ლიპი VS გვარდიოლა - მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის 1/2 ფინალის წინ

AutoSharing Option
მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის პირველ ნახევარფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს აზიის და ევროპის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულები დაუპირისპირდებიან - მარჩელო ლიპის "გუანჯოუ ევერგრანდი" ხოსეპ გვარდიოლას "ბაიერნის" წინააღმდეგ.

ორივე გუნდი საკლუბო მუნდიალზე პირველად მონაწილეობს და თუ "ბაიერნისთვის" ეს სადებიუტო მატჩი იქნება, ჩინელებმა პირველი შეხვედრა უკვე გამართეს და შესარჩევ ეტაპზე ეგვიპტურ "ალ აჰლის" (აფრიკის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული) 2:0 სძლიეს.

აზიელთა მხრიდან გოლები გუნდის ლიდერებმა, ბრაზილიელმა ელკესონმა და არგენტინელმა დარიო კონკამ გაიტანეს.

ამ ორი ფეხბურთელის გარდა, ჩინური გუნდის რიგებში ბრაზილიელი მურიკი და ჩინელი გაო ლინი გამოირჩევიან. ამაზე
სტატისტიკაც მეტყველებს: ჩინეთის ჩემპიონატში "გუანჯოუმ" 78 გოლი გაიტანა და აქედან 65 ბურთი სწორედ ამ კვარტეტის ანგარიშზეა: ელკესონი - 24 გოლი, კონკა - 14, მურიკი - 9, გაო ლინი - 8. ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში გატანილი 22 გოლიდან კი ოთხეულმა საკუთარ ანგარიშზე 21 ჩაიწერა - მათ გარდა, თავი მხოლოდ ლუკას ბარიოსმა გამოიჩინა, რომელიც შემდეგ მოსკოვის "სპარტაკში" გადავიდა.

ლიპის ოთხივე ლიდერი მწყობრში ჰყავს, მაგრამ წყვილის აშკარა ფავორიტი, რა თქმა უნდა, მიუნხენის "ბაიერნია", რომელიც მდიდარი კოლექციის გამდიდრებას კიდევ ერთი ტიტულით ეცდება. "რეკორდმაისტერმა" ბუნდესლიგაში წაუგებელი სერია 41 მატჩამდე გაზარდა და მაროკოში უძლიერესი შემადგენლობით ჩავიდა.

გვარდიოლას მხოლოდ ტრავმირებული ტრიო: რობენი, შვაინშტაიგერი და ბადშტუბერი აკლია.

"ჩვენ ვიცით, რომ "ბაიერნი" მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია და ალბათ, მათთან 100-დან 99 შეხვედრას წავაგებთ, მაგრამ იმედი მაქვს, რომ 1/2-ფინალური მატჩი სწორედ ის ერთი თამაში იქნება, რომელშიც გამარჯვება ჩვენ უნდა დაგვრჩეს.

ჩვენი სეზონი 5 იანვარს დაიწყო და იქიდან მოყოლებული, ფეხბურთელებმა 65 მატჩი ჩაატარეს. გასათვალისწინებელია მგზავრობით გამოწვეული დატვირთვაც. მოთამაშეები, როგორც ფიზიკურად, ასევე მენტალურად გადაღლილები არიან, მაგრამ "ბაიერნთან" შეხვედრა იმდენად დიდი მოვლენაა, რომ ყველა პრობლემა უკანა პლანზე გადადის"
, - განაცხადა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე მარჩელო ლიპიმ.

"მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის მოგება წლის ბოლო მიზანია. უკანასკნელი 12 თვის განმავლობაში ბევრი ტიტული მოვიპოვეთ და გვინდა, რომ 2013 წელი დადებითი შედეგით დავასრულოთ.

მატჩები კონტინენტების საუკეთესო გუნდებს შორის არის ყველაზე კარგი საშუალება, რომ დავამტკიცოთ: ჩვენ საუკეთესოთა შორის საუკეთესო გუნდი ვართ"
, - ეს უკვე "ბაიერნის" კარის დარაჯის, მანუელ ნოიერის სიტყვებია.

მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი. 1/2-ფინალი
17 დეკემბერი
გუანჯოუ-ბაიერნი 23:30

* * *
მეორე ნახევარფინალში, რომელიც 18 დეკემბერს გაიმართება, ერთმანეთს ტურნირის მასპინძელი "რაჯა კასაბლანკა" და სამხრეთ ამერიკის საუკეთესო გუნდი, "ატლეტიკო მინეირო" შეხვდებიან.

ბრაზილიელებს რონალდინიო დაუბრუნდათ, რომელმაც ჩემპიონატის უკანასკნელ ტურში ორი გოლი გაიტანა. მწყობრში არიან ჟო, ჟილბერტო სილვა, მეკარე ვიქტორი, ფერნანდინიო, დიეგო ტარდელი, რევერი, ჟოსუე, ალეკსანრო, რიჩარლისონი...

ასეთი შემადგენლობის პირობებში, რა თქმა უნდა, წყვილის ფავორიტი სწორედ კუკას გუნდია, რომელიც ეცდება, რომ გახდეს მეოთხე ბრაზილიური კლუბი, რომელიც საკლუბო მუნდიალს მოიგებს.

მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი. 1/2-ფინალი
18 დეკემბერი
რაჯა კასაბლანკა-ატლეტიკო მინ. 23:30

წინასწარი ეტაპი
რაჯა კასაბლანკა-მონტერეი 2:1 დ.დ.
გოლები: 1:0 ჩტიბი (25), 1:1 ბასანტა (53), 2:1 გუეჰი (95)

გუანჯოუ-ალ აჰლი 2:0
გოლები: 1:0 ელკესონი (49), 2:0 კონკა (67)

წინა ფინალები:
2000 - კორინთიანსი-ვასკო და გამა 0:0 პენ. 4:3
2005 - სან პაულო-ლივერპული 1:0
2006 - ინტერნასიონალი-ბარსელონა 1:0
2007 - მილანი-ბოკა ხუნიორსი 4:2
2008 - მანჩესტერ იუნ.-ლდუ კიტო 1:0
2009 - ბარსელონა-ესტუდიანტესი 2:1 დ.დ
2010 - ინტერი-მაზემბე 3:0
2011 - ბარსელონა-სანტოსი 4:0
2012 - კორინთიანსი-ჩელსი 1:0

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული