საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა რუსეთის სტუდენტური ნაკრები დაამარცხა

AutoSharing Option
საქართელოს კალათბურთელთა ნაკრებმა სლოვენიის დაბა პოდჩეტრტეკში, სადაც მოსამზადებელ შეკრებას გადის, პირველი მოსამზადებელი მატჩი გამართა და რუსეთის სტუდენტური ნაკრები 97:86 დაამარცხა.

ეს გახლდათ მატჩი, რომელიც არ იყო წინასწარ დაგეგმილი და მისი გამართვა რამდენიმე დღის წინ გადაწყდა.

რუსეთის სტუდენტური ნაკრები, რომელშიც 3 კალათბურთელი VTB-ლიგის კლუბში თამაშობს, მსოფლიო უნივერსიდისთვის ემზადება, რომელსაც 15-31 აგვისტოს ტაივანი უმასპინძლებს.

რუსები 27 ივლისს სლოვენიის ეროვნულ ნაკრებს ხვდებიან და ჩვენი გუნდის ხელმძღვანელობამ დამატებითი სპარინგ-მატჩის გამართვის შესაძლებლობა ხელიდან არ გაუშვა.

გუნდების მოლაპარაკების საფუძველზე, ეს გახლდათ სავარჯიშო ტიპის შეხვედრა, რომელზეც არ
იწარმოებოდა სრული სტატისტიკა და მწვრთნელები კალათბურთელების თამაშში ჩართვაში შეზღუდულები არ იყვნენ. თუმცა ილიას ზუროსმა გუნდში მყოფი 16 კალათბურთელიდან მხოლოდ 11 ათამაშა. შეგახსენებთ, რომ ბექა ბურჯანაძეს ტრავმისშემდგომი სარეაბილიტაციო პერიოდი უდგას და რუსებთან მატჩისთვის სათამაშო ფორმა არ ჩაუცვამს, ხოლო გოგა ბითაძე ეროვნულ გუნდს დღეს, დილას შეუერთდა და მასაც არ გამოუცვლია.

თამაშში მონაწილეობა არ მიუღიათ: ნოდარ გოგოძეს, ოთარ ფხაკაძეს, კახა ჯინჭარაძეს, ბესო ლეჟავას, გიორგი შარაბიძეს და ბექა ბექაურს. შესაბამისად, ილიას ზუროსმა 10 კალათბურთელი ათამაშა, რომელთაგან სასტარტო ხუთეულში დაიწყეს: გიორგი ცინცაძემ, მაიკლ დიქსონმა, მანუჩარ მარკოიშვილმა, თორნიკე შენგელიამ და გიორგი შერმადინმა.

მატჩი განკუთვნილი იყო საიმისოდ, რომ 10 დღეში დამუშავებული კომბინაციები, რაც ნაკრები შეკრებაზეა, მთავარ მწვრთნელს, მის ასისტენტებს და თავად მოთამაშეებს საქმეში ენახათ.

რუსეთის ნაკრები გაცილებით დიდი ხანია, შეკრებილია და მატჩის მსვლელობისას არაერთი რიგიანი კომბინაციაც გაათამაშეს. თუმცა კლასითა და ოსტატობით ქართველებთან ვერას გახდნენ და მთელი თამაშის მანძილზე რომ კუდიდან არ მოგვშორებიან, ბოლო წუთებზე გატყდნენ და 15 ქულით ჩამორჩნენ. საქართველოს ნაკრებმა საბოლოოდ 11-ქულიანი სხვაობით იმარჯვა, რაშიც ყველა მოთამაშემ, ვინც მოედანზე გავიდა, თავისი წილი დაიდო.

იყო ხარვეზები, მაგრამ პირველი მატჩის კვალობაზე ეს საგანგაშო არაა. სამაგიეროდ, იყო არაერთი გამართული და ზუსტად დაგვირგვინებული კომბინაცია.

სტატისტიკა არ იწარმოებოდა, თუმცა როგორც რუსეთის ნაკრების შტაბში, ისე ჩვენთანაც ითვლინდნენ ძირითად მაჩვენებლებს: საქართველოს ნაკრებში 24 ქულით, 5 მოხსნით და 3 პასით თორნიკე შენგელია გამოირჩა, რომელმაც რიგ ეპიზოდებში ისე შთაამბეჭდავად ითამაშა, რუსებმაც ტაში დაუკრეს.

გიორგი შერმადინი ფარქვეშ დომინანტი გახლდათ, თუმცა ქართველი ცენტრი თავს ძალას არ ატანდა, თორემ გაცილებით მეტის რესურსიც გააჩნდა. შერმადინმა შეხვედრა ორმაგი დუბლით - 18 ქულითა და 11 მოხსნით დაასრულა.

2015 წლის სექტემბრის შემდეგ ნაკრებში პირველად ითამაშა მანუჩარ მარკოიშვილმა, რომელსაც გასული სეზონი ტრავმის გამო გაუცდა. მანუმ 5 სამქულიანი ჩააგდო და შეხვედრა 15 ქულით დაასრულა.

დუდა სანაძემ, რომელიც დღეს (25 ივლისს) 25 წლის გახდა, 14 ქულა მიითვალა. ჩვენი გუნდის ძირითადმა გამთამაშებელმა, გიორგი ცინცაძემ შეხვედრ 9 ქულითა და 7 შედეგიანი გადაცემით დაასრულა.

მშვენიერი დებიუტი ჰქონდა ეროვნულ გუნდში პირველად გამოძახებულ ილია ლოდარიძეს, რომელმაც ფარქვეშაც იბრძოლა და საჯარიმოს მისადგომებთანაც. დინამოელმა ფორვარდმა 6 ქულა, 2 მოხსნა და 1 პასი მიითვალა.

და ბოლოს, ჩვენი გუნდის ნატურალიზებულმა ამერიკელმა კალათბურთელმა - მაიკლ დიქსონმა შეხვედრა 11 ქულითა და 2 პასით დაასრულა.

საქართველოს ნაკრები 2 დღე სლოვენიაში დარჩება და ვარჯიშს განაგრძობს, ხოლო 28 ივლისს გეზს ავსტრიისკენ აიღებს, სადაც 29-ში ადგილობრივ ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება.

საქართველოს ნაკრები ავსტრიას 14 კალათბურთელით ეწვევა.

საქართველო-რუსეთი (სტუდენტური ნაკრები) 97:86

Sportall.Ge

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 17 /
მესამე ნომრად(ვიკას ადგილას) მანუს დაყენებას აპირებს ალბათ. სიმაღლე თუ ეყოფა ეგაა დასაფიქრებელი, თორე დუდას ვარიანტს ალბათ მანუ ჯობს. წარმატებები ბიჭებს !!
vakho
18:09 26-07-2017
0
მანუს ვენახვალე,სანამ ფეხი სტკიოდა,ალბათ იდგა და მარტო კალათში სროლაში ვარჯიშობდა.ისე პასების საერთო რაოდენობა მეცოტავება,ალბათ მაინც ინდივიდუალურ მოქმედებაზე გააკეთეს აქცენტი.
სოსო
17:52 26-07-2017
0

სიახლეები პოპულარული