სავარაუდო ტრანსფერები: პირველი ტრანსფერი ლა ლიგაში

AutoSharing Option
ფოტოზე: აუგუსტო ფერნანდესი
1-ელ იანვარს ლა ლიგის პირველი ოფიციალური ტრანსფერიც შედგა - როგორც უკვე ვიუწყებოდით, აუგუსტო ფერნანდესი "სელტადან" მადრიდის "ატლეტიკოში" გადავიდა.

29 წლის არგენტინელმა სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და "ლოს კოლჩონეროსთან" 2019 წლის ზაფხულამდე გააფორმა ხელშეკრულება.

ტრანსფერის ოფიციალური ღირებულება არ თქმულა, მაგრამ ესპანური მედია 6,5 მილიონ ევროს ვარაუდობს. აუგუსტო ფერნანდესი "სელტაში" 2012 წელს "ველეს სარსფილდიდან" გადაბარგდა.

მას არგენტინის ნაკრების მაისურა 10-ჯერ მოურგია (1 გოლი). ფერნანდესი დიეგო სიმეონეს პორტუგალიელი ტიაგო მენდეშის შემცვლელად უნდა, რომელმაც ტრავმა მიიღო და სეზონის ბოლომდე დააკლდა "ატლეტიკოს".

მორატა დაბრუნდება
ფიფას აგენტმა მინო რაიოლამ განაცხადა, რომ ესპანელი ფორვარდი ალვარო მორატა მომდევნო სეზონს "რეალში" გაატარებს. უკვე არაერთხელ დაიწერა, რომ "სამეფო კლუბი" შემტევის "იუვენტუსიდან" გამოსყიდვას აპირებს. ამ სეზონში მორატამ 13 მატჩში მიიღო მონაწილეობა და მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა. ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ესპანელმა "იუვენტუსთან" 2020 წლამდე გაახანგრძლივა კონტრაქტი.

ლუის ენრიკეს სუარესი არ უნდა
ბარსელონური "სპორტის" ინფორმაციით, "ბარსელონას" თავკაც ლუის ენრიკეს გეგმებში არ შედის "ვილიარეალიდან" დენის სუარესის გამოსყიდვა, მისი მიზანი ისევ ნოლიტოს (სელტა) გადაბირებაა.

ბოლო დღეებში ესპანურ პრესაში იწერებოდა, რომ დენის სუარესი ახლოსაა "ბარსელონაში" დაბრუნებასთან, ხოლო კლუბის ხელმძღვანელობამ ლუის ენრიკეს განუცხადა - ფინანსური პრობლემების გამო ნოლიტოს შეძენა შეუძლებელიაო. "სელტა" ექსბარსელონელის სანაცვლოდ, სულ მცირე, 18 მილიონ ევროს ითხოვს.

ტერ შტეგენი "ლივერპულში"?
"ელ მუნდო დეპორტივოს" ინფორმაციით, "ლივერპულის" გერმანელი მწვრთნელი იურგენ კლოპი მარკ-ანდრე ტერ შტეგენის შეძენით არის დაინტერესებული. მედიის ცნობით, ტერ შტეგენს ძალიან უჭირს "ბარსელონაში" მეორე მეკარის სტატუსთან შეგუება. ის პრაქტიკულად არ თამაშობს და არც ლუის ენრიკე მიიჩნევს საჭიროდ რაიმის ახსნას. ამიტომაც გერმანელმა მეკარემ წასვლა არჩია. კლოპი კი მუდამ დიდად აფასებდა ტერ შტეგენის ნიჭს.

ისკო, "სიტი" ან პსჟ
"სპორტის" ინფორმაციით, ისკო ალარკონმა "რეალის" ხელმძღვანელობას "მანჩესტერ სიტიში" გაშვება სთხოვა. მან უკვე ისაუბრა კლუბის პრეზიდენტ ფლორენტინო პერესთან და განუცხადა, რომ "სამეფო კლუბში" დარჩენა აღარ სურს. "სიტი" მზად არის, ნახევარმცველის სანაცვლოდ 40 მილიონი ევრო გადაიხადოს. ისკოს შეძენა "პარი სენ-ჟერმენსაც" სურს. ამ სეზონში ("ვალენსიასთან" მატჩამდე) ისკოს ანგარიშზე 13 თამაშში გოლი და 3 საგოლე პასია.

ელ-ნენი თითქმის "მეთოფეა"
"ბაზელის" ნახევარმცველმა მოჰამედ ელ-ნენიმ ლონდონის "არსენალში" სამედიცინო შემოწმება გაიარა. 23 წლის ეგვიპტელი ახლა დიდ ბრიტანეთში სამუშაო ვიზას დაელოდება. სავარაუდოდ, კონტრაქტი მალე გაფორმდება და ელ-ნენი ინგლისის თასზე "უოტფორდის" წინააღმდეგ თამაშსაც მოასწრებს.

ეს 1/32-ფინალური მატჩი 9 იანვარს გაიმართება. ელ-ნენის სატრანსფერო ღირებულება დაახლოებით 5 მილიონი გირვანქაა. ელ ნენიმ ამ სეზონში შვეიცარიის ჩემპიონატში 16 მატჩში 2 გოლი გაიტანა.

გრუიჩი დღეს გააფორმებს
დღეს "ცრვენა ზვეზდას" 19 წლის ნახევარმცველი მარკო გრუიჩი "ლივერპულთან" კონტრაქტს გააფორმებს. თუმცა სერბი ისევ "ცრვენა ზვეზდაში" ჩაამთავრებს სეზონს, იჯარის წესით. გრუიჩით რუსული კლუბები, "ზენიტი" და ცსკა იყვნენ დაინტერესებულნი. მამაც მას უფრო რუსეთს ურჩევდა, მაგრამ მარკომ ინგლისში თამაში არჩია.

ელ შაარავი "რომაში" გადავა
"გაძეტა დელო სპორტის" ინფორმაციით, სტეფან ელ შაარავი იჯარით "რომაში" გადავა. კლუბებმა ამის შესახებ უკვე მოილაპარაკეს. შეგახსენებთ, რომ იტალიური ფორვარდი "მონაკოში" იყო განათხოვრებული, მაგრამ ფრანგულმა კლუბმა გადაწყვიტა, აღარ ათამაშოს ფორვარდი. "მილანმა" სასწრაფოდ გამონახა სარეზერვო ვარიანტი ელ შაარავისთვის.

ალესიო ჩერჩი კი 6-თვიანი იჯარით "მილანიდან" "ჯენოაში" გადავა. აღსანიშნავია, რომ 28 წლის ჩერჩი "ატლეტიკოს" ეკუთვნის, მაგრამ მადრიდული კლუბი ასეთი გარიგების წინააღმდეგი სულაც არაა, მთავარია, "მილანმა" თავად ჩერჩი დაითანხმოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული