ქუთაისელებს "სოხუმთან" მოდუნების უფლება აღარ ჰქონდათ, მით უმეტეს, როცა საკუთარ დარბაზში სეზონის პირველ შეხვედრას ატარებდნენ და გულშემატკივრები საყვარელი გუნდის პირველ გამარჯვებას ელოდებოდნენ. ქუთაისის სპორტის სასახლე, ჩვეულებისამებრ, ბოლომდე გაივსო. ქვეყნის ჩემპიონმა ერთგულ ქომაგებს იმედები არ გაუცრუა და სანახაობრივ მატჩში "კერკეტ კაკლად" ცნობილ "სოხუმს" 103:91
კოტე ტუღუშის შეგირდებს თავიდან საკმაოდ გაუჭირდათ. ამერიკელი გამთამაშებელი ფილიპ მილერი, რომელიც "სოხუმმა" რამდენიმე დღის წინ დაიმატა, სტუმართა შეტევებს კარგად წარმართავდა. მის სწრაფ იერიშებს თავიდან მასპინძლებმა ალღო ვერ აუღეს. სასარგებლოდ ირჯეოდა "ქუთაისიდან" "სოხუმში" გადაბარგებული დავით ბარბაქაძეც, რომელიც პერიმეტრიდან ზუსტად ისროდა. პირველი მეოთხედის მიმდინარეობისას ძმების დუელიც გაიმართა, ქუთაისელი გიორგი ბარბაქაძის ზუსტ სროლებს უფროსი "ველურა" ასევე შედეგიანი სროლებით პასუხობდა და ყოფილ გუნდს წინ გასვლის საშუალებას არ აძლევდა. პერიოდის ბოლოს ლუკა ზაქრაძემ და ქუთაისელთა გამოცდილმა ახალწვეულმა გიორგი ცინცაძემ ზუსტი საჯარიმო სროლები გაცვალეს და პირველი ათწუთეული "სოხუმის" გამარჯვებით დასრულდა - 25:27.
მეორე პერიოდში მილერმა და ლათანმა სტუმრები 6 ქულით დააწინაურეს - 28:34, მაგრამ ამის შემდეგ სოხუმელებმა თითქმის 3 წუთის განმავლობაში მეტოქის კალათში ბურთის მოთავსება ვერ მოახერხეს. ამით "ქუთაისმაც" ვერ ისარგებლა. მართალია, 1 ქულამდე შეამცირა სხვაობა, მაგრამ მალე "სოხუმი" ისევ გაიჭრა წინ. უკრაინელმა ლეგიონერმა ოლექსანდრ რიხლიუკმა და მერაბ ბოქოლიშვილმა ზუსტად ისროლეს და ანგარიში 33:39 გახადეს. "ქუთაისმა" დროულად გააანალიზა შექმნილი სიტუაცია, ცინცაძის, გიგი ბარბაქაძისა და ლომოურის კარგი თამაშის შედეგად 11:0 გაქცევა მოაწყო (49:40), დიდ შესვენებაზე კი 7-ქულიანი უპირატესობით გავიდა - 49:42.
მესამე პერიოდში სტუმრებმა სხვაობა 4 ქულამდე შეამცირეს, მაგრამ შემდეგ "ქუთაისმა" ქადარიას, ბარბაქაძისა და ცეკვავას სროლებით 9:0 გაქცევა მოაწყო. გადამწყვეტ ათწუთეულს ქუთაისელები 8-ქულიანი უპირატესობით შეხვდნენ. ბოლო მეოთხედში ნამდვილი ფოიერვერკი მოაწყვეს გიორგი ცინცაძემ და ბექა ბექაურმა. ერთ რამედ ღირდა მათი ულამაზესი კომბინაცია, ცინცაძის იუველირული გადაცემა და ბექაურის ალეი ჰუპი. ძირითადად, მათი კარგი თამაშის შედეგად "ქუთაისი" წინ 17 ქულით გავიდა - 87:70. ბოლოს კოტე ტუღუშმა თავის გამოჩენის შანსი სათადარიგოებსაც მისცა. ქუთაისმა შეხვედრა მოგებამდე წყნარად მიიყვანა.
გამარჯვებულთაგან 25 ქულით ყველაზე შედეგიანი გიორგი ბარბაქაძე იყო. ორმაგი დუბლი შეასრულეს გიორგი ცინცაძემ (19 ქულა, 10 პასი) და ბექა ბექაურმა (17 ქულა, 13 მოხსნა), შედეგიანი იყო ვახტანგ ქადარიაც, რომლის ანგარიშზეც 18 ქულა დაგროვდა. "სოხუმში" 17 ქულით გიორგი ჯგერენაია გამოირჩა, 14–14 ქულა დააგროვეს მერაბ ბოქოლიშვილმა და დავით ბარბაქაძემ.
ქუთაისი-სოხუმი 103:91
25:27, 24:15, 26:25, 28:24
ქუთაისი: ბოისა, ცეკვავა (10ქ), ფაშაევი (5ქ, 6პ), ცინცაძე (19ქ, 10პ), ბექაური (17ქ, 13მ), ჭეიშვილი (2ქ), წივწივაძე (1ქ), ქადარია (18ქ, 6მ), გ. ბარბაქაძე (25ქ), ლომოური (6ქ)
სოხუმი: ბოქოლიშვილი (14ქ), დ. დვალიშვილი (2ქ), დ. ბარბაქაძე (14ქ), რახლიუკი (8ქ, 7მ), ბულიავა (4ქ), ბერუაშვილი (5ქ), ზაქრაძე (5ქ), ჯგერენაია (17ქ, 8მ), ლათანი (7ქ), მილერი (9ქ), კვეტენაძე (6ქ), კოკა ტომარაძე.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"