შვაინშტაიგერმა უკვე ივარჯიშა "მანჩესტერის" საწვრთნელ ბაზაზე, ქერინგტონში. პარტნიორები მას ღიმილით შეხვდნენ. ინგლისური პრესა წერს, რომ "იუნაიტედის" რიგებში "ბასტის" დაბრუნებამ პოზიტივი შეიტანა.
და მაინც, ამბობენ, რომ შვაინშტაიგერი დიდხანს არ შერჩება ინგლისს, მაგრამ ჯერ ის "იუნაიტედშია". ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ჟოზე მოურინიო. წესით, ძალიან ცუდ დღეში მყოფი ინგლისური კლუბისათვის ზედმეტი არ უნდა იყოს
ბასტიანი პირველი ფეხბურთელი არ არის, ვინც მწვრთნელებმა ამა თუ იმ გუნდის ლაბირინთებში გადაისროლეს, მაგრამ ისინი დაბრუნდნენ. დღევანდელი ჩვენი წერილი სწორედ ამ საინტერესო თემას ეხება.
კარლოს ტევესი (მანჩესტერ სიტი)
"სიტის" ნავიდან ჭირვეული არგენტინელი ორჯერ გადაეშვა. პირველად ეს მოხდა 2010/11 წლების სეზონში, მეორედ კი მაშინ, როცა "კარლიტომ" "ბაიერნთან" მატჩში ყველასათვის ცნობილი სკანდალი მოაწყო.
რობერტო მანჩინიმ თავისი გუნდის უმთავრესი ვარსკვლავი რამდენიმე კვირის ხელფასით დააჯარიმა, მაგრამ მერე მაინც მოუხარა ქედი არგენტინელის ნიჭს. ტევესმა 2012/13 წლების სეზონში 17 გოლი გაიტანა.
დავიდ დე ხეა (მანჩესტერ იუნაიტედი)
გასული სეზონის დასაწყისში ისე ჩანდა, რომ დავიდ დე ხეა მადრიდის "რეალის" ღირსებას დაიცავდა. ტრანსფერი უკანასკნელ წამს ჩაიშალა. საიდუმლო არავისთვისაა, რომ დე ხეაც არ იყო წინააღმდეგი, მადრიდული გრანდის ღირსება დაეცვა.
კლუბებმა საჭირო დოკუმენტები დროულად ვერ გააფორმეს და ტრანსფერი ჩაიშალა. ამის შემდეგ ლუი ვან გაალმა დე ხეა სარეზერვო შემადგენლობაში გაუშვა, თუმცა ჰოლანდიელს ესპანელი მალევე დასჭირდა და დააბრუნა კიდეც ძირითად გუნდში. დავიდმა "იუნაიტედთან" ახალი, ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა. მან მთელი რიგი მატჩები დიდებულად ჩაატარა.
ემანუელ ადებაიორი (ტოტენჰემი)
2013/14 წლების სეზონში "ტოტენჰემის" პორტუგალიელმა მწვრთნელმა ანდრეშ ვილაშ-ბოაშმა უბრძანა ემანუელ ადებაიორს, მხოლოდ კლუბის ახალგაზრდულ შემადგენლობასთან ევარჯიშა. ტოგოელის ბედად, "დეზების" შეფობამ მალე მოხსნა ვილაშ-ბოაში და გუნდი ტიმ შერვუდს ჩააბარა.
ახალმა დამრიგებელმა ტოგოელი ვარსკვლავი წამსვე დააბრუნა ძირითად შემადგენლობაში და მანაც ეგრევე გაამართლა იმედები. ადებაიორმა მომდევნო 10 შეხვედრაში 8 გოლი გაიტანა. სულ იმ პრემიერლიგურ სეზონში "ადემ" 14 ბურთი შეაგდო.
ვიქტორ მოზესი (ჩელსი)
მოზესი "ჩელსის" ძირითად შემადგენლობაში თამაშობდა 2012/13 წლების სეზონში. ამის შემდეგ უსწრაფესი ნიგერიელი რატომღაც, მიივიწყეს. დაიწყო მისი საიჯარო მოგზაურობა სხვადასხვა კლუბში. ასე ითამაშა მოზესმა "ლივერპულში", "სტოკსა" და "ვესტ ჰემში". ყველასათვის გასაკვირად, მოზესი ახლა ისევ "ჩელსიშია" და ანტონიო კონტეს ერთ-ერთ ფავორიტადაც ითვლება. დღეს ის სისტემატურად თამაშობს ლონდონური კლუბის ძირითადში.
პიერ ვან ჰოიდონკი (ნოტინგემ ფორესტი)
1998 წელს ჰოლანდიელმა ბომბარდირმა გაფიცვა მოაწყო "ნოტინგემ ფორესტის" ხელმძღვანელობის წინააღმდეგ. საქმე ისაა, რომ ინგლისური კლუბის ხელმძღვანელობამ თითქმის ყველა წამყვანი ფეხბურთელის გაყიდვა გადაწყვიტა და ამან ჰოიდონკი გააბრაზა.
ჰოლანდიელი მიხვდა თავისი საქციელის უაზრობას, დაბრუნდა და პრემიერლიგის დასრულებამდე ხუთი გოლიც შეაგდო, მაგრამ ამ გოლებმა ტრადიციული კლუბი ჩემპიონშიპში დაქვეითებისაგან ვერ იხსნა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"