კვირა ციფრებში: ვარსკვლავები და სანაკრებო რეკორდები

AutoSharing Option
დღევანდელ მიმოხილვაში, მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პლეი ოფების გარდა, ტიმ კეჰილის და ჯეი როდრიგესის მიღწევებზე და ასევე, "კრუზეიროს" ჩემპიონობაზე ვისაუბრებთ...

1 200 - ფეხბურთელს აქვს უკვე ნათამაშები ინგლისის ნაკრებში, მას შემდეგ, რაც ფრეიზერ ფორსტერმა, ადამ ლალანამ და ჯეი როდრიგესმა, ჩილესთან წაგებულ (0:2) შეხვედრაში სანაკრებო დებიუტი მოიწყვეს. 1200-ე ფეხბურთელად სწორედ როდრიგესი "გაფორმდა", სიაში კი მის წინ გარეთ ბერი (1100-ე, 2000 წელს) და ნილ უები (მე-1000, 1987 წელს) არიან.

შეხვედრა კი როგორც მოგახსენეთ, ინგლისის მარცხით დასრულდა და საინტერესოა, რომ ბრიტანელებმა ჩილეს ზედიზედ
მეოთხე შეხვედრაში ვერ გაუტანეს. უკანასკნელი ნაკრები, რომელმაც ინგლისთან კარი მშრალად ზედიზედ 4 შეხვედრაში შეინახა, შვედეთი იყო (1979-1989 წლებში).

ბოლო ინგლისელი ფეხბურთელი, რომელიც ჩილესთან გოლის ავტორად მოგვევლინა, ნეტ ლოფტჰაუსი გახლავთ, ვინც ეს 1953 წელს გააკეთა.

ჩილეს შემდეგ, ინგლისი გერმანიას შეხვდა და მასთანაც დამარცხდა (0:1). რომან ვაიდენფელერს, რომელიც 33 წლის და 105 დღის ასაკში, გერმანიის ნაკრების ყველა დროის ყველაზე ასაკოვანი დებიუტანტი გახდა, ამ შეხვედრაში ერთი "სეივიც" კი არ შეუსრულებია.

ბოლო საშინაო მატჩი ზუსტი დარტყმის გარეშე ინგლისმა 1999 წელს, შოტლანდიასთან ჩაატარა, რომელიც ასევე 0:1 წააგო.

74 - გოლი გაიტანა "კრუზეირომ" და ბრაზილიის ჩემპიონატის რეკორდი დაამყარა. მას შემდეგ, რაც "ბრაზილეირაო" 20-გუნდიანი ტურნირი გახდა, ერთ სეზონში 68 გოლზე მეტი მხოლოდ ერთმა გუნდმა, იმავე "კრუზეირომ", 2007 წელს გაიტანა, როდესაც სეზონი 73 ბურთით დაასრულა, მაგრამ საბოლოოდ, მხოლოდ მეხუთე ადგილზე გავიდა.

ბელუ ორიზონტის წარმომადგენლებმა ტიტული ჩემპიონატის დასრულებამდე ოთხი ტურით ადრე გაინაღდეს. ამჟამად, "მელიებს" 75 ქულა აქვთ, ხოლო წინ კიდევ სამი ტურია, რაც იმას ნიშნავს, რომ "კრუზეირომ" "სან პაულოს" რეკორდი (78 ქულა, 20-გუნდიან ჩემპიონატში) უნდა დაამხოს.

წლევანდელი წელი მინას ჟერაესის შტატის წარმომადგენელთათვის მართლაც დასამახსოვრებელი და ისტორიული გამოდგა - "კრუზეირო" ქვეყნის ჩემპიონი გახდა, მათმა მოსისხლე მტერმა, "ატლეტიკო მინეირომ" კი ლიბერტადორესის თასზე იმარჯვა. ასეთი რამ, აქამდე არასდროს მომხდარა.

47 - გოლი ნაკრებში არის პორტუგალიის ეროვნული გუნდის რეკორდი, რომელიც პედრო პაულეტამ დაამყარა, შვედეთთან თამაშის შემდეგ კი კრიშტიანო რონალდომ გაიმეორა.

"რეალის" ვარსკვლავმა შვედეთთან ჰეთთრიქი შეასრულა, საკუთარ გუნდს 3:2 მოაგებინა და მუნდიალზე გაიყვანა. პორტუგალიელმა აჯობა ზლატან იბრაჰიმოვიჩს, რომელმაც თავი დუბლით გამოიჩინა და ნაკრებში ჩატარებულ ბოლო 7 შეხვედრაში 9 გოლი დააგროვა, თუმცა რონალდოს გაცილებით შტამბეჭდავი შედეგი აქვს - ნაკრებში და კლუბში ჩატარებულ ბოლო 6 შეხვედრაში 13 გოლი.

საფრანგეთი გახდა პირველი ნაკრები, რომელმაც ევროპის ზონის პლეი ოფში ორბურთიანი ჩამორჩენა აღმოფხვრა და მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზური ზედიზედ მეხუთედ, სულ კი მეთოთხმეტედ მოიპოვა.

დიდიე დეშამის შეგირდებმა უკრაინას 3:0 მოუგეს. ერთი გოლი ქარიმ ბენზემამ გაიტანა, რაც იმას ნიშნავს, რომ საფრანგეთის ნაკრებმა ზედიზედ მე-16-ედ მოახერხა იმ შეხვედრაში გამარჯვების მოპოვება, რომელშიც "რეალის" ფორვარდმა თავი გამოიჩინა.

29 - გოლი აქვს გატანილი ნაკრებში ტიმ კეჰილს და ამ მაჩვენებლით ის ავსტრალიის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირს, დემიენ მორის გაუთანაბრდა. "ნიუ იორკ რედ ბულსის" ფეხბურთელი, კოსტა რიკასთან გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში ცვლილებაზე გამოვიდა და მატჩის ერთადერთი გოლის ავტორი გახდა.

33 წლის კეჰილმა რეკორდის დასამყარებლად 65 მატჩი იკმარა. ეს მატჩი დასამახსოვრებელი იყო ლუკას ნილისთვისაც, რომელიც ავსტრალიის ნაკრების რეკორდსმენი კაპიტნის რანგში ჩატარებული მატჩების მიხედვით გახდა - ვეტერანმა მცველმა "სოკერუზს" 61-ედ უკაპიტნა.

5 - უპასუხო გოლი გაუტანა ურუგვაიმ გასვლაზე იორდანიის ნაკრებს და მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პლეი ოფის რეკორდი დაამყარა.

აქამდე, პლეი ოფში გასვლაზე ყველაზე დიდი ანგარიშით მოგებული ეგვიპტის ნაკრებს ჰქონდა, რომელმაც 1934 წელს პალესტინაში 3:0 იმარჯვა. ამავე დროს, ურუგვაიმ საკუთარი რეკორდიც მოხსნა - "სელესტეს" მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპის გასვლით შეხვედრაში სამბურთიანი სხვაობითაც კი არასდროს მოეგო.

კიდევ ერთ საკვალიფიკაცო მატჩში მექსიკამ ახალი ზელანდიის ნაკრებს 5:1 მოუგო და ბოლო ხუთ წელიწადში ოთხბურთიანი სხვაობით შინ პირველად იმარჯვა.

გარდა ამისა, "ელ ტრი" გახდა პირველი ნაკრები, რომელსაც მუნდიალის შესარჩევ ეტაპზე 400-ზე მეტი გოლი დაუგროვდა. საიუბილეო ბურთი რაულ ხიმენესის ანგარიშზეა, ვინც ორი მატჩის ჯამში გატანილი 9 ბურთიდან, საკუთარ აქტივში მე-4 გოლი ჩაიწერა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული