თქმა უნდა, ფრანგი ვარსკვლავის მომავალს არაერთ კლუბს უკავშირებენ, მაგრამ ასეთი ჭორები კარგი ფეხბურთელების გარშემო ყოველთვის არის. ერთადერთი გუნდი, რომელსაც გამუდმებით ახსენებენ ინგლისური და არა მხოლოდ ინგლისური საინფორმაციო საშუალებები, არის "მანჩესტერ იუნაიტედი".

ამაში გასაკვირი არც არაფერია. "იუნაიტედს" გარდამავალი სეზონი აქვს. ჟოზე მოურინიოს ამ გარდამავალ სეზონში რაღაცას ჯერ კიდევ აპატიებენ, მომდევნო სეზონში კი არაფერს - გუნდმა ბოლომდე უნდა იბრძოლოს ჩემპიონობისათვის და წარმატებით უნდა დაუბრუნდეს ჩემპიონთა ლიგას.

რა თქმა უნდა, "იუნაიტედს" შეტევაში ბევრი ვარსკვლავი ჰყავს, მაგრამ გრიზმანი თავის გზას და საკეთებელს მაინც იპოვის. თუ რამე აკლია ახლა "იუნაიტედს", ხეირიანი მცველების გარდა, ახლა სწორედ გრიზმანის სტილის ფეხბურთელია.

მაინც, რა არის ფრანგის უპირატესობა სხვებთან შედარებით? ალბათ, მაინც ის, რომ ანტუანი მინდორზე ძალიან ფეთქებადი ნატურაა. მას ძალიან კარგად უნდა გამოუვიდეს შერწყმა ემოციურ "ოლდ ტრაფორდთან". მას შეუძლია, ამ ბევრისმნახველი არენის ახალი კერპი გახდეს.

ვარაუდი, რომ გრიზმანს არ გაუჭირდება "მანჩესტერის" სათამაშო სტილთან მორგება, საფუძველს სულაც არაა მოკლებული. რა თქმა უნდა, სხვაობა არის, მაგრამ არის კომპონენტები, რომლებითაც ჟოზე მოურინიოს "იუნაიტედი" და დიეგო სიმეონეს "ატლეტიკო" ერთმანეთს ძალიან ჰგვანან. და ეს მსგავსება იმაშია, რომ ორივე მაქსიმალურად ცდილობს მოწინააღმდეგის შეცდომის გამოყენებას.

უბრალოდ, ჟოზე ახალმისულია ინგლისურ გრანდში და ის თანდათან ამკვიდრებს ამ სტილს, ხოლო სიმეონემ ის ავტომატიზმამდე აიყვანა ესპანურ გუნდში. ამ სტილის ერთ-ერთი მთავარი მინდორზე გადამტანი არის გრიზმანი და სადაც ის ამას ახერხებს ესპანეთში, ამის გაკეთება არც ინგლისში უნდა გაუჭირდეს.

მიმდინარე სეზონში გრიზმანი, რიგ შემთხვევებში, ძველებურად ვეღარ ბრწყინავს "ათლეტთა" რიგებში, მაგრამ ამას აქვს თავისი ახსნა. ფრანგი, ალბათ, ქვეცნობიერად მაინც მიიჩნევს, რომ მან ესპანურ გრანდში უკვე ამოწურა თავისი შესაძლებლობები.

რას ვიზამთ, ეს ფეხბურთში ჩვეულებრივი ამბავია. ჩვენ მივეჩვიეთ "ატლეტიკოს" ანტუანთან ერთად და ჩვენ სწორედ ასეთი "ატლეტიკო" მოგვწონს, მაგრამ ისიც ვიცით, რომ ცხოვრებაში ადრე თუ გვიან ყველაფერი მთავრდება და ეს ლამაზი ისტორიაც აუცილებლად უნდა დამთავრდეს.

ფრანგი დღეს ამბობს, რომ არ აპირებს "ვისენტე კალდერონის" დატოვებას, მაგრამ არავინ იცის, რა იქნება სეზონის ბოლოს. დიდი ალბათობით, "ატლეტიკო" ვერც სიმეონეს შეინარჩუნებს და ეს ახალი ფორმაციის გუნდის მშენებლობას დააჩქარებს.

გრიზმანს კი ელის "მანჩესტერ იუნაიტედი" - დიდი კლუბი, სადაც წლების წინ მისი დიდი თანამემამულე ერიკ კანტონა სხვა ლამაზ ისტორიას წერდა.

დოსიე
ანტუან გრიზმანი
დაიბადა: 1991 წ. მაკონი (საფრანგეთი)
ამპლუა: თავდამსხმელი
კარიერა: 2009-14 - რეალ სოსიედადი; 2014-დან - ატლეტიკო
საფრანგეთის ნაკრები: 39 თამაში, 14 გოლი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
გრიზმანის სტილის ფეხბურთელს არანაირი პერსპექტივა არ აქვს ინგლისში და მით უფრო მოურინიოსთან...
musenbezi
18:24 07-03-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული